"ვარ კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი. ვსწავლობ ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციას".

კონგლომერატების ომად ქცეული მოდა

კონგლომერატების ომად ქცეული მოდა

ერთი შეხედვით, წარმოსათქმელად მარტივი წინადადებაა – “Versace 2.12 მილიარდ ამერიკულ დოლარად Michael Kors-მა შეისყიდა” – თუმცა, ამ ამბავს მოდის სამყაროში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

დღემდე Versace ერთ-ერთ იმ უკანასკნელ ევროპულ მოდის სახლთა შორის რჩებოდა, რომელიც წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. თუმცა, ბაზრის მკვლევართათვის მისი დამოუკიდებლობის დაკარგვა დროის ამბავი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2014 წელს იტალიურმა ბრენდმა ბიზნესის გასაფართოებლად თავისი აქციების 20% ამერიკულ კომპანია Blackstone Group-ს მიჰყიდა.

მაიკლ კორსმა ამ გარიგებით შესაძლოა ბაზარზე ახალი სიმძიმის ცენტრი გააჩინოს. საქმე ის არის, რომ დღემდე მოდის სამყაროში ორი უმსხვილესი და უპირობო ევროპული კონგლომერატი არსებობდა: LVMH -ი (რომელსაც ეკუთვნის Louis Vuitton, Dior, Céline, Fendi, Givenchy) და Kering –ი ( Gucci, Saint Laurent, Balenciaga, McQueen).

თუმცა, მას შემდეგ, რაც კორსმა გასულ წელს Jimmy Choo 1.2 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეისყიდა, ახლა კი Versace-ც თავისი ქოლგის ქვეშ მოაქცია, ბაზარზე ახალი ძალა –  Capri Holdings-ი გამოჩნდა.

“ძალიან გთხოვ არ მიჰყიდო Versace Michael Kors-ს!!! ეს იგივე იქნება რას Gucci Primark-მა იყიდოს! ვერსაჩე გაცილებით უფრო მეტი ღირს ვიდრე 2 მილიარდი ამერიკული დოლარი და MK-მა ეს კარგად იცის”! – ახალი ამბის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დონატელას Instagram გვერდი მსგავსი კომენტარებით აივსო.

ბევრი ირწმუნებოდა, რომ მდიდრული ბრენდის კორსისთვის მიყიდვამ, მოდის სახლს შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს და მყიდველთა სიაც შეუმციროს, რაც კომპანიას კიდევ უფრო დიდ ფინანსურ დარტყმას მიაყენბს. მათი განმარტებით: – “უბრალოდ არ შეიძლებოდა მდიდრული ბრენდის „სავაჭრო ცენტრის“ მაღაზიასთან დაკავშირება”; ამასთან იტალიური პრესა მწარედ აკრიტიკებდა დონატელას არჩევანსაც, რადგან ბიზნესის შენარჩუნება თუ არა, სულ მცირე აქციების მიყიდვა მაინც შეეძლო იტალიური კომპანიისთვის. თუმცა, როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავდა Corriere della Sera-თვის მიცემულ ინტერვიუში: “გასულ წელს, ბევრი უცხოური კომპანია დამიკავშრდა – მათ შორის იყვნენ ამერიკელები, ფრანგები, მაგრამ არა იტალიელები”!  

ამასთან, ბრენდის ამერიკული კომპანიისთვის გადაბარება არც იმას ნიშნავს, რომ დონატელა თავის პოსტს ტოვებს. ეს სტატეგიული ნაბიჯი ორმხრივად მომგებიანია ბრენდებისთვის – მაშინ, როდესაც Michael Kors  ბრენდს   გაფართოებაში დაეხმარება – უკვე ცნობილია, რომ მომავალ წელს იგეგმება მსოფლიო მასშტაბით  ასამდე ახალი მაღაზიის გახსნა, Versace თავის მხრივ Capri Holdings–ს შეჰმატებს იმ „მდიდრულ“ სტატუსს, რომლიც ასე სჭირდება კომპანიას LVMH -თან და Kering-თან კონკურენციის გასაწევად.

კითხვა, რომელიც ბაზარზე კონგლომერატების დუელს უკავშირდება ასეთია: თუკი მოდის სფეროში კონკურენცია არა დამოუკიდებელ ბრენდებს, არამედ მათ გაერთიანებებს შორის გაგრძელდება, რამდენად შენარჩუნდება ინდივიდუალიზმი, რომელიც აქამდე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად?

გააზიარე