დემპინგი, ჯარიმები და “პადუშკა” ანუ ივანიშვილის უჩინარი ხელი თამბაქოს ბიზნესში

"გვინდოდა, რომ ბაზარზე ყოფილიყო იაფი სიგარეტი… არ შეიძლებოდა მოგების გადასახადის ერთ დღეში გაუქმება, ამას სჭირდებოდა ბევრი მსჯელობა და პრევენციები - იგივე იაფი ღვინო, იგივე იაფი სიგარეტი, რაღაც მაღაზია გაეკეთებინათ სპეციალიზებული", - ბიძინა ივანიშვილი.

2017 წელს საქართველოში 317 მილიონი კოლოფი ფილტრიანი და 79 მილიონი უფილტრო სიგარეტის კოლოფი მოწიეს. თამბაქოს ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბიუჯეტო გადამხდელია, მისი წვლილი ბიუჯეტის შემოსავლებში ნახევარ მილიარდ ლარს აღემატება. საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე და ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის ორი წლის წინ ამზადებდა პროექტს, რომელიც ქვეყანაში მოქმედი ადგილობრივი თამბაქოს საწარმოების პრაქტიკულად გაერთიანებას და ბაზარზე ახალი მოთამაშის შექმნას განიხილავდა. ამასთანავე, ივანიშვილი თამბაქოს საერთაშორისო კომპანია - “ფილიპ მორისს” მონოპოლისტობაში ადანაშაულებს.

როგორც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს ამ საკითხზე, ლევან ყიფიანთან, ვანო ჩხარტიშვილთან და ზაზა ოქუაშვილთან მოლაპარაკებები 2016 წელს მიმდინარეობდა.

ბიძინა ივანიშვილი თამბაქოს წარმოების პროექტზე საუბრისას ამბობს, რომ თამბაქოს საერთაშორისო კომპანიები ბაზარზე მტაცებლურად დაბალი ფასებით შედიან, რათა ბაზრიდან ადგილობრივი მწარმოებლები გააძევონ, ხოლო შემდგომ კი ბაზარი გაინაწილონ. მისი თქმით, ის საკუთარი ძალებით გეგმავდა, რომ ახალი ბიზნესი დემპინგისგან დაეცვა.

“ძალიან კარგი პროექტი იკვრებოდა. შევკარით კიდეც. ადგილობრივ მწარმოებლებს, რომ თამბაქოს გასაღებაზე პრობლემა არ ყოფილიყო, მონაწილეობა უნდა მიეღოთ. 2-2 მილიონ დოლარზე შევთანხმდით კაპიტალში. დანარჩენს თანაინვესტირების ფონდი დებდა. ამით რაც მთავარია, ყველაზე დიდ რისკს იღებდა თანაინვესტირების ფონდი, რომ თუ დემპინგი, რაც ძალიან ხშირა ხდება ამ ბიზნესში, თუ იცით თქვენ თამბაქოს ბიზნესი. სიგარეტის ბიზნესი საერთოდ დიდი კორპორაციები ადგილობრივ წარმოებას როგორც წესი ებრძვიან. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება, ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე ხელწერით შედიან, აკეთებენ დემპინგს ადგილობრივი წარმოება ვერ უძლებს, კოტრდებიან, შემდგომ ყიდულობენ ან აჩერებენ ამ საწარმოებს, კარნახობენ ფასებს, სწევენ ფასებს მაღლა და ძალიან სწრაფად იბრუნებენ იმ დანაკარგებს რაც დემპინგის დროს ვრცელდება. და ჩვენ შემთხვევაში რაც იყო, პადუშკას [რუსულად: ბალიში] ეძახიან ამას. ძალიან კარგს ჩასაფენს ვუკეთებდი ამათ. თამბაქო შემეძლო ნულოვანი ღირებულებითაც მიმეცა მათთვის დემპინგის შემთხვევაში და ამით წარმოება არ გაჩერებულიყო.

ეს დიდი კორპორაციები, - ფილიპ მორისი და მათი მსგავსი, ეგენი არიან თუ არიან, პრინციპში. მთელ მსოფლიოში აქვთ გავრცელებული, - მონოპოლია აქვთ რეალურად”- ამბობს ივანიშვილი.

საქართველოში ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ არსებობს. მისი მიღების შესახებ მთავრობაში მსჯელობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა ქართული ოცნების მთავრობა ანტიდემპინგური ნორმების მიღებისგან თავს იკავებს.

ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ. დემპინგის აკრძალვის დროს ამ კონკრეტული პროდუქტის მომხმარებელი ზარალდება, რადგანაც ის უცხოური პროდუქციის შეღავათიან ფასად ყიდვის საშუალებას კარგავს. მოგებულ მდგომარეობაში კი ადგილობრივი კომპანიები რჩებიან, რომლებიც აღნიშნულ საქონელს შედარებით ძვირად აწარმოებენ. ამ დროს მოსახლეობას მხოლოდ ადგილობრივი და შედარებით ძვირიანი პროდუქციის ყიდვის ალტერნატივა აქვს.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონმდებლობა დემპინგის აკრძალვას არ მოიცავს, ის ერთ სფეროში მაინც არის აკრძალული - ეს თამბაქოს ბიზნესია. თამბაქოს კონტროლის კანონის მეხუთე მუხლის “ი” პუნქტის მიხედვით, “აკრძალულია თამბაქოს პროდუქტის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით რეალიზება.”

საინტერესოა, რომ პრაქტიკულად იგივე პერიოდში, როდესაც ივანიშვილი თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის “პადუშკის” გაკეთებაზე საუბრობდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი საქმის განხილვა დაიწყო. თამბაქოს მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიები - ოჯთ და თბილისის თამბაქო საერთაშორისო ბრენდებს - “ბრითიშ ამერიქან ტობაკოს” და “ფილიპ მორის საქართველოს” უჩიოდნენ. სარჩელის მიზეზი ივანიშვილის მიერ დასახელებული დემპინგი იყო.

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ ორ სხვადასხვა პროცესზე - “ფილიპ მორისსა” და “ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ჯარიმა დააკისრა. “ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” 270 მილიონი ლარის ჯარიმა, ხოლო “ფილიპ მორისს” 93-მილიონიანი ჯარიმა დაედოთ.

ყურადღებას იქცევდა გარემოება, რომ ჯარიმები არა ბიუჯეტის სასარგებლოდ, არამედ თავად მომჩივანი კომპანიების სასარგებლოდ იყო დაწესებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რიგ სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავდა. მეტიც, ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლემ გადაწყვეტილება საერთოდ არარსებულ კანონზე დაყრდნობით მიიღო.

ამავდროულად, საქალაქო სასამართლომ ბაზარზე დემპინგის არსებობა დაადგინა ისე, რომ ამ საკითხზე სსიპ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა საერთოდ არ გამოიყენა.

კონკურენციის სააგენტოს მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც მონიტორინგის 40-თვიან პერიოდს მოიცავდა საქართველოს ფილტრიანი და უფილტორ სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემო იყო. კანონდარღვევის ფაქტები არ იკვეთებოდა.

"სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში, როდესაც დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს.

სასამართლოს განმარტებით, "ფილიპ მორისის" მიერ დარღვეულია "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონიც, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. თუმცა, იგივე კანონის განცხადებულ მიზანს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის ნაკლები ხელმისაწვდომობით მოსახლეობისა და მომხმარებელთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვა. ამასთან, კანონის თანახმად, მის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევისას, მხოლოდ სახელმწიფოა უფლებამოსილი გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა თამბაქოს მწარმოებლის მიმართ. შესაბამისად ასეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს და არა სხვა კერძო კომპანიას,”- წერია TI-ს ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, ასეთივე ბუნდოვანია ის გარემოებები, რომლითაც მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ჯარიმის ოდენობა შეარჩია.

კორუფციის ნიშნების შემცველი დავა მალევე მოექცა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ყურადღების ცენტრში.

საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა 2017 წელს უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების გამო საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა.

2017 წლის ივნისში USAID-ის ხელმძღვანელის თანაშემწემ ევროპასა და ევრაზიაში, თომას მელიამ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს საქართველოში ინვესტორთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე დაუსვა კითხვა. მისი თქმით, ფილიპ მორის საქართველოსა და ჯორჯიან მანგანეზის საქმეები ინვესტორთათვის მნიშვნელოვანი ნეგატიური სიგნალის მატარებელი იყო.

ამავე საქმეებში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზე ღიად საუბრობდა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელიც.

“იყო პრობლემები, საუბარი მაქვს Philip Morris-ისა და Georgian American Alloys-ის (ჯორჯიან მანგანეზის) საქმეებზე. და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრობლემა არის მოსამართლეთა კვალიფიკაცია, რომ მოსამართლეები ბოლომდე ვერ იგებდნენ საქმის სრულ დეტალებს. მე ვფიქრობ რომ პრობლემაა ის, რომ მოსამართლეები უმეტესად სახელმწიფოს არგუმენტებს უცხოური ბიზნესის არგუმენტებზე სარწმუნოდ თვლიან,”- თქვა კელიმ 2018 წელს.

საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების პარალელურად, “ბრითიშ ამერიკან ტობაკოსა” და “ფილიპ მორის საქართველოზე” დაკისრებული ჯარიმები ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გააბათილეს.

ბიძინა ივანიშვილმა უკანასკნელ ინტერვიუში ახსნა, თუ როგორ წარმოუდგენია საკუთარი როლი მსხვილ ბიზნესში. ოცნების თავმჯდომარის თქმით, ის ბიზნესმენებს ურჩევდა, რომ დავები სასამართლოს გვერდის ავლით, მისი ზედამხედეველობის ქვეშ “დაელაგებინათ”.

“TBC-სა და ვანო ჩხარტიშვილს შორის. სადაც პირად შეხვედრაზე, რასაც მე სამაგიეროდ ვთავაზობდი რომ სასამართლო დაზოგეთ და აგერ ბიზნესმენები ვართ. მე ჩემი ფულით დაგეხმარებით. ათასჯერ მაქვს ნათქვამი. ბევრს დავხმარებივარ კიდევაც, სხვადასხვა ბიზნესში. არაპირდაპირ, ნაცვლად იმისა რომ არ დაეზარალებინათ სასამართლო და სახელმწიფო. სასამართლოს ერთ მილიონში შეიძლება ხუთი ჩემი გადამიხდია,”- ამბობს ივანიშვილი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ BMG-სთან ამ შეხვედრის არსებობას თავად მამუკა ხაზარაძეც ადასტურებს. ხაზარაძე ამბობს იმასაც, რომ ვანო ჩხარტიშვილთან არსებულ დავებს საეჭვო გარემოებების გამო, მუდმივად ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავდა.

“ჩვენ შევხვდით მისი [ბიძინა ივანიშვილის] შუამდგომლობით და იქ გაირკვა ყველაფერი სამართლიანად, აქვე იმასაც დავამატებ, რომ ვანოს [ჩხარტიშვილს] ჰყავდა ერთი მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე იკრიბებოდა საოცრად. ყველა საქმე, რომელიც მას ჰქონდა წამოწყებული სხვა ბიზნეს კომპანიების წინააღმდეგ, ყველაფერი რატომღაც ერთ მოსამართლესთან იკრიბებოდა. ეს თქვენ გაარკვიეთ რატომ და როგორ“,- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

სადავო ნორმა - რას კრძალავს თამბაქოს კონტროლის კანონი

იმის მიუხედავად, რომ თამბაქოს კონტროლის კანონით, აკრძალულია თამბაქოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, არაა განმარტებული, თუ რას წარმოადგენს პროდუქტის თვითღირებულება. რეალურად ეს ჩანაწერი დემპინგს არ კრძალავს, რადგანაც დემპინგი, თავისი არსით, საგარეო ვაჭრობის დროს იაფიან იმპორტს ნიშნავს. შესაბამისად, თამბაქოს რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად არ არის დემპინგის აკრძალვა, რადგანაც ის თანაბრად ეკრძალებათ როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ კომპანიებს.

ამ მხრივ საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის ახალი კომპანიის მეშვეობით, მზად იყო თამბაქო ადგილობრივი კომპანიებისთვის სრულიად უფასოდ მიეცა, რათა მათ უცხოურ კომპანიებთან შედარებით ბევრად იაფად გაეყიდათ სიგარეტი. არ არის გამორიცხული ინტერვიუში ივანიშვილი თამბაქოს მის თვითღირებულებაზე იაფად რეალიზაციაზეც საუბრობდეს, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია.

British American Tobacco-მ 2016 წლის 5 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. კომპანიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2016 წელს მას დავა არა “ომეგა ჯგუფთან” არამედ, “თბილისის თამბაქოსთან” ჰქონდა. საინეტერსოა, რომ “თბილისის თამბაქო” მაშინ British American-ისგან 92 მილიონი ლარის გადახდას ითხოვდა. სწორედ ამდენის ანაზღაურებას ითხოვდა “თბილსის თამბაქო” ფილიპ მორისისგანაც, რომელსაც 2017 წლის 10 თებერვალს ამ თანხის ანაზღაურება დაეკისრა.

საკონსტიტუციო სასამართლოს British American-ი მაშინ თამბაქოს კონტროლის კანონის მეხუთე მუხლის ‘’ი” პუნქტის გაუქმებას სთხოვდა. ამ მუხლის მიხედვით, კომპანიებს თამბაქოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა ეკრძალებათ. British American-ის განცხადებით, ქართული კომპანია “თბილისის თამბაქო” სწორედ ამ მუხლის არასწორი ინტერპრეტაციით დავობდა სასამართლოში მის წინააღმდეგ. კომპანიის განცხადებით, მაღალი იყო ალბათობა, რომ კანონის ამ მუხლის ინტერპრეტაციას მეწარმეთა ულებები შეეზღუდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ British American Tobacco-ს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. 2017 წლის 13 მარტს, British American Tobacco-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ მუხლის კონსტიტუციოურობის შესახებ ხელახალი სარჩელი შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებით განხილვაში მიიღო, მას სასამართლოს პირველი კოლეგია დღემდე სწავლობს.

კონკურენციის საკითხი

ბიზნესები მათი საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე იყოფა ორ ძირითად კატეგორიად - ბაზრებად, რომლებსაც შეღწევისთვის დაბალი ბარიერები აქვთ, და ბაზრებად, რომლებსაც შეღწევისთვის მაღალი ბარიერები აქვთ. მაგალითად, თქვენ რომ ავეჯის წარმოება დაიწყოთ, ამ საქმიანობის წამოწყებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის რეგისტრაცია და რამდენიმე საჭირო ცნობის მიღება დაგჭირდებათ.

ზოგიერთი სფერო, მათ შორის სამთომომპოვებელი საქმიანობა, სამხედრო შეიარაღების წარმოება, საავიაციო ინდუსტრია, სამედიცინო სფერო და თამბაქოს წარმოება მაღალი შეღწევის ბარიერით ხასიათდება. თამბაქოს ინდუსტრია ქვეყანაში ერთერთი ყველაზე რეგულირებადი ბიზნესია, რეკლამირება, მოხმარება, პროდუქტის შემადგენლობა - ყველაფერი ეს სპეციალური რეგლამენტების მეშვეობით რეგულირდება. ამასთანავე, დაწესებულია სპეციალური სააქციზო გადასახადი, რომლითაც მთავრობა ამ პროდუქტის მავნე გარეგან ეფექტებს ბეგრავს. დღეს ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე სააქციზო მარკა 1.70 ლარს შეადგენს, ხოლო უფილტროზე 60 თეთრს.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, თამბაქოს ბაზარზე ათასობით კომპანიის ნაცვლად, სულ რამდენიმე ძირითადი მწარმოებელი ოპერირებს. ამის წამყავნი მიზეზი, სწორედ ბაზრის სპეციფიკაა.

ბაზარზე რამდენიმე კომპანიის დომინირების მიუხედავად, ეს კომპანიები ერთმანეთის კონკურენტებს წარმოადგენენ. ყოველი მათგანი ცდილობს, რომ მომხმარებელი განსხვავებული პროდუქტით მიიზიდოს. ადგილობრივი კომპანიების შემთხვევაში, ეს უფილტრო სიგარეტია.

უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკის ღირებულება ფილტრიანთან შედარებით 1.10 ლარით ნაკლებია. შესაბამისად ამ პროდუქტის მწარმოებელს ბაზრის ყველაზე დაბალი სეგმენტისთვის პროდუქტის უფრო იაფად შეთავაზების შესაძლებლობა აქვს.

საინტერესოა, რომ ფილტირან სიგარეტზე აქციზის ზრდას, 2017 წელს უფილტრო სიგარეტის მომხმარების გაორმაგება მოჰყვა. 2018 წლის განმავლობაში უფილტრო სიგარეტის წარმოება დამატებით 20%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტს სპეციალური აქსესუარის სახით მოჰყვება ფილტრი, რაც მას პრაქტიკულად ფილტრიან სიგარეტად აქცევს.

წინა სტატია

წითელი კოლიბრით შიგ შტაბ-ბინაში
29 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

ვიკინგური მატება ნატო-ში
06 ნოემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა