არა - დიპლომს?

არა - დიპლომს?

ბუნებრივია, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება სამუშაო ძალის მიმართ მოთხოვნები.

უნარები თუ ცოდნები – ასე რადიკალურად საკითხის დაყენება ალბათ არც 21-ე საუკუნეშია გამართლებული, მაგრამ ფაქტია, ცოდნას, რომელიც უნარებში არ ითარგმნება, შრომის ბაზარზე გაცილებით ნაკლები ფასი აქვს და ალბათ, კიდევ უფრო ნაკლები ფასი აქვს, როცა ანტრეპრენიორულ მიღწევებზე ვფიქრობთ. 

ავიღოთ თუნდაც Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალი – რამდენი მილიარდერი იცით, ვინც საშუალო სკოლაც კი არ დაამთავრა, მაგრამ საქმეც გამოუვიდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება? ასეთი საკმაოდ ბევრია. 

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, ამერიკაში 15-მა კომპანიამ უკვე ოფიციალურად თქვა უარი კოლეჯის კურსდამთავრებულებზე. მათ შორის არიან: Google, EY, Hilton, Apple , Starbucks, IBM და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ბრენდები. 

ბაზრის ამ ლიდერებისთვის დასაქმებისას პრიორიტეტი აღარ მიენიჭება “დიპლომიან ახალგაზრდას“. მათი თქმით, დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და ისეთ ბანაკებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობაა, რომელიც მათ მომავალ პროფესიასთან ახლოს იქნება და შესაბამისად, მათ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკაში გამოსაყენებელ უნარებსაც მისცემს. 

როგორია სიტუაცია საქართველოში? გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს 40 500-ზე მეტი აბიტურიენტი (დიპლომის მიღების მსურველი) დარეგისტრირდა, რაც წინა წლებთან შედარებით თითქმის იდენტური შედეგია. რას ფიქრობენ დასაქმების ახალ ტენდენციებზე ქართველი დამსაქმებლები. ეს კითხვა რამდენიმე მათგანს დავუსვით და აი პასუხებიც: 

“ამ ეტაპზე მსოფლიოში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ გამოცდილებას და ასევე იმ ადამიანების მუშაობის უნარს, ვინც შესაბამის პოზიციაზე უნდა დასაქმდეს. მე მივესალმები ადამიანების ტესტირებას არა დიპლომით, არამედ მათი შესაბამისი უნარებითა და გამოცდილებით. შესაძლებელია ადამიანს არ ჰქონდეს გამოცდილებაც, თუმცა თუ მასში ჩანს პოტენციალი შეიძლება ავიყვანოთ ის, როგორც სტაჟიორი“ – Greenway საქართველოს ტექნიკური დირექტორი ლევან აბრამიშვილი. 

“ჩვენ ამ მიმართულებით ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. უნდა მივყვეთ საერთაშორისო პრაქტიკას რაც არსებობს და რაც ფინანსურ სექტორშია მისაღები. არ ვიცი დიპლომის მოთხოვნა რამდენად შეიძლება აუცილებელი იყოს, მაგრამ პროფესიონალების ჩართვა აუცილებელია იმისთვის, რომ დარგში არსებული სიტუაცია უფრო მეტად გამოსწორდეს“ – Unison-ის ხელმძღვანელი, ვასილ ახრახაძე. 

როგორც ჩანს, ნელ-ნელა სულ უფრო მეტად გართულდება ქართული ფილმის – უდიპლომო სასიძოს – კონტექსტის აღქმა. როგორ ფიქრობთ, ცუდი იქნება ეს, კარგი თუ უბრალოდ – ბუნებრივი?

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა