ბუენოს-აირესში იყო ურთიერთობა

ძალიან თამამად შეიძლება ამის თქმა: დიდი ოცეულის სამიტი ბუენოს-აირესში იყო ურთიერთობა. არა, რა თქმა უნდა, იყო კონკრეტიკაც, პრობლემატიკაც და პოლემიკაც, მაგრამ ძირითადად და პირველ რიგში მაინც იყო ოპტიკა.

ევროპა

არგენტინაში ყველა თავისი ტვირთით ჩავიდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. გერმანიის კანცლერს თვითმფრინავები (ხომ გახსოვთ, სახლი კი არა სახლებიი) გაუფუჭდა, დაჯდა სარეისო თვითმფრინავზე და კიოლნიდან ბუენოს აირესში მიგაზა. პირველი დღე და საოჯახო ფოტო კი გამაზა, მაგრამ მეორე დღეს მაინც იარა „დასტოინად“ და ლამაზად. რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა ქერჩის სრუტეში დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლება, რომლებიც სხვათაშორის უკვე მოსკოვში გადაიყვანეს და პრესავენ ალბათ ლუბიანკაზე. სხვა დიდი შეხვედრებიც ჰქონდა, კერძოდ აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდენტებთან, მაგრამ მე მაინც ამას გამოვყოფდი. იმან (პუწინმა) რა უპასუხა და საერთოდ რეები ატარა, ამაზე ცოტა ქვევით.

ბრექსიტით და ფოლკლენდის კუნძულების ომის მოგონებებით დატვირთული ტერეზა მეი იყო კონფლიქტის მერე პირველი ბრიტანელი პრემიერმინისტრი, ვინც არგენტინაში ჩავიდა. კიდეც ჩავიდა, მასპინძელი არგენტინის პრეზიდენტ მაურიციო მაკრისაც შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პოზიტიურადაც შეაფასა. უკან არ დაიხია, არ შეეშინდა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, ფაქტიურ მმართველს. მუჰამედ ბინ სალმანს, შემოკლებით მბს-საც შეხვდა. შეხვდა და პირდაპირ ახალა, ჯამალ ხაშოგის საქმეში გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და ყველა დასასჯელი უნდა დაისაჯოსო. სხვა შეხვედრებიც ჰქონდა, ბრექსიტის კარგი გაგებით „კარგად გაყიდვასაც“ მონდომებით ცდილობდა, მაგრამ მაგათთან, რაც არ უნდა წარმატებული იყოს, მთავარი ტატამი მაინც სახლში, უძველეს პარლამენტში ელოდება. 4 დეკემბერს განხილვები იწყება და 11-ში სეფე სიტყვა ითქმება. აუ, ხო წარმოგიდგენიათ, ამ პერიოდის განმავლობაში რამდენი ადგომა-დაჯდომა და ამოძახილები იქნება. მაგრად მევასება ბრიტანეთის პარლამენტის სხდომების ყურება.

სახლიდან „ყვითელმა ჟილეტებმა“ გამოაცილეს და ბუენოს-აირესის აეროპორტშიც ყვითელ ჟილეტში გამოწყობილი აეროპორტის თანამშრომელი დახვდა ტრაპთან საფრანგეთის პრეზიდენტს. გადაირეოდა ტიპი. ისედაც ყველა ნიუსში ეს „ყვითელი ჟილეტები“ არიან, გადაბუგეს ამ ჩვენი ცოდვით სავსეებმა ამ წინა საშობაოდ „შანზ ელიზე“. თან რისთვის, საწვავზე ფასების მომატების გამო. ისე მაგათმა რა იციან, ფასების მომატება რა ხილია, თორე მთელ თავის ჟილეტების მარაგს და ერთ-ორ წამყვან აქტივისტს ჩვენთან გამოგზავნიდნენ. საოჯახო ფოტოს გადაღებისას კი ჩამოადო მხარზე ხელი ძია დონალდს, მაგრამ ის ამჯერად მაგარი უხასიათო და უჟმური იყო და ემანუელთანაც შორი დაიჭირა. ჯერჯერობით „დობრი ატაშორის“ პირი უჩანს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება.

ევროკავშირის უმფროსობამ ჯერ ერთი ჩვენი ქვეყნის ახლადარჩდეულ პრეზიდენტს მოლოცვა გამოუგზავნა, მერე ევროკავშირელებიც შეკრიბა (ამჯერად სპეციალური სტუმრის სტატუსით ესპანეთის და ნიდერლანდების პრემიერები მონაწილეობდნენ სამიტში), სავაჭრო და სხვა საჭირბოროტო თემებზეც - მულტილატერალიზმი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის აუცილებლობა და სხვ. ისაუბრა და ბოლოს ერთი კაი „სთეითმენთიც“ დააბაბანა.

აზია - ევრაზია...

გარითმვა ვინც იცის, თვითონ დაამთავროს. ყველაზე მაგრად ამომავალი მზის ქვეყნიდან ჩამოსული პრემიერ-მინისტრი სინძო აბე - ჩემს თვალში აკირა კუროსავას „შვიდი სამურაიდან“ ყველაზე მაგარი სამურაი - გამოიყურებოდა. არგენტინელ მასპინძელთან დიპლომატიური ურთიერთობების 120 წლისთავიც აღნიშნა და მომავალი სამიტის ოსაკაში ჩატარებაც გადაიბარა. რაგბის მსოფლიოსთან მაინც ახლოს ვერ მივა, მაგრამ იქაც სასწაული იქნება. იმიტომ რომ თვითონ სასწაული ხალხია იაპონელები. რა გინდა მარსზე, აგერ აქვე არიან უცხოპლანეტელბი.

ჩინეთის პრეზიდენტი ში ძინპინი ყველა გაგებით გამორჩეული მძიმეწონოსანია. ყველგან ფოკუსში იყო. ევროპელებთან, საუდელებთან, ბრიკსელებთან (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) და „აკანცოვკაში“ სადილზე ამერიკელებთან. ბოლო კეთილია. მივალთ მაქამდეც.

ჩვენი სამეზობლო მსხვილად იყო წარმოდგენილი. თურქეთის პრეზიდენტი გამორჩეული ყურადღების ღირსია. როგორც იტყვიან, კარპე დიემ. საბრალო ჯამალ ხაშოგის მკვლელობამ თურქეთის ლიდერი საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში მოაქცია. ტრამპსაც შეხვდა, ევროპელებსაც, იქნებ მოლაპარაკებები განგვეახლებინაო, მბს-ს „ნივიჟუ“ დაურტყა და ხაშოგის მკვლელების თურქეთში ექსტრადიციაც მოითხოვა. მოკლედ, ბოლომდე და, მე ვიტყოდი დიპლომატიურ ჰამბებში, დაშხოშიანადაც გაჭედა. სერიოზული ძიაა.

არაა კაი დღეში მემკვიდრე პრინცი. აწვება მსოფლიო - ლიდერები, დაზვერვები. ფაქტებიც ბლომადაა - ჩანაწერები, ესემესები. მოკლედ შარშია. მაგარს მუშაობს იმიჯზე. რთული პერიოდი აქვს. მტერი და მოყვარე, ყველა მომენტით სარგებლობს. არც პუწინმა გაუშვა შანსი ხელიდან. დამიწყო აქ ანეკდოტების მოყოლა და „გივ მი ფაივ“ თუ „დაი პიაწ“ პოზიორობა.

დიდი გაიძვერა ვინმეა ეს პუწინი. აზოვის ზღვაში უკრაინულ ბუქსირზე და ორ ნავუკაზე თავდასხმა სპეციალურად დიდ ოცეულს მიუძღვნა, ხო არ დაგავიწყდათ? ამრევი ვარ, ყველაფერზე წამსვლელი, მოდით და მე მელაპარაკეთო. მერკელს უთხრა, მე ვერაფერს ვიზამ, უკრაინელი სამხედროების ბედს სასამართლო გადაწყვეტსო. პრესკონფერენციაზე მსოფლიოს გვამცნო, უკრაინაში ომი მანამდე გაგრძელდება, სანამ პოროშენკოს ხელისუფლება იქნებაო. ბრიკსებშიც გამოიჭიმა, ჩინეთის პრეზიდენტსაც მიუცუცქდა და საუდელ მემკვიდრეს ნავთობის მოპოვების პარამეტრებზეც შეუთანხმდა. ტიპი არის სუფთა „ბრატვა“-ს აზროვნების - ფული, ძალოვანები, დაქირავებული მკვლელები, მასზე სუსტების დაჩაგვრები და მერე ძლიერებთან გარჩევები. მაინც მოვა მაგის ჯერიც. ტყუილად უხარია. 

ამერიკები

მექსიკამ, კანადამ და აშშ-მ საზეიმოდ გააფორმეს ახალი სავაჭრო შეთანხმება. ძველისგან ბევრი არაფრით განსხვავდებაო, ამბობენ მავანნი ამერიკაში, მარა ხო გააფორმა, ახალი სახელი ხო დაარქვა, ერთი სიტყვით, ხო ჩაატარა. მაინც გამიხარდა, რომ პუწინი ორმხრივ შეხვედრაზე „გაატარა“. მართალია, არგენტინის პრეზიდენტს იმ სასახლეში შეხვდა, რომლის აივნიდანაც ევიტა პერონის გმირის შემსრულებელი მადონა გვიმღეროდა „დონთ ქრაი ფორ მი არგენტინაა“, მაგრამ ახალი ამერიკული შეიარღება ვერ შეაპარა, ამიტომაც სამიტის პირველ ფოტო შესაძლებლობაზე არგენტინელი მაურიციო მარტო დატოვა. ისე, არავისზე ნაკლები ტვირთებით არ ჩასულა ძია დონალდი ბუენოს-აირესში. მისი ყოფილი ადვოკატი კოენი „ამღერდა“ რობერტ მოლერთან (მაგარია მოლერი. აშკარად შეუძლია ეჭვმიტანილების „ამღერება“), კონგრესს ვატყუებდი, ტრამპს პუწინისთვის 50 მელეონ დოლარად ღირებული პენტჰაუსის ჩუქება უნდოდა მოსკოვური ტრამპ-თაუერის დაოქეიებაშიო, მაგის პრეს-სპიკერ ძიმა პესკოვთან იყო მაგეებზე ლაპარაკიო (ზოგს რა ბედი აქვს, საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტების პრეს-სპიკერებს კი არ დაელაპარაკებოდა ეგეთ რამეზე არავინ, ჯასთ ქიდინგ )))). თანაც ეს პუწინის აზოვის მეკობრეების ამბავიც დაემატა და მოუწია ტვიტერ გადაწყვეტილებების მიღება. ბრალდებებზე პასუხი დააბრუნა, ეგრეც რომ ყოფილიყო, მაგ დროს პრეზიდენტი არ ვიყავიო. პუწინთან შეხვედრა ტვიტერით გააუქმა.ძალიანაც კაი. აჭყლოპინდა ეგრევე რუსული აგიტპროპი. როგორც გითხარით, ახალი სავაჭრო შეთანხმება კანადელ ტრიუდოსთან და წამავალ მექსიკელ პრეზიდენტთან გააფორმა და ჩინელ კოლეგასთან სადილი ბოლოსთვის მოიტოვა. ვაშა, ახალი სავაჭრო ომი არ იქნება. შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს, 1 იანვრიდან არ გაზრდიან 10-დან 25%-მდე ტარიფებს, ჩინელები გამოვლენ თავიანთ ბაზარზე ვაჭრობის ახალ, უკეთეს პირობებს. აკი გითხარი მკითხველო, ზღაპრის ბოლო კეთილია თქო.

გადაავლეთ თვალი დიდი ოცეულის ლიდერების, მათი არაჩვეულებრივი მეუღლეების მრავალრიცხოვან ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ ბუენოს-აირესში იყო ურთიერთობა.

წინა სტატია

Introducing a new paradigm shift in battery development
27 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

გასტრონომიული ერთობა
06 დეკემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა