დააბანდე სარფიანად

მორგან სტენსლის ახალი კვლევების მიხედვით, სულ უფრო მეტი მილიონერი აკეთებს უძრავი ქონების ინდუსტრიაში ინვესტირებას, ვიდრე სხვა ნებისმიერ სფეროში. ამის მიზეზი რამდენიმეა: მაღალი სარგებელი, სეკურიტიზაცია და შესაბამისად, ნაკლები რისკი.

განვითარებულ ქვეყნებში, წლების განმავლობაში, მხოლოდ აკრედიტებულ ინვესტორებს შეეძლოთ უძრავ ქონებაში ინვესტირება. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები და ფონდების მრავალფეროვნება ცვლის ამ ტრადიციას და ამჟამად უძრავ ქონებაში ინვესტირება შესაძლებელია დაიწყო 2 000 აშშ დოლარითაც კი.

საინტერესოა, ახალბედა ინვესტორებმა, რომლებსაც დიდი დანაზოგი არ აქვთ, როდის და როგორ უნდა დაიწყონ ინვესტირება ამ ინდუსტრიაში?

პირველი რჩევაა, რომ თქვენს ინვესტიციებს ცოტა კონსერვატიულად მიუდგეთ. უმჯობესია, თამაშის გრძელვადიანი სტრატეგია აირჩიოთ, ვიდრე მოკლევადიანი. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია ისეთ გარიგებებში შევიდეს, რომელიც ეკონომიკის როგორც აღმავლობის ასევე ვარდნის დროს დიდ საფრთხეს არ უქმნის მის პორტფელს. დიახ, საწყის ეტაპზე, არჩიეთ სტაბილურობა მოკლევადიან მაღალ უკუგებას.

მეორე რჩევაა, არ დაელოდოთ 50 000 დოლარის შეგროვებას. ნახეთ შესაძლებლობები, სადაც თუნდაც $5 000-ის ინვესტირებას შეძლებთ და დაიწყეთ ფულის გამომუშავება დაუყოვნებლივ.

მესამე რჩევაა, გაერკვეთ ონლაინ პლატფორმებში, რომლებმაც საგრძნობლად შეცვალა უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარი, დაწია ბარიერები და გააქრო საზღვრები. საინტერესო და სანდო უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები ნამდვილად იძლევა შესაძლებლობას მინიმალური თანხებით დაიწყოთ ფულის დაბანდება იმ ინდუსტრიაში, რომელიც ადრე მხოლოდ მილიონრებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

რა ხდება დღეს საქართველოში?

ჩვენთან უძრავ ქონებაში ინვესტირება ნამდვილად არ არის ახალი. ოჯახების უმრავლესობა, სადაც დანაზოგი გარკვეულ მოცულობას აღწევს, პრიორიტეტს უძრავი ქონების შესყიდვას ანიჭებს. დღესდღეობით 30 000 აშშ დოლარად შეგიძლია იყიდო ბინა, გააქირავო თვიურად ან დღიურად და გქონდეს შემოსავალი. დაახლოებით 10 წელში იბრუნებ ჩადებულ თანხას და უძრავი ქონებაც გრჩება საკუთრებაში, რომლის ღირებულება ამ პერიოდისთვის ბევრად გაზრდილია. ეს ოფცია ნაკლებრისკიანი და უფრო მაღალშემოსავლიანია, ვიდრე მაგალითად კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე ფულის შეტანა. შესაბამისად, ამ პრაქტიკას ბევრი მიჰყვება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გამოუცდია და ახსოვს უძრავი ქონების ინდუსტრიაში კარგად ფეხმოკიდებული პირამიდები, ამ ინდუსტრიაში არასისტემური და არაფორმალური საინვესტიციო ქცევა მაინც ყველაზე გავრცელებულია, რაც ინდუსტრიაში ახალი მოთამაშეების გამოჩენის დამატებით შესაძლებლობას ქმნის. ეს ახალი შესაძლებლობა უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის ან ტრასტის შექმნას გულისხმობს, სადაც ახალბედა და ნაკლები ბიუჯეტის მქონე ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა ფული დააბანდონ დიდ/საინტერესო პროექტებში და მიიღონ სარგებელი მოგებიან და აქამდე ძნელად ხელმისაწვდომ ინდუსტრიაში, სადაც შეღწევის ბარიერები დღესდღეობით ძალიან მაღალია. ამისთვის ბაზარიც მომწიფდა, უძრავი ქონების დეველოპერები და მშენებლებიც ხედავენ საჭიროებას. ეს ნაბიჯი გაზრდის დარგში განხორციელებულ ინვესტიციებს და უფრო მეტ ადამიანს მიეცემა შანსი დააბანდოს თავის თუნდაც პატარა დანაზოგი გაცილებით სარფიანად.

დიახ, დღეს ქართულ უძრავი ქონების ბაზარს ნამდვილად აკლია ქრაუდფანდინგის პრინციპით შექმნილი უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი/ფონდი. დროა, ჩვენი ფულით დავიწყოთ საცხოვრებელი სახლების, სავაჭრო ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობა, რათა ხვალ უფრო მდიდრებმა გავაგრძელოთ ეკონომიკურად გაძლიერებულ ქვეყანაში ცხოვრება.

წინა სტატია

როცა ბიზნესის კეთება გინდა
17 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

სირიადა: დასასრული თუ დასაწყისი?!
24 დეკემბერი, 2018
რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?
სტრატეგიები | იან, 13, 2019
საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება
ბიზნესი | იან, 10, 2019
10 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომერი საქართველოში
რეიტინგი | იან, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა