რას ვჭამდით 2018 წელს და როგორი იქნება სარესტორნო ტენდენციები 2019 წელს

სარესტორნო ინდუსტრიას, ისევე, როგორც სხვა სფეროებს, თავისი ტენდენციები აქვს. ზუსტად ისევე, როგორც არსებობს ტანსაცმლის ან ინტერიერის დიზაინის მოდა.

მარტივად რომ ავხსნათ, მსოფლიოს ათი-თხუთმეტი რესტორანი ზოგად ტენდენციებს ადგენს და მომდევნო პერიოდში სწორედ ის სტილი ხდება ტრენდული. ეს ტენდენციები განსაზღვრავს დიდწილად სარესტორნო ბიზნესის წარმატებას. მსოფლიოს ცნობილი რესტორატორები, შეფმზარეულები თავს უფლებას აძლევენ სტუმრები და კოლეგებიც გაბედული, ხშირად სრულიად მოულოდნელი ნაბიჯებით გააოცონ. მათ იციან, რომ სულ არაა აუცილებელი კონკრეტულ ჩარჩოებში მოექცე და ზოგად წესებს დაემორჩილო, რასაც სტატუსი და ტიტულები გარკვეულწილად გავალდებულებს. მაგალითად, გკარნახობს იმას, რომ რესტორანში მაინცდამაინც თეთრი სუფრა უნდა იყოს გადაფარებული და ეს ასე უნდა იყოს აუცილებლად! გასტრონომიული სფეროს მეამბოხე წარმომადგენლები კი ამბობენ: მერე რა, რომ არ მაქვს თეთრი სუფრა, იქნებ მე საერთოდ არ მინდა, რომ სუფრა მქონდეს მაგიდაზე?! აი, ეს განსხვავებულობა შეიძლება გახდეს ახალი ტრენდი.

მიშელინის ვარსკვლავი, რომელსაც საქართველოში პირველ რიგში აღნიშნავენ  და უმაღლეს საფეხურად თვლიან, ევროპაში, რა თქმა უნდა, პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ არც ერთი ტოპ შეფს ის დიდს არაფერს უწყვეტს. იმ დროს, როცა ტენდენციები შეიცვალა და გასტრონომიულ სფეროში შეფასების კრიტერიუმებიც გადაიხედა, ბევრმა რესტორანმა  უკან დააბრუნა მიშელინის ვარსკვლავი და ამით ერთგვარი პროტესტი გამოუცხადა გაბატონებულ ნორმებს.

სარესტორნო სფეროშიც, ისევე, როგორც მოდის გავლენის სხვა სფეროებში, ყოველწლიურად ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქტები, ბრუნდება ძველი და საინტერესო, რაღაც კი საერთოდ მიდის და იკარგება. წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, საით მიდის ზოგადი ტენდენციები.

გასული წელი რომ შევაჯამოთ, საქართველოში 2018 წლის მთავარი აქტუალური ტენდენცია ისაა, რომ მარტივ და უბრალო ქართულ კერძებს ვუბრუნდებით. თუ დავაკვირდებით, რა ობიექტებიც გაიხსნა ან ძალიან ტრენდული გახდა, მათ მენიუში კერძები ძალიან უბრალოა. ჩვენი სამზარეულო მარტივდება და მომხმარებლის მიმღებლობა ასეთი კერძების მიმართ იზრდება. ეს ტენდენცია მსოფლიოს ბოლო რამდენიმე წლის ანალოგიურ ტენდენციას ემთხვევა, რაც ძალიან სასიხარულოა. მთავარი ტრენდი ხდება გემო. თანამედროვე სამყაროში ესაა გადამწყვეტი.  

2018 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ჩვენთან ბურგერი იყო და, ალბათ, ყველაზე მეტი ახალი ობიექტი თბილისში სწორედ ბურგერის მიმართულებით გაიხსნა. ძალიან  გემრიელი პროდუქტია, თუმცა არცთუ ბიუჯეტური - ღირს დაფიქრებად, გადაიხადო თუ არა ამაში ფული. კონკრეტული დრო და ტექნიკა სჭირდება. აზრთა დიდი სხვადასხვაობა უკავშირდებოდა იმას, რომელი ბურგერია საუკეთესო, რომელი რომელს სჯობს. ბურგერის მიმართულება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული 2016 წელს იყო, ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ ჩვენც ავყევით ამ ტრადიციას.

წლის მეორე ნახევარში ასევე ტრენდული იყო აზიური ბიუჯეტური სამზარეულოების გახსნა. ქართველი მომხმარებლისთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილ იაპონურ და ჩინურ კერძებთან ერთად, ფეხს ტაილანდური,  და ინდური სამზარეულოც იკიდებს, რომლებიც მსოფლიოში უკვე მრავალი წელია პოპულარულია. 2019 წლისთვის უნდა ვივარაუდოთ აზიური სამზარეულოს კიდევ უფრო მეტად განვითარება და სხვადასხვა ქვეყნის კერძების გამოჩენა. მაგალითად, ვიეტნამური სამზარეულო მსოფლიოში 2016 წელს იყო ძალიან პოპულარული და ახლაც თავისი ადგილი უჭირავს, მაგრამ საქართველოში მასზე წარმოდგენა ცოტას აქვს.

2018 წელს შემოვიდა იაპონური რამენი თბილისში - ნახევრად წვნიანი და ნახევრად ნუდლსი, ძალიან გემრიელი საკვები, რომელიც ლანჩზე ძალიან პოპულარულია იაპონიაში. თუ 2018 წელს ჩვენთან ყველაზე აქტუალური ბურგერი იყო, მსოფლიოს ტრენდულ ქალაქებში - ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანში რამენი გახდა ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია და მისი ძალიან ბევრი რესტორანი გაიხსნა.

წლის სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში ძალიან კარგი “დელივერ” კომპანიების შექმნაც, რამაც კვების საკითხი მნიშვნელოვნად გაამარტივა. თუნდაც ოფისში ჯდომისას ადამიანს აღარ უწევს ბევრი ფიქრი, სად ჭამოს, შეუძლია სამსახურიდან გაუსვლელად იპოვოს პრაქტიკულად ნებისმიერი სასურველი კერძი.

2019 წლის ტრენდი იქნება რეგიონული სამზარეულოს განვითარებაც. მსოფლიოში ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია. იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი  რომ ავიღოთ, მათი ცნობილი შეფები გამოდიან თავიანთი მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი ცნობილი რესტორნებიდან და სხვაგან ჭამენ, სადაც შინაური, უბრალო საჭმელი და გარემოა. ქართულ რეგიონულ გემოებს მარტივად და სწორად აღვიქვამთ. რასაც კარგად იცნობ, იმის შეფასება იოლია. მაგალითად, ხაჭაპურსა და ხინკალზე პრაქტიკულად ნებისმიერი ქართველი გეტყვის თავის სიტყვას.

21-ე საუკუნეში, როცა ჯანსაღი კვების მნიშვნელობას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იაზრებს, მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც იზრდება ვეგეტარიანული და ვეგანური კვების აქტუალურობა. ამაში სამზარეულოც ხელს გვიწყობს, ჩვენი ფხალეული, განსაკუთრებით.

ტრენდები ვრცელდება დიზაინზეც. ის, რაც ახალია და ძალიან მოგვწონს, რეალუარდ ჩვენი მოგონილი იშვიათადაა, მსოფლიო ტენდენციებზე აყოლის შედეგია. 2019 წელს პოპულარული ხდება მონო ფერები, კონკრეტულ ტონალობაში გადაწყვეტილი ინტერეიერი, რომელსაც ცხოვრების ქაოტურ ტემპში, განუწყვეტელი რეკლამების პირობებში დამაშვიდებელი ეფექტი აქვს. ტენდენციად შეიძლება აღვიქვათ ცნობილი კინო და ანიმაციური პერსონაჟების დიზაინში გამოყენება. მაგალითად, ლონდონში 2018 წელს გაიხსნა და წარმატებით მუშაობს ჰარი პოტერის ბარი.

აქტუალურია გამწვანება. ადამიანები ცდილობენ ისეთ ადგილებში იარონ საჭმელად, სადაც ღია ტერასა და სიმწვანეა ინტეგრირებული ძირითად სივრცესთან.

თუ შევაჯამებთ 2018 წელს, მნიშვნელოვნად მივუახლოვდით მსოფლიო ტენდენციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზრდებით და ვვითარდებით. ამ განვითარების ნაწილია ისიც, რომ ამდენს ვლაპარაკობთ გასტრონომიაზე, მოკლედ გილოცავთ ყველას დამდეგ 2019 წლის შობა-ახალ წელს!

დარწმუნებული ვარ ქართული გასტრონომისთვის დამდეგი წელი განსაკუთრებული იქნება!

წინა სტატია

სირიადა: დასასრული თუ დასაწყისი?!
24 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

კარგი, ცუდი, ბოროტი მსოფლიო
31 დეკემბერი, 2018
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა