კარგი, ცუდი, ბოროტი მსოფლიო

ასეა დაწესებული: კარგი ყოველთვის ცოტაა. არასდროს გყოფნის. ასეა პოლიტიკაშიც, გინდა ლოკალურში და გინდა გლობალურში.

გაიხედავ ადამიანი, გაიხარებ, გეგმებს დააწყობ და უცებ გამოჩნდება იქვე ცუდიც და ბოროტიც. თუმცა, ის ცოტა იმდენად კარგია, რომ ეს ცუდი და ბოროტი მას ვერ ერევიან. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა, რომ მწამდეს ამ 31 დეკემბერს. ამიტომაც, მოდით ამჯერად უცვლელად დავტოვოთ ცნობილი ამერიკული ვესტერნის “კარგი, ცუდი, ბოროტი”-ს ფილოსოფია და 31-ე ბლოგიც კარგით დავიწყოთ.

რა იყო კარგი მსოფლიო პოლიტიკაში 2018 წელს?

ნატო-ს ერთიანი ძალისხმევით ევროპული უსაფრთხოება განმტკიცდა. მოკავშირეებმა ატლანტიკის ორივე სანაპიროდან მხარი დაუჭირეს ბალტიისა და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ალიანსის წევრებს და გააძლიერეს მათი თავდაცვა და უსაფრთხოება.

მართლაც მაგარი ამბავი იქნება, რომ გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და საბერძნეთს შორის მიღწეული შეთანხმება 2019-ის საიუბილეო სამიტზე მაკედონიელთა ნატო-ში 30-ე წევრობით დაგვირგვინდეს; აგრეთვე, რომ კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიკაფოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ. გახსოვდეთ: ნატო-ს “ღია კარის” პოლიტიკის ურყევობა ფუძედ უდევს  საქართველოს ნატო-ში წევრობას.

იგივეა ევროკავშირთან მიმართებაში: ერთი პერიოდი საერთოდ ჩაკვდა ლაპარაკი გაფართოებაზე. ის კი არა, ვინც მიიღო ევროკავშირმა, იმათ მიმართაც ღია თუ შეფარული პრეტენზიები, ზოგადად გაფართოების გადაწყვეტილების მიმართ წუწუნის ჰანგები გაისმოდა სულ უფრო ძლიერად. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ წელს ევროკავშირმა ღიად დააფიქსირა მზაობა დასავლეთ ბალკანური ქვეყნების 2025 წლისთვის თავის რიგებში მიღების თაობაზე.   

როგორც იქნა, წელს დემოკრატიულმა მსოფლიომ სერიოზულად გამოიბერტყა ყური კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეზე და ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერში უსაფრთხოებას 4-ე განზომილება - კიბერუსაფრთხოება ოფიციალურად დაამატა. გამოფხიზლებაა ჰიბრიდული საფრთხის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და მტრული აგიტპროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეშიც.  

გულწრფელად მიხარია, რომ მოძმე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად სულ რამდენიმე დღეში გაფორმდება. როგორც თავად უკრაინაში ამბობენ, ეს არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი რუსეთისგან დეკოლონიზაციის საქმეში. ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი!

არ ვიცი რამდენად  იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის ხელშესახები, მაგრამ მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობა რომ სავაჭრო ხელჩართულ ომში არ გადაიზარდა, უკვე კარგია. კარგია იმიტომ, რომ მსოფლიო ეკონომიკისთვის ამ ომების გაჩაღება დიდი მუხრუჭი იქნება. ისედაც არაა მაინცდამაინც სახარბიელო პროგნოზები 2020-თვის, ამიტომაც დამატებითი დამაჩქარებლები არავის სჭირდებოდა.

მიხარია, რომ “ბრენტ”-ის მარკის ნავთობმა წელიწადი 50 დოლარიან ნიშნულს ქვეშ დახურა. ოპეკი (ნავთობმომპოვებელი ქვეყნების კარტელი) + რუსეთი არ = ფასების ზრდას. იმიტომ არ უდრის, რომ ამერიკაში უმფროსობამ გადაწყვიტა, უსამართლო ფასებია ნაფთზე, თქვენ რაც გინდათ შაამცირეთ, მე მაინც არ შევჩერდებიო. როგორც იტყვიან, ქუდოს ძია დონალდს.

ჭირვეულად, მაგრამ მაინც დაიძრა პირველი ტვირთები ჩემთვის ძვირფასი ავღანეთიდან, რითიც რეალურად ამოქმედდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი “ლაპის ლაზული”. ესეც საქართველოზე გადის. ქაბულიდან მოდის ქარავანიი... ამასობაში, შეიძლება გულუბრყვილოდ ჩამთვალოთ, მაგრამ ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის რომ მოლაპარაკებების დაწყების მცდელობაა, ესეც არის ნამდვილად კარგი.

გარღვევა არ იყო, მაგრამ მოდი მაინც ნუ დავუკარგავთ: ჩრდილოეთ კორეისკენ პაწა გამონათება ნამდვილად იყო. მესამე მსოფლიო ომი თავიდან აგვაცილეს თქო ვერ ვიტყვი, ძალიან გადაჭერბებული იქნება. არც ასეთი საფრთხე არსებობდა და შესაბამისად არც აუცილებიათ, მაგრამ საბოლოოდ სადამდე მივა აღმოსავლური ექსპრესი, ამას მომავალ წელს გავიგებთ.

მსოფლიოს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცია იემენში მიმიდინარე სისხლისმღვრელი ომისთვის და არ დადგებოდა 8.5 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე. მადლობა ღმერთს, წლის ბოლოსკენ მოლაპარაკებები მაინც დაიწყო აჯანყებულ ჰუსიტებს და ლეგიტიმურ ხელისუფლებას შორის. ვნახოთ, რა გამოვა აქედან.

რა იყო 2018-ში ცუდი?

რა და, გაუთავებელი გარჩევები, გაბუტვები და პრეტენზიები მოკავშირეებს შორის. არა, რაღაც რაღაცეებში გამოფხიზლებისთვის არც ეგაა ცუდი, მაგრამ ამერიკა და ევროპები რომ დაობენ, მათი მტრები/მოწინააღმდეგეები ხარობენ. მოკლედ, ნამეტანი არაფერი ვარგა, არც კარგი და მით უმეტეს არც ცუდი. ამიტომ კეთილი ინებეთ და შეთანხმდით აშშ, ჩინეთი და ევროკავშირი ტარიფებზე, პირობებზე და წესებზე, ვიდრე მსოფლიო ეკონომიკა არ გადასულა მასშტაბურ პრესებზე.

ახლო აღმოსავლეთში რომ კვლავ მაღალი ძაბვაა და ეს ძაბვა პერიოდულად ისრაელსა და პალესტინას/ჰამასს, ისრაელსა და ირანს, ისრაელსა და თურქეთს შორის სამხედრო თუ მძაფრ პოლიტიკურ დაპირისპირებაში იზრდება, ეს არის ყველასთვის ცუდი. სამწუხაროდ, დიდი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება, ნამდვილად არ მაქვს.

ნამეტანი მოღონიერდნენ პოპულისტ-ნაციონალისტები. ნაციონალური ინტერესების გატარება ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის მთავარი ამოცანაა, მაგრამ როდესაც ამას ფაშისტურ/რასისტული ელფერი შეეპარება, ეს არის ცალკეული ქვეყნებისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვისაც ძალიან ცუდი.

ბრექსიტის ამბებს რომ ვუყურებ, გული მეწურება. ზოგადად ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედება ხომ ნამდვილად არის როგორც პრეცედენტი, ძალიან ცუდი, მაგრამ აი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, თანაც ყოველგვარი შეთანხმების გარეშე (ასეთის საფრთხეც არსებობს) მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ყველა მხარისთვის არის ნამდვილად კიდევ უფრო ცუდი.

აბა ბოროტი?

სადაურსა სად წაიყვანს ეს ოხერი პოლიტიკა. ნისლიან ალბიონზე, შუაგულ ბრიტანეთში ჩაიში საწამლავი “ნოვიჩოკი” გინდა, მაგის მკისრებელი ჩვენი მეზობელია. ამ ისედაც გაუბედურებულ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, ქიმიური იარაღით მოწამვლა გინდა, ესეც იგივე ჩვენი მეზობელია.  საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებების დარღვევა გინდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც ჩვენი მეზობელია. პაწაწინა აზოვის ზღვის ნეიტრალურ წყლებში კიდევ უფრო პაწაწინა უკრაინულ გემუკებზე თავდასხმა და ტყვეების აყვანა, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, ჟურნალისტების მკვლელობა, მცირეწლოვანი ბავშვების მიტინგებზე დაკავება, ბოლო ბოლო რეპერების დევნა/დაჭერა/გაკონტროლება - ეს ყველაფერი ბოროტიც გამოკვეთილად ჩვენი მეზობელია.

თუ კლინტ ისტვუდის და ელი ვალაჰის პერსონაჟებს, შესაბამისად კარგს და ცუდს, ჩვენს ბლოგში პროტოტიპები არ ჰყავთ, ლი ვან კლიფის “აგლი” “ზლოი” გმირი, საქციელის გარდა, რაღაცით გარეგნულადაც ჰგავს ჩვენს ბოროტ მეზობელს. არაუშავს, ფილმის ბოლო ვისაც გახსოვთ, არ გახსოვთ, მაგრამ სიკეთის მხარეს ხართ, განიტვირთეთ და ახალი წლის შესახვედრად მოემზადეთ, იმიტომ რომ ბოლო კეთილია. აი ვისაც ეგ ბოლო არ აწყობს, ისინიც კი მოდუნდით და თქვენც ისიამოვნეთ. იმიტომ, რომ:

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.  

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

წინა სტატია

რას ვჭამდით 2018 წელს და როგორი იქნება სარესტორნო ტენდენციები 2019 წელს
27 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

შპიონური თამაშები მე-5 განზომილებაში
07 იანვარი, 2019
რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?
სტრატეგიები | იან, 13, 2019
საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება
ბიზნესი | იან, 10, 2019
10 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომერი საქართველოში
რეიტინგი | იან, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა