ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში

“ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ეს არის ბიზნესის კეთილი ნება გადაჭრას ის პრობლემები, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოწვეულია ბიზნესის საქმიანობით” – ამერიკელი მეცნიერის გორდონ ფიტჩის ეს განმარტება ყველაზე ზუსტად ასახავს მის არსს.

1992 წლიდან დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება შეხედულება, რომ კომპანიებმა საკუთარი ინიციატივით უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაში. კომპანიებმა ბიზნესი უნდა აწარმოონ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული იქნეს საერთო მიზანი – მდგრადი განვითარება.

დღეს თანამედროვე მსოფლიოში წარმოუდგენელია ნორმალური რეპუტაციის მქონე კომპანია, რომელიც არ აქტიურობს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ეს უკვე გახდა ბიზნესის წარმოების ჩვეულებრივი და გავრცელებული ფორმა. აქტიური მარკეტინგული ინსტრუმენტი გაძლიერებული კონკურენციის პირობებში ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად, რადგან პროდუქცია იძენს დამატებით სოციალურ ღირებულებას.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის რეაქცია საზოგადოების შეცვლილ მოთხოვნებზე.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ჩართულია სამი მხარე:  სახელმწიფო, ბიზნესი და საზოგადოება, რომლებიც ერთმანეთში აქტიურ კომუნიკაციას ახორციელებენ. ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს მედიას, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შორის აქტიური კომუნიკატორია.

საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის Next Consulting-ის გამოკვლევით ევროპულ კომპანიებში სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე ამერიკულ კომპანიებში და ეს ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური სისტემის სპეციფიკით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებში ყველაზე მაღალი წილი სკანდინავიურ ქვეყნებს უჭირავთ, რომლებიც ცხოვრების და კეთილდღეობის დონით ლიდერები არიან მსოფლიოში.

დღევანდელი მონაცემებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების 3/4 ევროპულია, 1/4 კი ამერიკული.

ანალიტიკოსების შეფასებით მსოფლიოში სოციალურად ორიენტირებული კომპანიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მათზე “ზეწოლა” მოთხოვნების თვალსაზრისით სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან მზარდია. გამოცდილებაც აჩვენებს, რომ წარმატებულთა რიცხვში ხვდებიან ის კომპანიები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესით ინტერესდებიან, არამედ უფრო გლობალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პრობლემებზე ახდენენ ზეგავლენას.

საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემა თითქმის 10 წლისაა. პირველად თემა გააქტიურდა 2005 წელს, როდესაც გაიმართა შეხვედრები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ბიზნეს სექტორს შორის. შეხვდრებს გაცნობითი და საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა, მიღებული იქნა პირველი მემორანდუმი სოციალურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

2007 წელს კი საქართველოში შეიქმნა გაეროს პროგრამა “გლობალური შეთანხმების” ქართული წარმომადგენლობა “გლობალური შეთანხმება – საქართველო”. ამ დროისათვის მისი წევრია 40-მდე ადგილობრივი ორგანიზაცია. მისი მიზანია საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემის პოპულარიზაცია და საერთაშორისო სოციალური ანგარიშების წარმოების პრაქტიკის დანერგვა.

საქართველოში უკვე არსებობს პრეცედენტები სოციალური ანგარიშების წარმოების, კომპანიებმა -  “ბრიტიშ პეტროლეუმ ჯორჯია”, “ბანკი რესპუბლიკა”, “ვისოლი”, ნატახტარი – უკვე შექმნეს პირველი ქართული სოციალური ანგარიშები.

საქართველოში მოქმედი ბიზნესი თავისი მასშტაბების და შესაძლებლობებთან შეფარდებით საკმაოდ დიდი ფულს ხარჯავს სოციალურ პროექტებზე და ქველმოქმედებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის სოციალური საქმიანობა არ იყოს ქაოტური და მოექცეს გარკვეულ სისტემაში. მჭიდროდ იყოს დაკავშირებული კომპანიის პრიორიტეტებთან და სტრატეგიასთან.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების და პრაქტიკის დანერგვა საქართველოში აუცილებელია ბიზნეს სექტორის აუცილებელი განვითარებისთვის. ეს არის საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის, სტაბილურობის უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარების და ბიზნეს რეპუტაციის გამყარების დამატებითი ინსტრუმენტი.

როგორ უნდა წარმოადგინონ კომპანიებმა მათ მიერ სოციალურ სფეროში გაკეთებული პროექტების შესახებ მონაცემები? ნებაყოფლობითი უნდა იყოს თუ სავალდებულო?

დღეს ეს თემა დასავლეთის ქვეყნებში განხილვის საგანია, მაგალითად საფრანგეთში არსებობს მკაცრი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებულ კომპანიებს ავალდებულებს გახსნან ინფორმაცია დაინტერესებული ჯგუფებისთვის. პასუხი გასცენ ისეთ კითხვებს, როგორიც არის – მდგრად განვითარებაში მონაწილეობა, ეკოლოგიური ნორმების დაცვა, დასაქმებულთათვის ღირსეული პირობების შექმნა, ადგილობრივი საზოგადოებების განვითარებაში მონაწილეობა.

განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში კი საზოგადოებისთვის მონაცემების წარდგენა ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული. რაც უფრო გამჭირვალეა კომპანიის საქმიანობა, მით უფრო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს იგი საზოგადოებაში, მიმზიდველი ხდება ინვესტორებისათვის, იწვევს მისი აქციების ზრდას საფონდო ბირჟაზე, რაც აისახება კიდეც მისი ფინანსური მაჩვენებლების ზრდაზე. აშშ-ში, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიებისთვის სპეციალური სოციალური ინდექსიც კი არსებობს, რომელიც ზრდის ფასს კომპანიის აქციებზე მისი სოციალური აქტიურობიდან გამომდინარე.

ქართული კომპანიების დიდი  სოციალური პროგრამების განხორციელებას ძირითადად საკუთარი რესურსების ხარჯზე ცდილობენ, მათ ქმედებას ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი საქმელმოქმედი სახე უფრო აქვს ვიდრე სისტემური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის. დასავლეთში სოციალური პროექტების განხორციელება ძირითადად არასამათავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება. ბიზნესი ირჩევს პრიორიტეტულ მიმართულებებს,  ადგენს ბიუჯეტს, აცხადებს საგრანტო კონკურს და არჩევს არასამთავრობო ორგანიზაციას. ასექთი სქემა ბიზნესის ფინანსურ და დროით რესურსების ეკონომიას ახდენს და ბენეფიციარებიც უფრო მეტ სარგებელს იღებენ, რადგან მათი საჭიროებების  შესახებ ინფორმაცია აქვს არასამთავრობო სექტორს. საქართველოში ბიზნესი არასამთავრობო სექტორს ნაკლებად ენდობა და ეს კომუნიკაცია დღეს საკმაოდ დაბალ დონეზეა, თუმცა ნდობის მოპოვების კუთხით ალბათ გარკვეული დროა საჭირო, რომ ორივე მხარე დარწმუნდეს ერთმანეთთან თანამშრომლობის საჭიროებაში.

წინა სტატია

გამოცდილებითი მარკეტინგი
16 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

კონკურენციის ხელოვნება
20 ივნისი, 2014
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა