ჩართეთ თქვენი კლიენტები თქვენს CSR აქტივობებში

ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიები თავიანთ CSR აქტივობებში რთავენ თანამშრომლებს. ასეთი აქტივობები ხშირად კორპორაციულ მოხალისეობაში გამოიხატება. თუმცა, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე მაგალითი, როცა კომპანიები თავის CSR-ის საქმიანობაში რთავენ კლიენტებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქტივობებში ჩართული კლიენტები შეიძლება იყვნენ კომპანიებიც და  ფიზიკური პირებიც.

ექსპერტიზის გაცვლა

პირველი მაგალითი მინდა მივიყვანო B2B სფეროდან. BNP Paribas-მა და ფინურმა სატყეო ინდუსტრიის კომპანიამ UPM-მა ერთობლივი თანამშრომლობით შექმნეს ორივესთვის სასარგებლო პრეცედენტი. საქმე ისაა, რომ ორივე კომპანია, მანამდეც გამოირჩეოდა თავის ინდუსტრიაში სამაგალითო CSR სტანდარტებით. UPM ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მდგრადობაზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი კომპანია მსოფლიოში. მისი სტრატეგია ფოკუსირდება მდგრადი ხის ბიომასის შექმნაზე,  რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგსა და ინოვაციური, განახლებადი პროდუქტების შექმნაზე. ამას ის აკეთებს მთელი ღირებულების ჯაჭვის გასწვრივ და ამით აღწევს რესურსების დაზოგვასა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას.

მეორე მხრივ, BNP Paribas-ს ასევე გააზრებული აქვს მდგრადობის მნიშვნელობა და ამიტომ თავის პორტფოლიოში აქვს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: “მწვანე ბონდი”, “მწვანე სესხი”, “მწვანე ღირებულების ჯაჭვის დაფინანსება”. გარდა ამისა, დიდ თანხებს მიმართავს განახლებადი ენერგიის სექტორის დაფინანსებაში. ამასთანავე,  BNP Paribas გააჩნია კლიენტების შეფასების სხვადასხვა სქემა. მან განავითარა დიდი კორპორაციული კლიენტების CSR სტანდარტების შეფასებისა და სკრინინგის პოლიტიკა, რაც საშუალებას აძლევს შეაფასოს კლიენტების საქმიანობა მდგრადობის მიმართულებით.

ერთ-ერთი სქემა დაკავშირებულია პოტენციური კლიენტის გარემოს მართვის სისტემასთან, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის და სოციალური კრიტერიუმების შეფასებასთან. ხის მერქნის გადამამუშავებელი ინდუსტრიის შემთხვევაში კი -  დამატებით ტყის დაცვასთან, წყლის რესურსის და ქიმიური ნივთიერებების მოხმარებასთან.

BNP Paribas-ს სჭირდებოდა სატყეო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების CSR პოლიტიკის შეფასების სტანდარტების დახვეწა, ამიტომ მან დახმარებისთვის მიმართა თავის ერთ-ერთ ძველ კლიენტს - UPM-ს,  რომელიც დაეთანხმა დიალოგზე. როგორც აღვნიშნე,  UPM -არის თავის ინდუსტრიაში ლიდერი CSR-ის მიმართულებით, ამიტომ მისი გამოცდილება და ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო .

თავის მხრივ, UPM-მა მიიღო ინფორმაცია თუ რა კითხვები/საკითხები არის მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტებისთვის სატყეო ინდუსტრიის კლიენტების CSR საქმიანობის შეფასებისას და სატყეო ინდუსტრიაში ჩართულმა კომპანიებმა რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება  წლიური CSR ანგარიშის შედგენისას.

ამ თანამშრომლობის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო.

ქველმოქმედება განსხვავებულად

სამომხმარებლო სეგმენტზე მომუშავე კომპანიებისთვის უფრო ხშირია კლიენტების ისეთი ჩართულობა საკუთარ CSR აქტივობებში, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის შენაძენიდან გარკვეული თანხის გადარიცხვასთან სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებში ან ყოველ გაყიდულ პროდუქტის ერთეულზე, მეორე ერთეულის უსასყიდლოდ გადაცემაში მოწყვლადი ჯგუფებისა თუ ფონდებისთვის. მაგალითად,  ყველასათვის ცნობილმა კომპანიამ TOMS,  რომელიც ყოველ გაყიდულ ფეხსაცმელზე ერთ წყვილ ფეხსაცმელს გასცემს გაჭირვებულ ბავშვებზე,  დაარსების დღიდან გასცა 60 მილიონი წყვილი ფეხსაცმელი. თუმცა კომპანიის საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება. TOMS Eyewear-ს ფარგლებში, ისინი დაეხმარნენ 400 000 ადამიანს მხედველობის პრობლემის მოგვარებაში, TOMS Roasting Co.- მა 335 000 კვირის მანძილზე მიაწოდა უსაფრთხო წყალი ადამიანებს 6 ქვეყანაში.

ზოგჯერ ისინი კიდევ უფრო შორს მიდიან და კლიენტებს რთავენ უშუალოდ პროდუქტის შექმნაში. დროდადრო TOMS კლიენტებს იწვევს სპეციალურ ღონისძიებებზე, სადაც მათ საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ფეხსაცმლის დიზაინში/მოხატვაში. ამ შემთხვევაში, კლიენტები ორმაგად ბედნიერები არიან, რადგან უფრო მეტად მონაწილეობენ კეთილ საქმეში.

მდგრადი ქალაქების თამაშ-თამაშით შენება

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია LEGO ბავშვებს არა როგორც მხოლოდ მათი პროდუქტის საბოლოო მომხარებლებს,  არამედ როგორც მომავლის მშენებლებს ისე ხედავს და საშუალებას აძლევს მათ საკუთარი აზრი გამოხატონ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რამდენიმე წლის წინ 9 წლის ბავშვმა მერილენდიდან წერილი მიწერა კომპანიას, რომელშიც წერდა, რომ “როცა გაიზრდებოდა, უნდოდა თავისი შვილებისთვის შეექმნა ჯამრთელი მსოფლიო”. ამ და მრავალმა სხვა წერილმა, რომლებშიც ბავშვები კომპანიას საკუთარ აზრებს უზიარებენ, კომპანია დააფიქრა და დაიწყო კამპანია Build the Change ინიციატივა.  

2007 წელს მუზეუმებთან ერთად დანიაში დაიწყო კამპანია, ხოლო შემდგომ სხვა მრავალ ქვეყანაშიც მოეწყო სპეციალური ღონისძიებები ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით. 2016 წელს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ტეხასში მოეწყო გრანდიოზული ღონისძიება ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. სხვადასხვა კულტურული ღირებულებების ოჯახები აღმოჩნდნენ ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე: მათ  LEGO-ს ფიგურებით უნდა აეწყოთ კომპოზიცია და ასე გამოეხატათ მდგრადი ქალაქების იდეა .

“ჩვენი მისიაა შთავაგონოთ და განვავითაროთ მომავლის მშენებლები. ისინი ჩვენთვის N 1 დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ. ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათი მოლოდინები ჩვენი კომპანიისა და პროდუქტების შესახებ და ჩვენი საქმიანობა თანხვედრაშია”,  ამბობს ჯენიფერ დუბისონი,  LEGO-ს გარემოს მდგრადობის უფროსი მენეჯერი.

ამ დღესთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო.

კიდევ უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ კომპანიების CSR ინიციატივებისა და მათში კლიენტების ჩართულობის შესახებ. კლიენტების ჩართულობა სხვადასხვანაირად გამოიხატება, მაგრამ სხვა ბენეფიტებთან ერთად კომპანიებისთვის შედეგი ერთია: მეტი ნდობა არა მხოლოდ კლიენტების, არამედ საზოგადოების  მხრიდანაც. ნდობა კარგი რეპუტაციის საფუძველია,  ეს კი კომპანიისთვის დიდი არამატერიალური აქტივია.

მიუხედავად იმისა რა სფეროში საქმიანობთ, ყოველთვის შეიძლება მოძებნოთ გზები და თქვენს CSR საქმიანობაში ჩართოთ კლიენტები.

წინა სტატია

ბოლივარი მადუროს ვეღარ ზიდავს
28 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

ცხოვრების საზრისის ძიებაში - იკიგაი
30 იანვარი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა