ახალი ხილი - ანტიკორუფცია, ანუ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. Vol. 1 - FCPA

კამიუმ თქვა: “კეთილსინდისიერებას არ სჭირდება კანონები”, მაგრამ ფაქტია, რომ ასწლეულების განმავლობაში მსოფლიო - სახელმწიფო და კერძო სექტორი - კანონის მოქმედების გარეშეც ჩართული იყო კორუფციულ გარიგებებსა და მექრთამეობაში. მეტიც, ბევრ სუვერენულ ქვეყანაში დღემდე მიღებული პრაქტიკაა კორუფციული მოქმედებებით ბიზნესში სასურველი შედეგების მიღება. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჰამურაბის კანონებს, რომლებიც გავლენის მოხდენა-შენარჩუნების მიზნით სამოქალაქო პირებთან, განსაკუთრებით სასამართლო მოხელეებთან, საეჭვო გარიგებებს გმობდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტიკორუფცია - ანუ კორუფციის წინააღმდეგ (კანონებით) ბრძოლა დასავლეთ ნახევარსფეროში მხოლოდ 40 წლის წინ დაიწყო. შედეგად, საერთაშორისო სისტემაში დღეს მოქმედებს ერთ-ერთი გავლენიანი და ფართოდ გავრცელებული დოკუმენტი - აშშ-ის კანონი საგარეო მოსყიდვის შესახებ (Foreign Corrupt Practices Aсt (FCPA), 1977). 

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) მიერ 1977 წელს მიღებული FCPA კანონი საგარეო მოსყიდვის ნებისმიერ ფორმას კრძალავს. კანონს ფართო მოქმედების არეალი აქვს და ვრცელდება:  აშშ-ის მოქალაქეებსა და აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიებზე; აშშ-ის კანონმდებლობით შექმნილ კომპანიებზე; იურიდიულ პირებზე, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესის ძირითად საქმიანობას აშშ-ში ეწევიან; კომპანიებზე, რომელთა აქციები აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ივაჭრება; პირებზე, რომლებიც აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიისთვის (SEC) პერიოდული ანგარიშის წარდგენის წესს ექვემდებარებიან; იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე იღებენ ქრთამს.  

FCPA მიზნებისთვის ქრთამი არის ნებისმიერი ღირებულების ნივთი, საჩუქარი, ფულის შეთავაზება, დაპირება ან გადახდა, რომელსაც კერძო სექტორში მომუშავე პირები უცხო ქვეყნის სახელმწიფო მოხელეების მიმართ იყენებენ იმისთვის, რომ თავიანთი ბიზნესისთვის არამართლზომიერი გზით სარგებლის მოტანას და ბაზარზე პოზიციების გამყარებას შეუწყონ ხელი.   

აშშ-ის კანონმდებლებისა და FCPA-ის მცდელობის მიუხედავად, კორუფციამ 2000-იან წლებში არაერთი დიდი კორპორაცია მოიცვა.  კანონის ფართოდ მოქმედებაზე ზემოთაც ვისაუბრეთ და, ამ კორპორაციებმა, საგარეო მოსყიდვაში აქტიური მონაწილეობა-FCPA-ის უგულებელყოფისთვის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისგან დიდი რაოდენობის ჯარიმებიც მიიღეს. განვიხილოთ რამდენიმე კომპანია,  რომლებსაც გარკვეული კავშირები ქართულ ბაზართანაც აქვთ. 

  • Siemens AG

გერმანული წარმოშობის კონგლომერატი “სიმენსი” ევროპაში სიდიდით პირველი  ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიაა. 2008 წლის დეკემბერში “სიმენსი” FCPA კანონმდებლობის დარღვევისთვის 1.6 მილიარდი აშშ დოლარით დაჯარიმდა. ცნობილია, რომ კომპანია 1990-2007 წლების პერიოდში არგენტინის, ბანგლადეშისა და ვენესუელის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში. გარდა ამისა, “სიმენსმა” ერაყის სახელმწიფო მოხელეებს 1.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი გადაუხადა. დღევანდელი მონაცემებით, FCPA რეგულაციების დარღვევისთვის “სიმენსმა” სხვა კომპანიებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობის ფულადი ჯარიმა მიიღო             

  • Telia Company AB (TeliaSonera)

ფინურ-შვედური ჰოლდინგი “თელია” 2017 წელს 548.6 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდას დათანხმდა. როგორც ირკვევა, “თელიამ”, შვილობილი კომპანიით (Coscom LLC), ადგილობრივ ბაზარზე სატელეკომუნიკაციო სფეროში პოზიციის გაუმჯობესებისთვის უზბეკეთის სახელმწიფო მოხელეს $331.2 მილიონის ღირებულების ქრთამი გადაუხადა. “თელია” საქართველოს ბაზარზე შვილობილი კომპანია “ჯეოსელით” 2009-2017 წლებში ოპერირებდა. 

  • VolkswagenAG

მსოფლიო საავტომობილო ბრენდი - Volkswagen - ამერიკის შეერთებულ შტატებში FCPA კანონმდებლობის დარღვევისთვის 2.8 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდას დათანხმდა. Volkswagen-ს აშშ-ის ტერიტორიაზე 590000 ავტომობილის რეალიზებისთვის კანონმდებლობის დარღვევას ედავებიან. კომპანიამ აშშ-ს სახელმწიფოში მოქმედი ტექნიკური სტანდარტებისთვის შეუსაბამო ავტომობილები შესთავაზა, ავტომობილების ტექნიკური შეუსაბამობის დაფარვისთვის კი Volkswagen-ი სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი. 

ფაქტია, რომ საერთაშორისო კორპორაციები მიზნის მისაღწევად 21-ე საუკუნეშიც მიმართავენ მექრთამეობას. მიუხედავად ამისა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კორუფცია წარსულში განვითარებული სამყაროსთვისაც მიღებული პრაქტიკა იყო, დღეს ანტიკორუფციული საქმიანობა იკიდებს ფეხს  და ერთგვარ “მოდადაც” არის ქცეული. ბიზნესეთიკასთან ერთად ანტიკორუფციასთან შესაბამისობა კომპანიების საქმიანობის ნაწილად მკვიდრდება - რაც კარგის მომტანი უნდა იყოს დასავლეთისკენ მიდრეკილი ქართული ბაზრისთვისაც. 

ალბათ დამეთანხმებით, რომ თუ სახელმწიფო სუსტი და მოწყვლადია, კერძო სექტორს თანამედროვე გარემოში აქვს შესაძლებლობა, იყოს ლიდერი და ხელი შეუწყოს საერთაშორისოდ გავრცელებული სტანდარტების, მათ შორის ანტიკორუფციული სტანდარტის, დამკვიდრებას. 

ვცადოთ, გავამართლოთ კამიუს სიტყვებიც.

 

წინა სტატია

ვიდრე მეფე ისევ ცოცხალია!
10 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

კაცი შინ არ ვარგოდეს... მეზობლებსა ერჩოდეს!
15 აპრილი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა