კაცი შინ არ ვარგოდეს... მეზობლებსა ერჩოდეს!

ეს მაგარი ქართული ანდაზა ზედგამოჭრილია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე, უფრო სწორედ მათ ბატონ-პატრონზე, უბრალოდ ძაღლების და ცხოველების სიყვარულის გამო მაინც ჩვენებური ვერსია შემოგთავაზეთ სათაურად.

გასულ წელს თბილისში ყოფნისას რუსმა ოპოზიციონერმა ვლადიმერ კარამურზა უმცროსმა კი მოგვიწოდა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას რუსეთში ჩატარებულ რეიტინგებს, არანაირად არ ასახავს რეალობას გამოკითხვა ისეთ ქვეყანაში, სადაც უშიშროება ყველას და ყველაფერს აკონტროლებს და ატერორებსო, (რაშიც სხვათაშორის ძნელია არ დაეთანხმო რუს ოპოზიციონერს), მაგრამ საკუთარი მწარე გამოცდილება, ისევე როგორც პუტინის აგრესიულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე დაკვირვება უბრალოდ გვავალდებულებს, რომ ძალიან ყურადღებით ვიყოთ მისი რეიტინგების მძაფრი ცვალებადობის, უფრო სწორედ ვარდნის შემთხვევაში.

ასე იყო 2008 წელს. დაეცა თუ არა პოპულარობა სახლში, შემოიჭრა ჩვენს მიწა-წყალში, მისი რეიტინგი კიდევ აიტყორცნა ცაში. ეს რა კარგი რამე ყოფილაო და 2014-ში წავიდა თუ არა თავდაღმართში მისი რეიტინგი, ამოიღო სამიზნეში ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად გამზადებული უკრაინა. ჯერ სისხლიანი მაიდანი მოუწყო, მერე ყირიმში გრუ-ს მწვანე კაცუნები უკრაინელებს ცხვირწინ დაუწყო, ზუსტად 5 წლის წინ, აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში, ვითომ სეპარატისტული კონფლიქტი, სინამდვილეში კი ფართომასშტაბიანი ომიც წამოიწყო. შედეგად რა მიიღო? ავარდა ისევ რეიტინგი 80%-იანებში.

რეიტინგის შენარჩუნებისთვის ხელს ყველაფერს აწერს. მანიაკი ბაშარ ალ ასადის მხარდასაჭერად, სრულფასოვნად ჩაერთო სირიის კონფლიქტში და თან მშვიდობიანი მოსახლეობა წამლეს ერთად რუსებმა და ასადმა და თან დემოკრატიული ოპოზიციური ძალები ბომბეს. რუსიც ბევრი დაიხოცა უცხო მიწა-წყალზე, მაგრამ სამაგიეროდ რეიტინგი ხომ ავიდა მაინც სასურველ სიმაღლეზე. მართალია ცოტა ხნით, მაგრამ ხომ ავიდა.

გასულ წელს ისევ პრეზიდენტად აირჩიეს. არც არავის გაკვირვებია. რეპრესიული აპარატის მთელი ძალით გამოყენების პირობებში ხელმერამდენიმე გაპრეზიდენტება ნამდვილად არ გაჭირვებია. ისეთი თავდაჯერებული იყო, რომ საპენსიო ასაკისა და გადასახადების გაზრდაზე დიდი დაფიქრებაც კი არ დაჭირვებია. არადა სულ ტყუილად. შეტორტმანდა რეიტინგი. წამოვიდა ისევ თავქვე. მაინც ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად და ამიტომ ინტერნეტ სივრცეს მიადგა. ჯერ პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმის ტელეგრამ-ის დაბლოკვა სცადა, მერე რუსული ინტერნეტის გლობალური ქსელიდან გათიშვაზე “პაიკები” აალაპარაკა, პარალელურად კი ინტერნეტში კრიტიკაზე ცენზურა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა “გააშანშალა”.

ალბათ არ მოელოდა, მაგრამ ცენზურის დაკანონებას ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, ვიდრე საპენსიო ასაკის ზრდას. მაგასაც გადაიტანდა, მაგრამ იანვრიდან მოყოლებული დილა ცუდად არაერთხელ გაუთენდა. მისი საქმიანობის მოწონების 30%-იან ვარდნას ალბათ მაინც ვერ წარმოიდგენდა. სულ ცოტა ხნის წინ, მარტის ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგად კი, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს, ხმას მხოლოდ 41% მისცემდა (გადაწყვეტილად არჩევნებში წამსვლელთა მაჩვენებელი შედარებით მაინც მაღალია და 55%-შეადგენს, თუმცა აქაც კი 15%-იანი ვარდნაა).

აშკარად სასწრაფოდ ზომები აქვს მისაღები. ნატო-ს წევრ ქვეყანაზე, მაგალითად ბალტიის წევრ ქვეყნებზე ან თუნდაც ბულგარეთსა და რუმინეთზე სიამოვნებით გაიქაჩებოდა, მაგრამ ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის ეშინია, იცის, მოხვდება მწარედ ცხვირში. ამიტომ სამიზნე ისევ ნატო-ს გარეთ უნდა ეძებოს. უკრაინაში არჩევნების შედეგებს ელოდება. თან ეშინია, ვაითუ ძალიან ღრმად შეტოპოს და გაიჭედება. მოკლედ, შეხედავს, რა როგორ დაჯდება. სამაგიეროდ, “რუსკი მირ”-ის იდეის განხორციელების, საბჭოთა კავშირის აღდგენის ნატვრის აღსრულების და ძალაუფლების განმტკიცების თვალსაზრისით, შესაძლოა, სულაც არ იყოს ცუდი ვარიანტი ბელარუსზე გაწევა. მითუმეტეს, რომ სამოკავშირეო ხელშეკრულება არსებობს და თუ სრულფასოვანი შერწყმა მოხდება, 2024-თვის კონსტიტუციის შეცვლაც აღარ დასჭირდება, ისე გახდება ახალი რუსეთ-ბელარუსის სახელმწიფოს მეთაური.

რას იზამს ბელარუსის პრეზიდენტი “ბაწკო”? სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 25 წლის განმავლობაში, რუსეთსა და ევროპას შორის განლაგებული ბელარუსის ლიდერმა გამჭრიახობა, მოხერხებულობა, დიპლომატიის და მანევრირების საშური უნარები გამოავლინა. ამ დრომდე მან წარმატებით მოახერხა საკუთარი ძალაულფლების შენარჩუნება და განმტკიცება, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ევროპასა და რუსეთს შორის ეფექტიანად ლავირება. კი უწოდებენ შიგადაშიგ ევროპის “უკანასკნელ დიქტატორს” დასავლეთში, მაგრამ არც ხიდებს წვავენ და არც ურთიერთობების გაუმჯობესება/გაღრმავების იმედებს კარგავენ. მეორეს მხრივ, ხან ჰოკეიში სინჯავენ საკუთარ ძალებს და ხანაც თხილამურებზე სრიალებენ ვალენტინობა დღეს “ბაწკო” და ვლაძიმერ ვლაძიმეროვიჩი, მაგრამ  როგორც კი როსსელხოზნადზორმა ბელარუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანაზე აკრძალვა შემოიღო, ლუკაშენკომ ეგრევე მოიწვია მთავრობის საგანგებო სხდომა და მინისტრებთან ერთად საპასუხო ნაბიჯებიც განიხილა. “ჩვენს მეზობლებს არ მოსწონთ, როდესაც მათ სანქციებს უწესებენ და მეც ვიზიარებ მათ გულისწყრომას, მაგრამ სამაგიეროდ თვითონაც არ ერიდებიან ჩვენთვის სანქციების დაწესებას. რადგან ამ დონემდე გათავხედდენ, ჩვენც უნდა ვიფიქროთ საპასუხო ზომებზე. დიდი ხანია ჩვენი მილსადენების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ევროპაში გადაიზიდება რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, საჭიროებს საფუძვლიან რემონტს. ადრეც დადგა ამის აუცილებლობა, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე, რომ ჩვენს მეზობლებს არ ეზარალათ. ვფიქრობ, ახლა ნამდვილად სწორი დრო და მომენტია, რომ მივცე დავალება ვიცე-პრემიერს დაიწყოს მილსადენების რეაბლიტაცია”. არ გაგიკვირდებათ ალბათ თუ გეტყვით, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა პესკოვმა საპასუხო რეაქციაში პრეზიდენტ ლუკაშენკოს მეზობლებთან საუბრის ტონი დაუწუნა. ოქროსავით სამეზობლო და სამეგობრო კაცია პრეზიდენტი ლუკაშენკო, ერთიანი სრულფასოვანი სახელმწიფოს შექმნაზე ლაპარაკსაც არ ერიდება შიგადაშიგ თავის რუს კოლეგასთან, თანაც საჯაროდაც საუბრობს ამაზე, მაგრამ არ შედის ამ რუსების თავში სხვანაირად არაფერი. უნდა დაიპყრონ, უნდა დაიმორჩილონ, უნდა დაარბიონ (მაგათი სიკეთის არ იყოს, არც აქაური რუსეთუმ-კების თავში შედის. სულ ბაბაია ელანდებათ, არადა ბედის ირონიით ბაბა თურქული სიტყვაა და მამას ნიშნავს).

განა მართლა რეიტინგისთვის სჭირდებათ ეს აგრესორობა. აქ გულუბრყვილო არავინაა. უბრალოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ნავთობისა და გაზის მარაგების მქონე ქვეყანაში მოსახლეობის 25% კანალიზაციის გარეშე რომ ცხოვრობს, ახალგაზრდების 40%-ზე მეტი კი ქვეყნიდან წასვლაზე რომ ფიქრობს, ცხადია, ხალხის სასიკეთო არც არაფრის გაკეთება შეუძლიათ და არც დიდი სურვილი აქვთ. ამიტომაც, სახლში რომ ხალხი ტერორში და მორჩილებაში ჰყავდეთ, კუნთები გარეთ უნდა გამოაჩინონ, რათა მსოფლიო მაგიდასთან ადგილი შეინარჩუნონ და საკუთარ გაღატაკებულ მოქალაქეებს ათქმევინონ, რა მაგარია ჩვენი ლიდერი, ყველას ერთად ებრძვის და უმკლავდებაო.   

უკრაინაში 2014 წელს შეჭრის მერე მსოფლიომ გამოფხიზლება დაიწყო. ახლა უფრო სერიოზულად ეკიდებიან გაფრთხილებებს, ვინ იქნება შემდეგი. ამიტომაც სერიოზულად უყურებენ რეიტინგებსაც. ეს სიფრთხილე კარგია. თანაც, როდესაც ვხედავთ, რომ ანალიზს კონკრეტული შედეგები მოჰყვება და ალიანსის წევრების უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ფაქტია, რომ მსოფლიოში მოხდა ქართული ანდაზის საფუძვლიანი გააზრება. მთავარია, რამდენად სრულფასოვანი იქნება მათი მხრიდან საპასუხო ქმედება. ახლა დიდი იდეალებისთვის საბრძოლველად დასავლეთს ნამდვილად არ ცხელა, სანქციების განახლებაც კი ეძნელება, მაგრამ მაინც იმედია, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის შეკავების პოლიტიკა მხოლოდ ბლოკის წევრებით არ შემოიფარგლება და ევროპა, ერთიანი და თავისუფალი, ერთ დღეს რეალობად იქცევა.         

წინა სტატია

ახალი ხილი - ანტიკორუფცია, ანუ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. Vol. 1 - FCPA
12 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

პოლიტიკური მარკეტინგი
18 აპრილი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა