გაჭიანურებული სამართალი

“ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულია.” ეს სიტყვები ამერიკელმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, მარკ ტვენმა მისი გარდაცვალების შესახებ პრესაში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის საპასუხოდ წარმოთქვა. მარკ ტვენი ცნობილი იყო თავისი ირონიული გამონათქვამებით, თუმცა, ეს შემთხვევა  საინტერესოა იმითაც, რომ ნებისმიერი გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება ძალიან გადაჭარბებული და არაზუსტი აღმოჩნდეს, თუკი არ გადავამოწმებთ.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები საყოველთაოდ ცნობილი Doing Business ის რეიტინგის მოშველიებით აცხადებენ, რომ სასამართლო წარმატებით ვითარდება და დამოუკიდებელიც კია. თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ამ ავტორიტეტული ანგარიშის საქართველოს სასამართლო სისტემის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის მტკიცებულებად გამოყენება იმდენად გადაჭარბებულია, რომ შეიძლება რეალობას სულაც არ შეესაბამებოდეს. 

მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტის, Doing Business მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. ამ რეიტინგში საქართველო უკვე არაერთი წელია სტაბილურად მოწინავე მე-6 ადგილზეა 190 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. Doing Business პრაქტიკულად ერთადერთი გლობალური რეიტინგია, რომელშიც საქართველო ასე წარმატებულია.

Doing Business ში საქართველოს მაღალ რეიტინგს მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა, სასამართლოს ეფექტიანობას ეს ანგარიში კონტრაქტების აღსრულების სიმარტივის კუთხით აფასებს. ფასდება ის, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად განიხილავს სასამართლო ბიზნეს სუბიექტებს შორის დავას.  

როცა ამის თაობაზე კითხვას უსვამენ, თავად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს მთავარ გამოწვევად მის გადატვირთულობას და ამის გამო საქმეთა განხილვის გაჭიანურებას ასახელებენ. ამ პრობლემის არსებობას სასამართლოს წარმომადგენლები უყოყმანოდ, დიდი ენთუზიაზმითაც კი, ადასტურებენ ხოლმე, თითქოს ეს საპატიებელი პრობლემა იყოს, ან თითქოს ამართლებდეს ყველა სხვა სირთულესა და გამოწვევას, რაც სასამართლოს მისამართით გაისმის ხოლმე, ან თითქოს, ეს სრულიად ბუნებრივი პრობლემაა, რომლის გადაჭრის ვალდებულება ხელისუფლების სამივე შტოს თანაბრად არ ეკისრებოდეს.  

კონტრაქტების აღსრულებისთვის საჭირო დრო, დანახარჯი, სასამართლო პროცესების ხარისხი, სამივე კრიტერიუმში Doing Business საქართველოს სასამართლოს ერთ-ერთ წარმატებულად აფასებს. ამ დროს საქართველოში მცხოვრებთა რეალობაა გაჭიანურებული სასამართლო დავები, რაზეც საუბრობს ყველა, იქნება ის დავის მხარე, მისი ადვოკატი, თუ ნებისმიერი პირი, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია სასამართლოსთან, და ბოლოს, თავად სასამართლოც.

სინამდვილეში რამდენად დიდი პრობლემაა საქართველოში სასამართლო დავების გაჭიანურება?

ცნობილია, რომ ერთ მოსამართლეზე ერთდროულად ასობით განსახილველი საქმე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დავების განხილვის გაჭიანურების პრობლემა მრავალი წელია ცნობილი და აღიარებულია, ამ დრომდე პრობლემის მასშტაბი და გამომწვევი მიზეზებიც კი არ არის შესწავლილი. მართალია, ამ პრობლემას სიღრმისეული და პერიოდული კვლევა სჭირდება, თუმცა,  ცალკეული ობიექტური მონაცემების გამოყენება დაგვეხმარება პრობლემის სავარაუდო მასშტაბის გარკვევაში.   

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილებების ზოგადი შესწავლა გარკვეულ წარმოდგენას იძლევა იმაზე, რომ სასამართლოები სამოქალაქო კატეგორიის დავების სამივე ინსტანციაში განხილვის დასრულებას, საუკეთესო შემთხვევაში, 4 წელიწადს ანდომებენ. აქ არ შედის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო დრო. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რამდენი რამ იცვლება ადამიანის თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბიზნესის საქმიანობაში ამ ხნის მანძილზე და რა მოცულობის ინტერესი ან სარგებელი შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილებისაგან დარჩეს ადამიანს 4 წლის წინანდელთან შედარებით.     

საქმეთა განხილვის გაჭიანურება პრობლემაა როგორც ადამიანისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისა და სასამართლოს რეპუტაციისთვის.

სასამართლო დავის გონივრულ ვადაში განხილვა ადამიანის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილია. ამასთან, ის რომ სასამართლო სისტემაში არასაკმარისია მოსამართლეთა რაოდენობა (რაც ჩვენთან გაჭიანურების მთავარ მიზეზად სახელდება ხოლმე) ევროსასამართლოს სტანდარტით არგუმენტად არ მიიღება და სახელმწიფოს ამ შემთხვევაშიც დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ უფლების დარღვევისთვის.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების და დოვლათის შექმნა, ადამიანის მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა შეუძლებელია განვითარებული კერძო სექტორის გარეშე. შემთხვევითი არ არის, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც ბიზნესი წარმატებულია, მაგრამ სასამართლო არ ,,მუშაობს’’.

გადატვირთულობის გამო, დავების განხილვის კანონით დადგენილ ვადებთან დაკავშირებული ფორმალური მოთხოვნის და ადამიანის უფლების სისტემატურად დარღვევის მიმართ მოსამართლეს უწევს დარჩეს გულგრილი, რაც მას არაეფექტურსა და არასანდოს ხდის მართმლსაჯულების მომლოდინეთა თვალში. ხდება მართლმსაჯულების გაჭიანურების პრობლემის გაუფასურება მაშინ, როცა ის მნიშვნელობით ცალკეული ადამიანებისთვის ფატალურიც შეიძლება გახდეს.   

იმის გამო, რომ საქმეთა განხილვის გაჭიანურება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, საქართველოში, როგორც წესი, ამ დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დგება. ამ ლოგიკით, პრაქტიკულად ყველა მოსამართლეს ეპატიება კანონდარღვევა. მეორე მხრივ, საქართველოში ნებისმიერი მოსამართლის მიმართ იქმნება საფუძველი, რომ ე.წ. “საჭირო მომენტში” დაეკისროს პასუხისმგებლობა. ამ თვალსაზრისით, საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ახდენს პირდაპირ გავლენას.  

გარდა ამისა, სასამართლოს გადატვირთულობის პირობებში მოსამართლე მოწყვლადია შეცდომებისადმი, რაც მასზე არასათანადო ზემოქმედების ფართო არეალს ქმნის.    

ასეთ ვითარებაში, რით აიხსნება Doing Business ის მართლმსაჯულების კომპონენტში საქართველოს წარმატება?  

Doing Business ის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მცირე და საშუალო ბიზნეს დავების განხილვასა და მათ აღსრულებას 285 დღე დასჭირდებოდა, მაშინ როცა, მაგალითად, ბერლინის რეგიონულ სასამართლოს 499 დღე დასჭირდებოდა, ბრიუსელის კომერციულ სასამართლოს - 505, ვენის კომერციულ სასამართლოს - 397, პარიზის კომერციულ სასამართლოს - 395 დღე, ინგლისისა და უელსის სამოქალაქო სასამართლოს - 437, ხოლო ნიუ იორკის შტატის უმაღლეს სასამართლოს - 370 დღე.

საქმე ისაა, რომ Doing Business ის კვლევის მეთოდოლოგია გულისხმობს მხოლოდ ორი კატეგორიის დავის წამოწყებისა და დასრულების პროცესის შესწავლას და ამ გზით სასამართლო დავების განხილვის სისწრაფის შეფასებას - ორ ბიზნესსუბიექტს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები და გადახდისუუნარობის საქმეები. გაითვალისწინება დავის პირველ ინსტანციაში განხილვისთვის და მისი აღსრულებისთვის საჭირო დრო. დავის განხილვის ხანგრძლივობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება სააპელაციო და საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის საჭირო დრო.

Diong Business ის მიზანი არ არის შეაფასოს სასამართლო ხელისუფლების ზოგადი ეფექტიანობა რომელიმე სხვა მიმართულებით გარდა დასახელებულისა. ამასთან, მართლმსაჯულების განხორციელების სისწრაფე ბევრ შიდა თუ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული და ყველა კატეგორიის დავისთვის, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, განსხვავებულია.

ამდენად, Doing Business ის მონაცემები ვერ გავრცელდება ვერცერთი სხვა კატეგორიის უამრავ დავაზე, რომელიც სასამართლოში წარმოებს სამოქალაქო, სისხლის თუ ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.

რეალობა გვიჩვენებს, რომ  Doing Business ის რეიტინგში საქართველოსთვის მიკუთვნებული 190-დან მე-6 მოწინავე ადგილი არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა განვითარებულია ან, არ არის უმუშევრობის და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი. ისევე, როგორც ეს წარმატება არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდსა და ბიზნეს ორგანიზაციას ან სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის წარმოებული დავა საქართველოს სასამართლოების მიერ სწრაფად და მიუკერძოებლად განიხილება. ფაქტია, Doing Business ში საქართველოს წარმატების ასეთი განზოგადება ძალიან გადაჭარბებული იქნებოდა.

საერთაშორისო რეიტინგებისა და შეფასებების სწორად წაკითხვა სჭირდება თავად ხელისუფლებას, რათა სწორად განსაზღვროს პრობლემაზე მუშაობის სტრატეგია. ნუ დაშვრებიან ხალხისთვის  მათი გადათარგმნით, რადგან ამ ქვეყანაში მცხოვრებთ არ სჭირდებათ საერთაშორისო ანგარიშების წაკითხვა იმისთვის, რომ მიხვდნენ და შეადარონ, რამდენად რთულია მათი ყოველდღიურობა ამა თუ იმ ხელისუფლების პირობებში. 

ბიზნესის რეგულირების სიმარტივის თვალსაზრისით Doing Business ში საქართველოს მოწინავე ადგილმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა წაახალისოს და არა პირიქით. საქართველოსთვის მიკუთვნებული 190-დან მე-6 ადგილი უმუშვრობისა და სიღარიბის საგანგაშო მაჩვენებლის მომავალში დაბლა დასაწევად პოზიტიურ სიგნალად უნდა მივიღოთ და არა ამ ვითარების არსებობის უარყოფად, მით უფრო, რომ ამ წარმატების განზოგადება ვერ  დაახურავს უჩინმაჩინის ქუდს სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისს ან სიღარიბისა და უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს.

წინა სტატია

ვინ დაიცავს თურქეთის ცას?
22 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

200 ათასი ტონა დიპლომატია vs. ...
29 აპრილი, 2019
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა