"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

შავი ღრუბლები სპარსულ ზეცაში

შავი ღრუბლები სპარსულ ზეცაში

თუკი რამე მსმენია ამერიკული სამხედრო შეიარაღების შესახებ, სტუდენტობიდან მოყოლებული, “B-52”, “პატრიოტები”, “სტელსის” “უხილავკები” და ა.შ., ყველაფერი ერთად იყრის თავს, აგერ ჩვენთან ყურის ძირში, უფრო ზუსტად კი სპარსეთის ყურის მიდამოებში. ავიამზიდ “აბრაჰამ ლინკოლნს” მალე პეტრიოტმზიდი “არლინგტონი” შეუერთდება. ყატარში ბ-52-ები ჩაფრინდა. მოკლედ, მაგრად სწრაფად იღრუბლება სპარსულ ზეცაში.

მოვლენები ბოლო დღეებში ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. ჯერ იყო და, ირანული ნავთობის შეზღუდვაზე ამერიკული ემბარგო სრულად ამოქმედდა. ამიერიდან ყველა, ვინც შეისყიდის ირანულ ნავთობს, ამერიკული სანქციების ქვეშ მოხვდება. მართალია, აქამდეც დაცემული იყო ირანული ნავთობის გაყიდვები და 2.5 მილიონის ნაცვლად უკვე დღეში 1.1 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობდნენ ირანისგან მისი ძირითადი ექსპორტიორები, მაგრამ ექსპერტების თქმით, ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში კიდევ სულ მცირე 25-30%-ით შემცირდება. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის ჩინეთის და ინდოეთის იმედი აქვს, რომ ნავთობის შეძენას არ შეწყვეტენ და ამით 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას გადაარჩენენ. ნეტარ არიან მორწმუნენი. თუ ჩინეთის შემთხვევაში კიდევ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც პერიოდი განაგრძობს უცვლელად ირანული ნავთობის შეძენას, ინდოეთმა (ჩინეთის შემდეგ ირანის ნავთობის უმსხვილესმა ექსპორტიორმა) 8 მაისამდე კარგა ხნით ადრე გაანახევრა შესყიდვების მოცულობები. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოფიციალური დელი ევროპელების მიერ ირანის ნავთობის შესაძენად მოფიქრებულმა დროებითმა მექანიზმა (INSTEX) მოხიბლოს, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაშია (ევროპული ზოზინა ბიუროკრატია) და მისი სრულფასოვნად ამუშავება სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, მ.შ. სუფთა რეპუტაციის მქონე ირანული კომპანიის მოძებნასთანაც (ირანში თითქმის ყველა და ყველაფერი ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსთან არის დაკავშირებული, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ს მიერ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იქნა შეყვანილი და სხვა ყველაფერთან ერთად მოექცა ამერიკული სანქციების ქვეშ).

ახლო მომავალში ირანს ისღა შეიძლება დარჩეს, რომ “მოჩვენება ტანკერების” მეშვეობით გაიტანოს ნავთობი გასაყიდად, ან ბარტერულად გასაცვლელად, ვინაიდან დოლარებზე და “სვიფტის” სისტემაში ირანი ვერ ივაჭრებს და მოუწევს ან სხვა ვალუტის ჩემოდნებით აღება ან პირდაპირ სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის მიღება (კონტრაბანდისტების საყურადღებოდ: დატვირთავ ტანკერზე ნავთობს, მიუთითებ მიმართულებს, გახვალ ზღვაში, გათიშავ სპეციალური შეტყობინების დანადგარებს, თუ საჭირო გახდა დროშასაც გამოიცვლი და ეგაა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ტანკერ მოჩვენებაზე”). “მოჩვენება  ტანკერებით”, რუსების და ჩინელების იმედით, ირანი შეიძლება მაქსიმუმ 400 ათას ბარელზე ავიდეს დღეში, ეს კი ძალიან ცოტაა მისი ისედაც კოლაფსის პირას მყოფი ეკონომიკისთვის. ამას კიდევ სულ ცხელ-ცხელი სანქციებიც დაემატა მძიმე მეტალურგიის მიმართულებით, რაც ასევე კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნება უახლოეს მომავალში ირანისთვის.

მოკლედ, ეკონომიკურად და სამხედრო-პოლიტიკურად ძალიან სერიოზულ მარყუჟებში აქცევს ვაშინგტონი თეირანს. რას პასუხობენ ირანელი კონსერავტორები? რა ბერკეტები არსებობს მათ ხელთ?

ჰორმუზის სრუტეს დავხურავთო, დაიმუქრნენ ჩაგრულების მჩაგვრელებზე გამარჯვების იმედად მყოფები. თავში მოგახსენეთ და აღარ გავიმეორებ, რა რეაქციაც მოყვა აშშ-ს მხრიდან. ყველა და ყველაფერი თვალის დახამხამებაში გაჩნდა ყურის ძირში. ოფიციალურმა ვაშინგტონმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა: ომი არ გვინდა, მაგრამ ჩვენი მომაქალაქეებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის ხელყოფის ან რაიმე საფრთხის შექმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ ყველა საჭირო საშუალებებით. ამ სიტყვების სერიოზულობის საკმაოდ დამაჯერებელი დემონსტრირების მომსწრენი ვიყავით და ვართ ამ ბოლო დღეების განმავლობაში.

ბირთვული შეთანხმებიდან ნაწილობრივ გავალთ და ევროპელები თუ არ მოიფიქრებენ სხვა ეფექტურ მექანიზმებს, სრულად დავტოვებთ შეთანხმებას და განვაახლებთ ურანიუმის გამდიდრების, ანუ ბირთვული იარაღის შემუშავების პროგრამასო. ჩემი აზრით, ეგ უნდა ვაშინგტონსაც. მოქმედი შეთანხმების გაუქმების შემდეგ, ადრე თუ გვიან (სჯობს ადრე!) მაინც დადგება ახალი ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აუცილებლად გასათვალისწინებელი, რაც ამუქებს ღრუბლებს სპარსეთის ზეცაში. აშშ-ს მიუღებლად მიაჩნია ირანის გავლენების ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გაძლიერება სირიაში და განსაკუთრებით ერაყში, რასაც არც კი მალავს და ყველა პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური ქმედებით ადასტურებს მზაობას ბოლომდე დაიცვას საკუთარი ინტერესები რეგიონში. სახელმწიფო მდივნის ბერლინის მაგივრად ბაღდადში გამოჩენაც ამის ნათელი დადასტურებაა.

ბოლო და არამც და არამც უმნიშვნელო “ფაზლის კომპონენტი” აშშ-ს უმთავრესი პარტნიორი რეგიონში – ისრაელი წარმოადგენს. ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ ძალიან მკაფიოდ დაანახა მთავარ აქტორებს და ყველა სხვა დანარჩენსაც, რომ ისრაელის ცაზე ღრუბლების, მითუმეტეს ბირთვულის, თავმოყრას არ დაუშვებს.

ამ ყველაფერმა ერთობლიობაში მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენგან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ზღვა დუღს და ცა გუგუნებს, მაგრამ მადლობა ღმერთს “პეტრიოტების” მაგივრად ჯერ კიდევ პოლიტიკოსები და დიპლომატები მოქმედებენ. სახელმწიფო მდივანი პომპეო გუშინწინ ბაღდადში იყო, გუშინ ვაშინგტონში და დღეს სოჭში გამართავს მოლაპარაკებებს. ამას ქვია დიპლომატია მოქმედებაში! ღმერთმა ხელი მოუმართოს, განსაკუთრებით რუსებთან მოლაპარაკებებში!

სტილს არ ღალატობს აშშ-ს პრეზიდენტიც. “ყველაფერი მოგვარებადია. უბრალოდ დამირეკონ”, განაცხადა დონალდ ტრამპმა ირანელი აიათოლების გასაგონად. პასუხს კი პრეზიდენტ როჰანის ოფისის მაგივრად ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის!!! მაღალი რანგის გენერალმა გასცა (აღმოსავლეთი ნამდვილად ფაქიზი რამ არის). დონ! პასუხი უარყოფითია! “ჩვენ არ დავურეკავთ”, ბრძანა უაღრესად გავლენიანი გენერალ სულეიმანის მოადგილე გენერალმა ჯავანიმ.

ნამეტანი ახლოსაა ეს ყველაფერი. ნამეტანი სიფრთხილე გვმართებს. იმედი მაქვს, რომ გონიერება იმარჯვებს ყველა მხრიდან და შეიძლება ახალი ბირთვული შეთანხმებაც მივიღოთ, მაგრამ თუ ვერ დაწყნარდა და თუ კიდევ უფრო მეტად მოიღრუბლა, ჩვენი ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონში მეზობელთან ურთიერთობებში რომელ ხაზს ავირჩევთ. ეს ხაზი შეიძლება ძალიან ვიწრო (ჰორმუზის სრუტეზე ბევრად ვიწრო J ) და არცთუ ურისკო იყოს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ურთიერთობებში ყოველთვის დგება ჭეშმარიტების მომენტი.

ღმერთო! შენ დაიფარე ოფიციალურად წილხვდომილი!

გააზიარე