თუ ნატოს გაფართოება შეცდომა იყო, რატომ გადაიფიქრა პუტინმა მეზობლებლებზე თავდასხმა?

ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკური რეალიზმის წარმომადგენლები ცდებიან, როდესაც ამტკიცებენ, რომ რუსეთის აგრესია ნატოს გაფართოებამ გამოიწვია. 

აშშ-ის ერთ-ერთი საკვანძო საგარეო პოლიტიკური ინიციატივის 20 წლისთავმა ფაქტობრივად შეუმჩნევლად ჩაიარა. 1999 წელს, ნატომ დაიწყო “ცივი ომის” შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის მიმართულებით და მიიღო სამი ახალი წევრი: პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. გასულ თვეს, ალიანსმა ნატოს დაარსების 70 წლისთავთან ერთად, ხმაურის გარეშე აღნიშნა ეს მოვლენა: მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით ვაშინგტონში, ქვეყნების მეთაურთა უმაღლესი დონის სამიტის ნაცვლად, რასაც თარიღი უდავოდ იმსახურებდა. 

სავარაუდოდ, ეს შემთხვევით არ მოხდა - არსებობდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნატოს სამიტზე დასწრება ღონისძიებას სერიოზულობას დაუკარგავდა. ეს სამწუხაროა, ვინაიდან ნატოს გაფართოება აშშ-ს ცივი ომის შემდგომი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა. თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს. აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის სკოლას მიეკუთვნებიან, მიიჩნევენ, რომ ნატოს გაფართოება იყო საბედისწერო, ტრაგიკული შეცდომა. ისინი ამტკიცებენ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს არსებობამ აზრი დაკარგა. 

მათი მოსაზრებით, ნატო უნდა დაშლილიყო, ან, უკეთეს შემთხვევაში, დაკონსერვებულიყო იმ დროს არსებული ფორმით. ამის ნაცვლად, ნატომ შეუჩერებლად განაგრძო სვლა აღმოსავლეთისკენ, შეიერთა ყოფილი ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნები, და, საბოლოოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. მათი თქმით, ნატოს ასეთმა აგრესიულმა პოლიტიკამ საბოლოოდ ამოწურა რუსეთის მოთმინება, რამაც გამოიწვია მოსკოვის ომები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და განახლებული დაპირისპირება კრემლსა და დასავლეთს შორის. 

ასე მაგალითად, 2014 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ მერშაიმერმა ნატოს გაფართოება იმის მთავარ არგუმენტად გამოიყენა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია დასავლეთის ბრალი ყოფილა. 

ურიგო არ იქნებოდა, 2014 წლის მერშაიმერი 1990 წლის მერშაიმერს გაცნობოდა: 1990 წელს მან დაწერა პოპულარული ესსე, რომელშიც იწინასწარმეტყველა, რომ “ცივი” ომის შემდგომი ევროპა გახდებოდა ანარქისტული ჯოჯოხეთი, რუსეთი და გერმანია გამალებით იომებდნენ გავლენისთვის, ქვეყნები დაიწყებდნენ გამალებულ შეიარაღებას და მოხდებოდა ბირთვული შეირაღებების ყოვლისმომცველი, უკონტროლო გავრცელება. მერშაიმერი ამტკიცებდა, რომ “ცივი ომი” ისტორიისგან ბოძებული ერთგვარი “შესვენება” იყო და კონფლიქტის ამ ფორმით დასრულებით კონტინენტი დაუბრუნდებოდა ძალადობრივ წარსულს. 

რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა - ბალკანეთის 1990-იანი წლების სამოქალაქო ომების და შედარებით ახლო წარსულში რუსული აგრესიის გათვალისწინებითაც კი, ევროპამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ. ასევე, არ მომხდარა ატომური შეიარაღებების გავრცელებაც. ევროპა უკან კი არა, წინ წავიდა და ნატოს გაფართოებამ ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 

უპირველეს ყოვლისა, ნატოს გაფართოებამ აშშ დატოვა ევროპაში. ცივი ომი დასრულების შემდეგ, ბევრი ვარაუდობდა, რომ ამერიკა დატოვებდა ევროპას, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, თუმცა ნატოს გაფართოებამ ალიანსსა და ამერიკის როლს ამ ალიანსში ახალი მნიშვნელობა შესძინა. აშშ-მ უკან აღარ დაიხია, ქაოსი და გამძაფრებული მეტოქეობა უკონტროლოდ აღარ დატოვა. მან ითავა სტაბილიზატორის როლი არამხოლოდ დასავლეთ ევროპაში, არამედ მთელ კონტინენტზე. 

ამას გარდა, ნატოს გაფართოებამ გერმანიის პრობლემა გადაწყვიტა. ადრეულ 1990-იან წლებში ეშინოდათ, რომ გაერთიანებული და დამოუკიდებელი გერმანია, რომელიც აღარ იყო ერთი მხრივ ნატოთი და მეორე მხრივ ვარშავის პაქტით გარშემორტყმული, დაუბრუნდებოდა თავის მტაცებლურ გზას. ამის ნაცვლად, აშშ-მ უზრუნველყო, მოკავშირე ქვეყნებით გარშემორტყმული და მშვიდობიანი გერმანიის ნატოში ყოფნა. დღეს ამერიკელი თანამდებობის პირთა უკმაყოფილება, რომ გერმანია ზედმეტად დემილიტარიზებული გახდა და ნატოს ბევრ ინიციატივას აკლდება, მისიის წარმატებულობაზე მეტყველებს. 

მეტიც, ნატოს გაფართოებამ აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობას შეუწყო ხელი. ადრეულ 1990-იან წლებში არეულობის საფუძვლიანი შიში არსებობდა. ეთნიკური დაძაბულობები იზრდებოდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანების დიდ ნაწილს ჰქონდა რევიზიონისტული ტერიტორიული პრეტენზიები. არც უსაქმოდ დარჩენილი მეცნიერების ნაკლებობა იყო, რომლებსაც, მაგალითად, შეეძლოთ პოლონეთს ან სხვა სუსტ სახელმწიფოებს დახმარებოდნენ ბომბის შექმნაში. 

მაგრამ ნატომ თავისი უსაფრთოების “საბანი” გადააფარა ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებს, რამაც უზრუნველყო ის, რომ ისინი დათანხმდნენ არსებულ საზღვრებს. ნატომ მათ მისცა საკმარისი დაცვა იმისთვის, რომ ატომური იარაღის შექმნის იდეაზე უარი ეთქვათ და შექმნა კლიმატი იმისთვის, რომ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები განხორციელებულიყო. გაძლიერებულმა ნატომ უზრუნველყო სტაბილურობა საკუთარი საზღვრების გარეთაც კი, – შეაჩერა ეთნიკური წმენდა ყოფილ იუგოსლავიაში.

დაბოლოს - ნატოს გაფართოება იყო რუსეთში ჩავარდნილი რეფორმებისა და ინტეგრაციის წარუმატებლობის უმნიშვნელოვანესი საპირწონე დამზღვევი მექანიზმი. ამერიკელ თანამდებობის პირებს სურდათ ხელი შეეწყოთ რუსეთის დემოკრატიზაციისთვის, რომელიც შეუერთდებოდა დასავლეთს და ექნებოდა მშვიდობიანი ურთიერთობა თავის მეზობლებთან. მათ სწორედ ამიტომ დაიხიეს უკან და 1990-იან წლებში უბრალოდ უჯერებდნენ პრეზიდენტ ბორის ელცინს. 

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონს უნდა ეფიქრა საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლებოდა გაჩენილიყო იმ შემთხვევაში, თუ ლიბერალიზაცია წარუმატებლად დასრულდებოდა და რუსეთი უფრო აგრესიული გახდებოდა. საბოლოოდ ზუსტად ასეც მოხდა, მაგრამ გაფართოების წლებში, ნატომ რუსეთისა და დასავლეთის საზღვრებმა გაცილებით აღმოსავლეთით გადაწია და რუსეთის მეზობელ ბევრ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები მისცა. გარანტიები მათ ახლაც ეხმარება კრემლის შეკავებაში. პუტინის რუსეთი შეიჭრა და ზარალი მიაყენა ორ ქვეყანას - უკრაინას და საქართველოს, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები. რუსეთმა დააშინა, მაგრამ არ შეჭრილა ალიანსის არცერთ წევრ ქვეყანაში. 

რაც შეეხება კრიტიკას, რომ ნატოს გაფართოებამ რუსული რევიზიონიზმი გააღვიძა, ეს არგუმენტი ყოველთვის სუსტი იყო. დიახ, გაფართოებამ გააღიზიანა რუსი პოლიტიკოსები ელცინის ეპოქაშიც და აღიზიანებს პუტინის ეპოქაშიც. ეს უეჭველად დამამცირებელი იყო დაცემული სუპერძალისთვის. მაგრამ, ის იდეა, რომ ნატოს გაფართოებამ გამოიწვია რუსეთის აგრესია, ეფუძნება საწყისშივე მცდარ არგუმენტს, რომ თითქოსდა რომ არა ნატოს გაფართოება, რუსეთი არ მოიქცეოდა, როგორ დომინანტი თავის მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. არც რუსეთის ისტორიაში, არც ვლადიმერ პუტინის ხასიათში არაფერია ისეთი, რაც ამ არგუმენტს გაამყარებს. 

ნატოს გაფართოების პროცესი არასდროს ყოფილა სრულყოფილი - ალიანსმა მიიღო ახალი წევრები ხშირად იმის სერიოზულად გააზრების გარეშეც, თუ რეალურად როგორ დაიცავდა თუნდაც პოლონეთს ან ბალტიის ქვეყნებს გაძლიერებული რუსეთისგან. არსებობს ლეგიტიმური არგუმენტები იმისა, იყო თუ არა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის მოლოდინი გადაჭარბებული. მართალია, რომ ალიანსის საჯარო განცხადება 2008 წელს, რომ ეს ქვეყნები ოდესმე – მაგრამ არა ახლო მომავალში – გახდებოდნენ ნატოს წევრები საკმარისი იყო პუტინის გასაბრაზებლად, მაგრამ არასაკმარისი მის შესაჩერებლად. ამჟამად, ნატოს გაფართოების კონკრეტული დადებითი შედეგები აღმოსავლეთ ევროპაში გაძლიერებული ანტილიბერალიზმისა და რუსეთის მიერ შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების გამო ეჭვქვეშ დგას.

თუმცა, საერთო ჯამში, ნატოს გაფართოება გამორჩეული წარმატება იყო, რომელმაც ცივი ომის მიღწევები ევროპაში გაამყარა და დაეხმარა კონტინენტს მძიმე წარსულისგან გათავისუფლებაში, რომელიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა განმეორებულიყო. სამწუხაროა, რომ იმ პრეზიდენტისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ვერ ხედავს ალიანსის მიღწევებს, ხელს გვიშლის იმაში, რომ უფრო ნათლად დავინახოთ ეს მიღწევები.

სტატიის ავტორი: ჰალ ბრენდსი, ბლუმბერგი.

თარგმნა სალომე პაჭკორიამ, მიდლბერის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მაგისტრატურის სტუდენტმა.

წინა სტატია

ქალები “კაცური” პროფესიებით
14 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

თავისუფლების მხუთავი გაზები
20 მაისი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა