უქმნის თუ არა ფინტექი საფრთხეს ფინანსური ბაზრების მონაწილეებს?

ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და თანდათან იგი ყველა სფეროს ითვისებს. ინოვაციებმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ფინანსურ სექტორშიც შეაღწიეს. ფინტექის წარმატება და პოტენციალი მსოფლიოს ბაზრებზე ელვის სისწრაფით იზრდება დაბალი ხარჯიანობის, სისწრაფის და სხვა დადებითი ფაქტორების გამო. მისი გამოჩენა, ბუნებრივია, უამრავ კითხვას ბადებს. კერძოდ, უქმნის ფინტექი საფრთხეს ფინანსური ბაზრების მონაწილეებს, თუ ეს არის ევოლუციის ნაწილი, რომელიც ფინანსურ სერვისებს გააუმჯობესებს? 

რა არის ფინტეი? 

ფინტექ-კომპანიები აწარმოებენ ფინანსურ მომსახურებას კომპიუტერული პროგრამისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, რის შედეგადაც მომხმარებელს შეუძლია, უფრო მარტივად და სწრაფად დაგეგმოს, მართოს და აკონტროლოს საკუთარი ფინანსები. აღნიშნული უზრუნველყოფს მომხმარებლის დროულ ინფორმირებას, რაც შესაბამისად ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს არსებულ ბიზნესმოდელებსა და მომსახურებას. ონლაინრეჟიმი მომხმარებელს ფინანსური პროდუქტის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს  და მეტ დამოუკიდებლობას ანიჭებს. ასევე, ტექნოლოგიის დახმარებით ფინანსურ ორგანიზაციებს აქვთ უფრო დეტალური ბაზები საკუთარ მომხმარებლებზე. შესაბამისად, ისინი კლიენტს სთავაზობენ ყველაზე ხელსაყრელ და მისაღებ პროდუქტს/სერვისს. ფინტექის საქმიანობა მოიცავს:

  • ოპერატიულ მართვას ფინანსურ სერვისებში
  • გადახდებს, საერთაშორისო ტრანზაქციებს, კრიპტოვალუტას, ბლოკჩეინს
  • სესხებსა და დეპოზიტებს, Peer-to-Peer(P2P) სესხებს
  • ინვესტიციებთან, ფინანსურ ბაზრებთან, ვაჭრობასა და რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

აღსანიშნავია ისეთი წარმატებული სტარტაპ-კომპანიები როგორიცაა: Robinhood-ი, Acorns-ი, Plaid-ი, Coinbase-ი, Affirm-ი, Behavox-ი, SoFi, Betterment-ი, Bitfury, Circle-ი, Zenefits-ი, Bolt-ი, Mint-ი და ასე შემდეგ. TechCrunch-ის მიხედვით, 10 წამყვანი ამერიკული ფინტექის საბაზრო ღირებულების საბაზრო კაპიტალიზაცია 2018 წელს 50%-ით გაიზარდა და ეს ტრენდი კვლავ გაგრძელდება. ფინტექზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს Fiserv-ისა და First Data-ს მერჯერი, რომლის ღირებულებამაც 22 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათი შერწყმა კიდევ უფრო გაზრდის ტექნოლოგიის ფინანსებში იმპლემენტაციის ტემპს. 

ფინანსური ბაზრები 

ბაზარზე დომინანტ საბანკო, სადაზღვევო და საინვესტიციო ორგანიზაციებს მსოფლიო ტემპისთვის ფეხის აწყობა და საკუთარ სტრატეგიაში ფინტექის იმპლემენტაციის გათვალისწინება უწევთ,  რაც ნიშნავს ახალი გადახდის ტექნოლოგიის, რობო-რჩევებისა და ხმოვანი ტექნოლოგიის დანერგვას; ასევე, ცვლილებებს ფინანსების ავტომატიზებული მართვის კუთხით და  პერსონალური ინფორმაციის ბაზების უფრო ეფექტიან გამოყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ბაზრის მონაწილეებმა შესაძლებელია მომავალში ბაზრის წილი დაკარგონ.  

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფინტექს იყენებენ, საყურადღებოა ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ისეთი რისკები, როგორიცაა კიბერდანაშაული. მათ ევალებათ, მაქსიმალურად დაიცვან მომხმარებელთა უფლებები და, შესაბამისად, შეამცირონ სხვა კომპანიების მიერ მომხმარებლის ინფორმაციის ბოროტად ან არამიზნობრივად გამოყენების რისკი.  

მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგიური ცვლილებები გავლენას მოახდენენ ფინანსურ სექტორში დასაქმებულ პერსონალზეც. კერძოდ, რობოტები და სპეციალიზებული მექანიზმები ჩაანაცვლებენ თანამშრომლებს. კომპიუტერები შეასრულებენ ტექნიკურ დავალებებს, რაც ადამიანს გაათავისუფლებს ზედმეტი, რუტინული სამუშაოსგან, რათა მან მეტად იფიქროს ინოვაციურად. არსებული სამუშაოების შემცირებასთან ერთად, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და პოზიციები. გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ  შეიქმნება ამჟამინდელ ბაზარზე მეტი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა, როგორც ეს ინდუსტრიალიზაციის შემთხვევაში მოხდა. ფინტექი არის ევოლუციის ნაწილი, რომელსაც შეუძლია, ყველას ცხოვრება უკეთესისკენ შეცვალოს. 

ტექნოლოგიური სიახლეები 

ფინტექის სტარტაპები წარმოადგენენ ბანკების ალტერნატივას ფინანსური მომსახურების კუთხით. მაგალითად, ისინი ცდილობენ, მომხმარებელს შესთავაზონ ბევრად გამარტივებული დამგროვებლური  თუ სასესხო სერვისები. კერძოდ, დეპოზიტორის აპლიკაცია ავტომატურად ინახავს ფულს ყოველი გადახდის შემდეგ, რაც მთელ პროცესს აადვილებს. ფინტექი სესხსაც უფრო ეფექტიანად გასცემს. P2P სესხის პლატფორმა პირდაპირ (ფინანსური შუამავლის გარეშე) აკავშირებს მსესხებელსა და გამსესხებელს. აღსანიშნავია, რომ P2P-ის მეშვეობით სესხი გაიცემა ვებგვერდზე მითითებული საპროცენტო განაკვეთით 24 საათის განმავლობაში. ეს მოდელი პოპულარულია როგორც სტარტაპებში, ასევე სტუდენტებში, რადგან ის ფინანსების მოძიების უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივაა. 

ტექნოლოგიურმა სიახლემ ფინანსურ მომსახურებაში უკვე შეცვალა ბანკების ტრადიციული დაგროვების/სესხების გაცემის ტაქტიკა. კერძოდ, ბანკებმა აქტიურად დაიწყეს ფინანსური სერვისის მიწოდება მობილურით, ინტერნეტითა თუ პროგრამული აპლიკაციებით. აღსანიშნავია ასევე ხმოვანი ტექნოლოგიის ინკორპორაცია მომსახურების გამარტივებისთვის, რომელიც უკვე დაინერგა Ally Bank-ში, Mercantile Bank of Michigan-სა და  Capital one-ში. ხმოვანი ბანკის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ბოლო გადარიცხვების ნახვა, თუმცა მალე იგეგმება სხვა მომსახურების მიწოდება (გადარიცხვა, იპოთეკური სესხის აღება) პერსონალიზებული ხმოვანი შეტყობინებებით. 

მომხმარებელს მობილური ტელეფონიდან ასევე შეუძლია აკონტროლოს ფონდი, აქციები, აწარმოოს ყოველდღიური გადარიცხვები, მართოს დაზღვევა. სადაზღვევო სექტორში ფინტექი მოიცავს როგორც ჯანმრთელობის, მანქანისა და უძრავი ქონების, ისე სხვა ტიპის დაზღვევას. აღსანიშნავია წარმატებული ჯანმრთელობის ფინტექ სადაზღვევო კომპანია Oscar Health-ი, რომლის ღირებულებამ Business Insider-ის მიხედვით გასულ წელს 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

პორტფოლიოს მართვისას, ალგორითმებზე დაფუძნებული რობო-რჩევები ნაკლებ ხარჯებთან ასოცირდება და აქტივების მართვის სექტორის კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს. რობო-რჩევების პლატფორმაზე ინვესტორს უწევს დაწვრილებითი კითხვარის შევსება, რის შემდეგაც რობო-მრჩეველი ავტომატურად უწევს ინვესტორს რეკომენდაციებს. წარმატებული რობო-მრჩევლების ფინტექ-კომპანიები არიან WealthFront-ი, Betterment-ი, Welathsimple-ი, Ellevest-ი, SoFi. აღსანიშნავია ბანკები, რომლებმაც აღნიშნული პრაქტიკის იმპლემენტაცია გადაწყვიტეს: Charles Schwab-ი და Vanguard-ი. 

ტექნოლოგია აქტუალურია აქციების ვაჭრობის დროსაც, როდესაც აპლიკაციების მეშვეობით ინვესტორს შეუძლია ივაჭროს საკუთარი მობილურიდან. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლე აღიქმება როგორც საფონდო ბირჟის კონკურენტი. 

ტექნოლოგიების საჭიროებისა და პოპულარობიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ტრენდები და მათი არსებული/სამომავლო გავლენა ფინანსურ სექტორზე. ბაზარზე დარჩენილმა ორგანიზაციებმაც მსგავსად სხვა კომპანიებისა (Alibaba, Visa, PayPal-ი, Bank of America, U.S. Bank-ი, JPMorgan Chase-ი, BB&T, Capital One-ი, Wells Fargo, PNC Bank-ი), ფინტექი უნდა აღიქვან როგორც ევოლუციის შემდეგი ეტაპი და აქტიურად ჩაერთონ ფინანსური სერვისის გამარტივება/გაუმჯობესებაში.

წინა სტატია

ვიდრე ჰხვალ, ხელისუფლებავ...
21 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

აჯაფსანდალი ევროპულად
27 მაისი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა