აჯაფსანდალი ევროპულად

 კერძი თავისთავად ჩინებულია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც „მძიმე მეტალისგან“ გავწითლდიანუ ხორცპროდუქტების მიღებისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენი ბლოგი რომ კულინარიაზე, ქართული სამზარეულოს დიდებულებაზე და მის მსოფლიოში მზარდ პოპულარობაზე არაა, სათაურიდანაც მიხვდებოდა ჩემი ძვირფასი მკითხველი და ბოლოდროინდელ ევროპულ პოლიტიკურ ჰამბებზე დაკვირვებიდანაც.  

ჩვენ რომ რამეს მოვინდომებთ, ქართველები, იქ რომ ჩვენმა მეზობელმა რუსებმა არ მოთხვარონ, ისე ხომ არ იქნება. ევროპა ჩვენი სახლია - ასე იყო, ასე არის და მომავალშიც აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ ისევე როგორც ჩვენს შიდა სამზარეულოში, ისე დიდ ევროპულ პოლიტიკურ კულინარიუმშიც დიდი ვნებათაღელვებია.

მიდიოდა მწყობრი ნაბიჯით ავსტრიის ახალგაზრდა და მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში ერთობ პოპულარული კანცლერი თავის პოლიტიკურ ასპარეზზე, ემზადებოდა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის და უცებ ისეთი ნაღმი აუფეთქეს მისმა პარტნიორებმა კოალიციაში, რომ ევროპული არჩევნები კი არა, ვადამდელი ავსტრიული არჩევნები გაუხდა დასანიშნი, მისი მთავრობის ნდობის საკითხი გავა მალე ავსტრიის პარლამენტში და ახალი მინისტრები ეყოლება სასწრაფოდ მოსაძებნი, ვინაიდან ულტრა მემარჯვენე პოპულისტმა ავსტრიის თავისუფლების პარტიამ სრული შემადგენლობით დატოვა მინისტრთა კაბინეტი. უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნასავით იყო ვიდეო, რომელიც გერმანულმა გამომცემლობამ მოიპოვა და გაავრცელა, სადაც რუსი ოლიგარქის ძმისწული ქალბატონი ავსტრიელ ვაჟბატონ ულტრა მემარჯვენეებს ფინანსურ მხარდაჭერას აღუთქვამს ტენდერებსა და სახელმწიფო კონტრაქტებში გამარჯვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ. გადადგა პოპულისტი ვიცე კანცლერი შტრახე, რომელიც სებასტიან კურცის კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა თავის თანაპარტიელ გუდენუსთან ერთად. კანცლერმა შსს-ს მინისტრის გადადგომაც მოითხოვა, რასაც თავისუფლების პარტიამ სოლიდარობის დემონსტრირებით უპასუხა და ყველა მინისტრმა დატოვა თანამდებობა.

ავსტრიელი ულტრა მემარჯვენეების „ჩავარდნა“ მხოლოდ შიდა ავსტრიულ საქმედ ნამდვილად ვერ დარჩება. მართალია დაზიანდა თავად კონსერვატორი კანცლერის რეპუტაციაც, მაგრამ ევროპარლამენტის არჩევნების წინ განგაშის სიგნალი მაინც უფრო იყო პოპულისტი ულტრა მემარჯვენეებისთვის. არადა, ძალებს კი იკრეფდნენ. ფრანგი მარინ ლე პენი კიდევ ერთი პოლიტიკოსია, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ დაკვეთილ მუსიკაზე ტანგოსაც იცეკვებს, ვალსსაც და კალინკა მალინკასაც. ევროპარლამენტის არჩევნებში მას გვერდს უმშვენებდა კიდევ ერთი პოპულისტი პოლიტიკოსი, იტალიის „ჩრდილოეთ ლიგის“ ლიდერი, ვიცე პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი. არც მას „გატყდომია“ თავის დროზე წითელ მოედანზე პუტინის გამოსახულებიანი მაისურით ფოტოს გადაღება. ამათ კიდევ უნგრელი პრემიერი „ეარშიყებოდა“ მთელი კამპანიის განმავლობაში, თან ევროპის სახალხო პარტიის შემადგენლობაშიც რჩებოდა (მართალია უფლებამოსილება შეჩერებული სტატუსით) და თან EPP-ს კანდიდატ გერმანელ ქრისტიან-სოციალისტ მანფრედ უებერსაც კარგა გვარიანად აკრიტიკებდა. რას გაიგებ ამ პოლიტიკოსების? აჯაფსანდალია აბა რა არის.

ევროპარლამენტში მოხვდნენ ბრიტანელი პოლიტიკოსებიც, მაგრამ მათ სტრასბურგში ამ სტატუსით 31 ოქტომბრამდე აქვთ უფლება იყვნენ წარმოდგენილი. 1 ნოემბერს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში აღარ უნდა იყოს და ბრიტანული მანდატები სხვა ქვეყნებზე უნდა გადანაწილდეს (ქვეყნები ცნობილია, რაოდენობები და ქვოტები გადანაწილებულია). არჩევნებში კი მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ აბა ვის ცხელოდა ევროპარალამენტისთვის, ისეთი ემოციური გნაცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალ უკვე მოვალეობის შემსრულებელმა ტერეზა მეიმ. სამაგალითო ხალხია ბრიტანელები. კი არ დაუწყიათ მის ოპონენტებს, ყველაზე კრიტიკულებსაც კი, „წაშავდა! წაბნელდა! წაეთრა!“-ს ძახილი. პირიქით, საოცარი ემპათია გამოავლინეს ჯერემი კორბინმაც და სხვებმაც. მაგალითად, ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ტერეზა მეის მისი „სტოიკური მოღვაწეობისთვის“ და... შეუდგა მზადებას მისი თანამდებობის დასაკავებლად. როგორც ჩემი მეგობარი ბრიტანელები მეუბნებიან, მტერი წავიდა ახლა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზეო. ბრექსიტის წამზომი ჩართულია, სივრცე მანევრირებისთვის კი პრაქტიკულად არ არსებობს. ევროკავშირი მიღწეული შეთანხმების გადახედვას არ აპირებს, არადა ეს შეთანხმება 3-ჯერ უკან გაატანეს ტერეზა მეის ბრიტანელმა პარლამენტარებმა. ბოლოს ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე კენჭისყრის ჩატარებისთვისაც კი მზად იყო ქალბატონი მეი, მაგრამ აღარც საკუთარი კონსერავტორების და მოკავშირე იუნიონისტების მხარდაჭერა ჰქონდა, აღარც მთავრობის წევრების და რა თქმა უნდა არც ოპოზიციონერი ლეიბორისტებისა თუ ლიბერალ დემოკრატების. უკრაინელმა ზელენსკიმ, ჩემი პორტრეტი არ დაკიდოთ კაბინეტებშიო და ტერეზა მეის ადგილას დევიდ კემერონის ფოტოს კი დავამაგრებდი დართსის დისკოს შუაგულში ნამდვილად. ასეა თუ ისე, მაღალი ალბათობით პრემიერის პოსტს ჩაიბარებს ბორის ჯონსონი, რომელიც მიუხედავად მის მიმართ გამოთქმული არაერთი უხერხული „ეპითეტისა“, დიდი პოპულარობით სარგებლობს ლონდონშიც და მის გარეთაც. ის კი არა, დონალდ ტრამპიც კი მიესალმება, თუ ბორის ჯონსონი პრემიერ მინისტრი გახდება. აშკარად არის მათ შორის უკვე გარკვეული ქიმია. ვნახოთ, ვინ გახდება კონსერვატორთა პარტიის ლიდერი მას შემდეგ, რაც ტერეზა მეი 7 ივნისს ოფიციალურად გადადგება და ვინ დაიკავებს პრემიერის პოსტს, რომლის ვინაობაც ივლისის ბოლოს გაირკვევა. ვინც არ უნდა იყოს, უცხელესი ზაფხული ექნება და კიდევ უფრო ცხელი შემოდგომის პირველი 2 თვე. მისწრებაა ასეთ დროს გირი აჯაფსანდალი!

ბრიტანელებს თუ 1 პრემიერი ჰყავთ შესარჩევი, ევროპარლამენტარებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ჰყავთ შესარჩევი.

ევროპის სახალხო პარტიამ კი მოიპოვა ყველაზე მეტი მანდატი და 2014 წლიდან შემოღებული წესის თანახმად მას ეკუთვნის ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება, რომელზეც, როგორც გითხარით, ბლოკის მხრიდან გერმანელი მანფრედ უებერია წარდგენილი. მას ანგელა მერკელიც მხარს უჭერს და სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც, მაგრამ ფრანგი ემანუელ მაკრონი (მისი პარტია  „LREM - La Repubilique en marche“ უფრო მემარცხენე სოციალ დემოკრატიულ გაერთიანებისკენ იხრება) მხარს მის თანამემამულე, ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის მომლაპარაკებელ მიშელ ბარნიეს უჭერს. კაცმა არ იცის, ვინ აღმოჩნდება ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტის სავარძელში და ვინ შეცვლის მხიარულ და კოლორიტულ ჟან კლოდ იუნკერს. ეს შესაძლოა სულაც ბულგარელი ეკონომისტი კრისტალინა გეორგიევა იყოს, ან სულაც უკვე მთელი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინ ლაგარდი. მართალია, ქალბატონი ლაგარდი აცხადებს, რომ ის მისი ამჟამინდელი პოზიციითაც ძალიან კმაყოფილია (რატომაც არა!), მაგრამ ევროპულ აჯაფსანდალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

აჯაფსანდალი გრილ მდგომაროებაში ზაფხულის პერიოდში მისაღებ კერძად ითვლება. ასე რომ, 28 მაისიდან მოყოლებული, როდესაც დაგეგმილია ევროკავშირის სამიტი, 20 ივლისამდე, რა დროსაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გეგმავს ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე გადწყვეტილებათა მიღების პროცესის დასრულებას (და ამასთან ერთად საქართველოში „ევროპული გზის“ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებასაც), ქართულ ჭადთან, ყველთან და ჭიქა გრილ როზესთან ერთად საინტერესო პოლიტიკურ-კულინარიული დეგუსტაციები გელით.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

გახსოვდეთ! ევროპა ჩვენი სახლია! 

წინა სტატია

უქმნის თუ არა ფინტექი საფრთხეს ფინანსური ბაზრების მონაწილეებს?
23 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

სამი სამიტი მექაში
03 ივნისი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა