ტრანსატლანტიკური ვნებათღელვანი

სიმართლე გითხრათ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გაცხარებული რეაქცია საქართველოს ნატო-ში დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გულის სიღრმეში მახარებს. რატომ? იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, როდესაც ჩვენი ნატოელი მეგობრები ცდილობდნენ ჩვენს “დაოკებას”, სტრატეგიული მოთმინებისთვის ლოცვების გაძლიერებას, ანუ ნატო-ში გაწევრიანებაზე ნაკლები მგზნებარებით “ქადაგებას”, მაშინ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იყო წყალზე ჩუმად და ბალახზე მდაბლად, მშვიდად და განცხრომაში. ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შეგრძნებები მკარნახობს, ტყუილად არ შემოჰკრავდნენ განგაშის ზარს “ერთმორწმუნენი”. ძველი თბილისური გამოთქმით, “ესეიგი ბუდეაა”. ასე იყოს ნეტავ და “შუგარ თუ ძიაძია გრიშას მაუth”.

ჩვენ რა ვქნათ ამ დროს, ჩვენ? გვეშინოდეს, ვძრწოდეთ, გონს მოვუხმოთ, თუ რა არის სწორი ასეთ ვითარებაში? მჯერა, რომ რუსეთისთვის ისეთივე საშინელი მოსასმენია ფრაზა “ნატო-ს გაფართოება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული”, როგორც ჩვენთვის (ყოველ შემთხვევაში, ბევრი ჩვენგანისთვის მაინც “საქართველო ერთ დღეს!!! აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა”). ამიტომ თუ საშინელებაა, მაგრამ რეალობაა, დე, ისმინონ კიდევ და კიდევ ეს ფრაზა ნატოელი პარტნიორებისგანაც და ჩვენი ხელისუფლების პირველი პირებისა თუ სპეციალური წარმოადგენლებისგანაც. არაფერია ამაში არც საგანგაშო და არც ცუდი. მთავარია, გვირაბის ბოლოს შუქი ჩანდეს.

მთავარია, ერთად დავდგეთ, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევის ირგვლივ გავერთიანდეთ. პროვოკაციები ბევრი იქნება. მონტენეგროში, სულ მთლად რომ გადაწყვეტილი და გამოცხადებული იყო ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, მაშინაც კი გაბედეს რუსებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ასე რომ, რა ფორმით, რა საკითხზე და ვისი მეშვეობით განახორციელებს რუსეთი პროვოკაციებს, ამას ყურადღება ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმაც უნდა მიაქციონ და საზოგადოებაც ფხიზლად უნდა იყოს. 

დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს საიუბილეო სამიტი ლონდონში შესაძლოა მართლაც ისტორიული გამოდგეს, ჩვენი ქვეყნისთვის კი გადამწყვეტი და მომავლის განმსაზღვრელი. თუმცა, მანამდე მისვლაა საჭირო. მანამდე მუშაობაა საჭირო. ჩემგან არ ესწავლება ჩემს მეგობარ დიპლომატებს, ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულ პოლიტიკოსებს, რომელი მიმართულებით არის ძალისხმევა გასაძლიერებელი. მჯერა, რომ თავის წილ საქმეს ყველა ღირსეულად გააკეთებს. თუმცა, ყველაფერი ჩვენზეც არ არის დამოკიდებული. შიდაალიანსური განწყობები და ურთიერთდამოკიდებულებები გადამწყვეტი იქნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. სიმართლე გითხრათ, ვადევნებ რა თვალყურს ნატოურ სიახლეებს, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი, სამწუხაროდ ჯერჯერობით ნამდვილად არ მაქვს. იმედს ვიტოვებ, რომ მე არ ვიცი რამე, გრიგორი კარასინმა კი დანამდვილებით იცის. ღმერთმა ქნას.

გასულ კვირას ჩვენი მეგობარი პოლონელებისთვის ნამდვილად მისალოცი ამბები ხდებოდა ვაშინგტონში. პოლონეთის პრეზიდენტი თეთრ სახლში შეხვდა ამერიკელ კოლეგას და შეთანხმდა, რომ არც მეტი არც ნაკლები, დამატებით 2000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავა პოლონეთში და იზრუნებს მისი უსაფრთხოების განმტკიცებაზე. ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავია ნამდვილად ატლანტისტებისთვის და ძალიან სამწუხარო - “რუსეთისტებითვის”. მაშინათვე რეაგირება გააკეთეს რუსებმა, დაჯდნენ მიწაზე და დაიწყეს ფეხების ბაკუნი. როგორც იტყვიან, იჯდეინ მერე რა. ამერიკული ჯარები კი დადგება პოლონეთში. ახლა მთავარი საკითხავი ის არის, საიდან გადაისვრიან დამატებით ამერიკულ კონტიგენტს პოლონეთში - ოკეანის გაღმიდან მოავლენენ თუ გერმანიაში განლაგებული 30 ათასიანი კონტიგენტიდან გამოყოფენ. შეიძლება პოლონეთისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ აი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების კუთხით ეს ნამდვილად მგრძნობიარე საკითხია. პოლონელი კოლეგის ვიზიტის დროს აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ისარგებლა შემთხვევით და მოუწოდა გერმანიას, უარი თქვას “ნორდ სტრიმ 2”-ის პროექტის განხორციელებაზე. “ჩვენ ვხარჯავთ მილიარდებს მათ უსაფრთხოებაზე და ვიცავთ რუსებისგან, რომლებიც თავის მხრივ მიიღებენ მილიარდებს გაზსადენის გაყვანის შემთხვევაში. ეს უსამართლობაა და ასე ვერ გაგრძელდება”, განაცხადა დონალდ ტრამპმა. იგი ასევე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ გერმანია, ნაცვლად სავალდებულო 2%-ისა, თავდაცვაზე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს (ექსპერტების შეფასებით, 2018 წელს გერმანიის ხარჯი თავდაცვაზე შეადგენდა 1,2%-ს). ტრამპი ბიზნესმენია და ყველა პროექტში, პოლიტიკასთან ერთად კომერციულ გათვლებსაც აკეთებს. თუკი პოლონეთის პრეზიდენტმა ამ ვიზიტის დროს ახალ, 8 მილიარდ დოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ამერიკული გაზის შეძენის თაობაზე, რომელიც დაემატება უკვე არსებულ 25 მილიარდიან კონტრაქტს. რატომ არ უნდა შეისყიდოს გერმანიამ ამერიკული თხევადი გაზი და რატომ უნდა უხადოს რუსებს მილიარდები? სრულიად სამართლიანი და გასაგები ლოგიკაა. სხვათაშორის, დონალდ ტრამპი არ არის ეული რუსული გაზსადენის პროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას მხარს ორპარტიულად უჭერენ გავლენიანი ამერიკელი სენატორები. მათ მომზადებული აქვთ სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში სანქციების ქვეშ მოექცევიან კომპანიები, რომლებიც მონაწიელობას იღებენ ამა თუ იმ ფორმით “ნორდსტრიმ 2”-ის მშენებლობაში. რაც შეეხება უშუალოდ პროექტის გახორციელებას, არსებული ინფორმაციით, არის გარკვეული შეფერხებები და მისი დაგეგმილ ვადაში, ანუ 2020-ის მეორე ნახევარში ექსპლუატაციაში შესვლა ისედაც ვერ მოხერხდება.

კიდევ უფრო რთულად არის საქმე თურქეთთან მიმართებაში. რუსული “ს-400”-ები შეძენილია და პირველ პარტიას ივლისში ელოდებიან. შესაბამისად, ივლისშივე გადაწყდება თურქეთისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების “ფ-35”-ის მიწოდების შეჩერება. ძალიანაც ცუდი. ასეთი განვითარება არც ნატო-ს თავდაცვისუნარიანობისთვის არის კარგი, არც ტრანსატალნტიკური კავშირების სიმტკიცისთვის და არც შემდგომი გაფართოების პერსპექტივისთვის. ძალიან ბევრი რამ იქნება გადასახედი ნატო-ს წევრებს შორის არსებული თამაშის წესების თვასაზრისით.

აბა რა “აგიჟებს” რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ რუპორს, ასეთი გაწიწმატებით ღვინოზე და წიწმატზე საუბრის ნაცვლად სულ ნატო-ზე და საქართველოზე რომ შფოთავს და ოხრავს? არა, განა რუსეთს დაუშავდება საქართველოს გაწევრიანებით რამე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე იმოქმედებს დამღუპველადო. ნუ ღელავთ! საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ წაადგება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს (მომწონს ეს ფრაზაც! არის მასში რაღაც სარკაზმული J)! დამშვიდდებით, დაწყნარდებით, რეალობას შეეგუებით და მერე ისევე როგორც ახლა თუ ძველ “კარგ” დროებში, ივლით სტუმრად ნატო-ს წევრ საქართველოში; მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით - საქართველოს ვერცერთი შენობის თავზე რუსული დროშა ვერ იფრიალებს. 

წინა სტატია

როდესაც ველზე ვეფხვები იბრძვიან...
10 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

რბილი ძალა: პირდაპირი დამიზნებით პარლამენტში
24 ივნისი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა