დონალდი და გოლია(თ)სი

რეგიონული მნიშვნელობის პროცესები, რომელშიც ჩართულები არიან გლობალური ლიდერი სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, კონკრეტულად გლობალურ უსაფრთოხებასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები - ომი სირიაში, არეულობა ერაყში, დაძაბულობა სპარსეთის ყურეში, სანქციები ირანთან მიმართებაში და სხვა ლოკალური, თუ რეგიონული მნიშვნელობის გამოწვევები პირდაპირ აისახება ნავთობის ფასებზე, რაც, თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს ინდივიდუალური ქვეყნების, რეგიონებისა თუ გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე.

თუმცა, დღესდღეობით, არაფერი ისე არ ზემოქმედებს პლანეტის ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, როგორც აშშ-სა და ჩინეთს შორის თითქმის 2 წლის წინ დაწყებული სავაჭრო ომები, დაძაბულობის პერიოდული მატებითა, თუ კლებით. ცხადია, მსოფლიოს 2 ყველაზე ძლიერ ეკონომიკას - აშშ-სა და ჩინეთს აქვთ ამბიცია, რაც ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ნიშნავს შეინარჩუნოს გლობალური ლიდერობა და შესაბამისად, ჩინეთის შემთხვევაში გულისხმობს მის სტრატეგიის განხორციელებას, ხელთ ჩაიგდოს ლიდერობა 2050 წელს.

რა თქმა უნდა, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მხოლოდ სავაჭრო ომებით და ტარიფების ზრდით არ შემოიფარგლება. აშშ-ს კარგა ხანია აშფოთებს ჩინეთის მზარდი სამხედრო პოტენციალი, მიიჩნევს რა, რომ მისი შეიარაღება მნიშვნელოვნად აღემატება მის თავდაცვით საჭიროებებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პრაქტიკულად არ მალავს, რომ რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ახალი სამმხრივი შეთანხმების შემუშავება აშშ-ს, ჩინეთისა და რუსეთის მონაწილეობით (ამის შესახებ ჩვენს ბლოგებშიც არაერთხელ აღგვინიშნავს). ჩინეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება ჩინეთის საზღვრებიდან მოშორებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი სერიოზული თავის ტკივილია. აშშ ღიად აკრიტიკებს ჩინეთის კომუნისტურ-სოციალისტურ-მარქსისტულ მმართველობის სისტემას და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უხეშ დარღვევებს როგორც უმცირესობებთან მიმართებაში (იგულისხმება უიგური მუსულმანების ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება), ისე ჰონგ კონგელი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. გასულ კვირას ამის შესახებ ძალიან მკაცრად ისაუბრა  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ამერიკულ ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლის დროს, რასაც, თავის მხრივ, ასევე მძაფრი რეაქცია მოჰყვა ოფიციალური ბეიჟინიდან.

აშშ-ს კიდევ უფრო მეტად აწუხებს ჩინეთის მასშტაბური, 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული მეგა პროექტის - სარტყლისა და გზის ინიაციტივის მეშვეობით ჩინეთის გავლენების გაძლიერება ევროპასა და აზიაში. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვხვდება ინფორმაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩინეთთან თანამშრომლობის 16+1 ფორმატში, აგრეთვე, აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან მრავალმილიარდიანი კრედიტებისა თუ ინვესტიციების განხორციელბის გზით, მათი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტების ჩინეთის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. ჩინეთის ინტერესების, ინვესტიციებისა და საკონტროლო პაკეტების შეძენის თაობაზე ასევე გაიგებთ როგორც ჩვენს მეგობარ უკრაინაში, ისე აშშ-ს ტრადიციულ და სტრატეგიულ მოკავშირე იტალიასა და ისრაელში. ბოლო პერიოდში იერუსალიმსა და ვაშინგტონში მაღალი რანგის ვიზიტების განხორციელების დროს შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ თემას სწორედ ჩინური ინვესტიციების შეკავების მიზნით სპეციალური მექანიზმის შემუშავება წარმოადგენდა; დაახლოებით ისეთის, როგორიც არსებობს უკვე თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და კანადაში. ჩინური 5-განზომილებიანი ინტერნეტის გავრცელებას ევროპაში, კერძოდ კი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში აშშ საერთოდაც ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს და აქტიურად მუშაობს ყველა მოკავშირე ქვეყანასთან, რომ არ დაუშვას მათი თანამშრომლობა ჩინეთთან ამ მიმართულებით.

აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომების, ათასობით დასახელების პროდუქციაზე ორივე მხრიდან ტარიფების ზრდის, შემდეგ დროებით შეჩერების, შემდეგ ისევ ზრდის შედეგად ზარალდებიან როგორც ამერიკელი ფერმერები და ჩინელი ზღვის პროდუქტების მწარმოებლები, ისე დანარჩენი მსოფლიოს მილიარდობით მოქალაქეები. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზებიც, ტარიფების ზრდის გადაწყვეტილების შესაბამისად იცვლება, რა თქმა უნდა კლებისკენ. ვინ უფრო მეტს ზარალობს ამ ყველაფრისგან? აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ტარიფების აწევის შემდეგ ათეულობით მილიარდი დოლარი დამატებითად შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში. მისი ჩინელი კოლეგა, როგორც წესი, შედარებით მოზომილია გამონათქვამებში და ყოველთვის აცხადებს, რომ ჩინეთის მხრიდან ტარიფების ზრდა მხოლოდ იძულებითი ზომაა და საბოლოო ჯამში ზარალდება ორივე მხარე და მათთან ერთად მთელი დანარჩენი მსოფლიო. ცალკეული მაჩვენებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპები მაინც უფრო ფერხდება, ვიდრე აშშ-ს. თუმცა, დონალდ ტრამპის კრიტიკოსები აშშ-ში ღიად აცხადებენ, რომ ეს არის მხოლოდ მისი პროპაგანდა და რეალობაში რიგითი ამერიკელები უფრო მეტად ზიანდებიან.  

ასეა თუ ისე, ყველა თანხმდება, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომებით ზარალდება ყოველდღიურადაც და გრძელვადიან პერსპექტივაში მილიონობით ამერიკელი, ასეულ მილიონობით ჩინელი და მთელი დანარჩენი მსოფლიოც. ამიტომაც საერთაშორისო თანამეგობრობა გაფაციცებით ადევნებს თვალყურს მათ შორის მიმდინარე სავაჭრო მოლპარაკებებს. ორივე მხრიდან პროცესში ჩართულები არიან როგორც თავად პრეზიდენტები, ისე მათი ადმინისტრაციისა თუ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი პირები. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, ანუ „პიარულად“ ამინდს ნამდვილად დონალდ ტრამპი ქმნის. უპირველესად სწორედ მისგან, მისი ტვიტების მეშვეობით ვიტყობთ დანარჩენი სამყარო კარგ თუ ცუდ სიახლეებს ჩინელებთან სავაჭრო ურთიერთობებში მომხდარ სიახლეებზე. ასე იყო გასულ კვირასაც, როდესაც დონალდ ტრამპმა გვამცნო, რომ კარგი პროგრესი არის მიღწეული ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის დოკუმენტზე მოლაპარაკებებში. ჩინურმა მხარემაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ მიღწეულია კონსენსუსი პრინციპებზე, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმების ხელმოსაწერად. მართალია, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოუშაობა და შეთანხმება სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, მაგრამ როგორც ამერიკული, ისე ჩინური დელეგაციები უკვე რეალისტურად მიიჩნევენ შეთანხმების ხელმოწერას. სახელდებოდა კიდეც ისტორიული შეხვედრის ადგილიც. აზია-წყნარი ოკეანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში 16-17 ნოემბერს იგეგმებოდა შეხვედრა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, მაგრამ არეულობებით გამოწვეულმა დაძაბულმა ვითარებამ აიძულა ჩილეს ხელისუფლება უარი ეთქვა მსოფლიო ლიდერების მიღებაზე. დონალდ ტრამპმა არც იხტიბარი გაიტეხა და არც ინიციატივა გაუშვა ხელიდან. მან გამოხატა სურვილი, რომ ჩინელ კოლეგასთან სი ძინპითან აღნიშნული შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა ამერიკაში, კერძოდ შტატ აიოვაში. რატომ აიოვაში? იმიტომ რომ სწორედ აიოველი ფერმერები ზარალდებოდნენ მათი სოიოს და სხვა მარცვლეული პროდუქციის გაყიდვებზე ჩინური მხრიდან ტარიფების შემოღების შედეგად. დონალდ ტრამპმა მათ თითქმის 2 წლის განმავლობაში 28 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო, რაც ძალიან დადებითად იყო აღქმული აიოველი ფერმერების მიერ. მას კი თავის მხრივ იმედი აქვს, რომ აიოველი ამომრჩევლები დაუფასებენ და კვლავ მას დაუჭერენ მხარს 2020 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. 2016 წელს დონალდ ტრამპმა ამ შტატში 51%-ზე მეტი მიიღო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატების ისტორიაში.

ჩინურ მხარეს ოფიციალური პასუხი არ გაუცია (აქაც დონალდ ტრამპმა გასცა მათ მაგივრად პასუხი და თქვა, რომ სი ძინპინსაც შეიძლებოდა ასეთი სურვილი გაჩენოდა ))) ), თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სი ძინპინი დათანხმდეს კიდეც აიოვას, ვინაიდან ის ორჯერ იმყოფებოდა მანამდე ამ შტატში. პირველად 1985 წელს ეწვია სოფლის მეურნეობის დელეგაციის შემადგენლობაში და მეორედ უკვე ვიცე პრეზიდენტის რანგში სტუმრობდა გაცვლითი პროგრამის დროს დამეგობრებულ ოჯახს. ცხადია, ეს გარემოება ვერ იქნება გადამწყვეტი ადგილის განსაზღვრაში და მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრის ადგილს, რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ლიდერებისთვის, მაგრამ თავად შეთანხმების ხელმოწერას ნამდვილად პოზიტიური გავლენა ექნება წინა საახალწლოდ როგორც ამერიკულ, ისე ჩინურ ეკონომიკებზე, გაყიდვების მოცულობასა და სამუშაო ადგილების რაოდენობაზე. თუმცა, ეს შეთანხმება ნამდვილად არ მოხსნის დღის წესრიგიდან კითხვას, თუ როგორ გაგრძელდება აშშ-სა და ჩინეთს შორის წლების მანძილზე ურთიერთობა; იქნება ეს კონფლიქტი თუ კონკურენცია და ვინ მოიგებს საბოლოო ჯამში: დონალდი თუ გოლია(თ)სი.   

წინა სტატია

რა უნდა რუსეთს აფრიკაში?!
28 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

მწვანე ეკონომიკის მხარაჭერა თუ პოპულიზმი, თქვენო სამეფო უმაღლესობავ?
05 ნოემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა