კრიპტოვალუტის რეგულირების რა ეტაპზეა დღეს მსოფლიო?

2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ ფინანსური კრიზისების უარყოფითი გადადინების ეფექტისგან საფინანსო ინსტიტუტების თავის დაღწევის ტენდენციის ფონზე, დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემის იდეამ მასიური ყურადღება მიიქცია. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტების მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ფინანსური შუამავლების გვერდის ავლით მოახდინონ ფინანსური ტრანზაქციების ვალიდაცია, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ კრიპტოსექტორში გამოჩდნენ შუამავლები, რომლებიც ცდილობენ შეითავსონ, მაგალითად, ვირტუალური საფულით მომსახურების ან კრიპტოვალუტის ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლის ფუნქციები. ზოგიერთი ასეთი კომპანია საკუთარი მომხმარებლის ფონდში წვდომასაც და აღნიშნულ ფონდში არსებული რესურსის საბანკო სექტორის მსგავსად განკარგვასაც ახერხებს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს შუამავლები, საბანკო სექტორისგან განსხვავებით, არასაკმარისად რეგულირდებიან. 

კრიპტოვალუტების სამართლებრივი სტატუსი საკმაოდ გაურკვეველია. ევროკავშირის ფარგლებში არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც კრიპტოვალუტის რეგულაცია შეიძლება მოექცეს ელექტრონული ფულის დირექტივების (2009/110/EC) ჩარჩოში. მაგრამ კრიპტოვალუტა ვერ აკმაყოფილებს დირექტივით განსაზღვრულ ელექტრონულ ფულად აღიარების კრიტერიუმებს მოპოვების ნაწილში. მეორე ევროპული კანონი, რომლის კონტექსტშიც მოიაზრებენ კრიპტოვალუტების რეგულირებას არის საგადასახადო მომსახურების დირექტივა (2007/64/EC), რომელიც აწესრიგებს ფულადი ანგარიშსწორების პრინციპებს, მათ შორის ელექტრონული ფულის მიმართულებით, თუმცა არაფერს ამბობს ელექტრონული ფულის გამოშვების და პრუდენციული რეგულირების საკითხებზე.

ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტების ფასი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. აღნიშნული მეტწილად განპირობებულია რეგულაციის საკითხის წინ წამოწევით. ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, რუსეთსა და სხვა დიდ ქვეყნებში კრიპტოვალუტების შესაძლო რეგულაციის შესახებ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აისახება კრიპტოვალუტების ფასებზე. სწორედ რეგულაციის არარსებობა წარმოადგენს ბიტკოინის დღევანდელი ფასის მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა ბევრმა ქვეყანამ დაიწყო რეგულაციების მიღება. ძირითადად რეგულაციები კრიპტოვალუტების სტატუსსა და საგადასახადო დაბეგვრას მოიცავს. უმეტესად განიხილება სამი ძირითადი საგადასახადო მოდელი, რომლებიც ქვემოთ არის განხილული. 

პირველი მიდგომა იყენებს საშემოსავლო გადასახადს. ქვეყნების უმეტესობა ბეგრავს კრიპტოვალუტას, როგორც ტრადიციულ შემოსავალს, რომელიც მიიღება დასაქმებისგან ან წარმოების რეალიზაციიდან. ძირითად შემთხვევებში შემოსავლები კრიპტოვალუტის მოპოვებიდან ან ვაჭრობიდან განიმარტება როგორც “სხვა ეკონომიკური აქტივობა”. ევროპის ქვეყნების უმეტესობა, ლათინური ამერიკის და აზიის ქვეყნების ნაწილი სწორედ საშემოსავლო გადასახადის მიდგომას იყენებს.

დაბეგვრის მეორე მეთოდი ეფუძნება კაპიტალზე მოგების გადასახადს და ეხება ყველა “ტრეიდერს”, რომელმაც განახორციელა ინვესტიცია კრიპტოვალუტაში მომავალი მოგების მიღების მიზნით. კაპიტალზე მოგების გადასახადი განსხვავებულია და დამოკიდებულია მოკლე და გრძელვადიან ამონაგებზე. ამ მიდგომის იდეა, ის არის, რომ კრიპტოვალუტა ძირითადად გამოიყენება მისი ფლობისა და ვაჭრობისათვის, მსგავსად აქციების, ობლიგაციების, უძრავი ქონების და სხვა საკუთრებისა. შესაბამისად, როგორც სხვა აქტივი კრიპტოვალუტის ღირებულებაც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. 

დაბეგვრის მესამე მეთოდს შერეული შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ქვეყნების ნაწილი არ იყენებს ცალსახა საგადასახადო მიდგომას კრიპტოვალუტის მიმართ. მაგალითად, შვედეთში კრიპტოვალუტის გაცვლა ან გაყიდვა ექვემდებარება კაპიტალზე მოგების გადასახადს. კრიპტოვალუტის მოპოვება კი იბეგრება როგორც შემოსავალი ბიზნეს ოპერაციებიდან. მსგავსი მიდგომა გამოიყენება ავსტრალიაშიც, კერძოდ დაბეგვრის მიზნებიდან გამომდინარე კრიპტივალუტა მიეკუთვნება “სხვა ბიზნეს აქტივებს” და ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის გადახდას (0-55%-მდე, შემოსავლის დონეზე დამოკიდებულებით). კომპანიები კი, რომლებიც ვაჭრობენ კრიპტოვალუტით ვალდებულნი არიან გადაიხადონ 25%-იანი გაუნაწილებელი მოგების გადასახადი (მოგების განაწილების შემთხვევაში 45%). ბრიტანეთის საგადასახადო კანონმდებლობა განიხილავს ბიტკოინს, როგორც აქტივს და არა ლეგალურ ვალუტას. აღნიშნული წარმოქმნის შემოსავლის ან კაპიტალზე ამონაგების გადახდის ვალდებულებას (“ტრეიდერი” იხდის საშემოსავლო, ხოლო ინვესტორი კაპიტალზე ამონაგების გადასახადს). “მოპოვება” განიხილება როგორც ბიზნესის ნაწილი, ამიტომ ექვემდებარება სტანდარტულ 20%-იან ბიზნეს გადასახადს. ფიზიკური პირები იხდიან კაპიტალზე ამონაგების გადასახადს.

აშშ-ში კრიპტოვალუტის ინვესტორებმა უნდა წარუდგინონ მოგების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს. ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოსავლების სამსახური კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც აქტივს. გადასახადის გადამხდელის სტატუსიდან გამომდინარე კრიპტოვალუტა შესაძლოა კლასიფიცირებულ იქნას როგორც ბიზნეს ქონება, საინვესტიციო ქონება ან პირადი ქონება. ეს სამართლებრივ ჭრილში იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტაში განხორციელებული ინვესტიცია დაექვემდებარება კაპიტალზე ამონაგების გადასახადს. გადასახადის სიდიდე დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ხანი ფლობს ინვესტორი ციფრულ ვალუტას მისგან მოგების მიღებამდე. თუ ინვესტორი განახორციელებს კრიპტოვალუტის ერთ წელზე მოკლე პერიოდში განაღდებას, განაღდებისას მოუწევს კაპიტალზე ამონაგების მაღალი გადასახადის გადახდა (25%). 

სხვადასხვა ქვეყნებში კრიპტოვალუტების დაბეგვრის მიდგომები შორს არის უნივერსალურისგან, მაგრამ ტრადიციული დაბეგვრის მიდგომების მსგავსია და მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მიუხედავად ტრადიციულ მიდგომებთან მსგავსებისა, ქვეყნების გარკვეულმა ნაწილმა კრიპტოვალუტის დაბეგვრაში გარკვეული სიახლეები შემოიტანა და კრიპტოვალუტა განიხილა, როგორც შემოსავლის წყარო ან აქტივი, რომელიც ქმნის კაპიტალურ ამონაგებს. დრო გვიჩვენებს რომელი მიდგომაა უკეთესი და მსოფლიოს ან რეგიონალური მასშტაბით ერთიან საგადასახადო მიდგომებზე მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური საუბარი. მანამდე კი კრიპტოვალუტების რეგულირების გლობალურ ლიდერებს (აშშ, კანადა, ავსტრალია, ჩინეთი) აქვთ საკმაოდ კომპლექსური მიდგომა, მაშინ როცა ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა (რუმინეთი, უნგრეთი, ლიტვა) ლიდერია დაბეგვრის სიმარტივით.

წინა სტატია

“ბიბი”-ს დაისი?!
25 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე ჰონგ-კონგიდან თბილისამდე
02 დეკემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა