"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე ჰონგ-კონგიდან თბილისამდე

არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე ჰონგ-კონგიდან თბილისამდე

თითქოს სტატუსები განსხვავებულია – 1991 წლიდან ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ჰონგ კონგი კი 1997 წლიდან, მართალია განსაკუთრებული ავტონომიის სტატუსით “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა”-ს მიხედვით, მაგრამ მაინც ჩინეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა (ბევრს გემახსოვრებათ, როგორ გადასცა ინგლისმა ჩინეთს მმართველობაში). სხვათა შორის, ჰონგ კონგის მთავარი კანონის, ანუ მისი საკონსტიტუციო დოკუმენტის მოქმედების ვადა 2047 წლამდეა განსაზღვრული, რის შემდეგაც კვლავ უნდა გადაწყდეს, რა სტატუსი ექნება ჰონგ კონგს. ვიდრე მაგ დრომდე მივალთ, მაინც უნდა ვთქვათ, რომ ჰონგ კონგი იყო დიდი ბირტანეთის კოლონია და ბრიტანულ-ჩინური მოლაპარაკებების შედეგად 1984 წელს მარგარეთ თეთჩერსა და მის ჩინელ კოლეგას შორის ხელმოწერილი შეთანხმებით გადაწყდა ჰონგ კონგის ბედი შემდეგი ათწლეულების მანძილზე. ისე, რა კარგია, როდესაც ისეთ ცივილიზებულ და დემოკრატიულ პარტნიორთან გაქვს საქმე, როგორიც დიდი ბრიტანეთია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ჰონგ კონგის შექმნაში დიდ ბრიტანეთს ნამდვილად მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი და საბჭოური ლოგიკით, ჯერ ხომ ვინმესთვის დანებებაა წარმოუდგენელი და მისი გადაცემის თანხმობის შემთხვევაშიც ქვა ქვაზე თუ არა, უნიტაზები მაინც ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო კუნძულზე. ყველაფერს ბედი უნდა…

თითქოს კი არა და ეკონომიკები მაგარი განსხვავებული გვაქვს – მშპ-ს მაჩვენებლებით ჩვენ 118 ადგილზე ვართ, ჰონგ კონგი – 36-ზე. რაც ნამდვილად მახარებს, არის ის, რომ ბიზნესის კეთების რეიტინგში ახლო-ახლო ვართ – ჰონგ კონგი მე-4, ჩვენ კი მე-6 ადგილებზე ვართ  შესაბამისად. კიდევ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ (მაჩვენებლებს არ მოვიყვან არც აქ) და ვთქვათ, რომ ტურიზმის სფეროში ჩვენც წინ მივდივართ და ისინი კიდევ ძალიან მაგრად ყვავიან, მაგრამ 1 სულ მოსახლეზე მშპს მაჩვენებლებს, ჯობია არ მოვიყვან; ჩვენიც გვეყოფა; ისედაც ვიცით, რომ ღარიბი ხალხი ვართ. ჩვენ რომ მხოლოდ სურვილი გვაქვს ანაკლიის აშენების და ამისთვისაც ვისჯებით, ჰონგ კონგის პორტი გადაზიდვების მთელი რიგი მაჩვენებლებით მხოლოდ ნიუ იორკს და როტერდამს ჩამოუვარდება. ჩვენ რომ გარეთ გავრბივართ იძულებით და სულ მალე სახელმწიფოს “მხარდაჭერით” ლუკმა პურის საშოვნელად, ყვავის ჰონგ კონგში ვაჭრობაც, მსუბუქი მრეწველობაც, საფონდო ბირჟაც და სერვისებით უზრუნველყოფაც.   

თითქოს კი არა და ისტორიით, კულტურით, ტრადიციებითა და ტემპერამენტით მაგრად განვსხვავდებით. არცაა გასაკვირი.

აბა რა გვაერთიანებს? რატომ გადავწყვიტეთ დღევანდელ ბლოგში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მაინცდამაინც ამ ორი სრულუფლებიანი წევრის – საქართველოსა და ჰონგ კონგის დაწყვილება, შედარებითი ჩაანალიზება და მათ პერსპექტივებზე ხმამაღლა მსჯელობა?

კი ბატონო, სტრატეგიული მდებარეობა ორივეს კარგი გვაქვს. მერე რა, სხვასაც არანაკლები აქვს.

კი ბატონო, ბუნებრივი რესურსები ორივეს არცთუ ისე ბევრი გვაქვს. მერე რა, სხვასაც არ აქვს ჩვენზე ბევრად მეტი, მაგრამ უფრო ახლოს არიან ბევრი მახასიათებლით და შეიძლებოდა ჰონგ კონგის მაგივრად მათზე საუბარი.

კი ბატონო, ორივეგან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. დიდი ამბავი, ცეცხლის ალშია ლამის გახვეული ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და აგერ მშვენიერი და უწყინარი მალტაც კი საპროტესტო ვნებათაღელვამ მოიცვა. რატომ მაინცდამაინც შორეული ჰონგ კონგი?

რა გვაერთიანებს ჩემო ძვირფასებო და არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შემართება. რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენს შემთხვევაში მტერი, ჰონგ კონგელების შემთხვევაში კი ოპონენტი, მნიშვნელოვან მომენტებში ხალხი დგება თავისი უფლებების და ვალდებულებების სადარაჯოზე; და ვერავითარი წყლის ჭავლი, რეზინის ტყვია, ნამდვილი ტყვია თუ ცრემლსადენი გაზი ვერ აჩერებს ვერც ჰონგ კონგელს და ვერც ქართველს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. დავესესხები ჩემს კოლეგას და მეგობარს შოთას და გეტყვით, რომ ჰონგ კონგელებმაც გადაიხადეს საფასურად თვალის ჩინი; მათ იბრძოლეს და მიაღწეს იმ კანონმდებლობის უკან გაწვევას, რის გამოც დაიწყო ყველაფერი. ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჰონგ-კონგში გამოხატვის თავისუფლებაზე კონტროლის დამყარებისა და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელსუფლების უსიტყვოდ შესრულების მცდელობა ჩავარდა. თუმცა, ბრძოლა გრძელდება. მათ მოთხოვნებში რჩება პატიმრების გათავისუფლება და ძალის გადამეტებაზე გამჭვირვალე გამოძიება.

ჩვენმა ახალგაზრდებმაც იბრძოლეს (სამწუხაროდ ბრძოლად იქცა 20 ივნისის ღამის მოვლენები) თავდადებით იმის გასაპროტესტებალდ, რის გამოც დაიწყო ყველაფერი – რუსული აგრესიის გამოვლინების კიდევ ერთი მცდელობა და ადგილობრივ მავანთა ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობა. ის ბრძოლა ახალგაზრდებმა მოიგეს, მაგრამ მერე საქმე ისე განვითარდა, რომ პროტესტი კვლავ განახლდა და ბრძოლაც გრძელდება. პროვოკაციებიც არ წყდება. ახლა მორიგი აგენტურული სადაზვერვო უჯრედის გახსნა იგეგმება.

ბრძოლა სხვაგანაც გრძელდება. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის სამაჩაბლოში ადამიანების ჯანმრთელობისთვის ბრძოლა დღეს ცხინვალის იზოლატორში გრძელდება, მაგრამ მისი ჟინი და შემართება არ ნელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.

პროტესტმა ეკონომიკას კვალი ორივეგან დაატყო. ჰონგ კონგთან ჩვენ რას მოვალთ და რუსეთი ჩინეთთან, მაგრამ ტურისტების რაოდენობამ დიდი მიწიდან იქაც იკლო და ჩრდილოეთიდან ჩვენთანაც. ჰონგ კონგის ეკონომიკა მთლად რეცესიაშიც კი შევიდა, მაგრამ არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მისი აღმატებულება ხალხი ამბობს გადაწყვეტ სიტყვას. გასულ კვირას ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი ხელისუფლება, მიუხედავად მის ხელთ არსებული ადმინისტრაციული და სხვა მნიშვნელოვანი რესურსისა, პირწმინდად დამარცხდა. 18-დან 17 საარჩევნო ოლქში ოპოზიციამ გაიმარჯვა.

შენს საბრძოლველს შენს მაგივრად არავინ იბრძოლებს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია როდესაც შენი ღირებულებები თანხვედრაში მოდის ისეთ ძლიერ დემოკრატიასთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. გასულ ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ კონგთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა და თავისუფლების აქტს, რომელიც ავალებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, განახორციელოს მონიტორინგი და წელიწადში ერთხელ მოამზადოს დასკვნა, შეესაბამება თუ არა ჰონგ კონგში არსებული ვითარება ადამიანის უფლებების კუთხით მის მთავარ კანონს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აკმაყოფილებს თუ არა აშშ-ს განსაკუთრებული სავაჭრო პარტნიორის სტატუსის მოთხოვნილებებს. ეს აქტი ასევე გულისხმობს იმ პირთა მიმართ სანქციების!!! შემოღებას, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადამეტებაში და ადამინის უფლებების დარღვევაში. ამ აქტის პარალელურად დონალდ ტრამპმა კიდევ ერთ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც კრძალავს ჰონგ კონგისთვის დემონსტრაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებების მიყიდვას. მართალია, ჰონგ კონგის ხელისუფლება ამას ყველაფერს ჩინეთიდან იღებდა, მაგრამ ამ ემბარგოს დაწესებას მაინც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საკვანძო ამ გადაწყვეტილების მიღებაში მისი “თაიმინგია”. აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, “წუთები რჩება” ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის დოკუმენტზე ხელმოწერამდე. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ჩინეთისთვის, ისე ამერიკისთვის, აშშ-ში მომავალ წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით კი პირადად დონალდ ტრამპისთვისაც. საკამარისია მხოლოდ იმის აღნიშვნაც კი, რომ მისი ხელმოწერის შემდეგ ჩინეთი ვალდებული იქნება ამერიკელი ფერმერებისგან 50 მლრდ დოლარის პროდუქცია შეიძინოს. აგრეთვე, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები საფინანსო და ტექნოლოგიური სფეროების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. აი ასეთ ვითარებაში დგება აშშ-ს პრეზიდენტი არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე და აწერს ხელს კანონებს, რომლებმაც ბუნებრივია ჩინეთიდან მწვავე კრიტიკული რეაქცია გამოიწვიეს. დაიბარეს ელჩი, გაკეთდა განცხადებები, მაგრამ… “იმპერატორი სი” არავისზე ნაკლები სტრატეგი და პრაგმატი არ გეგონოთ. უკმაყოფილების დაფიქსირების პარალელურად შედგა მომლაპარაკებლებს შორის სატელფონო საუბრები და გაკეთდა განცხადებები, რომ ეს ფაქტი არ აისახება სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერაზე. დონალდ ტრამპსაც არ უნდა დავუკარგოთ. ხელმოწერის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ ამას პირადად მისი მეგობარი პრეზიდენტ სი ძინპინისთვის აკეთებს და იმედი გამოთქვა, რომ ჰონგ კონგში სიტუაცია მოწესრიგდება.

ამ ყველაფრის ფონზე. ხომ არ გაგახსენდათ ცოტა ხნის წინ კონგრესმა ერთსულოვნად რომ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი? პოლიტიკურ მხარდაჭერასაც გულისხმობს, სამხედრო სფეროში თანამშრომლობასაც და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის გაგრძელებასაც. ნატო-ს ხარჯებიდან გამოთავისუფლებული თანხების საქართველოსა და უკრაინაზე გადატრანსფერების სასიამოვნო ამბავიც არ გამოგრჩებოდათ და აშშ-ს მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული თითქმის 4,5 მილიარდიანი დახმარების შესახებ ინფორმაციაც.

ასე რომ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, აუცილებლად მოვა ჟამი, თან დარწმუნებული ვარ, რომ მალე და ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებსაც მოაწერს ხელს აშშ-ს პრეზიდენტი. როდესაც საქმე არჩევანის თავისუფლებას ეხება, არჩევანის, რომელსაც ჰქვია დამოუკიდებლობა; არჩევანის, რომელიც გულისხმობს თავისუფლებას მეგობრების და პარტნიორების არჩევაში, მნიშვნელოვანია, რომ შენთან ერთად სადარაჯოზე ისეთი ძლიერი დემოკრატია დგას, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.

გააზიარე