ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ფინანსური კრიზისების უარყოფითი ეფექტები

ფინანსური კრიზისების უარყოფითი ეფექტები

საქართველოს მსგავსად, ეკონომიკური განვითარების სტადიაზე მყოფი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებული კრიზისების ანალიზი და მისი გავლენის შესწავლა. განვითარებულ ქვეყნებში მომხდარი ფინანსური კრიზისების შედეგად მნიშვნელოვნად იკლებს მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე, რის გამოც გლობალურად მცირდება უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მოცულობა. კონკრეტულ ქვეყანაზე კრიზისის უარყოფითი ეფექტის გადაცემის მექანიზმიც და გავლენის სიმძლავრეც დამოკიდებულია საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ამ ქვეყნის ინტერგრაციის დონესა და  ფინანსური სექტორის მოწყვლადობის ხარისხზე. კრიზისის უარყოფითი ეფექტის გადაცემა ძირითადად ორი არხით, ფინანსური ნაკადებითა და საერთაშორისო ვაჭრობის გავლით ხდება. 

განვითარებად ქვეყნებზე გლობალური ფინანსური კრიზისების უარყოფითი გავლენა დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნისთვის ექსპორტისა და კაპიტალის მოძრაობის მნიშვნელობაზე. საქართველოსთვის ორივე კომპონენტი უმნიშვნელოვანესია – უცხოური კაპიტალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებისა და ტექნოლოგიური პროგრესის იმპორტის მთავარი წყაროა, ექსპორტი კი დასაქმების, ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ვალუტის შემოდინების ხელშემწყობია. 

მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელების ფონზე, აქტიურად განიხილება ფინანსური ლიბერალიზაციის გავლენა მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე. საქართველო, ისევე როგორც სხვა არანავთობმომპოვებელი ქვეყანა, მნიშვნელოვნად დაზარალდა საერთაშორისო კრიზისების დროს საექსპორტო საქონელზე ფასებისა და მოთხოვნის შემცირების გამო. 2014 წლიდან რეგიონში მსყიდველობითი უნარის დაცემას, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის ეკონომიკის შესუსტებასა და დოლარის გაცვლითი კურსის გლობალურ გამყარებას მნიშვნელოვანი უარყოფითი გადადინების ეფექტი ჰქონდა საქართველოს ეკონომიკაზე. აღნიშნული ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ექსპორტის მკვეთრი ვარდნით, ფულადი გადმორიცხვების მოცულობის შემცირებით და ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებით გამოიხატა. 

საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ფაქტობრივად იმეორებს საგარეო ეკონომიკურ ციკლებს. აღნიშნული, კონცენტრირებულ ექსპორტთან ერთად, საქართვლოს ეკონომიკას საგარეო მოთხოვნაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულს ხდის. 

საქართველოს მშპ-ს რეალური ზრდა და საგარეო მოთხოვნა

წყარო: საერთაშრისო სავალუტო ფონდი 

სწორედ ამიტომ, შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის და საგარეო რისკების შემცირებისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოში დანაზოგების დონის ზრდის წახალისება, რაც ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს არ იყოს კაპიტალის მუდმივი იმპორტიორი და ამ გზით შეამციროს რეგიონული კრიზისების დროს კაპიტალის მოულოდნელი გადინების შემთხვევაში ქვეყნის წინაშე წარმოქმნილი რისკები. აუცილებელია ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ათვისება, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ასოცირების შეთანმების მაქსიმალური გამოყენება და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოება არის საგარეო მოთხოვნის დაცემის უარყოფითი ეფექტების მნიშვნელოვანი შემსუბუქების საშუალება. კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს დანაზოგების ზრდას ქვეყანაში, გაამარტივებს საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ლიკვიდურობის მართვას. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი დანაზოგების დონე იქნება დაბალი, ქვეყანას ყოველთვის მოუწევს ადგილობრივი ინვესტიციების დაფინანსება საგარეო ფინანსური რესურსით, რაც განსაკუთრებით საერთაშორისო კრიზისის დროს, მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს. დამატებით, თუ არ მოხდება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება კონკრეტული ქვეყნიდან ან რეგიონიდან, ნავთობის კრიზისის, ფინანსური ბაზრების კოლაფსის ან სხვა ეგზოგენური შოკის გამო საგარეო მოთხოვნის დაცემით გამოწვეული რისკები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას.

გააზიარე