"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

სანქციები, გაზები და ბაზები

სანქციები

11 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაუგრძელდეს რუსეთს ყირიმის ანექსიასთან და აღმოსავლეთ უკრაინაში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით დაწესებული სანქციები 2020 წლის ივლისამდე. მიუხედავად რუსეთის ყველა მცდელობისა, მოაჩვენოს ევროპას თავი, როგორც კონსტრუქციულმა და მშვიდობაზე ორიენტირებულმა სახელმწიფომ, ევროპას მოსკოვის არ სჯერა. რა გასაკვირია?!

რუსეთის პრეზიდენტს და სხვა ხელმძღვანელ პირებს რომ ჰკითხო (სხვათა შორის, მავანთ საქართველოშიც), სანქციები არათუ ვერაფერს აკლებს მათ, არამედ პირიქით სარგებელიც კი მოაქვს. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – 2018 წლის მონაცემებით, რუსეთმა სანქციების შედეგად 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა ფინანსურ სექტორში და 400 მილიარდ დოლარზე მეტი ენერგეტიკულ სექტორში. რა არის 0.5 ტრილიონი დოლარი? არაფერი, “კაპეიკებია”, როგორც ერთი ძალიან მდიდარი კაცი იტყოდა. არადა, არც ეგრეა საქმე. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის აღდგენას და შეხვედრის გამართვას, დატყვევებული უკრაინელი მეზღვურების და გემების დაბრუნებას და ზოგადად ტაქტიკური ოპერაცია “ვლადიმერ მშვიდობისმყოფელის” განხორციელებას რუსეთის პრეზიდენტი სწორედაც რომ იმიტომ დათანხმდა, რომ ძალიანაც სჭირდება ამ სანქციების მოხსნა. მის და მისი თანამოსაქმეების პირად ყულაბას, იგივე საერთოს, სანქციებით ბევრი კი არაფერი აკლდება, სახრავს რა გამოლევს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანაში, მაგრამ ძალაუფლებას შენარჩუნება სჭირდება. “როსგვარდია”, “კადიროვცები”, სტრუქტურები, პროფესიონალი მკვლელები – ამას ყველაფერს სერიოზული რესურსი უნდა. “სისტემამ” გამართულად რომ იმუშავოს, ანუ დაიჭიროს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის, მოამზადოს ალპებში ქილერები მორიგი სადამსჯელო ოპერაციებისთვის, ამუშავოს ტროლების და ბოტების ქარხანა და ჩაერიოს დემოკრატიული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, ამისთვის მათ სჭირდებათ მილიარდები.

ხალხის დარდი არ აქვს, ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებ. ჩვენში დარჩეს და ეს ხალხიც ხელს უწყობს. “რუსი არ ნებდება”, “რუსს არაყი მიეცი და ყველას მოერევა”, “შეურაცხყოფა არავინ მოგვაყენოს, თორემ შიმშილს და სიცივეს გადავიტანთ” – მშვენივრად აქვს დაჭერილი ეს სენტიმენტი რუსეთის მმართველს აგერ უკვე 2 ათწლეულია. გზები არ აქვს, შეშაზე თბება, “კომუნალკაში” ცხოვრობს, მაგრამ არაუშავს – მთავარია პატივმოყვარეობა (მეღიმება, ჩვენთანაც რომ აღფრთოვანებით გეკამათებიან იგივე არგუმენტებით). მთავარია, მათ ლიდერს მსოფლიოში ყურადღებას აქცევენ და თანასწორად ეურთიერთობებიან. კრემლის მესვეურები რუსეთის გარეთ საინფორმაციო ომის წარმოებაზე, აგიტაცია-პროპაგანდაზე და ტყუილების ტირაჟირებაზე თუ ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავენ ყოველწლიურად, ქვეყნის შიგნით ეს საქმე მართლა “კაპეიკები” უჯდებათ. წამოვიდა ისევ იაკუტიიდან შამანი  პუტინის განსადევნელად? რა პრობლემაა, გადააყენეს, გააჩერეს და ისევ დააწვინეს. გამოვიდნენ ახალგაზრდები (სხვათა შორის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ლიდერები მოდიან, მაგ. ეგორ ჟუკოვი, ლიუბოვ სობოლი და სხვ.) ქუჩაში, გააპროტესტეს ინტერნეტში? რა პრობლემაა, წავიდა სასამართლოები; ზოგს პირობითი, ზოგს დროებითი, ზოგს კი შორეულ ციმბირში შრომა-გასწორებითი. 21-ე საუკუნეა, ინტერნეტის და სოციალური ქსელების ეპოქაა? რა პრობლემაა. შეიზღუდოს. ჩვენსას გავაკეთებთ და გავაკონტროლებთ, ვინ რას დაწერს (ხო არ გეცნობათ? J) რა ბევრი ფული მაგას უნდა?! ნუ, ოდნავ მეტი, ვიდრე “ჯასთ კაპეიკები”!!

თუმცა, გრძნობს მაინც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, რომ არ ყოფნის უკვე ეს ყველაფერი პოპულარობის შესანარჩუნებლად და ამიტომ მოქმედებს, ასე ვთქვათ, შემოქმედებითად უდგება საკითხს და ცდილობს ახლა კეთილი “ბაბუა ყინვა”-ს (“დედ მოროზ”-ის ახალ ვერსიას ვაპატენტებ J) იმიჯი მოირგოს.

მცდელობით კი ცდილობს, მაგრამ შინაგანს რა უყოს. ის ის იყო დათბობებზე, გლობალურ მშვიდობაზე ახალი დიალოგის ნიშნები გამოჩნდა, წავიდა საუბრები ახალ “რაფღოშმან”-ზე, ანუ ჩვენებურად დაახლოვებაზე, რომ ისევ ქართველი კაცის მკვლელობამ აიძულა, ჩამოეხსნა “ბაბუა ყინვა”-ს ნიღაბი. გერმანელი კოლეგის თანდასწრებით, მისთვის დამახასიათებელი ჩეკისტურ-ცინიკური მანერით პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის სისხლი მის ხელებზეა. ალბათ, თან ჰქონდა წინმსწრები ინფორმაცია, რომ სანქციებს ჯერ მაინც არავინ მოუხსნიდა და იფიქრა, რაც ყველაზე კარგად გამომდის, ისევ იმ ჟანრში დავრჩე, აჯობებსო.

ნორმანდიული სამიტი დასრულებული არ იყო, რომ მისი საგარეო ვაზირი უკვე ვაშინგტონში იყო. დონალდ ტრამპმაც და მაიკ პომპეომაც კი დაადასტურეს, მშვენიერი კარგი საუბრები გამოგვივიდა და ვიმედოვნებთ ახლო მომავალში ასე გაგრძელდებაო. თავად სერგეი ლავროვმაც ისაუბრა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კარგ პერსპექტივებზე. საუბარია ახალი ფორმატის შექმნაზე, რომელიც ორივე მხრიდან 7-10 წამყვანი ბიზნესმენის მონაწილეობას გულისხმობს და მიზნად სავაჭრო ბრუნვის რამდენჯერმე გაზრდას ისახავს. როგორც ჩანს, მათრახი და ორცხობილა მუშაობს. როგორც ს.ლავროვმა მადლიერებით აღნიშნა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში სავაჭრო ტვირთბრუნვა 7 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 27 მილიარდ დოლარს მიაღწია. თითქოს ყველაფერი “დალაგებისკენ” მიდის, მაგრამ ვინ გაცლის. ოხ, ეს კანონმდებლები! ამჯერად ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვგულისხმობ, თორემ ჩვენი ბობოქარი, დაუმორჩილებელი საპარლამენტო ელიტის და მათი რიცხოვნებით მეტი, მაგრამ მათ წინაშე უძლური თანაგუნდელების მხრიდან გიყვარდეს, რუსებთან “დალაგების” კუთხით სრული ჩახვანჩალებულ-ჩავარცხნილობაა. დიახ, ჩვენგან განსხვავებით, ამერიკულ საკანონმდებლო ორგანოში საოცარი ერთსულოვნებაა რუსეთთან მიმართებაში, უფრო ზუსტად კი მის ბოროტ მმართველობასთან დამოკიდებულებაში. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაავალოს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ეს უკანასკნელი ჩამოყალიბდეს, წარმოადგენს თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას (რა კითხვა უნდა მაგას? რა თქმა უნდა კი, მაგრამ წესი წესია!). ეგ კიდევ არ არის მთელი უბედურება; აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, ანუ 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში შეტანილია სპეციალური მუხლი, რომელიც რუსეთის მიერ გერმანიის მიმართულებით “ნორდსტრიმ”-ის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული კომპანიების და ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ სანქციებს გულისხმობს. ამ ნაბიჯით აშშ მკაფიო დემონსტრირებას ახდენს, რომ ის ბოლომდე დაიცავს საკუთარ ენერგეტიკულ ინტერესებს და პარტნიორების, მ.შ. პოლონეთის, უკრაინის და სხვათა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. შეგახსენებთ, რომ პარიზში ვ.პუტინსა და ვ.ზელენსკის შორის შეხვედრის დროს განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი იყო.

სხვათა შორის, სანქციები არა მხოლოდ “ნორდსტრიმ”-ს შეეხება. თურქეთის მიერ რუსული ს-400-ების შესყიდვისა და ქურთების წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედებების გამო ურთიერთობების დაძაბვის ფონზე აშშ-ს სენატის კომიტეტმა მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირებთან,  უმსხვილეს თურქულ ბანკთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად გაზპრომის კიდევ ერთი პროექტის “თურქსტრიმ”-ის განხორციელებაში ჩართული კომპანიების და ინდივიდუალური პირების  მიმართ სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი. რეაქციამ არც ოფიციალური ანკარიდან დააყოვნა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუკი სანქციები დაწესდება, ანუ აშშ-ს პრეზიდენტი მოაწერს ხელს სანქციების შემოღებას, თურქეთი განიხილავს ინჯირლიკის საჰაერო და ქურეჩლიკის სარადარო ბაზისთვის ფუნქციონირების ნებართვის შეჩერებას. აქვე ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინჯირლიკის ბაზაზე აშშ-ს 60-მდე ბირთვული ქობინიც არის განთავსებული.

რუსეთთან მიმართებაში სწორედ ასე, და მხოლოდ ასე შეიძლება დონალდ ტრამპი გამოვიდეს მოგებული. ნურავის ექნება ილუზია, რომ ეს სანქციები, ან თუნდაც სხვა მანამდე მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა რუსეთის არდაშვება დიდ შვიდეულში, რამენაირად ზღუდავს დონალდ ტრამპს. პირიქით, საოცრად აძლიერებს. როგორც ჩინელებთან სატარიფო ომებმა გვიჩვენა (სულ მალე იქნება ოფიციალური დადასტურება, რომ პირველი ფაზის სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოეწერება. მანამდე კი უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ამერიკელი ფერმერებისგან უკვე შეიძენს დამატებით 300 ათას ტონა სოიოს), ვაჭრობა წინა ცხოვრებაში ბიზნესმენ დონალდ ტრამპის ძლიერი მხარეა. ასეთი მძლავრი სანქციების არსენალით შეიარაღებული დონალდ ტრამპი კი ნებისმიერისთვის ძალიან რთული მოწინააღმდეგე იქნება.  

სანქციები, გაზები და ბაზები – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, კეთილი და ბოროტი მეზობლები – ყველაფერი ერთმანეთშია გადაბმული. ძალიან ბევრი რამ იქნება აშშ-ს პრეზიდენტზე დამოკიდებული. ვნახოთ, ვინ გამოვა გამარჯვებული.

და თუ მაინც ვერ შეთანხმდა, ერთი ინჯირლიკის ბაზიდან ფ-35-ების ნაწილი მაინც მანახა საქართველოში განლაგებული.

გააზიარე