როგორ გამდიდრდა ირლანდია

ირლანდიაში მცხოვრები ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 78 000 აშშ დოლარია. ირლანდიელებზე მაღალი შემოსავალი მსოფლიოში მხოლოდ სამ ქვეყანაში აქვთ: ლუქსემბურგში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში.

ბოლო 40 წელიწადია ირლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. განსაკუთრებით წარმატებული იყო 1987-2007 წლები, როდესაც ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 6.5%-ით იზრდებოდა. ირლანდიამ “აზიური ვეფხვების“ (სინგაპური, სამხრეთ კორეა, ჰონგ კონგი, ტაივანი) ეკონომიკური განვითარების მსგავსი გზა განვლო, ამიტომ “კელტური ვეფხვი“ უწოდეს.

1973 წელს, როდესაც ირლანდია ევროკავშირის წევრი გახდა, ის ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო, ერთ მოსახლეზე 2 400 დოლარის წლიური შემოსავლით. 46 წლის შემდეგ, 2019 წელს, ირლანდიაში ერთ მოსახლეზე შემოსავალმა 33-ჯერ მეტია და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ ლუქსემბურგს ჩამორჩება. 1973 წელს ქვეყნის მოსახლეობა 3.1 მილიონი იყო, ეხლა კი 5 მილიონია და ყოველ წელს მატულობს.

ირლანდია ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ აზიურ და არაბულ ქვეყანაში გაცილებით დაბალია გადასახადები და ნაკლებია რეგულაციები, ვიდრე ირლანდიაში, “კელტური ვეფხვი“ მათ დემოკრატიისა და ჰუმანური განვითარების დონით სჯობნის, ევროკავშირის ბაზარზე (როგორც საქონლისა და მომსახურების, ასევე შრომის) მეტი ხელმისაწვდომობით. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ 550-მილიონიანი მოსახლეობისა და 19 ტრილიონი დოლარის მოცულობის საერთო ეკონომიკური სივრცე.

სამართლის უზენაესობის კრიტერიუმებით (საკუთრების დაცვა, კორუფციის დაბალი დონე, დემოკრატიის დონე) ირლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და სწორედ ეს არის ის მთავარი გარემოება, თუ რატომ ურჩევნია ბევრ ინვესტორს ირლანდიაში განახორციელოს ინვესტიცია და არა გაცილებით უფრო ნაკლები საგადასახადო განაკვეთების მქონე აზიურ ან აფრიკულ ქვეყანაში.

1987-2007 წლებში ირლანდიის ეკონომიკური წარმატება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ესენია: ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ინვესტიციები განათლებაში, უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, გლობალიზაციის დონის ამაღლება და ეროვნული კონსენსუსის მიღწევა და შენარჩუნება. 1987 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა მთავრობამ სახელმწიფო ხარჯებისა და საგადასახადო განაკვეთების შემცირება დაიწყო. წარმატების მიღწევა სახელმწიფო დაწესებულებების შეკვეცამ და გაუქმებამ განაპირობა. ეს ნაბიჯები მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, განსაკუთრებით, როდესაც ცვლილებები სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებას შეეხო, მაგრამ საბიუჯეტო კრიზისის დონე აუცილებელს ხდიდა ამ ღონისძიებების გატარებას.

ირლანდიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე გლობალიზებული ეკონომიკა. გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით, ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებს. გლობალიზაციამ და ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ წაახალისა ის დარგები, რომლებშიც ირლანდია ძლიერი იყო და შედარებითი უპირატესობა ჰქონდა. აღსანიშნავია ირლანდიის მოსახლეობის კარგი განათლებისა და მაღალკვალიფიციურად მომზადების დონეც. დღეს ირლანდიაში მთავარი ევროპული ოფისები აქვთ ფეისბუქს, გუგლს, ტვიტერს, ლინკდინს, ფეიფალს, ინტელს და სხვა უამრავ კომპანიას, რის გამოც ირლანდიას ევროპის “სილიკონ ველად“ მოიხსენიებენ.

1973 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ირლანდია იღებდა ტრანსფერებს ევროკავშირისგან. ეს დახმარებები გამოიყენეს ინვესტიციების გასაზრდელად განათლების სისტემასა და ინფრასტრუქტურაში, რასაც უკავშირებენ ირლანდიის მიმზიდველობის ზრდას მაღალტექნოლოგიური ბიზნესისთვის. თუმცა, ირლანდიის ეკონომიკური წარმატებისათვის ტრანსფერზე მეტად ხელსაყრელი სიტუაცია ევროპის ქვეყნებთან თავისუფალმა ვაჭრობამ და შრომის თავისუფალ მიგრაციაში ჩართვამ შექმნა.

2008-2009 წლების მსოფლიო კრიზისის დროს ირლანდიის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და მას ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება დასჭირდა. თუმცა 2014-2015 წლებმა აჩვენა, რომ ირლანდიამ არათუ გადალახა კრიზისი, 2014 წელს – ევროპის, 2015 წელს კი უკვე მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მოგვევლინა. 2015 წელს მისი ეკონომიკა 25%-ით გაიზარდა. 2016-2019 წლებში კი ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა.

წინა სტატია

გენერალ სოლეიმანის აღარავინ ეძებს
06 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა კომპანია “კოკა-კოლა“?
10 იანვარი, 2020
თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს
საქართველო | დეკ, 25, 2019
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები
კომპანიები | იან, 15, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა