"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

“საუკუნის გარიგება” თუ Just the two of us?!

“საუკუნის გარიგება” თუ Just the two of us?!

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე იმპიჩმენტის პროცესი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. მართალია, მისი საბოლოო შედეგი პრაქტიკულად წინასწარ ცნობილია, მაგრამ მაინც იმპიჩმენტი იმპიჩმენტია. ასეთ დროს პოლიტიკოსები მაქსიმალურად ცდილობენ სათავისოდ გამოიყენონ პროცესი, მაქსიმალურად დააზიანონ ოპონენტი და მთავარი გზავნილები გაახმოვანონ საკუთარი თუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისთვის. დემოკრატების შემთხვევაში სწორედ ასეთ ტაქტიკასთან გავქვს საქმე, ვინაიდან, როგორც პროცესები და კვლევები გვიჩვენებს, მათი მიმართვა ვერც სენატორ რესპუბლიკელებზე და ვერც მყარ რესპეუბლიკელ ამომრჩეველზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს ვერც სენატის გადაწყვეტილების მიღებისა თუ 2020 წლის 3 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდაჭერის თვალსაზრისით. თუმცა, როგორც არ უნდა დასრულდეს, იმპიჩმენტის თავად პროცესიც სწორად წარსამართია და მისი მიმდინარეობის დროს კარგად გათვლილი, თუნდაც კამპანიური ხასიათის პოლიტიკური სვლები მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს.

საარჩევნო, და არა მხოლოდ, ციებ-ცხელებაა დედამიწის სხვა მნიშვნელოვან ნაწილშიც, კერძოდ ისრაელში. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ისრაელის მოქალაქეები ისევ მივლენ საარჩევნო უბნებთან 2 მარტს და გააკეთებენ თავის არჩევანს, რათა სახელისუფლებო კრიზისი დაძლიონ და საბოლოოდ მოხერხდეს ისრაელის მთავრობის ფორმირება და დამტკიცება. თუმცა, ვიდრე საქმე არჩევნებამდე მივა, ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ. ქნესეთმა უნდა გადაწყვიტოს, მოუხსნას თუ არა იმუნიტეტი მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, პარტია “ლიქუდ”-ის ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელსაც გამოძიება ქრთამის აღებასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

მისი მთავარი კონკურენტის, ისრაელის ყოფილი გენერალური შტაბის უფროსი და ამჟამად “ლურჯების და თეთრების” ლიდერის, ბენი განცის წინაშე გასულ კვირას იერუსალიმში ებრაელთა ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ რიგით მე-5 ღონისძიებაზე სერიოზული დილემა წარმოიშვა, როდესაც იგი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად თეთრ სახლში მიიწვია დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. საქმე იმაშია, რომ ეს ღონისძიება დაგეგმილია იმავე სამშაბათ დღეს (ანუ ხვალ, 28 იანვარს), როდესაც უნდა გაიმართოს ქნესეთში მსჯელობა და ბენი განცის “ლურჯებმა და თეთრებმა” ხმა უნდა მისცენ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის იმუნიტეტის მოხსნას. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რას ეძღვნება თავად ეს კონკრეტული ღონისძიება.

საუბარია “საუკუნის გარიგებაზე”, როგორც მას ცალკეული მედიის წარმომადგენლები და არაფორმალურად ოფიციალური პირებიც ნათლავენ. ჯერ კიდევ 2017 წელს დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში და იმავდროულად მისი ქალიშვილის ივანკას მეუღლემ ჯარედ კუშნერმა დაანონსა სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის დაწყება, რომელსაც იგი შეიმუშავებდა ისრაელი-პალესტინის საკითხებში აშშ-ს მთავარ მომლაპარაკებელთან ჯეისონ გრინბლატთან, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე დინა პაუელთან და ისრაელში აშშ-ს ელჩ დევიდ ფრიდმანთან ერთად.

დაახლოებით 2 წლის შემდეგ, 2019 წლის 25-26 ივნისს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში გამართულ ღონისძიებაზე ჯარედ კუშნერმა წარადგინა ზემოაღნიშნული გეგმა სახელმწოდებით “მშვიდობა კეთილდღეობას”, უფრო ზუსტად კი მისი ეკონომიკური ნაწილი. გეგმა გულისხმობს 50 მილიარდიან ინვესტიციას ახლო აღოსავლეთის რეგიონში, რომლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 28 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაგეგმილ ინფრასტრქუტურულ და ტურისტულ პროექტებზე. დარჩენილი თანხიდან 9 მილიარდი განსაზღვრულია ეგვიპტესთვის, ხოლო იორდანიასა და ლიბანში დასახარჯად შესბამისად, 7 და 6.3 მილიარდი დოლარი. ეს თანხები უნდა აკუმულირდეს მრავალეროვნულ ინფრასტრქტურულ ბანკში, რომლის მართვაშიც ჩართულები იქნებიან აშშ-სა და რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები.

2017 წელს ამ ინიციატივის გახმიანებას დაუყოვნებლივ მოყვა უმწვავესი რეაქცია პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობისგან, რის შემდეგაც ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა გაწყვიტა ურთიერთობა აშშ-ს პრეზიდენტთან, ხოლო ამ უკანასკნელმა შეუწყვიტა ფინანსური დახმარება პალესტინის ავტონომიას. ამავე პერიოდში გამოცხადდა იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გადატანის შესახებაც.

მანამაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მთავარი დამფინანსებლები – არაბული ქვეყნების წარმომადგენლები და მსხვილი არაბი ინვესტორები. პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირებიც, თუმცა პალესტინის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქციის და მათთან ერთად მთელი რიგი აღმოსავლური სახელმწიფოების, მ.შ. იორდანიის ნეგატიური დამოკიდებულების გამო ღონისძიება წარმატებულად ვერ შეფასდა. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ აშშ არ ახმიანებს გეგმის პოლიტიკურ ნაწილს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ წლების მანძილზე აქტიურად განხილულ “ორი სახელმწიფო”-ს ვერსიაზე დოკუმენტში საუბარი არ არის. მართალია, ანონიმურად დიპლომატები საუბრობენ, რომ დოკუმენტი უზრუნველყოფს პალესტინის მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, ოფიციალურად საუბარი ძირითადად მიდის ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებსა და მთავარი მოთამაშეებისთვის თანხების მომგებიანად გადანაწილებაზე. ამიტომაც პალესტინელები ამ გეგმას განიხილავენ, როგორც მათი მოსყიდვის, 1967 წლამდე მათ საკუთრებაში მყოფ მიწებსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად გამოცხადების იდეაზე უარის თქმის იძულების მცდელობად.

გასული წლის ზაფხულის შემდეგ არც განწყობები შეცვლილა და არც რაიმე დამაიმედებელს გამოუჟონავს მცოდნე ხალხისგან. ამდენად, ამ ღონისძიებისგან არავინ ელის გარღვევას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მის დანიშნულებას ამერიკელი და აღმოსავლელი ექსპერტები უფრო მეტად განიხილავენ, როგორც დონალდ ტრამპის კიდევ ერთ საჩუქარს ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის და კიდევ ერთ მნიშვნელოვან სვლას წინასაარჩევნოდ ამერიკაში უაღრესად გავლენიანი ებრაული ლობის მხარდაჭერის გასამყარებლად. მოკლედ, თითქმის ისეა, როგორც ცნობილ სიმღერაში “Just the two of us” გავწითლდი

გამომდინარე სენატის მოსმენების მოლოდინებიდან, დონალდ ტრამპი ამ ვითარებაში გაცილებით უფრო დაცულია, ვიდრე მისი ერთგული მოკავშირე ბენიამინ ნეთანიაჰუ, თუმცა ამ უკანასკნელს იერუსალიმში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, 50 ქვეყნის ლიდერების წინაშე გამოსვლისა და იერუსალიმში განლაგებულ აშშ-ს საელჩოში ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსისგან ოფიციალური მოწვევის მიღების შემდეგ, გარკვეული ოპტიმიზმის იმედები მაინც გაუჩნდა.

გააზიარე