"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა ისლანდია?

როგორ გამდიდრდა ისლანდია?

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით ისლანდია მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. ერთ ისლანდიელს წელიწადში 67,000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს.

ისლანდიის ფართობი 103 ათასი კვადრატული კილომეტრია, თუმცა ქვეყანაში მხოლოდ 363 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვის დასახლება აქვს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბუნებრივი პირობები საკმაოდ რთულია, ყინვა -35 გრადუსსაც კი აღწევს. ამასთან, ჩველებრივი მოვლენაა ძლიერი ქარი. ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დედაქალაქია. ასეთ გაოგრაფიულ არეალში მდებარე კუნძულმა მოახერხა და დღეს მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა.

ისლანდია ნატოს წევრია 1949 წლიდან, მაგრამ არ არის ევროკავშირის წევრი. ქვეყანა იმდენად მდიდარია, რომ არ მიაჩნიათ საჭიროდ ევროკავშირში შესვლა. თუმცა, ის ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, რაც ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად შესვლის შესაძლებლობას აძლევს.

კუნძულ ისლანდიაზე ნორვეგიელებმა დასახლება მე-9 საუკუნეში დაიწყეს. შემდეგ ჩავიდნენ შოტლანდიელები და ირლანდიელები. 930 წელს ისლანდიაში პარლამენტი დაარსდა, რომელსაც ალთინგი ჰქვია და ჩვენამდე მოღწეულ პარლამენტებს შორის უძველესია. 1918 წლამდე ისლანდია ნორვგიის ან დანიის სამეფოში შედიოდა. თავისუფლებისთვის ბრძოლა მე-19 საუკუნეში დაიწყო და 1944 წლიდან ისლანდია სრულიად დამოუკიდებელია.

მე-20 საუკუნემდე ისლანდიის მოსახლოება მეცხოველეობაზე და თევზჭერაზე იყო დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, კუნძული დიდი სოფელი იყო. მოსახლეობის 96% იყო ფერმერი, დღეს კი ფერმერებზე მოსახლეობის 2% მოდის. ამავე დროს, ბოლო საუკუნეში მოსახლეობის რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ინდუსტრიალიზაცია ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვის საკმაოდ გვიან, მე-20 საუკუნეში დაიწყო. პირველ რიგში, ინდუსტრიალიზაცია შეეხო თევზსაჭერ გემებს, შემოვიდა საწვავის ძრავიანი გემები. თევზჭერით ისლანდია დღესაც გამორჩეული ქვეყანაა და მის ექსპორტში დიდი წილი უჭირავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში იწყებენ ილანდიაში ელექტროენერგიის გამომუშავებას. ენერგეტიკა ეკონომიკის ძლიერი დარგი გახდა, რადგან ქვეყანას შეუძლია სრულად იყოს უზრუნველყოფილი განახლებადი საკუთარი ელექტროენერგიით. ამავე დროს, ელექტროენერგიის მოხმარების დონე მაღალია. მათ შორის, საწარმოებიც ძირითადად ელექტროენერგიაზე მუშაობენ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948-1951 წლებში “მარშალის გეგმის“ ფარგლებში ისლანდიამ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღო აშშ-სგან. საშუალოდ ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი დახმარება აშშ-მა სწორედ ისლანდიას გაუწია. აშშ-გან დახმარების მიღება “მარშალის გეგმის“ შემდეგაც გაგრძელდა. 1960 წლამდე ისლანდიას საკმაოდ პროტექციონისტური საგარეო ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა, 1961 წლიდან კი ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებთან თანდათანობით ნაკლებ ბარიერებიან და ტარიფებიან ვაჭრობაზე გადავიდა. ვაჭრობის გაფართოების მხრივ მნიშვნელოვანი იყო 1994 წელი, როდესაც ისლანდია ევროპის ეკომიკურ ზონას შეუერთდა და ევროკავშირის ბაზარზე მისი პროდუქცია თავისუფლად დაუშვეს.

1980-იან წლებამდე ისლანდიის ეკონომიკა დაბალი ტემპით იზრდებოდა. მთვრობამ რამდემჯერმე შეცვალა ეკონომიკური პოლიტიკა, მაგრამ დიდი წარმატება არც ერთს მოჰყოლია. ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა მაღალი ინფლაცია, რომლის მოთოკვაც 80-იან წლებში შეძლეს. 90-იანი წლები რთულად დაიწყო ჩრდილოეთ ევროპისთვის. ამ დროს ეკონომიკური ვარდნა იყო შვედეთში და ფინეთში, სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპები კი შემცირდა. ისლანდიის მთავრობამ კრიზისის საპასუხოდ ეკონომიკის დერეგულაციას და პრივატიზაციას მიმართა. მოგების გადასახადი 50%-დან 18%-მდე შეამცირეს. მემკვიდრეობის გადასახადიც თანდათან შემცირდა და გაუქმდა სიმდიდრის გადასახადი. როგორც აღვნიშნეთ, ამას დაემატა ევროპის ეკონომიკურ ზონასთან მიერთება.

რეფორმების შედეგად ისლანდიის ეკონომიკა 1996-2007 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით იზრდებოდა. 2007 წელს 9.4%-იანი ზრდაც კი ჰქონდა, რაც მომავალ წლებში მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეაჩერა. ისლანდიას 1996-2007 წლების გამო “ნორდიკული ვეფხვი“ უწოდეს. 2009-2010 წლებში ისლანდიის ეკონომიკა 10%-ით შემცირდა, თუმცა, 2013-2018 წლებში საშუალოდ 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას დაუბრუნდა.

ისლანდიას მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს ტურიზმიდან. წელიწადში 2 მლნ ტურისტზე მეტი ჩადის, რაც მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია. ისლანდიაში შესაძლებელია ნახო ჩრდილოეთის ციალი, გეიზერების მდელო (7,000-მდე ცხელი წყლის წყარო), გეოთერმული ტბა ცისფერი ლაგუნა, მსოფლიოს ყველაზე ფართო ცხელი წყლის მდინარე დეიდარტუნგუვერი, ვულკანები, ჩანჩქერები, ევროპის უდიდესი მყინვარი ვატნა-იოკული და ა.შ.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა