10 რჩევა თუ როგორ ავითვისოთ ევროპული ტურისტული ბაზარი

მიმდინარე წლის ივნისში ამსტერდამის უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა ტურიზმის საერთაშორისო სამიტი. სამიტის ფარგლებში ამსტერდამის უნივერსიტეტმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომლის მიზანიც იყო ევროპელი ტურისტების პრეფერენციების გაცნობა ქართველი აუდიტორიისათვის. კვლევამ მოიცვა დასავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის ტურიზმის სამომხმარებლო სეგმენტები. აღნიშნული კვლევის შედეგების გაანალიზება და მათი მიზანმიმართულად გამოყენება დაეხმარება საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ჩართულ ორგანიზაციებსა და კომპანიებს ევროპული ტურისტული ბაზრის ათვისებაში.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში წარმოდგენილი ორი ტურისტული სამომხმარებლო ბაზარი,  ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპა, ის რეგიონებია, რომლებიც საქართველოს ჯერ ნაწილობრივ ან საერთოდ არ აქვს ათვისებული: 2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ამ რეგიონებიდან ტურისტების საერთო რაოდენობამ საქართველოში 2% შეადგინა. არადა, ისინი ყველაზე მომხიბვლელ ტურისტულ ბაზრებს წარმოადგენენ გადახდისუნარიანობისა და მოგზაურობის ინტენსივობის მიხედვით.

2012 წლის მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის 53% -მა იმოგზაურა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გადახდისუნარიანობის მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ლუქსემბურგელი ტურისტი, რომელიც მოგზაურობის დროს საშუალოდ 5,329 ევროს ხარჯავს (მას მოსდევს ბელგიისა და შვედეთის მოსახლეობა).  გერმანელი ტურისტები კი გამოირჩევიან მოგზაურობის სიყვარულით; ისინი, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებენ მოგზაურობის სიხშირით. ამ მხრივ, გერმანელებს მცირედით ჩამორჩებიან ბრიტანელი და ფრანგი ტურისტები.

თუმცა, ევროპელი ტურისტების მოზიდვა არ არის ადვილი. ამისათვის, საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ მათი სამომხმარებლო ქცევა და პრეფერენციები მოგზაურობასთან მიმართებაში. ეს დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ მათთვის ტურისტული პროდუქტები და მომსახურებები. ზემოთაღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ევროპელი ტურისტების 10 მნიშვნელოვან მახასიათებელებს:

1. ევროპელი ტურისტების 53% მოგზაურობს თვითფრინავით. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გასამგზავრებელ ქვეყანაში პირდაპირი რეისის არსებობას და ავიაბილეთის ფასს. საქართველოში ახალი აეროპორტების გახსნამ ხელი შეუწყო დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების შემოსვლასა და ჩარტერული ფრენების გამრავალფეროვნებას. თუმცა, ამ ფაქტორს ჯერჯერობით დიდი ზეგავლება არ მოუხდენია დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპელი ტურისტების ნაკადის ზრდაზე, რაც ალბათ ინფორმაციის გავრცელების არხების სიმწირეზე მიუთითებს.
 
2. ევროპელების შვებულება შეადგენს 5-6 კვირას, მაგრამ მათ არ უყვართ დიდხანს ერთ ადგილზე გაჩერება. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ბევრი ადგილის მონახულებას დროის მცირე მონაკვეთში. ქართველმა კომპანიებმა დაიწყეს „ქროს-ტურის“ შეთავაზება, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონახურებას მოიცავს. თუმცა, რატომ არ უნდა ჩავრთოთ ტურში თურქეთი? ის საერთაშორისო ჩასვლებით მიხედვით მსოფლიოში მე-6-ე ადგილს იკავებს. თურქეთის ტურისტული პოზიციის გამოყენება ხომ ჩვენთვის ძალიან მომგებიანი იქნება.
 
3. ევროპელები მოგზაურობენ ზაფხულის პერიოდში. შესაბამისად,  საზაფხულო (საზღვაო და სამთო) კურორტები მათ შორის ყველაზე პოპულარულია.
 
4. ევროპელ ტურისტს ურჩევნია თავად დაგეგმოს მოგზაურობა. ეს მიუთითებს, რომ არ არის ღირს ენერგიის დახარჯვა მათთვის წინასწარ მომზადეული ტურისტული პაკეტების შეთავაზებაზე. საჭიროა ვიყოთ მოქნილები მათი ინდივიდუალური მოთხოვნების მიმართ და შევთავაზოთ მრავალფეროვანი და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტების არჩევანი.
 
5. 5 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ზეგავლენას ახდენს ევროპელი ტურისტის არჩევანზე: 1) კულტურა და ადგილობრივი მოსახლეობა, 2) სისუფთავე, 3) აქტიური დასვენების შესაძლებლობები, 4) შოპინგის შესაძლებლობა, 5) ადგილობრივი სამზარეულო და სარესტორნო მომსახურებები. ის რომ, ადგილობრივი მოსახლების მიმართ ინტერესი პირველ ადგილზეა, ძალიან ხელსაყრელია საქართველოსთვის; ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე, ქართულ სამზარეულოსთან და ღვინოსთან ერთად.
 
6. ევროპელ ტურისტებს აინტერესებს ახალი, განსხვავებული ტურისტული სანახაობები. ნაკლებად აინტერესებთ თანამედროვე ნაგებობები და ზოგადად ნაგებობები; ევროპას თავად აქვს ამ მხრივ საოცარი სანახაობები. მათი ინტერესი ველური ბუნების, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფის, სოფლის ავთენტური იერსახის და სხვა მსგავსი განსხვავებული სანახაობების მიმართ არის მაღალი.
 
7. ყურადღება მიაქციეთ ქალაქის ტურებს. ქალაქის ტურების მიმართ მაღალ ინტერესს ადასტურებს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილების 2013 წლის სტატისტიკა: საერთაშორისო ვიზიტების 46% თბილისში განხორციელდა, 41% ბათუმში. მათ შორის, გართობა/დასვენება/რეკრეაციაზე ორიენტირებულები ტურისტებისთვის პოპულარული ადგილები იყო:  ბათუმი - 70%, თბილისი - 39%, მცხეთა - 9%. რატომღაც, ტურისტულ საინფორმაციო მასალებში საქართველო წარმოდგენილია ისტორიული, კულტურული და ბურენბივი ძეგლებით; მასში ნაკლებად ჩანს საქართველოს ქალაქების ორიგინალური იერსახე და მათი მოსახლეობის ღირსებები.
 
8. ევროპულ ტურისტულ ბაზარზე 3 მნიშვნელოვანი ტურისტული სეგმენტია: 1) ოჯახები ბავშვებით, 2) წყვილები შვილების გარეშე, 3) მოხეტიალე წყვილები. საჭიროა მოვახდინოთ ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიცირება; ეს მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზნობრივ ბაზრებზე პოზიციონირებისთვის.
 
9. ევროპელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სავარაუდო დანახარჯების მოცულობას. რამდენადაც არ უნდა მოგვეწონოს, ფაქტია, რომ ევროპელები საქართველოში ვიზიტის სავარაუდო დანახარჯებს ადარებენ თურქეთში მოგზაურობის დანახარჯებს. ამ ეტაპზე, ჩვენი ტურისტული მომსახურებების ხარისხითა და ფასებით თურქეთისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია.  ეს ორი ქვეყანა მეტ–ნაკლებად შედარებადია, რადგან ორივეს აქვს საზღვაო კურორტებისა და კულტურული ტურიზმის რესურსები.
 
10. ევროპელისთვის დიდი მნიშვნელობ აქვს მომსახურებების შესაბამისობას ფასთან. ეს არ ნიშნავს, რომ ის დაბალიბიუჯეტიანი ტურისტია; უბრალოდ ის მთელი წლის მანძილზე დაუზარლად შრომობს, რომ ზაფხულში იმოგზაუროს. რატომ გაწევს ხარჯს, თუ ის არ შეესაბამება  პროდუქტით მიღებულ ეკონომიკურ თუ ემოციურ სარგებელს. სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ ევროპელი ტურისტების მოხიბვლის ყველაზე ეფექტური გზა - შესაბამისობა, პროდუქტების/მომსახურებების ხარისხის შესაბამისობა ფასთან.
 

წინა სტატია

კეთილშობილების გაყინული ვირუსი - Ice Bucket Challenge
22 აგვისტო, 2014

შემდეგი სტატია

საცალო ვაჭრობის ინდუსტრია - თავისუფალი ნიშა და განვითარების პერსპექტივა
02 სექტემბერი, 2014
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა