"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ჩემი შენ გითხარიო!

ჩემი შენ გითხარიო!

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებამ, როგორც მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ მოიცვა მთელი 150-მდე ქვეყანა და დაინფიცირების რეალური საფრთხე შეუქმნა მისი მაცხოვრებლების მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა გლობალურ ეკონომიკას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება თავად ჩინეთს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ეკონომიკის შენელება მანამდეც სახეზე იყო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, გავლენიანი ეკონომისტები და ფინანსისტები წინასწარმეტყველებდნენ კიდეც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირებას. თუმცა, კორონავირუსის ინფექციის ჰუბეის პროვინციაში ეპიდემიური აფეთქების შემდეგ, რამაც განაპირობა მილიონობით ადამიანური რესურსის სახლში იძულებით დაჯდომა, დააჩქარა ის პროცესები, რაზეც ასევე, შედარებით “მოგუდულად“, მაგრამ მაინც საუბრობდნენ. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ქვეყანაზე იხურება, ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, ცარიელდება კაფე-ბარები, რესტორნები, სასტუმროები და თვითმფრინავები, უკვე დაიწყო ხმამაღლა საუბარი მორიგი გლობალური ეკონომიკური კრიზისის რეალურ საშიშროებაზე.  

ჩინური საწარმოების გაჩერებამ კი გაგვახარა სუფთა ჰაერის მოყვარულები, მაგრამ პირველი და ყველაზე ძლიერი დარტყმა ენერგომწარმოებელ ქვეყნებს მიაყენა. იკლო საწარმოო ტემპებმა, ავტომატურად იკლო ენერგომატარებლების შესყიდვებმაც. ამასობაში, რუსებმა, მათი გადმოსახედიდან, საუკეთესო დრო იპოვეს და ენერგომატარებლების მოპოვების შეზღუდვაზე 1 აპრილამდე მოქმედი  შეთანხმება ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანება “ოპეკ“-თან აღარ გააგრძელეს, რამაც შედეგად გამოიწვია 1991 წლის ერაყთან ომის შემდეგ ნავთობის ფასების ისტორიული ვარდნა. ნავთობს კი დაუყოვნებლივ მიყვა ფასიანი ქაღალდების ბირჟების ფაქტიური ჩამოშლა. როგორც ექსპერტები ამბობენ, 1987 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე დრამატული ვარდნა, რომელიც განიცადეს ბირჟებმა. სახელდება სხვადასხვა კომპანიებისა და ყველაზე მდიდარი კერძო პირების სახელები, ვინც ერთობლიობაში ამ მღელვარე პერიოდის განმავლობაში 0.5 ტრილიონი დოლარი დაკარგეს. ბირჟებზე ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ვაჭრობები რამდენჯერმე შეწყვეტაც კი მოუწიათ.  

რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ ნავთობის ფასების ვარდნაში არ არის. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეულ სიტყვას, რომელსაც ამბობენ და თითოეულ ინიციატივას თუ გადაწყვეტილებას, რომელსაც ახმიანებენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ლიდერები.

1 ტრილიონი დოლარი – აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივა – ეს არის ის ციფრი, რომელმაც “დოუ ჯონსი“, “სთანდართ ენდ ფურს“ და სხვები ცოტათი მაინც შეაგულიანა. მცირედით ნავთობის ფასიც კი გაიზარდა, მაგრამ სულ ოდნავ. როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა მიიღო რუსეთის “სანავთობო ომის“ გამოწვევა და მიუხედავად იმისა, რომ მის რეფორმებზე ორიენტირებულ ეკონომიკას, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლით გამოწვეულ ზომებთან ერთად ნავთობის გაყიდვიდან ვერ-მიღებული თითოეული დოლარი მნიშვნელოვნად დააკლდება საუდის არაბეთი აუცილებლად განაგრძობს მოპოვების მოცულობების ზრდასაც (არსებული 9.7 მილიონი ბარელიდან 12 მლნ ბარელამდე დღეში) და ამ დრომდე შექმნილი მარაგების სამომავლო გაყიდვების ბაზარზე შეტანასაც. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ნავთობის მოპოვება გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე არაბულის (საოცარია ფასია – 3 დოლარი ბარელზე), რუსულ რეზერვებს (577 მლრდ დოლარი) მაინც უფრო დაეტყობა შეთხელება, ვიდრე საუდების (508 მლრდ დოლარი). ეს არ მოხდება არც 1 თვეში და არც 1 წელში, მაგრამ თუ შეთანხმება არ შედგა, პირველი, რასაც ვიხილავთ (და ვართ უკვე ამის მომსწრე, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობელი თურქეთის ლირასთან და ჩვენ საკუთარ ლართან ერთად), რუსული რუბლის “გაუბედურება“ იქნება.  

მართალია, ძალიან ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლების კორონავირუსთან ბრძოლის “უიღურულმა“ მეთოდებმა შედეგები გამოიღო (ცნობისთვის: უიღურები წარმოადგენენ ჩინეთის მუსლიმ თურქულენოვან უმცირესობას, რომელთა მიმართაც ცენტრალური ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ დემოკრატიულ ზომებს ატარებს და კარგა ხანია ისე აცხოვრებს (და კიდევ უფრო უარესად), როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში 70 მილიონ ჰუბეის მკვიდრ ჩინელს მოუწია) და თუკი მოვლენები ოპტიმისტური ნიშნით განვითარდა, ჩინეთის ეკონომიკის ხელახალი “ამოქოქვაც“ არცთუ ისე შორეულ მომავალში შეიძლება მოხდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ნავთობის ფასი თუნდაც ცოტა ხნის წინ არსებულ 55-60 დოლარიან დერეფანს უმალ დაუბრუნდება. სულ მცირე, ამ საქმეს დისტანციური მოლაპარაკება მაინც დაჭირდება საუდის არაბეთს, მის მოკავშირე არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და “ოპეკ“-ის სხვა წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრთან, რა თქმა უნდა, თუკი საკარანტინო შეზღუდვები არ მოიხსნა და “ოპეკ“-ის შტაბ-ბინაში ვენაში არ შეიკრიბა ყველა დაინტერესებული მხარე.

ნავთობი იქით იყოს და წინასაარჩევნოდ 1 ტრილიონი დოლარის ფერმერებისთვის, მშრომელებისთვის, მცირე ბიზნესისთვის და ზოგადად აშშ-ს მილიონობით ზრდასრული მოქალაქისთვის (თითოეულს დაახლოებით 1000 აშშ დოლარი) სახლში მირთმევა პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ბირჟები კი არა, ტრამპის კრიტიკოსების ტონალობაც კი, ოდნავ, მაგრამ მაინც პოზიტიურისკენ შეიცვალა.

არ შეიცვალა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის ტონი ტვიტერზე; არ შეიცვალა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლი იან ჟაომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საკუთარ ტვიტ ანგარიშზე ამერიკელი სამხედროები “დაადანაშაულა“ ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში გავრცელებაში, კერძოდ, მან დაწერა: „ეს შეიძლება სულაც  ამერიკელი სამხედროები იყვნენ, ვინც გაავრცელა ჩვენთან ეს ვირუსი. ამერიკელებს მართებთ უფრო მეტი ტრანსპარენტულობა და საინფორმაციო ბაზების გასაჯაროება!“ რამდენიც გნებავთ, იმდენი „კონსპიროლოგი“ ვიცი, რომელსაც ერთი წამით ეჭვი არ ეპარება ჩინელი მაღალჩინოსნის მტკიცებულებების გარეშე გამოთქმული ბრალდების ჭეშმარიტებაში.

თითქოს, ამ “სიბრძნეს“ ელოდა კიდეც პრეზიდენტი ტრამპი და “ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“-ს საუკეთესო ტრადიციებში ერისადმი მიმართვაში პირდაპირ დაარქვა ვირუსს „ჩინური ვირუსი“. მოყვა ამ ამბავსაც კრიტიკა როგორც ჩინეთიდან, ისე ამერიკელი ჩინელებისგან თუ სხვა უფლებადამცველებისგან, რომლებმაც პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის სტიგმატიზაციასა და რასიზმში დაადანაშაულეს. გაცოცხლდნენ კვლავ დონალდ ტრამპის კრიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თუკი ცოტა ხნის წინ ჩინეთის მოქალაქეები საკუთარი ლიდერის სი ძინ პინის მიმართ ძალიან ნეგატიურად იყვნენ განწყობილი, ამ განცხადებამ მათი ერთგვარი კონსოლიდაციაც კი მოახდინა. სხვათშორის, სი ძინ პინს არც დაურღვევია ტრადიცია და პირადად არ უპასუხია აშშ-ს პრეზიდენტისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპის ამ გამოთქმის საპასუხოდ შეუწყვიტა ჩინეთის საგარეომ აკრედიტაცია “ვაშინგტონ პოსტს“, “ნიუ იორკ თაიმსს“ და „უოლ სთრით ჯორნალს“, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ურთიერთბრალდებების კასკადში ამერიკული მედიის გიგანტები და ზოგადად სიტყვის თავისუფლება დაზიანდა.

აბა რა დროს “გულის მოკვლა“ და “გაღმა გაედავე, გამოღმა ვერ შემოგედავება“ იყო. დალოცვილმა იტალიელებმა აამღერეს მთელი მსოფლიო (აშკარად შეუძლია მაგ ხალხს გულის მოგება), ფრანგებმა კომუნალური გადასახდები დროებით შეაჩერეს!!! და ბრიტანელებმა 330 მილიარდი ფუნტის (400 მილიარდი დოლარი) გრძელვადიან, შეღავათიან სესხებად და დახმარებებად გაცემა გადაწყვიტეს. ირანელებმა სხვა პატიმრებთან ერთად პოლიტიკური პატიმრებიც კი გაუშვეს. არაა ახლა პოლიტიკის და მკლავის გადაწევის დრო, მითუმეტეს, რომ საბოლოო ჯამში, ამერიკელებიც და ჩინელებიც თანახმდებიან, რომ “კოვიდ 19“ გავრცელების საქმეში ერთიც და მეორეც უბრალოა!

ვინ შეჭამა ღამურა?!

მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!

 

 

  

 

  

გააზიარე