საქართველოს არქიტექტურა მეოცე საუკუნეში

„ნამდვილი მბრძანებელი არქიტექტურული მონუმენტია“ - ჟორჟ ბატაი

„როგორც მიწიდან ამოდის ბალახი, ისე სხეულიდან  იბადება არქიტექტურა” - ლეონარდ ლუსაკი

 

ნამდვილი, არაკალენდარული მეოცე საუკუნე 1914 წელს იწყება, 1991 წელი კი მისი დასასრულია (ი. ბერენდი, ე. ჰობსბაუმი). საქართველო, თითქმის მთელი მეოცე საუკუნე, რუსეთის მიერ იყო კოლონიზებული.  მსოფლიო არქიტექტურულ ლექსიკონში მას ფრიად მოკრძალებული წვლილი აქვს შეტანილი. ამ ხნის მანძილზე, ერთეული გამონაკლისების გარდა, ჩვენთან მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი შექმნილა. ქართული არქიტექტურა, ქართული და მსოფლიო კულტურული სცენის პერიფერიაზეა გარიყული. სამწუხაროა, მაგრამ ერთადერთი სისტემური არქიტექტურული ფენომენი, რომელმაც შესაძლოა დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება მიიპყროს, ქართული„ ფიზიოლოგიური არქიტექტურაა“. ეს არქიტექტურა, ვენეციის ბიენალეზე, „კამიკაძე ლოჯიის“ სიმბოლური ფიგურით არის წარმოდგენილი.

„ფიზიოლოგიური არქიტექტურა“ გამაოგნებელი გამოცდილებაა. ესაა ორგანული, ბიოლოგიური, ცოცხალი არქიტექტურა, რომელშიც ჭარბობს ბიოლოგიური ნედლეული, ორგანული ცხოვრება და მისი ნარჩენები. ესაა არქიტექტურა, სადაც მაქსიმალურად იშლება და ინიღბება ყოველგვარი იდეა და გეგმა, წინასწარი განზრახვა და მიზანი. ამ არქიტექტურას განაპირობებს სიცოცხლის ნაკადი და ბიოლოგიური პროცესები. ესაა არქიტექტურა ლოგოსის გარეშე - უპრინციპობის, უზნეობის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობის არქიტექტურა.

ნებისმიერი არქიტექტურა ძალადობაა, უფრო ზუსტად, ძალადობის კულტურული კონვერსიაა. „ფიზიოლოგიური არქიტექტურა“ აფუჭებს, ანეიტრალებს, შლის, უგულებელყოფს ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ ძალას. მაგრამ ძალადობის ანიჰილაციის ამ გამაოგნებელ პროცესში, „ფიზიოლოგიური არქიტექტურის“ შემოქმედი საზოგადოება კარგავს საკუთარ სახეს, საკუთარ სოციალურ სხეულს, საკუთარ იდენტობას და კულტურულ ორიენტირებს.

ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში „ფიზიოლოგიური არქიტექტურა“ კვლავაც დომინირებს. მაგრამ დღეს მას, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, „ძალაუფლების არქიტექტურა“ უპირისპირდება. „ძალაუფლების არქიტექტურაში“ ჩვენ ვგულისხმობთ სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ არქიტექტურას - პენიტენციური სისტემის, პოლიციისა თუ სახელმწიფო მართვის სხვა ინსტიტუტების ნაგებობებს. ერთი სიტყვით, იმ არქიტექტურას, რომელიც ადამიანს მოკრძალებას, თრთოლვასა და შიშს ჩააგონებს,წინ ეღობება მის სხეულსა და მზერას  და  მნახველისაგან მდუმარებას მოითხოვს.

ოცდამეერთე საუკუნე საქართველოს არქიტექტურის ტურბულენტობის პერიოდია. არსებითად, კალენდარული 2014, ქართული არქიტექტურის 1914 წელია. პოსტსაბჭოთა ქაოსის ამორფული სხეულიდან,იბადება თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მასთან ერთად, მისი არქიტექტურაც. ერთი შეხედვით, დაპირისპირება „ფიზიოლოგიურ“ და „ძალაუფლების“ არქიტექტურას (არსებითად კი სახელმწიფოსა და ხალხს შორის) კარს, იატაკს ან კედლს ეხება. მაგრამ გულმოდგინე დამკვირვებელი აუცილებლად შენიშნავს, რომ მთავარი არა კარი, იატაკი ან კედელი, არამედ დაპირისპირების ის სიმძაფრეა, რომელიც გადაუჭარბებლად, ქართული არქიტექტურის სხეულზე მითოლოგიური მასშტაბების მითოლოგიურ სიუჟეტებს გამოსახავს.

 

წინა სტატია

გულწრფელობა - თანამედროვე მარკეტინგის ამოსავალი წერტილი
06 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

ყველაფერზე ვიდისკუსიოთ!
19 თებერვალი, 2014
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა