"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ოპერაცია “არტემისი“, ანუ “მთვარის მოტაცება“ ამერიკულად

ოპერაცია “არტემისი“

ვის ეკუთვნის იურიდიულად მთვარე? ერთდროულად ყველას და კონკრეტულად არავის. 1979 წლის გაერო-ს მთვარის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ყველაფერი, რაც მოიპოვება მთვარესა და სხვა ზეციურ სხეულებზე საქმიანობის, მათი შესწავლისა და ათვისების შედეგად, კაცობრიობის კუთვნილება იქნება. რეზოლუცია კი მიიღეს, მაგრამ როგორც ჩანს, აშშ-ს, იმჟამად საბჭოთა კავშირს და ჩინეთს იმთავითვე ჰქონდათ საკუთარი შორს მიმავალი გეგმები. ამიტომაც არცერთ მათგანს არც ხელი მოუწერია და შესაბამისად რატიფიცირებაც არ მოუხდენია აღნიშნული შეთანხმების. ერთადერთი, კოსმოსში მსხვილად მოთამაშე ქვეყნებიდან, ვინც მოაწერა ხელი, იყო ინდოეთი, თუმცა რატიფიცირება არც მას მოუხდენია.

დედამიწის მასშტაბით რომ აშშ-ს, ჩინეთს და რუსეთს გავლენებისთვის უმძაფრესი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული, ამის თაობაზე არაერთი ბლოგი დავწერე და სავარაუდოდ მომავალშიც ბევრს დავწერ; შესაძლოა ვინმემ ისიც კი თქვას, რომ დედამიწაზე ისეთები ხდება, რა დროს მთვარეაო, მაგრამ სწორედ ბოლო პერიოდის მოვლენების განვითარების ფონზე მთვარის ათვისებასთან დაკავშირებული პროცესების დინამიკიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველობისთვის ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენგანაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მითუმეტეს, რომ ჩვენს პლანეტაზე რაც ყველაზე მთავარი ცხელი ამბები ხდება, ამა თუ იმ ფორმით პირდაპირ კავშირშია მთვარეზე “დროშის ჩარჭობასთან“.

2017 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება მთვარეზე ასტრონავტების, ისევ ამერიკელი მამაკაცის და პირველი ამერიკელი ქალის გაგზავნის და იქ ბაზის დაფუძნების მიზნით პროგრამა “არტემისი“-ს შემუშავებისა და განხორციელების შესახებ (რას იფიქრებდა თავდაპირველად ნადირობის, მოგვიანებით კი მთვარის ქალღმერთი არტემისი, რომ მისი სახელით ქალი და კაცი მთვარეზე ბინას დაიდებდნენ). პროგრამა წარმოადგენს აშშ-ს მიერ მანამდე განხორციელებული პროექტების გაგრძელებას და მიზნად ისახავს 2024 წლისთვის მთვარეზე ამერიკული მუდმივმოქმედი ბაზის/სადგურის დაფუძნებას. პროგრამა ხორციელდება ამერიკული ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის “ნასა“-ს თაოსნობით და იაპონიის, ევროკავშირის, ავსტრალიისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების თანამონაწიელობით. პროგრამის მიხედვით, 2022 წელს მთვარეზე გასაგზავნი ხომალდი მზად უნდა იყოს. პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თხოვნით მიმართა კონგრესს 2021 წლისთვის კიდევ 12%-ით გაზარდოს “ნასა“-ს დაფინანსება (2020 წელს “ნასა“-მ “არტემის“-ის განხორციელებისთვის დამატებით 1.6 მლრდ დოლარი მოითხოვა).

2020 წლის თებერვალში აშშ-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო თანამგზავრი უთვალთვალებდა ამერიკულ თანამგზავრს და ძალიან სახიფათო მანძილზე მიაუხლოვდა მას. რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ვისღა სჯერა რუსეთის? არის თუ არა კავშირში ამ ფაქტთან, რთული სათქმელია, მაგრამ აპრილში, ანუ ჟამიანობის პიკურ პერიოდში, აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას მთვარის კომერციული ათვისების შესახებ, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ცნობები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონიასთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, კანადასა და ევროპულ ქვეყნებთან ერთად ამზადებს “არტემის“-ის შეთანხმებას, რომელიც პირველ რიგში მთვარეზე უსაფრთხოების ზონების შექმნის სამართლებრივ უზრუნველყოფას წარმოადგენს (შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ს მიერ იყო მკაცრი რეკომენდაცია “აპოლო 11“ და “აპოლო 17“-ის ხომალდების მთვარეზე დასხდომის ადგილებთან მიახლოებიდან თავის შეკავების თაობაზე). თუმცა, მოდით პირდაპირ ვთქვათ: ეს შთანხმება მთვარეზე რესურსების მოპოვებაზე უფლებების დაკანონებას წარმოადგენს. თუ ვინმე გადაწყვეტს მომავალში სერიალის გადაღებას, სიამოვნებით შევთაავაზებდი სახელწოდებად: „ოპერაცია „არტემისი“ ანუ “მთვარის მოტაცება ამერიკულად“.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს გეგმების კვალდაკვალ მოქმედებს ჩინეთიც. გასულ კვირაში ჩინეთმაც გაგზავნა უპილოტო ხომალდი მთვარეზე, რომელიც, მიუხედავად სტარტის დროს შექმნილი გარკვეული სირთულეებისა, წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე. თუმცა, აშშ-სგან განსხვავებით, ჩინეთი მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2030 წელს გეგმავს (ისიც იმ შეთხვევაში, თუ პანდემიამ არ შეიტანა ცვლილებები).  

რას შვება ამ დროს რუსეთი, რომელსაც არ ეპატიჟებიან მთვარის ათვისების შესახებ შეთანხმებაში მონაწიელობის მისაღებად? შეშფოთებას გამოხატავს (რა შეუძლია მეტი?). ოფიციალური კრემლი შედარებით მოკრძალებული იყო აშშ-ს პრეზიდენტის გეგმების შეფასებების დროს, რასაც ვერ ვიტყვით “როსკოსმოს“-ის ხელმძღვანელის, ყველასთვის „ნაცნობი“ ლეონიდ როგოზინის ისტერიულ რეაგირებაზე. მან საკუთარ ტვიტერზე “არტემის“-ის შეთანხმების რუსეთის გარეშე გაფორმების გეგმები ერაყსა და ავღანეთში შეჭრას შეადარა (უტიფრობასაც აქვს საზღვარი. როგოზინი რომ ვინმეს სადმე შეჭრაზე რამეს იტყვის!!!). როგოზინის გამწარება გასაგებია: “როსკოსმოს“-ს ისედაც საკმარისი პრობლემები ჰქონდა როგორც დაფინანსების, ისე პროექტების განხორციელების დროს ჩავარდნების კუთხით. როგორც ყველაფერი სხვა, რუსეთის კოსმოსური საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია ნავთობის ფასებთან, ეს უკანასკნელი კი უახლოესი პერიოდის მანძილზე ნამდვილად ვერ მიაღწევს იმ დონეს, რომ როგოზინმა “მთვარეზე კოოპერატივის გახსნაზე“ იოცნებოს.

აშშ-ს კი, მიუხედავად გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებისა, საკმარისი რესურსიც გააჩნია და შესაბამისი ამბიციაც. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებია და დონალდ ტრამპი ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა ხელმეორედ იქნას არჩეული (ჩვენში რომ დარჩეს, ვის არ ენდომება, შევიდეს ისტორიაში, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც მთვარეზე მუდმივმოქმედი ბაზა დააფუძნა). მითუმეტეს, როდესაც მთვარის ათვისებაში სახელმწიფო და კერძო სექტორი მჭიდრო, ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას გეგმავენ და ქვეყანაში გყავს ისეთი არაორდინალური მილიარდერი, როგორიც ილონ მასკია.

და მაინც: რატომ მთვარე? რა ხდება და რა რესურსია ასეთი ღირებული მთვარის წიაღში, რომლის გულისთვისაც ძლიერნი ამა ქვეყნისა კოსმოსურ სივრცეშიც კი არ უთმობენ ერთ მტკაველს ერთმანეთს? ექსპერტების შეფასებით, უახლოესი 50 წლის მანძილზე მთვარეზე ვერაფრის მოპოვება ვერ იქნება უფრო მომგებიანი, ვიდრე დედამიწაზე. თუ საუბარია “ჰელიუმ -3“-ზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საწვავი თერმობირთვულ ენერგეტიკაში, მისი რენტაბელობა დედამიწაზეც კი ძალიან შორს არის სასურველი მაჩვენებლებისგან. მაშინ რისთვის უნდა დაიხარჯოს ასეთი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ასტრონომიული თანხები?

ერთი შეხედვით, პასუხი მარტივზე მარტივია: H2O ანუ წყალი  ჩვენი არსობისა. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურების წყლით უზრუნველყოფა ხმელეთიდან გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მთვარის პოლუსებიდან. კოსმოსურ სადგურზე ადამიანს დღეში ესაჭიროება 14 ლიტრი წყალი. 1 ლიტრი წყლის მიწოდება კოსმოსურ სადგურზე 25 ათასი დოლარი ჯდება, ხოლო მთვარეზე – 500 ათასი დოლარი, მთვარის პოლუსებთან არსებული წყლის მარაგები კი საკმარისიც არის და გაცილებით უფრო რენტაბელურიც.

რა თქმა უნდა, მხოლოდ კოსმოსური სადგურების წყლით უზრუნველყოფა არ იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ბრძოლის ველი. როგორც ერთი ჩემი მეგობარი მიწიერ პრობლემებზე მსჯელობისას იტყოდა, პური პოლიტიკაა. ასეა აქაც: წყალი ხმელეთზეც და მთვარეზეც კი პოლიტიკაა. ზესახელმწიფო ყველგან ზესახელმწიფო უნდა იყოს: ხმელეთზეც და ცაშიც. ტყუილად კი არ შექმნა დონალდ ტრამპმა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში ახალი სახეობა –  კოსმოსური ძალები.

ჩემი მოკრძალებული ვარაუდით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ამ საუკუნის მესამე დეკადა, კაცობრიობის ისტორიაში ახალი, უმნიშვნელოვანესი მოვლენების განვითარების ეპოქა იქნება, რაშიც ოპერაციას “არტემისი“ ანუ “მთვარის მოტაცებას ამერიკულად“ მნიშვნელოვანი ადგილი განეკუთვნება. სხვა ვითარებაში დავესესხებოდი დიდ თედო ჯაფარიძეს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომლებიც გლობალურ პრობლემებთან გამკლავების გზების ძიებასთან დაკავშირებით ასე იტყოდნენ: “ჩვენ უნდა ვიფიქროთ წარმოუდგენელზე“ ანუ “We must think unthinkable“, მაგრამ აქ სხვა ამბავია! არაფერი წარმოუდგენელი!

შევხვდებით ოდესღაც… მთვარეზე!!!

გააზიარე