ვარ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიმდევარი, ვმუშაობ სან დიეგოს უნივერსიტეტსა და ახალ ეკონომიკურ სკოლა - საქართველოში.

უმუშევრობა საქართველოს დასაქმების პოლიტიკის კვალდაკვალ

უმუშევრობა საქართველოს დასაქმების პოლიტიკის კვალდაკვალ

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, განსაკუთრებით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდგომ. პანდემიამ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რამდენიმე  თვით სრულიად გააჩერა ეკონომიკა და შეცვალა ადამიანების ცხოვრების რიტმი. დღეს, თითქმის ყველა ქვეყანაში, კორონავირუსის პირველი ტალღა გადავლილია და მთავრობები ცდილობენ აქტიური ეკონომიკური პოლიტიკით მოსახლეობა კვლავ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნონ, თუმცა, მოსალოდნელი საფრთხის (მეორე ტალღა) გათვალისწინებით და იმ დანაკარგით რაც სხვადასხვა კომპანიებმა COVID-19-ით მიიღეს რეაბილიტაციის პროცესები საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა კორონავირუსამდეც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მცირე პროგრესი გვქონდა დასაქმების კუთხით. შესაბამისად, დღეს, ჩვენმა ხელისუფლება განსაკუთრებით უნდა ეცადოს ეფექტური დასაქმების პოლიტიკა წარმართოს, რათა ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი.

ვინ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები ქვეყანაში? ამ კითხვაზე ეკონომისტებს შორის შეთანხმებული პასუხი არ არსებობს, ზოგიერთი, განსაკუთრებით მემარცხენე იდეოლოგიის წარმომადგენელი ეკონომისტები სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად სამუშაო ადგილების შექმნასა და ხელფასების ზრდას მიიჩნევენ, მემარჯვენე, ლიბერალური იდეოლოოგიის მქონე ეკონომისტები კი თვილიან, რომ სახელომწიფოს საერთოდ არ ევალება სამუშაო ადგილების შექმნა, მით უფრო ხელფასების ზრდა, ერთადერთი რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დასაქმებისთვის, ეს არის შექმნას ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც ეფექტურად იმუშავებენ და უცხოელი და ადგილობრივი მეწარმეებისთვის შექმნიან მიმზიდველ და სანდო გარემოს იმისათვის, რომ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა დაიწყონ სწორედ ამ ქვეყნაში და არა სხვაგან. რომელი მიდგომა უფრო ეფექტურია და რა შემთხვევაში, ამის განხილვა ყოველთვის იდეოლოგიურ დაპირისპირებამდე მიგვიყვანს, ამიტომ რაც პრაქტიკაში მუშაობს არის ის, რომ სამუშაო ადგილებს ქმნის ინვესტიციები, ეფექტური სამუშაო ადგილები ყოველთვის ანაცვლებენ ნაკლებად ეფექტურ სამუშაო ადგილებს, ასე მუშაობს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები.

საქართველოში უმუშევრობის მთავარ მიზეზად, როგორც წესი, მიიჩნევენ ინვესტიციების სიმცირეს, არაკვალიფიციურ მუშა-ხელს და არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს. თუმცა, სხვადასხვა დროს  ხშირად მოგვისმენია სამთავრობო დაპირებები, რომ  კონკრეტული პოლიტიკა ხელს შეუწყობდა სწრაფ და ეფექტურ დასაქმებას ქვეყანაში, მაგრამ, ფაქტია, ეს ჯერ ვერ მოხერხდა. რა გვიშლის ხელს  სწრაფად დავძლიოთ უმუშევრობის პრობლემა?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის საშუალო მაჩვნებელი ქვეყანაში 11.6% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სადაც  უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6.7%-ია, ორჯერ მაღალია. 2019 წელს, საქართველოში  ეკონომიკურად აქტიური იყო  1.911.2 მილიონი ადამინი, მათგან 1.690.2 მილიონი დასაქმებული, ხოლო 221.0 ათასი დაუსაქმებელი.  მართალია ყოველწლიურად დაუსაქმებელი ადამინების რაოდენობა მცირდებოდა და 2020 წელსაც წინასწარი მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა შემცირებულიყო, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სულ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში  უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტით. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დასაქმების პრობლემა შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. საერთაშორისო მონეტარული ფონდის (IMF) კვლევით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი უმუშევრობა განვითარებულ ქვეყნებშიც.

               

გავრცელებული წარმოდგენა, რომ თუ ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალ უმუშევრობას დავძლევთ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ეკონომიკაში არსებობს ასეთი ტერმინი Jobless Growth, რაც ნიშნავს, ეკონომიკურ ზრდას ისე რომ, შესაბამისი ეფექტურობით არ იზრდება დასაქმება.

               

მაგალითად, საქართველოში 2003-2007 წლებში, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო, თუმცა უმუშევრობა იგივე ეფექტურობით არ შემცირებულა (გრაფიკი 1).

საქართველოს მთავრობა დასაქმების აქტიურ პოლიტიკას მიმართავს, რაც გულისხმობს სტარტაპების წახალისებას, სახელმწიფო სამსახურების შექმნას, პროფესიული გადამზადების პროგრამებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ა.შ. მიუხედავად ამისა,  უმუშევრობა გაცილებით მაღალია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც ვერ ხდება უმუშევრობის სწრაფად შემცირება არის ის, რომ დასაქმებული ადამინების დიდი ნაწილი მუშაობს აგრარულ სექტორში, რომლის პროდუქტულობაც თანდათან მცირდება, რაც ზოგადად ეკონომიკური კუთხით თუ შევაფასებთ პრობლემა საერთოდ არ არის. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებაში აგრარული სექტორის წილი საშალოდ 1.1% ია, საქართველოში კი 6.22%. მთავარი პრობლემა, მდგომარეობს იმაში, თუ დასაქმებული ადამიანების რამდენი პროცენტი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.22% -ს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევით, საქართველოში დასაქმებული ადამინების დაახლოებით 39% მუშაობს სოფლის მეურნეობაში. შესაბამისად აგრარულ სექტორში დასაქმებული ადამიანის შრომა საშუალოდ, 7-ჯერ უფრო არაეფექტიანია ვიდრე სხვა სექტორში დასაქმებულის (გრაფიკი 2).

               

ამასთანავე აგრარული სექტორი განათლების შემდგომ, ყველაზე დაბალანაზღაურებად მიმართულებად რჩება, საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავალი სოფლის მეურნებაში იყო 701 ლარი, ხოლო განათლებაში – 596 ლარი (გრაფიკი 3). შესაბამისად, როდესაც იქმნება ახალი სამუშაო ადგილი მოთხოვნა ჩნდება არამარტო დაუსაქმებელი ადამინებისგან, არამედ მათგან რომლებიც არიან დასაქმებულები, მაგრამ აქვთ დაბალი ანაზღაურება და ასევე ნაკლებ ეფექტურ სექტორში მუშაობენ. გამომდინარე აქედან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირ არ ამცირებს უმუშევრობას. ამასთანავე, გარკვეული შრომა განვითარებასთან ერთად ავტომატიზირებული ხდება და ზოგიერთი სამუშაო ადგილი საერთოდ იკარგება; ახალი ტიპის სამუშაო ადგილებს კი შედარებით უფრო მეტად კვალიფიციაური მუშახელი სჭირდება. ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორს კი, ხშირ შემთხვევაში, არ შეუძლია კვალიფიციური კადრი შექმნას შრომის ბაზრისთვის.

               

განათლება და კვალიფიციურობა, მთავარ გამოწვევად, რომ რჩება საქართველოსთვის არაერთი კვლევა ადასტურებს, მაგალითად პიზას (PISA) 2018 წლის კვლევაში საქართველო წიგნიერების ნაწილში 380 ქულას იკავებს, საბუნებისმეტყველოში 283-ს, ხოლო მათემატიკაში 398-ს, რაც 2015 წელთან შედარებით გაუარესებული შედეგია. შესაბამისად, ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალია დასაქმება აგრარულ სექტორში, რაც შედარებით ნაკლებ კვალიფიკაციას მოითხოვს და ამასთანავე შრომა ნაკლებად ავტომატიზირებულია, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.  

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მცდელობა დაასუფსიდიროს სხვადასხვა აქტივობები რაც დასაქმებას ხელს შეუწყობს ან უკვე დასაქმებულ ადამინებს ხელოვნურად შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი, ნაკლებ ეფექტური პოლიტიკაა, სახელმწიფო მაინც აქტიურად ცდილობს მოსახლეობას სხვადასხვა სოციალური პაკეტების შეთავაზებას, რათა მათ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ ან დარჩნენ იმ სექტორში, რომელიც ისედაც არაეფეტურია (შეღავათიანი აგროკრედიტები, ხვნა-თესვის ვაუჩერები…). მსგავსი პოლიტიკა შენარჩუნებულია 2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტშიც,  სახელმწიფო ერთისმხრივ ახალისებს სოფლის მეურნეობაში დარჩენილ მოსახლებას, რათა დარჩნენ აგრარულ სექტორში და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს შედარებით მაღალპროდუქტიულ სექტორებს მალე გამოცოცხლდნენ და კვლავ ეკონომიკურ აქტიურობას დაუბრუნდენ, მაგალითად ტურიზმს, წარმოებას და ა.შ. ამასთნავე , მთავრობას უყურადღებოდ არ რჩება პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა და მათ სხვადასხვა ტიპის დახმარებებს სთავაზობს. ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი ადამინების დახმარება 200 ლარით 6 თვის განმავლობაში, რაზეც 450 მილიონია გამოყოფილი, ასევე თვითდასაქმებულების ერთჯერადად 300 ლარით დახმარება, რაზეც დაიხარჯება 75 მილიონი ლარი, საშემოსავლო შეღავათები დამსაქმებლებისთვის 250 მილიონია გამოყოფილი (გრაფიკი 4).

               

სიმართლეა, რომ მსგავსი დახმარებები მოკლევადიან პერიოდში ხელს უწყობს ადამინების მოტივირებას  ეკონომიკურად აქტიური გახდნენ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მსგავსი პოლიტიკა ხალხს ძვირად დაუჯდება, ვინაიდან ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მოსახლეობის ზრდასთან შედარებით კაპიტალის დაგროვების დაჩქარების გარდა, სხვა საშუალება არ არსებობს.  დასაქმებული ადამიანების ხელფასების გაზრდის ერთადერთი საშუალება კი,  ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციების ზრდის ამაღლებაა. მაგალითად, იმ ქვეყნებში სადაც გაცილებით მაღალი სახელფასო განაკვეთია, განპირობეულია იმით, რომ  მშრომელისთვის მძიმე შრომა და ძალისხმევა შემსუბუქებულია უკეთესი და ეფექტური ხელსაწყოებით. ამიტომ, ერთადერთი რამ რაც ხელისუფლებას შეუძლია გააკეთოს უმუშევრობის აღმოფხვრისთვის და ადამინების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის არის, შექმნას ისეთი ინსტიტუციონალური წყობა, სადაც წარმოების ტექნოლოგიური მეთოდების გაუმჯობესებისთვის კაპიტალის დაგროვების არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იარსებებს, ანუ მაქსიმალურად ნაკლები რეგულაციბი, გამართული და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, დაბალი გადასახადები და ნაკლები ბიუროკრატია, რათა მეტი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, რასაც თავისმხრივ აუცილებლად მოყვება დასაქმების ზრდა.

გააზიარე