მომხმარებელზე ზრუნვის ხარჯი - რას არ ვზოგავთ, მაშინ როდესაც გვიჭირს

თანამედროვე ხელოვნების ახლადშექმნილი ნიმუშების დასათვალიერებლად ბერლინის ერთ პატარა, ნაცრისფერ ქუჩაზე მდებარე გალერეაში შევდივარ. “კოლექციონერების ოთახში” ღიმილით მხვდებიან. ულიმიტო ბილეთს 7 ევროდ ვყიდულობ, ბონუსად გალერეის ბეჭდური გამოცემა, აუდიო გიდი, ერთი ჭიქა ყავა, ორცხობილები და ყველაზე მთავარი - თანამშრომლის კომენტარი მერგო: “კრიზისია და ასე ვიბრძვით, ყველაფერს ერთად გთავაზობთ”.

ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება საქართველოში არსებული კომპანიების სტრატეგიისგან. ფინანსური კრიზისი უპირველეს ყოვლისა მარკეტინგული დანახარჯების შემცირებას იწვევს, მაგრამ როდესმე თუ გიკითხავთ, რომელი უფრო გვაზარალებს, დიდი მარკეტინგული ხარჯი თუ მისი შემცირება?

რატომ არ აწარმოებს საქართველოში მოქმედი სწრაფი კვების უმხვილესი ქსელი შეფუთვას ქართულენოვანი წარწერით ან რამდენად მოსწონს და კითხულობს ქართველი მომხმარებელი უცხო ენაზე გაკეთებულ წარწერას? ვინ იფიქრა მომხმარებელთან ურთიერთობაზე?

რატომ არ ჰყავთ ქართულ კომპანიებს სოციალური მედიამენეჯერები და რატომ არ აქტიურობენ იქ, სადაც მათი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა, სწორედ მათ შესახებ საუბრობს? მარკეტინგული ხარჯის დაზოგვის მიზნით. არადა, სწორედ სოციალურ მედიაში უნდა განხორციელდეს ინვესტირება. ათასობით კვლევამ ცხადყო, მომხმარებლები მეტად ენდობიან მეგობრებსა და ნაცნობებს, ერთი სუბკულტურისა და სოციალური წრის წარმომადგენლებს, ისმენენ ერთმანეთის მოსაზრებებს და ბაძავენ კიდეც ერთმანეთს. ამგვარი ნდობა გაცილებით მაღალია ვიდრე ტელეეთერით ნანახი სარეკლამო რგოლი ან რადიოში მოსმენილი შეთავაზება. კომპანია, რომელიც ამცირებს სარეკლამო ბიუჯეტს, მარკეტინგული კვლევის, დიზაინისა და სხვა ხარჯებს, ამასთან სოციალურ მედიასაც უგულვებელყოფს, თვითლიკვიდაციას ახდენს.

ვიდრე მარკეტინგულ ხარჯებს შეამცირებთ, გახსოვდეთ - თქვენი მომხმარებელი რეალური ადამიანია – ის, რომელიც მხედველობის პრობლემების გამო თქვენს მიერ გაკეთებულ მცირე ზომის წარწერას ვერ კითხულობს. ის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის ქონის გამო თქვენს არაადაპტირებულ ოფისში ვერასდროს მოვა. ის, რომელსაც გრანდიოზულ ფასდაკლებას შეპირდით, შესაძენად მოსულს კი ხელჩართული ბრძოლა მოუხდა შეპირებული პროდუქტის მოსაპოვებლად. დიახ, თქვენს მომხმარებელს აქვს ემოციები, რომელიც მუდმივად იცვლება. თქვენს სასიკეთოდ ის შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც აგრძნობინებთ, რომ მასზე იზრუნეთ - მიესალმეთ და გაუღიმეთ, დაინტერესდით მისი მოსაზრებით, მიაწოდეთ მარტივი და გასაგები მარკეტინგული მესიჯი, უპასუხეთ მის შეკითხვას სოციალური მედიაში, აღიარეთ შეცდომა, რომელიც დაუშვით და შესთავაზეთ მისი გადაჭრის გზები.

და ბოლოს, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ნებისმიერი, მხოლოდ ერთი მომხმარებელი - თქვენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. როგორ გაუფრთხილდებოდით მას?

ნინო ენუქიძე, ასოცირებული პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა

წინა სტატია

გრანთ თორნთონის საერთაშორისო ბიზნეს ანგარიში: ოპტიმიზმის ინფოგრაფიკა
23 იანვარი, 2015

შემდეგი სტატია

საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირი
30 იანვარი, 2015
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა