"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “eBay“?

როგორ გამდიდრდა “eBay“?

ელექტრონული მარკეტინგის კომპანია “eBay“ შემოსავლების მიხედვით სექტორში მე-6 ადგილზეა. ჩინური კომპანიების აღზევებამდე, მას მეორე ადგილი ეკავა და მხოლოდ “ამაზონს“ ჩამორჩებოდა. 2019 წელს “eBay“-მ 11 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 1.7 მილიარდი შეადგინა. კომპანიის აქტივები 18 მილიარდი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 40 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 13 ათასზე მეტი ადამიანი.

“eBay“ 1995 წელს აშშ-ში, ქალაქ სან ხოსეში ირანული წარმოშობის ამერიკელმა პროგრამისტმა, პიერ ომიდიარმა დააარსა. პიერმა 1988 წელს კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი მასაჩუსეტში, ტაფტის უნივერსიტეტში მიიღო. შემდეგ სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში განაგრძო. 1991 წლიდან მოყოლებული ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა. 1995 წელს, როდესაც 28 წლის იყო დაწერა კოდი ონლაინ აუქციონის საიტისთვის, სადაც ადამიანები, ვისაც რამის გაყიდვა, ან ყიდვა სურდა, მარტივად დაუკავშირდებოდნენ ერთმანეთს. საიტს თავიდან “Auction Web“ ერქვა. მომავალ “eBay“-ზე პირველად, დაზიანებული ლაზერის მანიშნებელი გაიყიდა 15 დოლარად.

თავიდან პიერ ომიდიარისთვის “eBay“ ჰობის დონეზე იყო, მაგრამ როდესაც საიტის ყოველთვიური გადასახადი 30 დოლარიდან 250 დოლარამდე გაუზარდეს (“ტრაფიკის“ ზრდის გამო), ის უფრო სერიოზულად მოეკიდა “eBay“-ს. აიყვანა პირველი თანამშრომლები. 1996 წელს საიტზე 250 ათასი აუქციონი გაიმართა. 1997 წლიდან საიტზე თვითმფრინავის ბილეთების და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა საქონლის და მომსახურების გაყიდვები დაიწყო. შედეგად, 1997 წლის იანვარში, ერთ თვეში საიტზე 200 ათასი გარიგება შედგა.

კომპანიას “eBay“ ოფიციალურად 1997 წლის სექტემბრიდან დაერქვა. “eBay“ ომადიარის უკვე არსებული საკონსულტაციო კომპანიის (Echo Bay Technology Group) სახელის შემოკლებული ვარიანტი იყო. ამავე წელს “eBay“-მ პირველი მსხვილი ინვესტიცია – 6.7 მლნ დოლარი მიიღო სტარტაპების დამფინანსებელი კომპანიიდან “Benchmark Capita“.

კომპანიის მომავალ წარამტებაში დიდი როლი ითამაშა მეგ უიტამნამ, რომელიც 1998 წელს “eBay“-ს მმართველი გახდა. უიტმანს მმართველობითი გამოცდილება ჰქონდა “Walt Disney Company“-ში და “Hasbro“-ში. როდესაც “eBay“-ში მივიდა 30 თანამშრომელი და წლიური 4 მლნ დოლარის შემოსავალი დახვდა. 2008 წელს კი, როდესაც მან “eBay“ დატოვა, უკვე 15 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული და კომპანიის წლიური შემოსავალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დღეს მეგ უიტმანი “Procter & Gamble“-ის და “Dropbox“-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

1998 წელს “eBay“ საჯარო კომპანიად გარდაიქმნა (აქციები გაყიდა), რომლის შედეგად, პიერ ომიდიარი მილიარდერი გახდა. 2000 წელს “eBay“-ს უკვე 12 მლნ რეგისტრირებული მომხმარებელი ყავდა. საიტზე გასაყიდად 5 მლნ-მდე ნივთი იყო რეგისტრირებული.

2001 წელს, “eBay“-მ ევროპული ინტერნეტ აუქციონის საიტი “iBazar“ შეისყიდა, 2002 წელს კი “PayPal“. “PayPal“-ს 2014 წლამდე ფლობდა. 2005 წელს “eBay“-მ “Skype“ შეისყიდა, რომელსაც 2011 წლამდე ფლობდა.

2000-იანი წლები ინტერნეტ კომპანიების, მათ შორის, ელექტრონული მარკეტინგის კომპანიების სწრაფად გამდიდრების პერიოდი იყო და “eBay“-ს მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავლებიც სწრაფად იზრდებოდა. 2010 წელს შემოსავალმა 9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კომპანიამ რეკორდული წლიური შემოსავალი 2013 წელს მიიღო – 16 მილიარდი დოლარი. შემდეგ წლებში შემოსავლის შემცირება ძირითადად “PayPal“-ის ცალკე გამოყოფას უკავშირდება.

2020 წელს პიერ ომიდიარმა “eBay“-ს მმართველობითი საბჭო დატოვა და დღეს საპატიო დირექტორია. მისი ქონება 22 მილიარდ აშშ დოლარამდეა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა