რა არის "საქართველო 2020"?

რა არის “საქართველო 2020”? ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მთავრობის ხედვას ასახავს, გვაჩვენებს სად ვართ დღეს და სად უნდა ვიყოთ 5 წლის შემდეგ. დოკუმენტი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა, დღემდე მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა და დისკუსია, რომელშიც კერძო და არასამთავრობო სექტორიცაა ჩართული. დისკუსიების მიზანი კი მისი დახვეწა და სრულყოფაა.

ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული დოკუმენტი სამ ძირითად პრიორიტეტს ისახავს, ესენია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ადამიანური რესურსების განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. თავის მხრივ, თითოეული ეს მიმართულება აერთიანებს საკითხთა ფართო სპექტრს და ფარავს ადამიანთა ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვან სფეროს. დოკუმენტი ორიენტირებულია  არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკურ განვითარებაზე, არამედ,  ასევე, კონკრეტული სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეკონომიკის სფეროში მიღწეული შედეგები ადამიანთა ჯგუფების ცხოვრებაზე. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ არჩეულ სტრატეგიას საფუძვლად უდევს სოციალური სამართლიანობის პრინციპი. თუმცა, დოკუმენტის სიღრმისეულად გაცნობის შემთხვევაში, დავინახავთ, რომ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეოლოგიური ხედვა, რომელსაც ის ეყრდნობა. ერთი მხრივ იკვეთება შეზღუდული სახელმწიფოს იდეა და მცირე რეგულაციების არსებობის მნიშვნელოვნება, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება საყოველთაო განათლებასა და სოციალურ დახმარებებზე, რაც ბუნერივია აჩენს კითხვებს, რომლებზე პასუხებიც დოკუმენტში არ მოიპოვება.  

“საქართველო 2020”-ით გაწერილ თითოეულ აქტივობას თან მოსდევს ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს საბოლოოდ მიღწეული შედეგები. ჩემთვის, როგორც ეკონომიკური განათლების არმქონე პირისთვის (თუმცა, ჩემი აზრით, დოკუმენტი წაკითხვადი უნდა იყოს არა მხოლოდ ვიწრო სპეციალისტებისთვის) წარმოდგენილი ინდიკატორები არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. ეკონომიკის ზრდისა თუ სხვა მიმართულებებით დასახელებული რიცხვები, მეჩვენება, რომ არც ისე რეალურია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტის ავტორებმა არ მიმართეს კონკრეტულ კვლევის მეთოდებს, არ გაუზომავთ პოტენციურად მიღწევადი შედეგები და ეს მრგვალი და ლამაზი რიცხვები საკუთარი გემოვნებით შეარჩიეს. ასეც რომ არ იყოს, დოკუმენტში არ ჩანს, თუ რა არის რეალურად ამ რიცხვების შერჩევისა და დასახელების საფუძვლები.

პირადად ჩემთვის, კიდევ უფრო მეტად გაუგებარია, რამდენად მიღწევადი შეიძლება იყოს ეს შედეგები იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ამ დროის განმავლობაში (დოკუმენტის შექმნიდან ერთი წლის თავზე) იკლებს და სახელმწიფო ინსტიტუტები და მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ერთობლივად არიან ორიენტირებული არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზე.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, დოკუმენტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საყრდენად წარმოაჩენს თითქმის ყველა სფეროს თანაბრად განვითარებას. შესაბამისად, ის არ არის ორიენტირებული უნიკალური კომპეტენციების იდენტიფიცირებაზე, მათ განვითარებაზე და ამის საფუძველზე შესაბამისი პოზიციონირების მიღწევაზე. სტრატეგიის მიხედვით ძალისხმევა და რესურსები თანაბრად უნდა გადანაწილდეს მრავალ სხვადასხვა სფეროზე, რაც ეფექტს ბუნებრივია, შეამცირებს. განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ წარმატების მიღწევის საფუძველი შეიძლება იყოს სწორედ იმის მიგნება, თუ რა აქვს ქვეყანას განსხვავებული, გამორჩეული და უნიკალური.

სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით არ ფიქრობს, არ ცდილობს გამოიკვლიოს და გამოკვეთოს ის, რაც ჩვენთვის არის უნიკალური და რითაც რეალური წარმატების მიღწევას შევძლებდით. დოკუმენტით არ არის გათვალისწინებული რომელიმე კონკურენტუნარიანი სფეროს გამოყოფა, მისი გაძლიერება და ამ სფეროში კლასტერების შექმნის წახალისება, რაც დიდი ალბათობით ბევრად უფრო დადებითად აისახებოდა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე, ვიდრე თითოეულ სფეროში შედეგების მცირედით გაუმჯობესება.

გარდა იმისა, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ინდიკატორების შერჩევის პრინციპი სრულიად გაუგებარია, ასევე ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე შეირჩა ინტერვენციის კონკრეტული ფორმა.  

დოკუმენტის შექმნის პროცესში არ არის გაკეთებული გარემოს ანალიზი, ძლიერი და სუსტი მხარეებისა და პესტელ ანალიზი. ასევე, დოკუმენტი ორიენტირებულია უფრო მეტად იმაზე, თუ როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს რამდენიმე წლის შემდეგ და არა იმაზე, თუ როგორ გავიუმჯობესოთ პოზიციონირება კონკურენტებთან შედარებით, რეგიონში და ა.შ.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული დოკუმენტი საკმაოდ ზოგადი და ზედაპირულია. მიუხედავად ამისა, კარგია, რომ შეიქმნა, რადგან ის ოდნავ უფრო მეტად ხელშესახებს ხდის მოქალაქეთათვის, ექსპერტებისთვის, მკვლევარებისთვის და ზოგადად დაინტერესებული პირებისთვის იმ ხედვას, რაც მთავრობას გააჩნია ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. მიუხედავად დოკუმენტში წარმოდგენილი უმეტესად არარეალური სურვილებისა, დოკუმენტის არსებობა სამოქალაქო და კერძო სექტორის და ასევე, ექსპერტების მხრიდან მეტი ინტერაქციისა და შესაბამისად, ხედვის გაუმჯობესების სულ მცირე შანსს მაინც იძლევა.

წინა სტატია

შრომის ბაზარი საქართველოში
10 მარტი, 2015

შემდეგი სტატია

შერწყმისა და შეძენის პროგნოზები ბიზნესში
23 მარტი, 2015
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა