სტიქიური უბედურება და ბიზნესის კეთების ახალი სტანდარტი საქართველოში

2006 წელს, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სტრატეგიული მენეჯმენტის სპეციალისტი, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი მაიკლ პორტერი ერთ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. სტატია კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და მის კონკურენტულ უპირატესობასთან კავშირს აანალიზებს. პორტერი წერს, რომ არსებობს ოთხი ძირითადი მიზეზი, რატომაც კომპანია იღებს გადაწყვეტილებას გახდეს სოციალურად პასუხისმგებელი. ესენია:

1. მორალური ვალდებულება - გულისხმობს კომპანიის პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოსა და მოსახლეობაზე, მიაღწიოს კომერციულ წარმატებას ეთიკური ნორმების დაცვის პარალელურად, პატივი სცეს ადამიანს, ბუნებას და საზოგადოებას.

2. მდგრადობის შენარჩუნება - მიზნების მიღწევისთვის საჭირო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას მის სამომავლო შედეგებზე ზრუნვა, გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნება კორპორატიულ მოქალაქედ პოზიციონირების გზით.

3. ოპერირების ლიცენზია - გულისხმობს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის რეგულაციას, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა იმ ადამიანებსა და გარემოზე რომელშიც ისინი ოპერირებენ. მწარმოებელი კომპანიებისთვის მსგავსი რეგულაციები განსაკუთრებით მკაცრი და მომთხოვნია, რომ არ მოხდეს წარმოების პროცესის შემდგომი გარემოს დაბინძურება და ორგანიზაცია აცნობიერებდეს მის გავლენას იმ მიკროგარემოში, რაშიც არსებობს.

4. რეპუტაცია - საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთერთი უმთავრესი საზრუნავი. მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, რომ კომპანიები კარგი რეპუტაციით, უფრო სემოსავლიანია. მათი აქციის ფასი შესაძლოა საფონდო ბირჟაზე მხოლოდ იმ მიზეზით გაიზარდოს, რომ კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა მრავალი ინვესტორისთვის, გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ფაქტორია. ეს ერთგავრი დაზღვევაა ყველა შესაძლო რისკისგან რომელიც უპასუხისმგებლო კომპანიებს პრობლემების წინაშე აყენებს. პრობლემები - მთავარი მიზეზია იმისა, რომ 1960-იანი წლებიდან მოყოლებული CSR (Corporate Social Responsibility) სულ უფრო ხშირად მოიხსენიება სხვადასხვა კვლევებსა თუ ბიზნეს გამოცემებში.

თუმცა, კეთილი ნებით არაფერი დაწყებულა. მრავალრიცხოვანი გამოსვლები და საპროტესტო აქციები, მედიის დიდი ინტერესი და საზოგადოების მიერ კორპორატიული საქმიანობის მონიტორინგი გახდა მიზეზი იმისა, რომ ორგანიზაციები საზოგადოებაზე ზრუნვის შესახებ დაფიქრდნენ. 1990 წელს, კომპანია ნაიკი მსოფლიო მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა, ინდონეზიაში დასაქმებულ მუშათა შრომის გაუსაძლისი პირობების შექმნისთვის. კომპანია უოლმარტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს, ასევე გახდა კრიტიკის ობიექტი შრომისთვის შეუსაბამო ანაზღაურებისა და არასრულფასოვანი სადაზღვეო პაკეტების თანამშრომელთათვის შეთავაზებისთვის. 1995 წელს, ნავთობმომპოვებელი კომპანია შელის ოპერირების ფორმებმა, გრინფისის ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. აღშფოთებული საზოგადოება გაჩერებას არ აპირებდა, მენეჯერები კი მიხვდნენ, რომ მხოლოდ საკუთარ ფინანსურ კეთიდღეობაზე ზრუნვა, ფინანსურ დანაკარგებამდე მიიყვანდა მათ.

დღეს, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ორი თეორია არსებობს:

პირველის თანახმად, ის ორგანიზაციისთვის ფინანსურად მომგებიანია. მაგალითად, პოლიეთილენის ფერადი შეფუთვის ნაცვლად, მუყაოს შეფუთვა გაცილებით ეკონომიური და “მწვანეა”, ენერგოდამზოგავი სისტემების დანერგვა აგრეთვე ეკონომიურია და CSR პრინციპს პასუხობს. კომპანიები რომლებიც საზოგადოებაზე, გარემოსა და ბუნებაზე ზრუნავენ, მომხმარებელთა კეთილგანწყობას იმსახურებენ, ზრდიანი ბრენდის მიმართ ერთულებას, ეს კი აუცილებლად აისახება მათ ფინანსულ მაჩვენებლებზე.

მეორე თეორიის თანახმად, კორპორატიული სოციალურ პასუხისგებლობა სცდება ბიზნესის ეკონომიკურ როლს. ის ხშირად იტვირთავს სახელმწიფო უწყებების ფუნქციას და თუ აქტივობები არ გულისხმობს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, წარმოიქმნება ერთგვარი დისონანსი. ფინანსური მომგებიანობის შესახებ კრიტიკა არც აქ აყოვნებს - შესაძლოა კომპანიამ, დროის გარკვეულ მონაკვეთში გაზარდოს მისი რეპუტაცია ან/და გაყიდვები, მაგრამ ეს ხდება მის მიერ გაწეული დიდი დანახარჯების ფონზე, რომელიც საბოლოო ჯამში ერთმანეთს უტოლდება.

ერთი რამ ცხადია: მომხმარებლებს მოსწონთ კომპანიები, რომლებიც სოციალურად პასუხისმგებელნი არიან. მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო კი ცდილობს დაარეგულისროს კომპანიის მიერ პასუხისმგებლობის აღების საკითხი. მაგალითად ინდოეთში, უკვე არსებობს ე.წ. 2%-იანი პრინციპი რომელიც მსხვილ ორგანიზაციებს ავალდებულებს წლიური მოგების 2% სოციალური პასუხისმგებლობისთვის დახარჯოს. ევროპის მრავალმა ქვეყანამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, წლიურ ანგარიშში მიუთითონ, რა ნაბიჯები გადადგეს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

ინვესტორები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს მსგავსი კორპორაციების მუშაობას და ინვესტირების განხორციელებამდე აუცილებლად მოიძიებენ მსგავს ინფორმაციას. სისტემური მონაცემების არსებობის მიზნით, მსოფლიოში მრავალი ორგანიზაცია დაარსდა, რომელიც კორპორატიულ მოქალაქეობასა და ფილანტროფიას აღრიცხავს, წაახალისებს და აჯილდოვებს. კომპანია CECP (Committee Encouraging Corporate Philantrophy) უკვე აერთიანებს 270-ზე მეტ მულტიმილიონიან ორგანიზაციას და კონსულტაციას უწევს მათ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. კორპორაციების ჯამური შემოსავალი 8.3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოში, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა მცირე მასშტაბით, ერთეულმა კომპანიებმა თუ დანერგეს. ამასთან, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები არ მოდის თანხვედრაში კომპანიის სტრატეგიასთან. სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები არაფერს აკეთებენ გარემოს დასაცავად, სწრაფი კვების ობიექტების მცირედი ნაწილი თუ ამბობს უარს პოლიეთილენის შეფუთვაზე და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციები ამ მიმართულებით არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს საზოგადოებრივი ცნობიერება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ.

ის რაც 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მოხდა, გამოფხიზლების ზარს ჰგავდა. ტრაგედია, რომელმაც შეუფასებელი დანაკარგი წარმოშვა და რომლის გამოსასწორებლად მოხალისეებმა არნახული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინეს, გახდა ბიძგი კომპანიებისთვის, გადაქცეულიყვნენ კორპორატიულ მოქალაქეებად. სტარტი საბანკო სექტორმა აიღო, მას კი ყველა მცირე თუ საშუალო ზომის ორგანიზაცია მიჰყვა. 10000, 20000, 50000, 1000000 ლარი - დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხული თანხის ოდენობა სულ უფრო იზრდება, პროპორციულად იზრდება ორგანიზაციული ბენეფიტებიც:

1. კომპანიებმა, რომლებმაც აიღეს სოციალური პასუხისმგებლობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის უპრეცედენტო პრაქტიკა შექმნეს - სლოგანები “მუდამ თქვენს გვერდით”, “თქვენს სამსახურში” და ა.შ. რეალურ მაგალითებად აქციეს და ამით მთელი სამოქალაქო საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვეს. მსგავსი მასშტაბით, კორპორატიული სივრცე არასოდეს დახმარებია მათ, ვინც საჭიროებს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, სოციალური პასუხისმგებლობის კულტურას საქართველოში სწორედ 13 ივნისს ჩაეყარა საფუძველი. ის, რომ მოსახლეობის კეთილგანწყობა კომპანიას კონკურენტულ უპირატესობას, ბრენდის მიმართ ლოიალურობას და სწორ პოზიციონირებას ანიჭებს, ყველამ კარგად ვიდით.

2. ორგანიზაციებმა მიიღეს გამოცდილება, იმისა თუ როგორ იქმნება ტაქტიკურ მოქმედებათა ჯაჭვი, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ, არამედ საზოგადოებაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებისკენ. მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები გაითავისონ იმ ორგანიზაციებმა, რომელთაც არასოდეს გადაუდგავთ ნაბიჯი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. იკვლიონ და გაზომონ ის მატერიალური თუ არამატერიალური ეფექტი, რომელიც მოუტანა მათ ამ აქტივობებმა და განსაზღვრონ მიმართულებები, რომლის მხარდაჭერასაც მუდმივად განაგრძობენ. სტიქიური უბედურება ტრაგედიაა, რომელიც არ უნდა იყოს ერთადერთი გარემოება კორპორატიული კულტურის ჩამოსაყალიბებლად. ადაპტირებული სივრცეებით კეთილმოწყობა, გარემოს დაბინძურებაზე ზრუნვა, მოწყვლადი და დაბალკონკურენტული ჯგუფების დასაქმება და სხვა მრავალი პრობლემა, რომელიც საქართველოშია, არც ერთ ორგანიზაციას არ აძლევს მოდუნების უფლებას.

და ბოლოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთერთ კლასიკურ მაგალითს გავიხსენებ:

როდესაც აშშ-ს ქარიშხალი “კატრინა” დაატყდა თავს, ნიუ ორლეანის აკვარიუმში ევაკუაცია გამოცხადდა. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, კომპანია “ფედექსმა” გადაწყვიტა 19 გახიზნული პინგვინი მშობლიურ შტატში, განახლებულ აკვარიუმში დაებრუნებინა. კომპანიამ უზრუნველყო მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება, ვეტერინართა ჯგუფის ასისტირება და 100,000$-იანი ჩეკი მათზე შემდგომი ზრუნვისათვის. ეჭვგარეშეა, რომ ცოცხლად დარჩენილ პინგვინებს, სითბოსა და სიყვარულს არ მოაკლებენ საქართველოში, და მაინც, მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, განაგრძონ სოციალური პასუხისმგებლობის აღება და იზრუნონ მათზე, ვინც საჭიროებს.

წინა სტატია

ფულადი გზავნილები საქართველოში
12 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

როგორ დავითვალოთ სტიქიით მიღებული ზიანი და შევაფასოთ სავარაუდო ზარალი
16 ივნისი, 2015
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა