სტიქიური უბედურებების პრევენციული ღონისძიებები

(ავტორი: რევაზ გერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).

უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილების გამო, ბუნებრივი კატასტროფების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. გაეროს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში სტიქიური უბედურებების შედეგად 200 მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება, ეკომიგრანტთა რაოდენობა 25 მილიონს, ხოლო ეკონომიკური დანაკარგები 100 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

საქართველო ბუნებრივი კატასტროფების მაღალი ალბათობით ხასიათდება, რამაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მიღებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

სამწუხაროდ, 13 ივნისს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია მოხდა. წყალდიდობამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. დაზარალდნენ ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები და საკუთარ ქალაქში იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ. სტიქიას ემსხვერპლა თბილისის ზოოპარკის ბინადარი ცხოველები.

წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობის განსაზღვრა ჯერ-ჯერობით რთულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, რაც რამდენიმე ძირითადი მიმართულებით გამოიხატება:

დაზიანებული ინფრასტრუქტურა და მისი აღდგენის ხარჯი. მოგეხსენებათ წყალდიდობის შედეგად განადგურდა სტიქიის ზონაში არსებული საცხოვრებელი სახლები, მთლიანად დაიტბორა ე.წ. ვაკე-საბურთალოს ახალი გზა, დაზიანდა თბილისის რამოდენიმე ქუჩა, განადგურდა ზოოპარკი. ამ ყველაფრის აღდგენა ცხადია ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას მოითხოვს. თუმცა, აღსანიშნავია ქართველი ხალხის, ადგილობრივი ბიზნესის და სხვა წყაროების ერთიანობა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს არსებულ ვითარებას.

ზაფხულის სეზონი საქართველოში ტურისტულად დატვირთულია, ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ცხადია მსოფლიოს პრესაში თბილისის წყალდიდობის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას უარყოფითი გავლენა ექნება იმ პოტენციურ ვიზიტორებზე, რომლებიც გეგმავდნენ ახლო მომავალში საქართველოში ვიზიტს.

სტიქიური უბედურებები აზიანებს გარკვეულ ბიზნესებს, ამცირებს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას და იწვევს ეკონომიკური აქტივობის შენელებას, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრის პერიოდზე.

ემპირიული კვლევების თანახმად, სტიქიურ უბედურებებს უარყოფითი გავლენა აქვს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინებაზე. თბილისის წყალდიდობა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაზე ნეგატიურ ეფექტს იქონიებს, რადგან ასეთი ფაქტები ზრდის რისკს, რომელზეც ინვესტორები ძალიან სენსიტიურად რეაგირებენ. მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დონორებისგან უცხოური დაფინანსების მოპოვებას დადებითი გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე.

სტიქიის უარყოფითი შედეგების მინიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების არსებობა. ამ მიმართულებით შესაძლებელია ევროპის გამოცდილების მოკლე განხილვა.

1998 – 2009 წლებში ევროპაში მოხდა 213 მნიშვნელოვნად საზიანო წყალდიდობა, რასაც მოყვა 1 126 ადამიანის მხვერპლი, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის გადაადგილება და 52 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკური ზარალი.

2006 წელს ევროკომისიის მიერ მომზადებულ იქნა წყალდიდობების შეფასებისა და მართვის დირექტივები, რომელიც წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს წყალდიდობების რისკის მქონე ტერიტორიების გამოვლენას და აღნიშნული რისკის მინიმუმამდე დაყნავის მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარებას.

დირექტივის განხორციელება სამ ძირითად ეტაპს მოიცავს:

პირველი ეტაპი: 2011 წლის დეკემბრამდე წყალდიდობების რისკის პირველადი შეფასება. ყველა იმ მდინარის ხეობების და სანაპიროების განსაზღვრა, რომელიც შესაძლოა წყალდიდობის რისკის მატარებელი იყოს.

მეორე ეტაპი: 2013 წლის დეკემბრამდე, დადგენილი ადგილებისთვის შესაბამისი რისკ რუკების მომზადება, რომლებიც სამი სხვადასხვა სცენარისთვის  (სტიქიის მაღალი, საშუალო და დაბალი ალბათობა) წყალდიდობის მასშტაბს და შედეგს განსაზღვრავს.

მესამე ეტაპი: 2015 წლის დეკემბრამდე წყალდიდობის რისკების მართვის და პრევენციის გეგმის წარდგენა.

ცხადია, წინასწარ ბუნებრივი კატაკლიზმების დადგომის დროის და ადგილის განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს პრევენციული ღონისძიებები, რომლის განხორციელებით შესაძლებელია შემცირდეს სტიქიის მოხდენის ალბათობა და უარყოფითი შედეგები.

წინა სტატია

ინფლაციური მოლოდინები და სტატისტიკა
19 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმოხილვა
26 ივნისი, 2015
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა