საქართველოს სადაზღვევო ბაზარი 2015: ფაქტები და შესაძლებლობები

2015 წლის ნოემბერში დაზღვევის მარეგულირებელმა ორგანომ გამოაქვეყნა სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები. ასევე, უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრების 2014 წლის მონაცემები. ეს საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებული მდგომარეობა, დავინახოთ ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის ადგილი მსოფლიო სადაზღვევო სამყაროში და დავსახოთ განვითარების სტრატეგიული მიმართულებები.

2015 წლის პირველ 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 292 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, გაცემულია 126 მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურება. პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლომდე საპრემიო თანხა 370 მილიონ ლარს მიაღწევს.

მიღებული პრემიები არასიცოცხლის დაზღვევის სახეობების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ჯანმრთელობის დაზღვევა – 130 მილიონი ლარი (ბაზრის 45%), ქონების დაზღვევა – 57 მილიონი ლარი (20%), ავტომობილების დაზღვევა – 43 მილიონი ლარი (15%), დანარჩენ სახეობებში სულ 62 მილიონი ლარი პრემიაა მოზიდული.

დაგროვებადი და დაბრუნებადი დაზღვევიდან საპენსიო დაზღვევაში 2015 წლის სამ კვარტალში 3,75 მილიონი ლარი იყო საპენსიო შენატანების სახით მიღებული. სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევის წილი ბაზარზე ნულოვანია. ბაზარზე მოქმედებს 14 სადაზღვევო კომპანია და 7 საპენსიო სქემის დამფუძნებელი.

პირველი, რისი განზოგადების საშუალებასაც ეს მონაცემები გვაძლევს, ისაა, რომ საქართველოში ბოლო წლების მანძილზე სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ მოზიდული ჯამური პრემია რამდენიმე ასეული მილიონი ლარის რანგისაა და ბოლო წლების განმავლობაში ზრდადია (თუ სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამებს არ ჩავთვლით, 2014 წელს პრემია წინა წელთან შედარებით გაიზარდა 52 მილიონი ლარით, პროგნოზის მიხედვით, 2015 წელს 70-მილიონიანი ზრდა იქნება). როგორც ქვემოთ დავინახავთ, ბაზარს უფრო მეტი პოტენციალი აქვს, თუმცა ეს შესაძლებლობა გამოყენებული არაა.

მეორე, რაც აშკარად იქცევს ყურადღებას, შემდეგია: 2015 წ. სამ კვარტალში არასიცოცხლის დაზღვევის პრემიისა და საპენსიო შენატანების ჯამია 297 მილიონი ლარი და აქედან საპენსიო დაზღვევის პრემიაა 3,75 მილიონი ლარი ანუ ჯამური პრემიის მხოლოდ 1,27 % (წინა წლებშიც ანალოგიური პროპორცია იყო). ეს ნიშნავს, რომ საქართველოში საპენსიო და სიცოცხლის დაზღვევა არ არსებობს.

მესამე: დაზღვევის სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა ხდება 18 სახეობის მიხედვით და ამათგან პრემიების ლომის წილი, 79%, დაზღვევის მხოლოდ სამ სახეობაზე მოდის (დაახლოებით ასეთი პროპორციებით იყო გადანაწილებული ბაზარი 2013 და 2014 წლებშიც).

მეოთხე: დაზღვევის ლიდერ სახეობებში საერთოდ არ მოხვდა ავტოტრანსპორტის მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის სავალდებულო სახით არ ხორციელდება, რაც ბაზრის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილია. არადა ყველა ძლიერი და თითქმის ყველა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ეს დაზღვევა სავალდებულოა და მას ბაზარზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია (ჩვენთან დაახლოებით 1 მილიონ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტოტრანსპორტის მფლობელთა პასუხისმგებლობის მხოლოდ 52 000 პოლისია გაცემული).

საქართველოს ბაზრის მდგომარეობის ზუსტი სურათის მისაღებად აუცილებელია კიდევ ორი მნიშვნელოვანი მაჩვენებლის – ერთ სულ მოსახლეზე სადაზღვევო პრემიის სიდიდისა და მთლიან შიდა პროდუქტში სადაზღვევო პრემიის წილის გაანალიზება. მსოფლიოს მასშტაბით ეს მონაცემები შემდეგია:

მსოფლიოს სადაზღვევო ინდუსტრიის წილი მსოფლიო მშპ-ში 6,17 %-ია; განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია 8,15 %, ხოლო განვითარებადის – 2,71 %. საქართველოს მაჩვენებელია 0,83 %.

მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე $662 პრემია მოდის; განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია $3,666, ხოლო განვითარებადის – $136. საქართველოს მაჩვენებელია $37.

ზოგადად, ამ მაჩვენებლების მაღალი სიდიდეები ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში (რეგიონში) სადაზღვევო სისტემა ძლიერია: მაღალია დაზღვევის მოცვა ანუ ცოტაა დაუზღვეველი ობიექტი, მოქმედებს სავალდებულო დაზღვევები, მაღალია სადაზღვევო კულტურა და დაზღვევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის (რეგიონის) ეკონომიკაში (არა მხოლოდ ზარალების ანაზღაურების მხრივ, არამედ ქვეყანაში საინვესტიციო რესურსების მობილიზებისა და ინვესტირების გზითაც). ამ უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლების დაბალი სიდიდეები ჩვენს ქვეყანაში გამოწვეულია ქვეყნის მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობით, რისკების მართვის დაბალი კულტურით, სავალდებულო დაზღვევის სახეობების არარსებობით და საპენსიო/ სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განუვითარებლობით.

ერთ სულ მოსახლეზე პრემიის დაბალი მაჩვენებელი და სადაზღვევო ინდუსტრიის მშპ-ში დაბალი მაჩვენებელი სხვა რამეზეც მიგვანიშნებს: სადაზღვევო ბაზარს აქვს დიდი პოტენციალი. სადაზღვევო სისტემის ძლიერება პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ამავე დროს თვითონაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე, მოსახლეობის გადახდისუნარიანობასა და ბიზნესის სიძლიერეზე. სადაზღვევო ბაზარზე დღეს ძალიან მაღალია კონკურენცია, კომპანიები ძალებს არ იშურებენ კლიენტების მოსაპოვებლად, თუმცა მხოლოდ კომპანიების ეს ძალისხმევა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობის და ე.წ. სადაზღვევო კულტურის/ გამოცდილების გათვალისწინებით, ბაზარზე უახლოეს წლებში გარდატეხას ვერ შეიტანს – ვისაც ჰქონდა სურვილი და შესაძლებლობა, ის უკვე დაზღვეულია, ბაზრის მკვეთრი ზრდა უახლოეს ერთ- ორ წელიწადში ვერ მოხდება. ამიტომ ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელია მსოფლიოში აპრობირებული შემდეგი მეთოდების გამოყენება:

პირველი: ძლიერი სადაზღვევო სისტემების მქონე ქვეყნების მსგავსად აუცილებელია ავტოტრანსპორტის მფლობელთა მესამე პირებისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის (MTPL) სავალდებულო წესით შემოღება. საქართველოში ახლა მიმდინარეობს ამისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები. სავალდებულო MTPL დაახლ. 200 მილიონი რანგის პრემიის მობილიზებას შეუწყობს ხელს, ასევე, სადაზღვევო სისტემას დაეხმარება ინფრასტრუქტურულ, ფინანსურ, საკადრო გაძლიერებაში (აღარაფერს ვამბობ დაზღვეულებისთვის იმ დიდ სოციალურ და ფინანსურ შედეგზე, რისთვისაც ეს დაზღვევაა განკუთვნილი). ეს მოთხოვნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობებშიცაა ჩადებული და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ამ საკითხის დამუშავებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაც აქტიურადაა ჩართული.

მეორე: გეგმაზომიერი მუშაობა უნდა დაიწყოს დაზღვევის სხვა სახეობების, ძირითადად, პროფესიული (პროფესიული საქმიანობის გამწევი პირები და ორგანიზაციები) და სამოქალაქო პასუხისმგებლობის (სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოები, მომატებული საფრთხის საწარმოები) სახეობების სავალდებულო წესით შემოღებაზე.

მესამე: აუცილებლად უნდა ამოქმედდეს კერძო საპენსიო დაზღვევა. ამ საკითხზე მუშაობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საპენსიო ოფისი და იმედია, 2016 წლიდან შესაძლებელი იქნება საქართველოს სპეციფიკაზე მისადაგებული, მსოფლიოში აპრობირებული პერსონიფიცირებული მოდელის დანერგვის დაწყება. გარდა დაზღვეულთა სოციალური და ფინანსური დაცულობისა, ეს ქვეყნისთვის ათეულობით მილიონი (გრძელვადიან პერსპექტივაში – ასეულობით მილიონი) ლარის საინვესტიციო რესურსი იქნება. მასშტაბები რომ დავინახოთ, საკმარისია ამ რიცხვებს გადავხედოთ: 2014 წელს მსოფლიოში სადაზღვევო პრემიამ $4,8 ტრილიონი შეადგინა, აქედან არასიცოცხლის დაზღვევაზე მოდიოდა 44,4 %, ხოლო სიცოცხლის/ საპენსიო დაზღვევაზე – 55,6 %, საქართველოში კი ეს თანაფარდობა პროცენტულად 99/1-ია. საპენსიო და სიცოცხლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას რამდენიმე წლის წინ რომ მიქცეოდა ყურადღება, დღეს ქვეყანაში 12 361 საპენსიო პოლისისა და 18 მილიონი ლარი საპენსიო რეზერვისნაცვლად თითქმის ყველა სტაბილურად დასაქმებული პირი იქნებოდა საპენსიო დაზღვევაში ჩართული, ხოლო ეკონომიკაში ათეულობით მილიონი ლარი იქნებოდა ინვესტირებული.

სახელმწიფოს ინიციატივების კარგი პრეცედენტი უკვე გვაქვს: 2014 წლის შემოდგომიდან ამოქმედდა აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა – ეს არაა სავალდებულო სახის დაზღვევა, თუმცა სახელმწიფო ფერმერებს დაზღვევის მოტივაციას უქმნის სადაზღვევო პრემიაში თანადაფინანსების მექანიზმით (დღემდე გაცემულია 27 000 პოლისი, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების თანხაა 13,5 მილიონი ლარი). არც ერთ ქვეყანაში აგროდაზღვევა არ განვითარებულა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე და ჩვენთანაც ეს პროგრამა (წლიური შედეგების მიხედვით მოდიფიცირებული სახით) აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

სტატიის ფორმატიდან გამომდინარე, აქ არ გაგვიანალიზებია დოლარი/ლარის კურსის ცვლილებისა და სახელმწიფო პროგრამების ბაზრიდან გასვლის გავლენა ბაზარზე. ასევე არ შევხებივართ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დაზღვევის განვითარებაში. მოკლევადიან პერსპექტივაში ზემოთ აღნიშნული სამი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს სადაზღვევო სისტემის გაძლიერების უმნიშვნელოვანესი ფაქტორები.

წინა სტატია

ნოემბერში საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები 34 მილიონი დოლარით გაიზარდა
09 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

სომხეთში მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა
10 დეკემბერი, 2015
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა