ციფრული ეკონომიკა: კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზა

2008 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს მძლავრი ფინანსური კრიზისის ფონზე, სამუშაო ადგილების შექმნა, საწარმოო ხარჯების მინიმიზაცია, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება – ყველაზე აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებია ქვეყნებისათვის. რთული სათქმელია, რამდენად მიჰყვება საქართველო თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ეკონომიკა ქვეყნების ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის თანამედროვე, უძლიერესი ინსტრუმენტია.

ეკონომიკა, დაფუძნებული ციფრულ ტექნოლოგიებზე, ციფრულ ეკონომიკას წარმოადგენს. ელექტრონული კომერციის, ორგანიზაციული პროცესების კომპიუტერიზებული მართვისა და ციფრული ინფრასტრუქტურის ზრდის ტემპი მსოფლიოში ძალიან სწრაფია, ის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორია. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება, ციფრული ეკონომიკის პრინციპზე დაყრდნობით, ზრდის ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობას. ამ სტიმულატორს ძალუძს ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება და ახალი სამუშაო ადგილების უმოკლეს დროში შექმნა.

სოციალური მედია, მობილური ვებსერვისები, კომპიუტერული ქლაუდ- სისტემები და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ბიზნესის მართვის იმ ფორმებს, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში ინერგება. ერთეული ორგანიზაციების, ინდუსტრიებისა ან სულაც ქვეყნების წინაშე დგას არჩევანი – გაითავისონ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სიკეთე თუ ზრდის ტემპი შეანელონ და არაკონკურენტულ ერთეულებად იქცნენ. 2016 წლიდან მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარს ანუ 3 მილიარდ ადამიანს ექნება წვდომა ინტერნეტთან. ეს თავისთავად გულისხმობს ცოდნის გავრცელების გამარტივებულ პროცესებს, საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის სიმარტივეს და ა.შ. აშშ და შვედეთი ტრენდსეტერები არიან: ბოლო რამდენიმე წელიწადში 500,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შტატებში, მობილური აპლიკაციების ინდუსტრიაში შეიქმნა. ევროპის ქვეყნები ჯერ კიდევ მიმდევრის პოზიციაში არიან. ციფრული ეკონომიკის პრინციპები სრულფასოვნად, ევროპული ორგანიზაციების მხოლოდ 2%-ს აქვს დანერგილი, 41% სრულიად არაციფრულია, არ გამოიყენება ორგანიზაციული მართვის კომპიუტერული სისტემები, საქმის წარმოება არა ვირტუალურ, არამედ ძირითადად რეალურ დოკუმენტბრუნვაზეა დამყარებული.

გადავხედოთ სტატისტიკას:

ციფრულ ეკონომიკაში უკვე დასაქმებულია 200 მილიონი ადამიანი. 2020 წლამდე ეს რიცხვი 50%-ით გაიზრდება;

ევროპის მასშტაბით, 2020 წელს, ციფრულ ეკონომიკაში იმუშავებს დამატებით 5 მილიონი ადამიანი;

• Intel-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში 19 მილიონი პროგრამისტია, მათი რიცხვი 2019 წელს 25 მილიონამდე გაიზრდება;

• 2020 წელს 50 მილიარდი უკაბელო მოწყობილობა დაუკავშირდება ერთმანეთს, ეს კი 15-ჯერ გაზრდის გადაცემული ინფორმაციის მოცულობას;

• 2020 წელს ახალი სამუშაოს დაწყების მსურველი კანდიდატების 90% დადგება სავალდებულო მოთხოვნის წინაშე, რომ მათ უნდა იცოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება;

საერთაშორისო ორგანიზაციების 75% 2016 წლისთვის გეგმავს მასშტაბურ ინვესტირებას ციფრულ ტექნოლოგიებში.

წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობებს იძლევა მაღალტექნოლოგიური სფერო ახალგაზრდებისთვის, ვისთვისაც კომპიუტერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, და ეს იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი საგანგაშო პარამეტრებს აღწევს: საბერძნეთი – 55%, ესპანეთი – 52%, ევროპის სხვა ქვეყნები – 20-22%, საქართველო – 31%. ასეთ პირობებში ციფრული ეკონომიკის განვითარება, ინოვაციების ხელშეწყობა, მაღალტექნოლოგიური სისტემების მცირე ორგანიზაციებში დანერგვაც კი შესაძლოა, სინათლის ერთადერთი სხივი იყოს გვირაბის ბოლოს. ევროკომისიის გაანგარიშებით, ევროპული ქვეყნების მიერ შვედეთის ან აშშ-ის მაგალითის “ანარეკლის პრინციპით“ დანერგვა დამატებით 1,500,000 სამუშაო ადგილს შექმნიდა. პრინციპი გულისხმობს საკანონმდებლო ბაზის მომზადებას, ცნობადობისა და სწავლების კომპონენტის გაძლიერებას, ციფრული მეწარმეობის მხარდაჭერას.

ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების თანახმად, მცირე ბიზნესის ზრდის ტემპი საშუალოდ 3-ჯერ მაღალია, თუ ორგანიზაცია ციფრული ტექნოლოგიებით ხელმძღვანელობს. მცირე ბიზნესერთეულების მხოლოდ 10% რჩება ბაზარზე, კომერციალიზაციიდან 3 წლის შემდეგ. მძლავრი კონკურენცია მარტივად განდევნის ბაზრიდან სუსტ ერთეულებს.

განვიხილოთ სოციალური მედიის მაგალითი: მცირე ან საშუალო ზომის კომპანია, რომელსაც სურს ცნობადობის ამაღლება, გაყიდვების სტიმულირება ან ზოგადად, კომპანიის პოზიციონირება, დგება არჩევანის წინაშე – კომპლექსურად გამოიყენოს ტრადიციული, ძვირად ღირებული მედიასაშუალებები თუ უპირატესობა მიანიჭოს მხოლოდ სოციალურ მედიას და ამ გზით მისწვდეს იმ აუდიტორიას, ვისთანაც სურს კომუნიკაცია; ანუ დახარჯოს მინიმალური რესურსი და უწყვეტ რეჟიმში აკონტროლოს მომხმარებლის აზრი მისი კომპანიის შესახებ. შეზღუდული რესურსების პირობებში, თქვენ რომელს აირჩევდით? რა თქმა უნდა, სოციალურ მედიას. ის ზოგავს თანხებს, სწვდება ფართო აუდიტორიას, ახდენს სწორ პოზიციონირებას და მარკეტინგული კვლევის ერთგვარ ალტერნატივასაც კი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება ეფექტის მომტანი და მართებულია. კომპანიებმა, რომელთაც გაააქტიურეს სოცმედია-პლატფორმა, 20-22%-ით გაზარდეს გაყიდვები.

ციფრული მეწარმეობის მხარდასაჭერად, ევროკომისიამ სახელმწიფო აქტივობების 5 ძირითადი მიმართულება გამოყო:

ციფრული განათლებისა და ცოდნის საბაზო სისტემების არსებობა;

ციფრული ბიზნეს გარემოს სტიმულირება და მხარდაჭერა;

გამარტივებული წვდომა ფინანსებთან;

ციფრული უნარებისა და ნიჭის მხარდაჭერა;

ციფრული სამეწარმეო კულტურის გაძლიერება.

ციფრული სამეწარმეო კულტურის გაძლიერება მნიშვნელოვანი ქმედება იქნება სახელმწიფოს მხრიდან. პროგნოზირებული 250-მილიარდიანი ზრდა ევროპის ქვეყნების ეკონომიკაში ევროკომისიას ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმის მანდატს ანიჭებს.

საქართველოში არსებული ლეგალური, ტექნოლოგიური თუ ადამიანური ბარიერი მნიშვნელოვანწილად აფერხებს ციფრული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის შესაძლებლობებს. საერთაშორისო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ციფრული ეკონომიკა ქვეყნის მშპ-ის ზრდის ყველაზე სწრაფ და ეფექტიან გზას წარმოადგენს. ევროკომისიის მიერ რეკომენდებული აქტივობების თანმიმდევრულად გატარების შემთხვევაში, 20%-იანი ზრდა საკმაოდ რეალისტური მიზანია საქართველოსთვის.

განვითარებადი ქვეყნების ციფრული ეკონომიკის ზრდის ყოველწლიური საშუალო მაჩვენებელი 18%-ს აღწევს. განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში კი საშუალოდ 8%-ს.

აღნიშნული ტენდენციის დასამკვიდრებლად ამოქმედებულია რამდენიმე გლობალური პროექტი: “ ევროკავშირის ინციატივა – Digital Agenda For Europe, Europe 2020 Initiative“; “ეკონომიკური ფორუმის ინციატივა – Grand Coalition for Digital Jobs-ი და სხვა. ევროკავშირის მხრიდან იგეგმება მილიონობით ინვესტიციის განხორციელება პერსონალის გადამზადებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებისათვის.

საერთაშორისო ორგანიზაცია დელოიტის მიერ, ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგად, იდენტიფიცირებულია რიგი აქტივობებისა, რომლებიც გადააწყობს ქვეყნის ეკონომიკას ციფრულ პლატფორმაზე და ამ გზით უზრუნველყოფს ეკონომიკურ კეთილდღეობას. რეკომენდაციებს შორისაა:

ციფრული ინოვაციების შესახებ მარკეტინგული კამპანიის ჩატარება;

არსებული ინდუსტრიის კლასტერული გაძლიერება;

სპეციფიკური ინდუსტრიებისთვის შესაბამისი ციფრული პლატფორმების შეთავაზება და გაძლიერება;

ციფრული მეწარმეობის შესახებ ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიის ჩატარება;

ახალგაზრდა მეწარმეების გაცვლითი პროგრამების სტიმულირება;

ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა;

მეწარმეობის სწავლების კომპონენტის გაძლიერება;

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წახალისება ციფრული ბიზნესის დასაწყებად (და სხვა).

ბენჩმარკისთვის შეგვიძლია განვიხილოთ სილიკონის ველის, როგორც ინოვაციური ეკოსისტემის ტრენდსეტერის შემთხვევა: სილიკონის ველი ქმნის სტარტაპ-ეკოსისტემას არა მხოლოდ კალიფორნიაში, არამედ აშშ-ში მთლიანად და ამას საჯარო სექტორის ფრთხილი, შერჩევითი ჩართულობის ფონზე ახორციელებს. სტენფორდის უნივერსიტეტის პოზიციონირება და მათი სამეწარმეო საქმიანობაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის არსებობა პოზიტიურად აისახება სან-ფრანცისკოს ყველაზე ინოვაციურ სივრცეზე, სადაც ინოვატორი კურსდამთავრებულები ახალი იდეებით იპყრობენ სილიკონის ველს. ამასთან, კალიფორნიის საგადასახადო სისტემა არ არის მომართული ინოვაციების ხელშეწყობასა და ფინანსების ხელმისაწვდომობაზე, შესაბამისად, ის ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია.

განსაკუთრებით დამაჯერებლად ჟღერს საქართველოში ციფრული ეკონომიკის წარმატება, თუ განვიხილავთ ბერლინის მაგალითს, სადაც დაბალი საცხოვრებელი ხარჯის გამო, მაღალტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული სპეციალისტები ემიგრირებენ. ქვეყანა მათთვის განსაკუთრებულ საგადასახადო შეღავათებს აწესებს იმ შეთხვევაში, თუ სპეციალისტები ინოვაციურ ბიზნესს წამოიწყებენ.

თუმცა, ყველა ზემოთ ხსენებულ ქვეყანასა და ქალაქს შორის, ყველაზე შთამბეჭდავი ციფრული ეკონომიკური ზრდა სინგაპურს აქვს. ქვეყნის მთავრობა უწყვეტად ეძებს შესაძლებლობებს მაღალი ტექნოლოგიების დასანერგად. ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშეწყობისთვის სამთავრობო დონეზე შექმნილი სააგენტოები იძიებენ ინვესტორებს, ვენჩურულ კაპიტალისტებსა და მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის ციფრულ პლატფორმაზე გადაწყობას შეძლებენ. შედეგად, არსად ბიზნესის მართვა ისე მარტივი არ არის, როგორც სინგაპურში. მთავრობის აქტიური ქმედებები და სწორი პოლიტიკა სინგაპურის წარმატების განმსაზღვრელია.

ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ “გაციფრულება“ არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სტარტაპების გაჩენას ბაზარზე. მთავარია, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ყველა შესაძლო სექტორში მოხდეს. ეკონომიკური ზრდა სხვაგვარად შეუძლებელი გახდება. ბარიერები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, აერთიანებს განათლებაში გასატარებელ რეფორმას, ციფრული სამეწარმეო კულტურის არარსებობასა და რიგ რეგულაციებს, რომელთა მოგვარება სახელმწიფოს აქტიური ჩართულობითაა შესაძლებელი.

წინა სტატია

რევოლუციონერი
10 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 37 დოლარამდე შემცირდა
11 დეკემბერი, 2015
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა