პრობლემა: დაბალი შობადობა თუ მაღალი მიგრაცია?

მსოფლიო მოსახლეობის ნახევრის შობადობის ჯამური მაჩვენებელი (TFR) 2.1-ს ქვემოთაა, ანუ იმ მინიმუმს ქვემოთ, რაც თაობათა ცვლილებისთვის არის საჭირო. შობადობის დონე განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაშია დაკლებული, რის შედეგადაც რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა უკვე მოსახლეობის შემცირებას განიცდის. ამან ზოგიერთ მთავრობას ისეთი სტრატეგიების შემუშავებისკენ უბიძგა, რომლებიც მეტი შვილის გაჩენას წაახალისებს. საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, შობადობის დაბალმა მაჩვენებლებმა შეაშფოთა, მეორე მხრივ კი მასზე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იქონია გავლენა, რომელიც ოჯახური ღირებულებების შესუსტებასთან დაკავშირებით აკეთებდა განცხადებებს. შედეგად, მთავრობამ 2013 წელს დემოგრაფიული განვითარების ფონდი დააარსა. გარკვეული ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, რათა ანაზღაურებადი დეკრეტი 126-დან 183 დღემდე გაზრდილიყო, უხელფასო კი - 477-დან 730-მდე. პარალელურად, სამშობიარო სუბსიდიები 600-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, 2014 წლის ივლისიდან მთავრობას 6 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული თვიური 150-200 ლარის ოდენობის სახელმწიფო შემწეობებში, რომლებიც იმ ოჯახებს ეძლევათ, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავს და იმ რეგიონებში ცხოვრობს, სადაც ბოლო 2 წლის მანძილზე მოსახლეობის კლება აღინიშნება.

გასულ წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მოსახლეობის სიტუაციის ანალიზი (PSA) მოამზადა, რათა შეფასებულიყო მოსახლეობასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები ქვეყანაში, მათ შორის იმგვარი სტრატეგიების შემუშავების საჭიროება, რომლებიც ბავშვებიანი ოჯახებისთვის ტვირთის შემსუბუქების ნაცვლად, პირდაპირ შობადობის სტიმულირებაზეა ორიენტირებული. ამ ანალიზის შედეგები, 2014 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებთან ერთად, მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი მთლად ის არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს.

1990-იანებში სოციალიზმის კოლაფსისა და თანამდევი სოციალური არეულობის შემდეგ, სტატისტიკური ავტორიტეტები (საქსტატი) სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან მოსახლეობის ძირითადი ტენდენციებისთვის თვალყურის მიდევნების თვალსაზრისით; ამ სირთულეთა რიცხვშია მოსახლეობის საერთო რიცხოვნობისა და შობადობის დონის დადგენა. იმ ფაქტმა, რომ, 2014 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა, წინასწარი შეფასებით, მხოლოდ 3.73 მილიონს შეადგენდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), კიდევ უფრო განამტკიცა ისეთი დემოგრაფების ეჭვები, როგორიც გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი წულაძე. ამ ეჭვების თანახმად, მოსახლეობის 2002 წლის აღწერა, შესაძლოა, 10%-ით გადაჭარბებულ სურათს იძლეოდა. ბევრი საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი, შესაძლოა, კვლავაც საქართველოში, თავის ძველ სახლში ყოფილიყო ოფიციალურად ჩაწერილი, რისი მიზეზიც, თავის მხრივ, იმ გარკვეული უფლებების დაკარგვის შიშს უკავშირდება, რითაც შესაძლოა, თავად ამ ადამიანებს ან მათ ოჯახებს ესარგებლათ მობინადრის რანგში.

მეორე მხრივ, იმ პერიოდის მერე, რაც შობადობის შემცირების (ან რეალური, ან დაბადების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეულის) აღრიცხვა მოხდა, არ არსებობს რაიმე მყარი მაჩვენებელი, რომ 2008 წლიდან რიცხვები საქართველოში გაიზარდა. ეს გარემოება, მოსახლეობის იმ უფრო პატარა ნიშნულთან ერთად, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული, ნიშნავს, რომ ასე საგანგაშოდაც არაა საქმე და შობადობის დონე საქართველოში მთლად ასე არაა დაცემული. უახლესი მონაცემები ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის (იმ მიგრანტთა გამოკლებით, რომლებიც სამშობიაროდ საქართველოში ჩამოდიან) შობადობის ჯამურ მაჩვენებელს 2.0-სა და 2.1-ს შორის აქცევს, ე.ი. მაჩვენებელი თაობათა განახლების დონეს შეესატყვისება ან სულ ოდნავ ამ დონის ქვემოთაა. ეს საქართველოს ევროპაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. მოსახლეობის შემცირების მიმდინარე ტენდენცია საქართველოში – განსაკუთრებით ეკონომიკურად აქტიურ ეპოქაში – გამოწვეულია არა ახალშობილების სიმწირით, არამედ იმ ფაქტით, რომ უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში ხალხი კვლავ საზღვარგარეთ მიდის. 1990-იანებიდან მოყოლებული, ემიგრანტთა რიცხვმა იკლო, მაგრამ საქსტატის უახლესი სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ პროცესი ისევ გრძელდება.

ცხადია, მთავრობას შეუძლია, სცადოს და შობადობის მომატებით ემიგრაცია დააბალანსოს, მაგრამ ეს ჭკვიანური ნაბიჯი არ იქნება. პირველ რიგში, შობადობაში გაკეთებულ ინვესტიციებს, ნაყოფის გამოსაღებად, დიდი დრო – სულ ცოტა, ოცი წელი – სჭირდება. მოკლევადიან პერსპექტივაში, გაზრდილი შობადობა მხოლოდ გაზრდის სხვათა კმაყოფაზე მყოფი პირების კოეფიციენტს ქვეყანაში – თანაფარდობა 15 წელს ქვემოთ და 65-ს ზემოთ მყოფადამიანებსა და სამუშაო ასაკის მოსახლეობას შორის არაპროპორციულად გაიზრდება. მეორე – ემიგრაციის კომპენსაციის მიზნით მშობიარობის დაფინანსებას დამახინჯებული ეფექტი აქვს: როცა არა მხოლოდ ადამიანური კაპიტალის უნარები, არამედ ბოლოს, საკუთრივ ემიგრანტთა არსებობა სახელმწიფოს სუბსიდირებაზე ხდება დამოკიდებული, ე.წ. „ტვინების გადინების“ ხარჯები მატულობს.

მიგრაცია უმუშევრობის მაღალი დონით გამოწვეული სოციალური წნეხების შემსუბუქების გზაა, მაგრამ ის აძლიერებს ქვეყნის დამოკიდებულებას ფულად გზავნილებზე. ფულადი გზავნილები სიღარიბეს ამცირებს, ზრდის ოჯახის ხარჯებს სამომხმარებლო საქონელზე, ჯანმრთელობასა და განათლებაზე, თუმცა კვლევები, როგორიცაა გერბერისა და ტოროსიანის კვლევა (2000), აჩვენებს, რომ საქართველოში ფულადი გზავნილების შედარებით მცირე წილი თუ გამოიყენება პროდუქტიული კაპიტალდაბანდებისთვის. ქართველი ემიგრანტები ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი ინტერესს, როგორც ჩანს, არ გამოხატავენ. ასე, მაგალითად, მელქაძემ (2012) აჩვენა, რომ მასპინძელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში არსებული უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები არ აისახება ფულადი გზავნილების ზრდაზე. მსგავს სიტუაციას, როცა ფულადი გზავნილები, უმთავრესად, მიმდინარე სამომხმარებლო მოთხოვნების დასაფინანსებლად გამოიყენება, ეკონომიკურ დამოკიდებულებამდე მივყავართ, რაც გამომგზავნთა ავტონომიურ განვითარებას საერთოდ არ აძლევს ხელს.

ამჟამად, ფულადი გზავნილები საქართველოსთვის უცხოური შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს, ეხმარება ეროვნულ ვალუტას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე საბიუჯეტო დეფიციტის შემსუბუქების საქმეში. მსოფლიო ბანკის თანახმად, 2014 წელს ფულადი გზავნილები მშპ-ის 12%-ს შეადგენდა, რაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) 12 ქვეყანას შორის საქართველოს მე-5 ადგილას აყენებს ტაჯიკეთის (42%), ყირგიზეთის რესპუბლიკის (31%), მოლდოვასა (26%) და სომხეთის (19%) შემდეგ. ფულადი გზავნილების ასეთი მნიშვნელოვანი როლი სარისკო ამბავია, რადგან მასპინძელ ქვეყანაში ფინანსური სიტუაციის გაუარესება დაუყოვნებლივ გამოიწვევს ფულადი გზავნილების შემცირებას. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს სერიოზულად შეეხო საბერძნეთისა და რუსეთის ბოლოდროინდელი კრიზისები.

აქედან გამომდინარე, ის, რაც საქართველოს სჭირდება, არა შობადობის წამახალისებელი პოლიტიკა, არამედ ეფექტიანი ზომებია, რათა მოხდეს უმუშევრობის შემცირება და სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა, რის შედეგადაც ქართველები აღარ იდგებიან იმ აუცილებლობის წინაშე, რომ უკეთესი შესაძლებლობები ქვეყნის გარეთ ეძებონ. ამ გზით, იმ ადამიანებსაც მივაწვდენთ ხმას, ვინც უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობს და შესაძლოა, ზოგი მათგანი დავარწმუნოთ კიდეც, რომ დაბრუნდეს და საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო გამოცდილება და ახალი უნარ-ჩვევები ჩამოიტანოს.

რალფ ჰაკერტი არის დემოგრაფი და UNFPA-ის ყოფილი თანამშრომელი. ის ახლა კერძო კონსულტანტად მუშაობს. 2014 წელს გახლდათ UNFPA-ის მოსახლეობის სიტუაციის ანალიზის წამყვანი ავტორი. მაკა ჭითანავა ISET Policy Institute-ის უფროსი მკვლევარი და მოსახლეობის სიტუაციის ანალიზის თანაავტორია.

წინა სტატია

აღმასრულებელი დირექტორი ცვლის წესებს და აშენებს იმპერიას
17 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო საქმიანობაშია
17 დეკემბერი, 2015
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა