ენერგია 2050 წელს

წელს, ალბათ პირველად კომპანიის არსებობის მანძილზე, გაყიდვები 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ასეთია ორი ნავთობკომპანიის - ამერიკული ExxonMobil-ისა და ბრიტანეთში რეგისტრირებული ჰოლანდიური Shell-ის - შეჯიბრების შედეგი. მარტის ბოლოს გამართულ სილიკონის ველის ჩერჩილის კლუბის წვეულებაზე შევხვდი და ვესაუბრე Shell-ის აღმასრულებელ დირექტორს, პიტერ ვოსერს.

როგორ გახდა პროფესიით ეკონომისტი Shell-ის აღმასრულებელი დირექტორი?
პირველი ნაბიჯები Shell-ში გადავდგი, მაგრამ შემდეგ შვეიცარიაში ABB-ის ფინანსურ დირექტორად გადავედი. 2004 წელს Shell-ში კრიზისი იყო და ისევ დავბრუნდი, უკვე ფინანსური დირექტორის რანგში.

რა იყო კრიზისის მიზეზი?
კომპანიამ გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი ნავთობის მარაგი, რასაც რამდენიმე ხელმძღვანელი პირის დათხოვა მოჰყვა.
ღმერთო ჩემო! და შემდეგ 2009-ში თქვენ უკვე აღმასრულებელი დირექტორი გახდით.
დიახ, ეს კომპანიისთვის შოკისმომგვრელი იყო! მეორე შოკი იყო ხელმძღვანელად ეკონომისტის და არა ტექნოლოგის დანიშვნა. ამდენად, უკვე დასაწყისშივე დამხვდა გამოწვევები. სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე უარი განვაცხადე ამ თანამდებობაზე.

მაინც რამ გადაგაწყვეტინათ საბოლოოდ დათანხმებულიყავით შემოთავაზებას?
Shell-ის დირექტორთა საბჭოს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ჩემთან. 2007 წელს კომპანია 100 წლის გახდა და ჩვენ დავსახეთ გეგმები, თუ როგორ გვექცია Shell მსოფლიო ლიდერად მომდევნო 100 წლის მანძილზე. 2050 წელს დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდის ნაცვლად 9 მილიარდი იქნება; ენერგორესურსების მოხმარება, სულ ცოტა, გაორმაგდება; ამასთან, მხოლოდ ჩინეთში 600 მილიონი, ან მეტი, ავტომობილი იმოძრავებს. შესამუშავებელი იყო სტრატეგია, თუ როგორ მოემსახურება Shell ახალი მსოფლიოს გაზრდილ მოთხოვნებს.

თქვენ აღმასრულებელი დირექტორი 2009 წელს, გლობალური კრიზისის დროს გახდით. როგორი იყო ეს?
მე ყოველივე ამას აღვიქვამდი, როგორც ჩემი უნარის გამოვლენის უდიდეს შესაძლებლობას. Shell, თავისი დამძიმებული სტრუქტურებითა და იერარქიული მმართველობით, ძალზე ჩამორჩებოდა ცხოვრების დაჩქარებულ რიტმს. მოსვლის პირველივე დღიდან ჩემი სურვილი ყოველივე ამის შეცვლა იყო.

ტრანსფორმაციის დაჩქარება ყველა აღმასრულებელი დირექტორის პრიორიტეტია. სად იმალება ამ კარის გასაღები?
ორ რამეში: პირველი - თქვენ დასაწყისშივე სწორი ურთიერთობა უნდა ააგოთ და ნათლად გამოხატოთ, თუ რა გსურთ; მეორე - ცვლილებები ზემოდან დაიწყეთ. ჩვენ 20%-ით შევამცირეთ Shell-ის ტოპმენეჯმენტი, რამაც კომპანია უფრო მოქნილი გახადა, გამარტივდა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების გზები, პასუხისმგებლობა გადანაწილდა ქვედა ფენებზეც. ამის შემდეგ არაორდინარული ნაბიჯი გადავდგი - Shell-ის 14 ათას მმართველ მენეჯერს ვთხოვე, თავიდან გაეკეთებინათ განაცხადი დაკავებულ თანამდებობაზე.

რა დრო დასჭირდა Shell-ის საორგანიზაციო სტრუქტურის შეცვლას?
შვიდი თვე. მართალია, მინდოდა ყველაფერი ექვს თვეში დამთავრებულიყო, მაგრამ შვიდი თვის შედეგებითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. როდესაც რაიმეს შეცვლის გადაწყვეტილებას იღებ, სწრაფად უნდა იმოქმედო.

საიდან აპირებთ მსოფლიო ენერგორესურსის მოპოვებას?
მოდი, ფაქტებით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენი გათვლებით 2050 წლისათვის მსოფლიოში ენერგორესურსებზე მოთხოვნა გაორმაგდება. ახალი მოთხოვნის 90% წამოვა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნებიდან, დაკვეთების ნახევარი ჩინეთზე მოდის. ციფრები, რომელსაც მე თქვენ გეუბნებით, გათვლილია ენერგიის ეფექტიანად მოპოვებასა და ხარჯვაზე. თუ ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ 2050 წლისათვის გასამმაგებულ მოთხოვნას მივიღებთ. ენერგორესურსებზე მოთხოვნა ძალზე სწრაფად იზრდება სიღარიბიდან გამოსულ ქვეყნებში - ელემენტარულად, ადამიანებს უჩნდებათ საშუალება და სურვილი შეიძინონ პირველი ავტომანქანები და მაცივრები. ნათლად უნდა გავიაზროთ, რომ მომდევნო 20-25 წელი ენერგორესურსებზე მოთხოვნის ინტენსიური ზრდის პერიოდი იქნება.

და თქვენი აზრით, მომდევნო 20-25 წლის მანძილზე ვერაფერი ჩაენაცვლება წიაღისეულ საწვავს?
დიახ, ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ სწრაფად მივაღწიოთ მოთხოვნის შესაბამისად რესურსის ეფექტიანად გამომუშვებას, მაგრამ მიწოდების მხრივ ცვლილებების განხორციელებას ათწლეულები დასჭირდება.
ზოგს მიაჩნია, რომ თქვენ ჯეროვნად არ აფასებთ ქარის მიმართულების, მზისა და ბიოსაწვავის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს.

თუ გადავხედავთ ახალი ენერგორესურსების ტექნოლოგიების ისტორიას, დავინახავთ, რომ სულ ცოტა 25-30 წელი დაიხარჯა მოთხოვნის თუნდაც 1% დაკმაყოფილებაზე. ეს არ არის მობილური ტელეფონის ტიპის ცვლილება, რომლის განხორციელება სულ რაღაც ექვს თვეშია შესაძლებელი. ბიორესურსებით გამომუშავებული ენერგია აკმაყოფილებს გლობალური მოთხოვნის მხოლოდ 1%-ს, მალე შესაძლებელი გახდება მზის ენერგიის გამოყენებაც, რაც ასევე მხოლოდ 1%-ს დააკმაყოფილებს. ეს არ არის ახალი ტექნოლოგიები. ინოვაცია, რომელიც ჩვენ რეალურად გვჭირდება თავად ინოვაციის პროცესშია - ათვისების ტემპი ხომ დღემდე კერკეტი კაკალია.

რატომ კერკეტი კაკალი?
გლობალური ენერგოსისტემა კომპლექსურია, წარმოუდგენელი ლოგისტიკური გამოწვევებით.

როგორ ფიქრობთ, უკვე ამოვწურეთ ნავთობის მარაგი?
ჩვენ უკვე ნამდვილად მივაღწიეთ იაფი ნავთობის პიკს. ნავთობი, სხვა ენერგორესურსის მსგავსად, სულ უფრო და უფრო ძვირდება.

Shell ყოველთვის ნავთობკომპანია იქნება?

ნება მიბოძეთ, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ორი სფეროს თაობაზე: პირველი - ურთიერთობა ენერგო-, წყლისა და კვების რესურსებს შორის. მოგეხსენებათ, დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდამდე გაიზრდება, რაც თავისთავად გამოიწვევს არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ წყლისა და საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნის გაორმაგებას; და მეორე - ურბანიზაცია. დღეს დედამიწის მოსახლეობის 50% დიდ ქალაქებში ცხოვრობს. 30 წელიწადში ქალაქის მოსახლეობა 75%-ს მიაღწევს. ამ პერიოდში ერთმილიონიანი ახალი ქალაქები ყოველ კვირას სოკოებივით მომრავლდება. მათი ელექტროენერგიით, წყლითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს უმთავრეს გამოწვევად იქცევა.

Shell-ის აღმასრულებელი დირექტორი ოდესმე შეიძენს ელექტრომობილს?
არა,ვიდრე ქვანახშირი ენერგიის უმთავრესი წყაროა!

 

წინა სტატია

მომდევნო ტალღა
29 მაისი, 2012

შემდეგი სტატია

რისკის მენეჯერები
29 მაისი, 2012
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა