რისკის მენეჯერები

რომ არა ფილმი The Blind Side, ალბათ ვერასდროს გაიგებდით და არც დაინტერესდებოდით, ვინ არიან ენდრიუ კოსოვი და ბროდერიკ ჯონსონი ან რა არის Alcon Entertainment. ჰოლივუდში, სადაც მრავალრიცხოვანი კორპორაციული კონგლომერატები რეგულარულად უშვებენ Transformers-ისა და Thor-ის ტიპის $150-მილიონიან ან Our Idiot Brother-ის მსგავს მცირებიუჯეტიან დამოუკიდებელ ფილმებს, კოსოვისა და ჯონსონის ადგილი სადღაც ამ ორ უკიდურესობას შორისაა. ისინი იღებენ ფილმებს, რომლებიც საშუალოდ $60 მილიონი ჯდება და კინოთეატრების მოყვარულთა ფართო მასებზეა გათვლილი, მაგალითად, Dolphin Tale, Something Borrowed და The Book of Eli - არანაირი ბლოკბასტერი, მხოლოდ ფილმები, რომლებსაც დედათქვენი სიამოვნებით ნახავდა. ურიგო არ არის.

მაგრამ როგორც ყველა ჰოლივუდური ისტორია, ეს ამბავიც საინტერესოდ ვითარდება. 2008 წელს მათ შეიძინეს ფილმ The Blind Side-ის საავტორო უფლებები. ეს არის მაიკლ ლუისის ბესტსელერი მდიდარ თეთრკანიან ქალზე, რომელმაც უსახლკარო შავკანიანი ბიჭი იშვილა და ეროვნული საფეხბურთო ლიგისკენ მიმავალ გზაზე დააყენა. ეს იყო ერთ-ერთი მორიგი ფილმი-საოცრება $34-მილიონიანი ბიუჯეტითა და სანდრა ბალოკით მთავარ როლში.
ფილმი 2009 წლის ჰიტი გახდა და $310 მილიონი შეაგროვა. Alcon-ს არ ჰყავდა სხვა, გარე ინვესტორები, ამიტომაც მთელი მოგება - $200 მილიონი - კოსოვისა და ჯონსონის კომპანიას ერგო. ამ ფაქტმა მათ ყველაზე ჭკვიან მოთამაშეთა სახელი მოუტანა.

რას გააკეთებენ კოსოვი და ჯონსონი ამ თანხით? ალბათ რაიმე უჩვეულოსა და განსხვავებულს. ისინი ნადირობენ ჰოლივუდის ყველაზე მოუხელთებელ ცხოველზე: ფრანშიზაზე. წყვილმა ცოტა ხნის წინ შეიძინა კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის, Blade Runner-ის, აგრეთვე Point Break-ის (ფილმი სერფერ-კრიმინალებზე პატრიკ სვეიზისა და კიანუ რივზის მონაწილეობით) გაგრძელების უფლებები. ეს კი ნიშნავს უფრო დიდ ბიუჯეტს, მაღალ მარკეტინგულ ხარჯებს და საშუალო თაობის იმ ნაწილის გაღიზიანებას, რომლებიც ამ სახელწოდების ფილმების ორიგინალების თაყვანისმცემლები არიან. „პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ნამდვილად ღირს ამ რისკზე წასვლა, - ამბობს კოსოვი, - მაგრამ არ არსებობს ამ რისკის მოხსნის ჯადოსნური გზა". მათ უკეთ იციან.

42 წლის კოსოვი და 44 წლის ჯონსონი ჯერ კიდევ პრინსტონში სწავლისას დამეგობრდნენ და კინოს ინდუსტრიას 1991 წელს შეუერთდნენ - მას შემდეგ, რაც კოსოვმა წაიკითხა New York Times-ის სტატია ქუჩის კალათბურთის ნიუიორკელ ვარსკვლავ პი ვი კირკლანდზე, რომელმაც NBA-ში კარიერას ნარკოტიკებით ვაჭრობა არჩია. ყოველგვარი გამოცდილებისა და კავშირების გარეშე, წყვილმა დაარწმუნა კირკლანდი, საკუთარი ისტორიის უფლებები $3 ათასად მიეყიდა მათთვის.

მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას აკეთებდნენ. ორივემ პერსპექტიული მომავალი დადო სასწორზე (კოსოვმა - სამართლის სკოლა, ხოლო ჯონსონმა - Salomon Brothers). მათ შეიძინეს წიგნები და კინოინდუსტრიის ეკონომიკის შესწავლას შეუდგნენ. იმ პერიოდში მეგობრებმა საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღეს: ელიოტ კასტნერმა (The Long Goodbye), რომელიც თავის დროზე წარმატებული პროდიუსერი იყო, დაარწმუნა ისინი ერთად ემუშავათ რომანტიკული კომედიის შექმნაზე და შემდგომ მოგება გაეყოთ. როდესაც იგი უკვალოდ გაქრა, ბიჭები ფილმისა და ფულის გარეშე დარჩნენ.

გულგატეხილ კოსოვსა და ჯონსონს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ხელი აეღოთ კინოინდუსტრიაში ჩართვის იდეაზე და ნამდვილი სამსახურები ეშოვათ, როდესაც მათ FedEx-ის დამფუძნებლის, ფრედ სმიტის ადვოკატმა დაურეკა. სმიტს კასტნერის ჩავარდნილ პროექტში ფულადი ინვესტიციები ჰქონდა განხორციელებული და ახლა პასუხს ითხოვდა.

„ჩვენ არ დავუმალეთ, რასაც ამ სიტუაციის შესახებ ვფიქრობდით, - ამბობს ჯონსონი, - ვუთხარით, რომ ამგვარად არც ბიზნესი კეთდება და არც შეძლებულმა პიროვნებამ უნდა მოიხმაროს ასე თავისი ფული".

ამან სმიტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან გადაწყვიტა მათთვის „სასიცოცხლო ფული" მიეცა, რათა კომედია დაესრულებინათ და მყიდველი ეპოვათ, რაც მას ინვესტიციების ჩამოწერის შესაძლებლობას მაინც მისცემდა. კოსოვმა და ჯონსონმა სმიტს პასუხად ერთი რამ სთხოვეს: წაეკითხა მათი ბიზნესგეგმა. სმიტი, რომლის მიერ შემუშავებული FedEx-ის დაფუძნების გეგმა ერთ დროს იელის უნივერსიტეტის კლასში სასაცილოდაც არ ეყოთ, დათანხმდა.

როგორც 220-გვერდიან ბიზნესგეგმაში იყო აღწერილი, დამოუკიდებელი კინობიზნესის პრობლემა მისი მაღალი რისკიანობა იყო. ფინანსური ხარჯების საკუთარ თავზე აღებასა და ფილმების გაყიდვის იმედად დარჩენას აზრი არ ჰქონდა. გონივრული ნაბიჯი იქნებოდა თავიდან სტუდიისგან მიეღოთ გარანტირებული სადისტრიბუციო შეთანხმება და ფილმები მხოლოდ ამის შემდეგ დაეფინანსებინათ. ისინი სტუდიას დისტრიბუციის თანხის 15%-ს გადაუხდიდნენ და ბიუჯეტი და ზედნადები დაბალი ექნებოდათ. კოსოვი და ჯონსონი აპირებდნენ პირველი სამი წლის განმავლობაში წლიური ხელფასი მხოლოდ $48 ათასი ჰქონოდათ. გეგმამ სმიტზე შთაბეჭდილება მოახდინა.

„მათ რისკის მართვისადმი მათემატიკური მიდგომა ჰქონდათ, - ამბობს სმიტი, - ისინი კინოს ბიზნესს ვენჩურული კაპიტალისტების პოზიციიდან მიუდგნენ. მათ იცოდნენ, რომ ყოველ ჯერზე ჰიტს ვერ გამოუშვებდნენ, ამიტომ მთავარ მიზნად რისკის მინიმუმამდე დაყვანა დაისახეს".

იგი დათანხმდა ფილმების დაფინანსებაზე. მათი პირველი მცდელობა, დევიდ სპეიდის სრულიად უვარგისი ფილმი სახელად Lost and Found, ჩავარდა. შემდეგ Warner Bros-ში მომუშავე მეგობრებმა მიაწოდეს My Dog Skip - ფილმი, რომელიც სტუდიამ DVD-სათვის შეიმუშავა. კოსოვმა და ჯონსონმა ფილმი $6 მილიონად გააკეთეს, ხოლო სალაროდან $35,5 მილიონი მოხსნეს. მას 2000 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში 75-ე ადგილი ერგო, Alcon-მა კი დაახლოებით $20 მილიონი წმინდა მოგება ნახა.

შემდეგი წლების განმავლობაში Alcon-მა გამოუშვა კიდევ რამდენიმე ანალოგიური მოგების ფილმი, როგორიცაა Dude, Where's My Car?, The Sisterhood of the Traveling Pants და P.S. I Love You. კოსოვი და ჯონსონი დაფინანსების ორი მოდელიდან ერთ-ერთს იყენებდნენ. თუ ფილმს ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ წარმატებული ყოფილიყო (როგორც „ექშენის" ჟანრის ფილმი The Book of Eli), ისინი ფილმის უფლებებს საზღვარგარეთის დისტრიბუტორებზე ყიდდნენ, გადაღებებს კი კანადისა და ჯორჯიის შტატის მსგავს ადგილებში აწარმოებდნენ, რათა საგადასახადო შეღავათები მიეღოთ. რისკისგან თავის მეტად დასაზღვევად, ისინი საკუთარი ჯიბიდან ბიუჯეტის მხოლოდ 30%-ს ფარავდნენ.

უფრო პატარა ფილმებისათვის, რომლებსაც არ გააჩნდათ საზღვარგარეთ წარმატების დიდი პოტენციალი, ისინი საზღვარგარეთის დისტრიბუციას Warner Bros-ს აბარებენ, ხოლო ბიუჯეტს საკუთარი ჯიბიდან ავსებდნენ. ყველა ფილმს არ მოჰქონდა სარგებელი, მაგრამ კოსოვე ამბობს, რომ მათ არასდროს დაუკარგავთ $10 მილიონზე მეტი ერთ ფილმზე.

მათმა მომჭირნეობამ 2009 წელს, ფილმ The Blind Side-ის გადაღების შემდეგ გამოიღო ნაყოფი. სპორტული თემატიკის ფილმები სალაროების მტრად ითვლება, რადგან ამერიკელების გარდა მსოფლიოში არავის აინტერესებს ამერიკული ფეხბურთი და ბეისბოლი. ასე რომ, კოსოვემ და ჯონსონმა, $500 მილიონიანი საექსპლუატაციო ობიექტის დახმარებით, რომელსაც JPMorgan ხელმძღვანელობდა, The Blind Side-ის $34 მილიონიანი ბიუჯეტი თვითონ დააფინანსეს. რისკი დაბალანსებული იყო ჯორჯიის შტატში გადასახადებზე მოპოვებული შეღავათებით, ასევე მათ იცოდნენ, რომ მომავალში, Warner Bros. ფილმს სატელევიზიო არხებს მიჰყიდიდა და ფულს მაინც მიიღებდნენ.

უეცრად მათ აღმოაჩინეს, რომ ფლობდნენ უამრავ ფულს და საოცნებო ფრანშიზას (სმიტი, კომპანიის პარტნიორი, ამ შემოსავლების წილშია, მაგრამ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ იღებს). „კომპანიები ერთ ტემპით არ იზრდებიან; საჭიროა დიდი ნახტომის გაკეთება, - ამბობს ჯონსონი, - ჩვენთვის ეს ფილმი ფრანშიზას ნიშნავს".

გასული წლის მარტში მათ $1 მილიონად Blade Runner-ის უფლებები შეიძინეს. (ფილმის გამოსვლის შემდეგ მათ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ). მათ რიდლი სკოტის 1982 წლის ფილმის სცენარისათვის ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ გარდა ე. წ. „რიმეიკისა". სკოტი მზად არის, თავიდან გაუწიოს ფილმს რეჟისორობა, მაგრამ ჰარისონ ფორდი თავის როლს არ გაიმეორებს (მიუხედავად ინტერნეტში ამტყდარი დიდი მითქმა-მოთქმისა). ექვსი თვის შემდეგ მათ მოიპოვეს Point Break-ის რიმეიკის გადაღების უფლება. ახალი ვერსია ექსტრემალური სპორტის სამყაროში გაიშლება.

ამ საკუთრებებიდან ერთ-ერთის წარმატებულ ფრანშიზად გადაქცევა ბევრად უფრო სარისკო მცდელობა იქნებოდა, ვიდრე $37 მილიონიანი საოჯახო ფილმის, Dolphin Tale-ის გადაღება. პირველ რიგში, ეს გამოიწვევს უამრავი ფანის გაღიზიანებას. როდესაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ Point Break-ის რიმეიკის გადაღებას გეგმავს, ინტერნეტი გაივსო მსგავსი „ტვიტებით": „90-იანების ახალგაზრდობავ, მოემზადეთ თქვენი სულის ნაწილის სიკვდილისთვის, Point Break-ის ახალი ვერსია გზაშია".
შემდეგ გასათვალისწინებელია ხარჯები. მარკეტინგულ ხარჯებამდე თითო ფილმი $100 მილიონი დაჯდება. თუ კოსოვი და ჯონსონი ბიუჯეტის 30%-ს დაფარავენ, ეს ფილმის წარუმატებლობის შემთხვევაში, $30 მილიონის დაკარგვას ნიშნავს.

რატომ უნდა დააყენონ თავდაყირა თავიანთი რისკის მოდელი, რომელიც ჰოლივუდის ეკოსისტემაში უკვე წარმატებული გამოდგა? იმიტომ, რომ როდესაც საქმე ფრანშიზას ეხება, პირველივე ფილმი არ ითვლება, ითვლება მეორე, მესამე და მეოთხე. თითქმის ყოველმა მეორე ფრანშიზამ უფრო მეტი თანხა შემოიტანა, ვიდრე წინამ. Iron Man 2-მა $623 მილიონის შემოსავლები მოიტანა, პირველი ფილმის შემოსავალი კი $585 მილიონს შეადგენდა.
„კარიბის ზღვის მეკობრეების" პირველი ნაწილის შემოსავალი $655 იყო, ხოლო უკანასკნელმა $1 მილიარდი მოაგროვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი მომდევნო გეგმა მათი რისკის მთავარი მოდელის ბლოკბასტერული ვერსიაა. ვინაიდან საკუთრების შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ცნობილია, მათ არ გაუჭირდებათ უცხოელი დისტრიბუტორებისაგან ფულის მოზიდვა ბიუჯეტის დიდი ნაწილის დასაფარად. ამავდროულად შეუძლიათ ხარჯების კონტროლიც: არ გაგიკვირდეთ, თუ Blade Runner -ის ფუტურისტული ლოს-ანჟელესის გადაღებას კანადაში შეესწრებით.

„ნეგატიური მხარე ის არის, რომ ამგვარ ფილმში შესაძლებელია $30 მილიონი დაკარგო - აღიარებს კოსოვე - მაგრამ პოტენციური მოგება შეიძლება ასობით მილიონი იყოს. რაღაც მომენტში რისკი საჭიროა".

 

წინა სტატია

ენერგია 2050 წელს
29 მაისი, 2012

შემდეგი სტატია

წვიმის კაცები
03 ივლისი, 2012
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა