თავისუფლების ცეცხლზე დასხმული ნავთი

ამ საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ფიქლის ნავთობი მნიშვნელოვან და ამავდროულად შედარებით იაფ არაკონვენციურ რესურსად გვევლინება, თუმცა ნამდვილი ბუმი მხოლოდ 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ტექნოლოგიების განვითარებამ აშშ-ს რესურსის ფართოდ ექსპლუატირების საშუალება მისცა. მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში შესაძლებელია, რომ ფიქლის ნავთობის მოპოვება მსოფლიოში დრამატულად გაიზარდოს, თუმცა ამჟამად აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ რესურსს მსხვილი ინდუსტრიული მასშტაბით მოიპოვებს. ზრდა გასაოცარია: 2004 წელს ქვეყანა 111,000 ბარელს მოიპოვებდა დღეში, ხოლო ამჟამად ეს რიცხვი 6 მილიონამდე გაიზარდა. მიღებული შედეგი ჩვეულებრივი რევოლუციაა მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე. ფიქლის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება უამრავ ქვეყანას უზრუნველყოფს შედარებით იაფი ენერგიით, რასაც, თავის მხრივ, პოლიტიკური კონოტაციებიც აქვს მსოფლიოსთვის და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვისაც.

პროგნოზით, ფიქლის გაზის წარმოებას აქვს პოტენციალი, 20 წელიწადში დღეში 14 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს, რაც “ტრადიციული” ნავთობის დღევანდელი მოპოვების 12%-ს შეადგენს. მაგრამ ასეთი მომავლით ყველა ქვეყანა თანაბრად ვერ იხეირებს. ისეთი დიდი იმპორტიორების მშპ, როგორიცაა იაპონია ან ინდოეთი, 4-7%-ით გაიზრდება, ხოლო ჩინეთის, ევროზონის, გაერთიანებული სამეფოებისა და აშშ- ის მშპ – 2-5%-მდე. უდიდეს ექსპორტიორებს კარგი დღე არ დაადგებათ. რუსეთისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების სავაჭრო ბალანსი გაუარესდება; ისინი მშპ-ის 4-10%-მდე ზარალს ნახავენ, თუკი ფიქლის გაზის რესურსების მოპოვება თავად არ განავითარეს. ამგვარი მდგომარეობა დიდ სტრატეგიულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს სახავს როგორც ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის, ისე სუპერსახელმწიფოებისთვის. ბევრი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განპირობებით, ფიქლის ნავთობის რევოლუციას გეოპოლიტიკურ დინამიკაში კორექტივები შეაქვს – ადამიანის უფლებების მხრივ პრობლემური, რესურსებით მდიდარი ქვეყნების გავლენა მცირდება. OPEC-ის პოზიციები მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე შეირყევა.

რატომ გაგვახსენდა სუფთა წინასაახალწლო დღეებში ჭუჭყიანი (ზოგჯერ სისხლიანი) ნავთობი? პრეზიდენტმა ობამამ მომავალი წლის ბიუჯეტის ხელმოწერას დაურთო განკარგულება, რომლითაც აუქმებს 1975 წლის ემბარგოს აშშ- დან “შავი ოქროს” ექსპორტზე. მაშინ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანამ ნავთობპროდუქტების სერიოზული დეფიციტი აიცილა თავიდან, მაგრამ ინოვაციებმა ახალი შესაძლებლობები წარმოშვა, მათ შორის – ენერგოსექტორში. რესპუბლიკელების ტრადიციული ლობირების მიღმა, ოფიციალური ვერსიით, გადამწყვეტი როლი 2016 წლის ბიუჯეტმა და მისმა 2.5%-იანმა დეფიციტმაც შეასრულა. დეფიციტის შემცირების მთავარი წყარო სწორედ ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლები იქნება.

ამასთან ერთად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, საპროცენტო განაკვეთს გაზრდის. დიაპაზონი 0.25 პროცენტული პუნქტით, 0.5%-მდე გაიზარდება. სანამ ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრება, ფიუჩერსულ გარიგებებში ნავთობის ფასი სარგძნობლად დავარდა. ეს დოლარის შემდგომ გამყარებას ანუ გაძვირებას მოასწავებს.

როგორ აისახება გლობალური ძვრები ჩვენს რეგიონზე? ჩვენი მეზობლები (განსაკუთრებით ჩრდილოელი) არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. რუსეთს აუცილებლად მოუწევს $50-ზე იაფ ნავთობზე გადაწყობა. ეს საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას, რომელსაც, გაძვირებული დოლარის პირობებში, სავარაუდოდ, სავალუტო რყევებიც არ ასცდება.

 როგორ ახერხებს ამერიკა ასეთი გავლენის მოხდენას გლობალურ პროცესებზე? ბევრისთვის პასუხი დოლარის ნიშანშია. მაგრამ რა დგას დოლარის უკან? – ეკონომიკისა და კერძო მესაკუთრეობის დახვეწილი კულტურა, რომელმაც თავად აშშ და ამერიკული კომპანიები მსოფლიო დომინანტებად აქცია. ზოგიერთი კომპანია სიდიდით სოლიდურ სახელმწიფოებსაც არ ჩამოუვარდება. ციფრები გნებავთ? შეაფასეთ:

GOOGLE-ისა და AMAZON-ის ერთობლივი ღირებულება, $838 მილიარდი, 2 მილიარდით აჭარბებს მთელი ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის კაპიტალიზაციას. “ბანქოს სახლისა” და “მძიმე დანაშაულის” თანამზრახველი NETFLIX-ი $49 მილიარდი ღირს, რაც პოლონეთის ყველა საჯარო კომპანიის ფასების ჯამის ტოლია; PAYPAL-ი $44 მილიარდი ღირს, ჩილეს ბირჟა – $43 მილიარდი. კომუნიკაციების გიგანტ AT&T-ის ღირებულება თითქმის უთანაბრდება ბრაზილიის მთელი საფონდო ბაზრისას ($225 მლრდ), ხოლო ORACLE-ის ღირებულება – მექსიკის $268-მილიარდიან ფასიანი ქაღალდების ბაზარს. CISCO თავისი $140-მილიარდიანი კაპიტალიზაციით მთელი რუსეთის ბაზარს $2 მილიარდით უსწრებს. რაც შეეხება თავად ამერიკულ ბირჟებს – NASDAQ-ისა და NYSE-ის ერთობლივი კაპიტალიზაცია $30 ტრილიონს აჭარბებს, მაშინ როცა სიდიდით მსოფლიოში მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი ტოკიოსა და ლონდონის ბირჟები $4-5 ტრილიონით შემოიფარგლება. აშშ- ის ფასიანი ქაღალდების ამ ორ ბაზარზე მეტი ფული ბრუნავს, ვიდრე მომდევნო 10 ბირჟაზე. სადაც ლონდონი ვახსენეთ, იმის თქმაც ღირს, რომ, დავუშვათ, თუ ბრიტანეთი გადაწყვეტს ევროკავშირიდან გამოვიდეს და ამერიკას 51-ე შტატად დაემატოს, იგი მისისიპის შემდეგ ყველაზე ღარიბი შტატი იქნება ერთ ადამიანზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით.

რატომ გამოუვიდა ამ ქვეყანას, ყოფილიყო ასეთი წარმატებული? რატომ წარმოადგენს “შესაძლებლობების მიწასთან” და, შესაბამისად, მის ბუნებრივ მოკავშირესთან, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს, განსაკუთრებით კი ახალი თაობის თვალში? მით უმეტეს, რომ განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი ან რუსეთი, არ მალავენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებისა თუ გეოპოლიტიკური მოთამაშეების ამბიციას და პრინციპში, თუ ჩინეთის ზრდის ტემპს მივიღებთ მხედველობაში, შორს არ უნდა იყოს დროც, როდესაც აშშ- ის ეკონომიკა პირველობას დაკარგავს.

პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად რთულია მისაღწევად – ინოვაციურობა! ამ ჭეშმარიტების კლასიკური მაგალითი ისევ ბრიტანეთია. უკვე მე-17 საუკუნის ბოლოს ამ ქვეყანას მაშინდელი სტანდარტებით მოზრდილი წარმომადგენლობითი ხელისუფლება ჰყავდა. ამავდროულად, დაცული იყო კერძო საკუთრების უფლება და იყო ინოვაციის ძლიერი ტრადიცია. ტექსტილის მრეწველობა და გემთმშენებლობა ტექნიკურად ბევრად უსწრებდა კონტინენტურს და ინგლისელი ფერმერი ფრანგზე სამჯერ პროდუქტიული იყო. შემდეგ იქ მყარი ფულის მნიშვნელობაც გააცნობიერეს და გირვანქა სტერლინგი ოქროს მიაბეს. პატარა კუნძული მალევე იქცა მსოფლიო მასშტაბის ლიდერად და ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ. ბრიტანეთის გამრავლებული კაპიტალით არა მხოლოდ ეპოქის უდიდეს ეკონომიკას, არამედ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ცენტრების დიდ ნაწილსაც ჩაეყარა საფუძველი, აშშ-ის ჩათვლით.

ამბიციურმა ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ ფაქტი, რომ ინოვაციაზე მიბმული, დივერსიფიცირებული, მტკიცე მონეტარული პოლიტიკისა და დემოკრატიული ტრადიციის მქონე ეკონომიკები ყოველთვის აჯობებენ ენდემურ დონეზე კორუფციით განმსჭვალულ, ავტორიტარულ ქვეყნებს, რომლებმაც, შესაძლოა, წიაღისეულითა თუ იაფი მუშახელით მიაღწიეს გასაოცარ ზრდას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩამორჩებიან შეჯიბრში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ, მაგალითად, ჩინეთი მშპ-ით ამერიკას გაუსწრებს, წითელი გიგანტი მაინც ვერ მოიპოვებს უპირატესობას აშშ- ზე, რადგან ჩინეთის ეკონომიკის თითქმის მეოთხედს პროდუქტებისა და სერვისების ექსპორტი შეადგენს. ეს მხოლოდ იაფფასიანი შრომის ხარჯზე გახდა შესაძლებელი. იაფფასიან მუშახელზე ხელმისაწვდომობა რომც არ მცირდებოდეს (და იგი დიდი ტემპით მცირდება ავტორიტარული დემოგრაფიული პოლიტიკის გამო, რამაც ჩინეთის მოსახლეობის სწრაფი დაბერება გამოიწვია), წითელი გიგანტის ეკონომიკა მაინც ადვილად მოწყვლადია, რადგან მისი აღმავლობა უცხოურ ბაზრებზეა დამოკიდებული. გასულ წელს ჩინეთმა $100 მილიარდით მეტი საქონელი მიჰყიდა აშშ-ს, ვიდრე მისგან იყიდა, მაგრამ თუკი ერთ მშვენიერ დღეს ვაშინგტონი გადაწყვეტს, რომ პეკინი მისი ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია, ზრდას ვარდნა ჩაანაცვლებს. ვინაიდან ჩინეთი ოფშორულ რესურსებზე, ბაზრებსა და ინვესტორებზე – ისევე როგორც ინოვაციებზე – ასე დიდი დოზითაა დამოკიდებული, იგი უბრალოდ ვერ გარისკავს თავისი ქმედებებით მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების დაფრთხობას.

რაც შეეხება შედარებით პატარა, მაგრამ შეუდარებლად აგრესიულ, წიაღისეულზე დამოკიდებულ რუსეთს, გასული წელი მშვენიერი ილუსტრაციაა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა განუვითარებლობამ ბუნებრივი რესურსების კოზირი დროზე ადრე დაგაგდებინოს. მხოლოდ ჰორიზონტალური ბურღვისა და ფიქლის გაზის მოპოვების ტექნოლოგიების ექსპლუატაციამ ამერიკას საშუალება მისცა, სამხედრო კონფრონტაციის გარეშე მნიშვნელოვნად შეესუსტებინა მტრულად განწყობილი სახელმწიფო.

თუმცა მხოლოდ ეკონომიკა როდია დასავლეთისკენ სწრაფვის მიზეზი – ბოლოს და ბოლოს, რაც უნდა მდიდარი იყოს ქვეყანა, რომელ ახალგაზრდას მოუნდება მასთან პოლიტიკური სიახლოვე, თუკი ეს თავისუფლების დაკარგვასთან, უსამართლობასთან, ნეპოტიზმთან ასოცირდება? ნურავის ეგონება, რომ პოლიტიკური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვა ქვეყნის წარმატებისთვის უმნიშვნელოა. ძალაუფლების მონოპოლიზება, რაც დესპოტური პოლიტიკური კულტურის ქვეყნებს ზოგჯერ კარგ სამსახურს უწევს, გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ შემაკავებელ როლს ასრულებს. ავტორიტარულ ქვეყნებში არ არსებობს პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტურად რეფორმირების შესაძლებლობა დესტაბილიზაციისა და სოციალური კატაკლიზმების – ზოგჯერ დიდი ტრაგედიების – გარეშე, ხოლო რეფორმების შესაძლებლობის არმქონე “ზესახელმწიფოები” სულ უფრო ღრმად ეფლობიან კორუფციაში; სახელმწიფოს ფავორიტიზმი მის მიერ კონტროლირებული ინდუსტრიების მიმართ ყოველთვის არაეფექტიანობისა და უაზრო ფლანგვის მიზეზი იქნება. არათავისუფალ გარემოში შეუძლებელია ადამიანებისა თუ კომპანიების მერიტოკრატიული განვითარება. მერიტოკრატიის გარეშე კი ინოვაციურობა ვერ მიიღწევა, რადგან აღმოჩენებს ნაკლებად აინტერესებთ, ვისი ბიჭია ესა თუ ის ენთუზიასტი. აღმოჩენები ნიჭიერ და მშრომელ თავებთან მეგობრობენ და არა თავაშვებულ “კრიშებთან”.

ამიტომ ინოვაცია ის სფეროა, რომელშიც მოწინავე ადგილი აშშ-ს უკავია და ამის შეცვლას ჯერჯერობით პირი არ უჩანს. დასავლური სამყარო და აღმოსავლეთის შედარებით დემოკრატიული ქვეყნები დღემდე უპირობო ლიდერები არიან ფუნდამენტური კვლევების გზით ახალი იდეების აღმოჩენაში, მსოფლიო დონის ინჟინერთა მიერ ამ ახალი იდეების კონკრეტულ პროდუქციად გადაქცევასა და ენერგიული მეწარმეების ძალისხმევით ამ პროდუქციის ბაზარზე გატანაში. სწორედ ამ გზით მიაღწია ამერიკამ მწვერვალს და სწორედ ამიტომ ირეკლება ამ მწვერვალზე დანთებული ცეცხლი ღირსეული მომავლისკენ მომზირალი ახალგაზრდების, მათ შორის ქართველი ახალგაზრდების თვალებში.

გლობალურ, ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკაში სიმდიდრესა და ინოვაციას შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს. ჩვენი, როგორც ერის, წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად გავართმევთ თავს ინოვაციურ მისიას, რამდენად შევძლებთ მოძველებული მიდგომებისა და მსოფლმხედველობის შეცვლას და საერთოდ, რამდენად გავაუმჯობესებთ სამყაროს. უკეთესი სამყარო კი უფრო თავისუფალი სამყაროა – როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და სოციალურად.

2015 წლის დეკემბერი მსოფლიოსა და საქართველოს თავს ნამდვილად დაამახსოვრებს. გასულმა წელმა დასაბამი მისცა პროცესებს, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიო ფინანსურ არქიტექტონიკას. რას მოასწავებს ცვლილებები ბაზრებზე და როგორ ისახება ეს ყველაფერი სხვადასხვა სახელმწიფოს მოწყობის მოდელზე? ეს გაკვეთილიც გავლილი გვაქვს, ამიტომ, ვფიქრობ, წინ საინტერესო წლებია. რით დაამახსოვრებს თავს 2015 წლის დეკემბერი ექსკლუზიურად საქართველოს? – ვიზალიბერალიზაციის დადებითად გადაწყვეტით. და მიუხედავად იმისა, რომ ახლო ტურბულენტური და პრობლემური რამდენიმე თვე გველის, ამ საკითხის საბოლოო გაფორმალურებამდე, თავისუფლად და მთელი შეგნებით შემიძლია განვაცხადო: ამაზე მნიშვნელოვანი – ამ ქვეყანაში, ამ საუკუნეში – არაფერი მომხდარა.

გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს!

წინა სტატია

Forbes Georgia. 2016 წლის იანვრის ნომერი
29 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 21 პროცენტს მიაღწია
29 დეკემბერი, 2015
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა