წვიმის კაცები

სან-დიეგოში პალმებს ზამთრის თბილი ბრიზი არხევს და წელიწადის 40% სტაბილურად მზიანია. ეს უცნაური ადგილია სტარტ-აპისათვის, რომელიც ექსტრემალური ამინდის პროგნოზირებას ცდილობს. თუმცა მცირე კომპანია EarthRisk Technologies წყნარი ოკეანის სანაპირო მაღლობზე მდებარე ოფისში სწორედ ამ საქმიანობითაა დაკავებული: დღემდე არსებული მონაცემების უზღვავი რაოდენობის დამუშავებით ცდილობს ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ალბათობის დადგენას, რათა საკუთარ კლიენტებს - კომუნალურ კომპანიებს, ენერგომწარმოებლებსა და ენერგომოვაჭრეებს - მისცეს უპირატესობა დედაბუნებასთან კამათლის თამაშისას.

წამოწყება სადაზღვევო ფონდის მეტეოროლოგს, სტეფან ბენეტს ეკუთვნის. EarthRisk ითვლის უახლოესი 40 დღის განმავლობაში მოსალოდნელი ისეთი უამინდობის ალბათობას, რომელსაც ბაზარზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს ყველაზე გრძელვადიან თანამედროვე პროგნოზებზე ორჯერ დიდი ვადაა. EarthRisk-ში ვიზიტის დროს, ბენეტს „მატრიცაში" მივყავარ - ეს არის ქსელის ინტერფეისი, რომელიც ამ პროგნოზებს კოორდინატთა ბადესა და ამერიკის რუკებზე ასახავს. ექსტრემალურ ამინდად კომპანია მიიჩნევს ტემპერატურის ისტორიული დიაპაზონის ქვედა და ზედა 10%-ს, რომელიც ამერიკის რომელიმე რეგიონის 10%-ს მაინც ეხება.

ჰიდროენერგიაზე დამოკიდებული Pacific Northwest იყენებს EarthRisk-ის TempRisk მომსახურებას, რომელიც თოვლის დნობის პროგნოზს აკეთებს. ესპანური ენერგოგიგანტი Iberdrola Renewable აშშ-ში ბუნებრივი აირის შესყიდვების დასაგეგმად ამ მომსახურებას მიმართავს. „როდესაც კლიენტს აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი ექსტრემალური ამინდის შესახებ, მას შეუძლია ბუნებრივ აირზე ფასის წინასწარი განსაზღვრა ან სხვა ენერგიის იაფად შესყიდვა", - ამბობს ჯონ ჯეი პი პლავან ჯუნიორი, EarthRisk-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მაგალითად, შარშანდელი შემოდგომის საყოველთაოდ მიღებული პროგნოზები ცივ ზამთარს ვარაუდობდა და, შესაბამისად, ბუნებრივი აირის ფასებიც გაიზარდა. მაგრამ როდესაც EarthRisk-ის პროგრამამ ისტორიული მონაცემები გააანალიზა (82 მილიარდი კალკულაცია), მისმა პროგნოზმა აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში დათბობის ტენდენცია აჩვენა.

როგორც EarthRisk-მა ივარაუდა, გასულ ზამთარს დაფიქსირდა 1948 წლის შემდეგ განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის შემთხვევების რიგით მეორე უდიდესი რაოდენობა, ხოლო ცივი ამინდების - უმცირესი რაოდენობა. ბუნებრივი აირის ფასები დავარდა. „EarthRisk ძალიან დაგვეხმარა შემოდგომის მიწურულს თადარიგის დაჭერაში", - წერს თავის ელექტრონულ ფოსტაში Iberdrola-ს ჰიუსტონის მეტეოროლოგიური მენეჯერი დევიდ გოლდი. EarthRisk-ის განცხადებით, 2011-12 ზამთრის პროგნოზირებისას მათი სიზუსტე 76% იყო, როდესაც ექსტრემალური სითბოს ალბათობა 40%-ზე მაღლა იდგა.

EarthRisk-ის 20-ზე მეტი კლიენტიდან Iberdrola ერთადერთია, ვინც Forbes-თან საუბარი ისურვა. როგორც ჩანს, ენერგობიზნესში მოღვაწე კომპანიები თავიანთი ამინდის საიდუმლოდ შენახვას ამჯობინებენ. არც EarthRisk ასაჯაროებს გაწეული მომსახურებისათვის კლიენტებისაგან მიღებული თანხის ოდენობას. პლავანის განცხადებით, კომპანიის წლიური შემოსავალი „ერთი-ორი მილიონი" დოლარია.

ამინდის მონაცემების კვლევისთვის გამოყოფილი ფედერალური სახსრების უდიდესი ნაწილი მოკლევადიანი პროგნოზების სიზუსტის გაუმჯობესებაზე იმიტომ იხარჯება, რომ დაცული იყოს ადამიანთა სიცოცხლე და ქონება. „ჩვეულებრივ გადასახადების გადამხდელს სამი კვირის ამინდის პროგნოზი არ სჭირდება. მათ უნდათ იცოდნენ, გადაუვლის თუ არა ტორნადო მათ სახლს უახლოესი ათი წუთის განმავლობაში", - ამბობს 38 წლის ბენეტი.

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების კვლევები, როგორც წესი, კვლევით უნივერსიტეტებში, გიგანტურ სუპერკომპიუტერებზე ტარდებოდა.

იაფი და ზრდადი „ღრუბელ-გამოთვლების" განვითარებამ მეცნიერებს დიდი მოცულობის მონაცემებთან ნებისმიერ ადგილას მუშაობის შესაძლებლობა მისცა. EarthRisk-ის მოდელები დაფუძნებულია ალბათობის თეორიებზე, რომელიც 1970-იანი წლების მიწურულს განავითარეს, იმ პერიოდში, როდესაც საოცრად ჭკვიანი ადამიანი უნდა ყოფილიყავი, რომ კომპიუტერთან გემუშავა და თეორია პრაქტიკაში გეცადა. „ღრუბლის" საშუალებით EarthRisk-მა საკუთარი სერვისის შექმნა $1 მილიონზე ნაკლებად მოახერხა. პლავანის განცხადებით, კომპანიის ბალანსი მუშაობის დაწყების დღიდანვე დადებითი იყო და მოგების რეინვესტირება კომპანიის ზრდის პროცესში ხორციელდებოდა.

კომპანიის შექმნის იდეა 2009 წელს გაჩნდა, როდესაც ბენეტი სამსახურიდან წამოვიდა. ადრე იგი ჩიკაგოს სადაზღვევო ფონდ Citadel Investment Group-ის ენერგოსექტორისათვის ამინდის პროგნოზებს ამზადებდა (Citadel-ში ბენეტი Enron-იდან გადავიდა). ბენეტმა კალიფორნიაში გადაბარგება ამჯობინა და სან-დიეგოში კალიფორნიის უნივერსიტეტის Scripps Institution for Oceanography-ს შეუერთდა. იქ ბენეტი მუშაობდა კორპორაციული კომპანიების თანამშრომელი მეცნიერების მიერ შექმნილ პროგრამაზე. მათ შორის იყვნენ ენერგომოვაჭრე კომპანიები, რომლებიც თავიანთი სადაზღვევო ფონდებისათვის კლიმატურ ინფორმაციას ეძებდნენ.

Scripps-ის კლიმატის მკვლევარი ალექსანდრ „საშა" გერშუნოვი გრძელვადიანი პროგნოზის პროექტირებისა და წარმოების პროექტს ედგა სათავეში. ის აგროვებდა 1948 წლის შემდეგ არსებულ მონაცემებს ზედაპირულ ტემპერატურაზე, ატმოსფერულ წნევაზე და ა.შ. (6 000-გვერდიანი კატალოგის ეკვივალენტურ მონაცემთა კომპილაცია).

ამის შემდეგ Scripps-ის მეცნიერები წერდნენ ალგორითმებს, რათა მონაცემებიდან გაეცხრილათ 200 ცნობილი ტენდენცია, რომლებიც განსაკუთრებულ სიცივეს ან სიცხეს უძღვის წინ და რომელთაც ამინდის მკვლევარები „სინოპტიკურ პრეკურსორებს" უწოდებენ. ნაცვლად პროგნოზირების ზუსტი მოდელებისა, რომლებიც მომავალი კვირის პროგნოზს აკეთებენ, მათ გადაწყვიტეს გამოეთვალათ იმ გამონაკლისი მოვლენების ალბათობა, რომლებიც ახალ ამბებში ხვდება და ბაზარზე გავლენას ახდენს. სადაზღვევო ფონდებს მოსალოდნელი სიცხისა თუ ყინვის ალბათობის ცოდნა უფრო აინტერესებთ, ვიდრე იმის გაგება, ზუსტად როგორი ტემპერატურა იქნება 40 დღის შემდეგ.

Scripps-მა თავისი მეთოდოლოგია დააპატენტა, თუმცა იმის გამოცდილება არ ეყო, რომ მეცნიერება კომერციულ პროდუქტად ექცია. 2010 წელს Scripps-იდან წამოსულმა ბენეტმა კი ლიცენზია წამოიღო და EarthRisk დაარსა. მან ოთხი მცირე სერვერის ოთახი მოაწყო ერთ-ერთი შენობის სახურავზე ნაქირავებ ფართში, სადაც კომპანია დღემდე ბინადრობს. კაპიტალის ძებნისას ის შეხვდა 44 წლის პლავანს - სან-დიეგოს უძრავი ქონების დეველოპერს და ვენჩურული კაპიტალის ინვესტორს, რომელმაც საქმეში $1 მილიონზე ნაკლები ჩადო. პლავანი ბიზნესის მართვაზე დათანხმდა.
შემდეგი საკითხი: ქარიშხლები. კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტროპიკული მეტეოროლოგიის პროექტის მეცნიერები EarthRisk-თან თანამშრომლობენ, რათა ქარიშხლების წარმოქმნის პროგნოზირების ვადა 48 საათიდან 5 ან 10 დღემდე გაზარდონ. „დღეს ასეთი პროგნოზის გაკეთების არანაირი საშუალება არ არსებობს", - ამბობს ქარიშხლების ცნობილი პროგნოზისტი და Tropical Meteorology Project-ის დამაარსებელი, უილიამ გრეი. თუ ეს ცდა წარმატებული იქნება, სადაზღვევო კომპანიები, სავარაუდოდ, ამ მომსახურებას შეიძენენ. Iberdrola, ქარის ენერგიის სიდიდით მეორე ოპერატორი ამერიკაში, შესაძლოა ასევე დაინტერესდეს ქარის შესახებ წინასწარი შეტყობინების შესაძლებლობით.

გრძელვადიან პერსპექტივაში, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა EarthRisk-ს პრობლემები შეუქმნას. „ჩვენი პროგნოზირების მეთოდოლოგიები კლიმატურ ცვლილებებთან შედარებით ბევრად ხანმოკლეა, - ამბობს გერშუნოვი, - თუმცა კლიმატურ ცვლილებასთან ერთად, ჩვენ ამ დამოკიდებულებების გარკვეულ ცვლილებებს ვვარაუდობთ. ეს სფერო დამატებით კვლევას საჭიროებს".

 

წინა სტატია

რისკის მენეჯერები
29 მაისი, 2012

შემდეგი სტატია

სუპერდილერის აღზევება
03 ივლისი, 2012
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა