მსოფლიო ეკონომიკა 2021 წელს: ვინ მოიგებს და ვინ წააგებს?

მსოფლიო ეკონომიკა 2021 წელს: ვინ მოიგებს და ვინ წააგებს?

კორონავირუსმა გლობალურ ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა. რამდენად აღდგება ეკონომიკა 2021 წელს, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ჩინეთის ეკონომიკა ყველაზე ძლიერად იზრდება, თუმცა, მსოფლიოს არაერთი უმდიდრესი ქვეყანა ექსპერტების პროგნოზით, 2022 წლამდე აღდგენას ვერ შეძლებს.

პრობლემაა უთანასწორობაც. ამერიკის 651-მა მილიარდერმა 30%-ით გაზარდა ქონება 2020-ში, განვითარებად ქვეყნებში კი მილიონობით ადამიანი აბსოლუტური სიღარიბის საფრთხის წინაშეა.

პანდემიის ტემპის შეკავება იქნება იმის განმაპირობებელი, თუ როგორ შეძლებს მსოფლიო ეკონომიკა ძალების აღდგენას. ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების გამო, პანდემიაზე გამარჯვება ჯერ ნაადრევია. მდიდარმა ქვეყნებმაც კი, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ ვაქცინაციის პროცესი, შესაძლოა ვერ მოახერხონ ე.წ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წლის ბოლომდე. ხოლო განვითარებად ქვეყნებში ვაქცინის დეფიციტი იქნება, შესაბამისად, უფრო გვიან მოხერხდება ვირუსის შეკავება.  

ამ პროცესში გამარჯვებულები დარჩებიან დიდი ალბათობით ჩინეთი და სამხრეთ კორეა, რომლებმაც საწყის ეტაპზევე შეძლეს ვირუსის შეკავება. 2021 წლის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება, რაც ორჯერ მეტია დასავლეთის ყველაზე წარმატებული ქვეყნების პროგნოზებზე.

ჩინეთის ექსპორტდამოკიდებულმა ეკონომიკამ დიდი სარგებელი ნახა დასავლეთის ქვეყნებში გამოცხადებული “ლოქდაუნებისგან“. დასავლეთის ქვეყნებიდან სერვისებზე, გართობასა და მოგზაურობაზე მოთხოვნა შესაძლოა შემცირდა, თუმცა, სამომხმარებლო და სამედიცინო პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩინეთის ექსპორტის მაჩვენებელმა აშშ-ში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული მაღალი ტარიფებისა.

ჩინეთი ასევე აფართოებს თავის ეკონომიკურ გავლენას მთლიანად აზიაში წყნარი ოკეანის რეგიონში ახალი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დახმარებით, რაც მას ევროპასა და აფრიკაში სავაჭრო მარშრუტებს გაუკვალავს. ამასთან, ჩინეთი ინვესტიციებს ახორციელებს ტექნოლოგიებში, რათა შეამციროს დასავლეთის მიწოდების ქსელებზე დამოკიდებულება. როგორც მოსალოდნელია, ჩინეთი აშშ-ის გადაუსწრებს და ხუთ წელიწადში გახდება მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რაც ორჯერ უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს ამ დრომდე იყო ნავარაუდევი.

მდიდარი ქვეყნებისთვის კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ვითარება ნაკლებად სახარბიელოა. 2020 წელს მცირეხნიანი გამოცოცხლების მიუხედავად, მათი ეკონომიკები სტაგნაციას განიცდის. ეს კი პანდემიის მეორე ტალღამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში მომავალ წელს მოსალოდნელია ზრდა, 2022 წელს ისინი 5%-ით მაინც პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნები იქნებიან, ვიდრე იმ შემთხვევაში, პანდემიის კრიზისი რომ არ ყოფილიყო.

თუმცა, ყველაზე დაზარალებულები 2021 წელს განვითარებული ქვეყნები იქნებიან. ამის მიზეზი იქნება ის, რომ მათ ნაკლები რესურსი აქვთ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები შეიძინონ, ასევე მათი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები კოვიდ-პაციენტთა დიდ ნაკადს ვერ გაუმკლავდებიან. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს არ ექნებათ სუბსიდირების დიდი რესურსი, რათა მასობრივი უმუშევრობა თავიდან აიცილონ.

ფორმალურად სწრაფად მზარდი ქვეყნები, მათ შორის ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპიბლიკაც რთული პერიოდის წინაშეა. ასეთ ქვეყნებში მზარდი საშუალო ფენა იყო, ახლა კი მილიონობით ღარიბი დასაქმებული იძულებული იქნება დაუბრუნდეს სოფლებს და ურბანულ ჯურღმულებს, ვინაიდან ისინი სამსახურებს დაკარგავენ და კიდევ უფრო სიღატაკის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

პანდემიის ეკონომიკური ეფექტები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ის ადამიანები, რომლებსაც მაღალანაზღაურებადი სამსახურები ჰქონდათ, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და დიდი დანაზოგებიც გააკეთეს, თუმცა, დასახარჯი მიზეზები არ აქვთ.

ყველაზე მდიდრებმა, განსაკუთრებით აშშ-ში, დიდი სარგებელი ნახეს საფონდო ბირჟების ზრდის შედეგად, რაც მაგალითად, პანდემიის დროს Amazon-ის, Netflix-ის და Zoom-ის წარმატებამ განაპირობა. როგორც მოსალოდნელია, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჯერ კიდევ უპასუხო კითხვაა, მიმდინარე წელს, თუ რამდენად შეინარჩუნებენ სამსახურებს მაღალანაზღაურებადი დასაქმებულები და რამდენად დაუბრუნდებიან ისინი ხარჯვის ძველ ჩვევებს.

ამის საპირისპიროდ, ბევრი დაკარგავს სამსახურს, ბიზნესს, ან დროებით იქნება დათხოვნილი სამსახურიდან, განსაკუთრებით ეს ეხება რითეილ და სტუმარმასპინძლობის სექტორს, რომლებიც პანდემიის შემდეგაც სრულად აღდგენას ვერ შეძლებენ მალევე. ამ ჯგუფებს შორის მოიაზრებიან ახალგაზრდები, ქალები და ეთნიკური უმცირესობები.

უთანასწორობა შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან მდიდარი ქვეყნები მასშტაბურ სუბსიდიებს აცხადებენ სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ასევე ევროპაში ცოტა ხნის წინ მიაღწიეს უპრეცედენტო შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის თანხებით დაეხმარონ წევრ ქვენებში ყველაზე დაზარალებულ მოსახლეობას.

სოციალური არეულობები წინა პანდემიების ერთ-ერთი შედეგი იყო. ვიმედოვნოთ, რომ ამჯერად დედამიწის მოსახლეობა უფრო გონებაგამჭრიახი იქნება, რათა კორონავირუსის შედეგად გამოწვეული უთანასწორობა დაძლიოს და უფრო სამართლიანი მსოფლიო ააშენოს.

წყარო: Theconversation

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *