სუპერდილერის აღზევება

როგორ იქცა ლარი გაგოსიანი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან და ყველაზე მდიდარ არტ-დილერად? - პლანეტის ყველაზე გაყიდვადი ხელოვანების აღმოჩენის (ხშირად კი თავიდან აღმოჩენის) და პოპულარიზაციის, აგრეთვე მათი ნამუშევრების უმაღლეს ფასად გაყიდვის უნარის წყალობით. მართალია, იგი საუკეთესოა, მაგრამ სრულიად შესაძლებელია გაგოსიანი 67 წლის ასაკშიც იაფფასიანი გრავიურების გამყიდველი ყოფილიყო, რომ არა გარკვეული გარემოებები: ნუვორიშთა მოზღვავებული ტალღა, Art Basel-ის მსგავსი საერთაშორისო ბაზრობების განვითარება და, რაც ყველაზე მთავარია, თანამედროვე ხელოვნების კულტი - ფენომენი, რომელიც მეტასტაზებივით გავრცელდა ბოლო 50 წლის განავლობაში.

გაგოსიანამდე იყო ლეო კასტელი (1907-99) - დახვეწილი ემიგრანტი ტრიესტიდან, რომელიც თავის გალერეაში - ჯერ მანჰეტენის ისტ საიდზე, ხოლო შემდეგ SoHo-ში - ავანგარდისტთა ნამუშევრებით ვაჭრობდა და მათ ნამდვილ ვარსკვლავებად აქცევდა. მათ შორის არიან: ჯასპერ ჯონსი, როი ლიხტენშტეინი, კლას ოლდენბურგი, რობერტ რაუშენბერგი, რიჩარდ სერა და ფრენკ სტელა.

„ლეო კასტელიმ აღიარება და დიდება მოუტანა გასული საუკუნის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ხელოვანს", - ამბობს Art News-ის რედაქტორი მილტონ ესთროუ; მაგრამ მათ შორის ყველაზე დაუვიწყარი ალბათ ენდი უორჰოლია, რომლის გარშემოც ტრიალებდნენ ჯიმ მორისონი, ტრუმან კაპოტე, ლუ რიდი და რომლის ვიზუალური ლექსიკონიც მოიცავს ისეთ სიმბოლოებს, როგორებიცაა მერილინ მონრო, მუჰამედ ალი, ელიზაბეტ ტეილორი, ასევე Coca-Cola, Campbell's Soup და დოლარის ბანკონოტი.

1962 წელს უორჰოლის pop art-ის პირველმა პერსონალურმა გამოფენამ მსოფლიოს გააცნო მისი Campbell-ის წვნიანის ქილები. ამ შოუმ ასევე გაამძაფრა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კამათი ხელოვნებასა და კონსუმერიზმზე და უორჰოლის ფიგურა საერთაშორისო სიმაღლეებზე აიყვანა, რასაც ასევე ხელი შეუწყო მისი ლიკვიდაციის მცდელობამ და მისმა უჩვეულო პირადმა ცხოვრებამ (იგი ჰომოსექსუალი იყო, თუმცა ამტკიცებდა, რომ სექსუალური გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა). მისი პოპულარობის მატებასთან ერთად იზრდებოდა კასტელისა და მისი „სხვა პროტეჟეების" პოპულარობაც. ამას მოჰყვა დიდი ფული: 1986 წელს Sotheby's-ის აუქციონზე $385 000-ად გაიყიდა „200 ერთდოლარიანი ბანკნოტი", რომელმაც 23 წლის შემდეგ იმავე აუქციონზე $43,8 მილიონი მოიტანა.

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ასეთ საოცარ ფასად ყოველთვის არ იყიდება. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ეს ყველაფერი დაიწყო 1973 წელს, როდესაც ტაქსის მაგნატმა რობერტ სკალმა და მისმა მაღალი წრის წარმომადგენელმა მეუღლემ, ეთელმა, განქორწინებისას 50 ნამუშევარი Parke-Bernet-ს (ახლა უკვე Sotheby's-ს) $2,2 მილიონად - იმ დროისათვის წარმოუდგენელ ფასად - მიჰყიდეს. ჯასპერ ჯონსის Target-მა (1961) $125 000 მოიტანა, უორჰოლის „დიდმა ყვავილმა" (Large Flower 1964) კი - $135 000. ეს თანხები იმდენად გასაოცარი იყო, რომ გაყიდვის შემდეგ რაუშენბერგი სკალს დაუპირისპირდა: „მე ვმუშაობდი იმისათვის, რომ შენ მოგება გენახა!", - უყვიროდა ის მაგნატს.

გაგოსიანი და კასტელი ერთმანეთს იცნობდნენ, ბანქოს ერთად თამაშობდნენ და გარკვეულ პერიოდში ერთობლივად ფლობდნენ გალერეას (გაგოსიანი ასევე წარმოადგენს ედვარდ რუშას, რიჩარდ სერას, საი ტუომბლისა და უორჰოლს, რომლებიც ერთ დროს კასტელის ბანაკში იყვნენ). კასტელიმ გაგოსიანს გააცნო თავისი ყველაზე მდიდარი კლიენტი - მილიარდერი ნიუჰაუსი. მაშინ, როცა კასტელი თითქმის არ საქმიანობდა ე.წ. მეორეულ ბაზარზე (ნამუშევრები, რომლებიც ერთხელ უკვე გაიყიდა), გაგოსიანი, პირიქით, ხშირად აკეთებდა ამას და საკუთარსა და სხვის ფულს რისკის ქვეშ აყენებდა. ამგვარმა ტაქტიკამ ის სიმდიდრის გზაზე დააყენა. 1988 წელს Sotheby's-ის აუქციონზე გაგოსიანი ნიუჰაუსის სახელით $17 მილიონს ჩამოვიდა ჯასპერ ჯონსის False Start-ისათვის (1959). „ყველა გაოცებულია და ეს ფასი ჩემთვისაც აუხსნელია", - განუცხადა დილერმა New York Times-ს მეორე დღეს.

აუქციონებზე ასეთ მაღალ ფასს მდიდარი ამერიკელების, ევროპელებისა და აზიელების ახალი კლასი აწესებდა. ისინი დასავლეთის თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. მსოფლიოს 1 226 მილიარდერიდან 100-ზე მეტი დღეს კოლექციონერია. გაგოსიანის კლიენტებს შორის არიან ლეონ ბლეკი, ელი ბროდი და სტივენ ა. კოენი. ამჟამად ასეთი მდგომარეობაა: ცნობილი კლიენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრების შეძენაში, თავის მხრივ, ცნობილ ხელოვანებს წარმოადგენენ ცნობილი დილერები, რომლებსაც ხანდახან ერთიმეორის კლიენტებზე ნადირობაში ადანაშაულებენ.
დღეს კიდევ უფრო მეტი გამოფენა იმართება, ვიდრე ოდესმე. Art Basel, რომელიც პირველად 1973 წელს მოეწყო, უკვე იქცა ერთგვარ ყოველწლიურ ოლიმპიადად, სადაც დილერები საუკეთესო ნამუშევრებით იწონებენ თავს. ათწლეულის წინ მაიამიში გაიხსნა Art Basel-ის კიდევ ერთი ცენტრი, სადაც შარშან 50 000-მა ადამიანმა 260 გალერეის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები დაათვალიერა; Art Basel-მა შეიძინა საკონტროლო პაკეტი ჰონკონგის ART HK-ში. მაგრამ რატომ ველოდოთ ბაზრობებს? გაგოსიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 11 გალერეას ფლობს და ყოველი მათგანი ამ წლის დასაწყისში ბრიტანელი ხელოვანის, დემიენ ჰირსტის, გამოფენებს დაეთმო.

თუმცა ყველას ენდი უორჰოლის აჩრდილი გადმოჰყურებს. მხოლოდ მის ნამუშევრებზე თანამედროვე ხელოვნების ბაზრის 20% მოდის, ამბობს კლეიტონ პრესი, Linn|Press-ის (საკონსულტაციო მომსახურება ხელოვნების სფეროში, რომელიც ხელოვნების დილერთა სიის შედგენაში დაგვეხმარა) ხელმძღვანელი. „ხელოვანი არის ადამიანი, რომელიც ქმნის იმას, რაც ადამიანებს არ სჭირდებათ", - თქვა ერთხელ უორჰოლმა. ეს გამონათქვამი ისეთივე მცდარია, როგორც მისი წინასწარმეტყველება: „ყველა მხოლოდ 15 წუთით იქნება საყოველთაოდ ცნობილი" - მათ შორის ის საკუთარ თავსაც გულისხმობდა.

 

წინა სტატია

წვიმის კაცები
03 ივლისი, 2012

შემდეგი სტატია

სახელოვნებო პროექტი
03 ივლისი, 2012
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა