მძიმე წონის ფასი

ძალოსნობაში მაღალი შედეგის მისაღწევად დალეწილი სხეულის აღდგენა, რამდენიმე ასეული ტონის აწევა, ბევრი ღონიერი და მოტივირებული ოპონენტის ძალა და საკუთარი შიში უნდა გადაფარო. შეიძლება მაინც არ გაგიმართლოს, სხვამ შენზე მეტი კილოგრამი აიტაცოს და შენზე მეტი ფინანსური დაფასება მიიღოს. ხდება ხოლმე. ძალოსნობა – სპორტის სახეობა ოფიციალური პრემიალურების გარეშე.

ჰიუსტონში ლაშა ტალახაძე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე იყო. ბევრ ქვეყანაში ეს ადგილი, ეს შედეგი, სოლიდური ფინანსური ბონუსის ტოლფასია. საქართველოში სხვა სიტუაციაა. თავის სახეობაში მეორე სპორტსმენს, პოტენციურ ოლიმპიურ ჩემპიონს მისი ტექნიკური სპონსორი, NIKE-ი, $4,000-ის ღირებულების ინვენტარს აძლევს – ოთხი წლით, 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულება ძალაში 2016 წლის პირველი კვირიდან შედის. თუ ლაშა ოლიმპიადას მოიგებს, NIKE-ი ბონუსად კიდევ $5,000-ის ინვენტარს აარჩევინებს. პარალელურად, ტალახაძეს კომპანია Prime Sports Management-ი ყოველთვიურად 1,000 ლარს ჩაურიცხავს. ამ დონეზე სპორტსმენისთვის გათვალისწინებულია სახელმწიფო პრემიაც.

ძალოსნობას საქართველოში დიდი ტრადიციები და ძლიერი ისტორია აქვს. ეს ისტორია ყველა მისვლაზე ნებისმიერ წონას სწევს და საკუთარ რეკორდზე მიდის, როგორც კახი კახიაშვილი, რომელმაც სამჯერ მოიგო ოლიმპიადა. ერთხელ – საბერძნეთის სახელით; როგორც გიორგი ასანიძე, რომელიც მერი შელის ბესტსელერის პერსონაჟივით იყო, სათადარიგო ნაწილებით აწყობდნენ. უკვე, როგორც ლაშა ტალახაძე. ზედმეტად პოზიტიური, ზედმეტად მორიდებული და თავაზიანი ათლეტი უმატებს: რიოს ოლიმპიადაზე ტალახაძე რამდენიმე რუსთან და ირანელებთან ერთად, ჯეკპოტის მოხსნის მთავარი ფავორიტი იქნება.

ძალოსნობაზე სპორტსმენმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს, რომ პერსპექტივაში, ნაკრების უცვლელი წევრი და საერთაშორისო ჩელენჯერი გახდეს. იცვლება მზადების პირობები, დატვირთვები, წონა. და იცვლება სპორტსმენის რეჟიმიც. როგორ უნდა ვითარდებოდეს ძალოსანი?

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): „კარიერის დასაწყისში საჭიროა კარგი კვება, აუცილებელი მოტივაცია, ხალისი. დამწყები სპორტსმენი ნორმალურად უნდა იკვებებოდეს სახლის პირობებში და ამ საკითხზე მშობელი კონსულუტაციას ყოველთვის მწვრთნელთან გადის. აუცილებელია 2 სპორტული კომპლექტი, სპეციალური ფეხსაცმელი. პირველ სეზონში 11 ან 12 წლის ბავშვი უნდა გამოვიდეს ერთ ან ორ რეგიონალურ, ან ქალაქის ტურნირზე, უფრო – ქალაქის. იანგარიშეთ, 40 ლარი გზის ფული: სახლი-დარბაზი, დარბაზი-სახლი. საოჯახო კვების გარდა, ყოველთვიურად სპეციალურ საკვებზე გასათვალისწინებელია 100 ლარი. სპორტულებისა და სპორტული ფეხსაცმლის საერთო ღირებულება 250 ლარს შეადგენს. საჭიროა 2 სპეც-რეიტუზი, სავარჯიშო მაისურები, თეთრეული. საერთო ჯამში, ბავშვმა რომ კარგად დაიწყოს კარიერა, ერთ წელიწადში დაახლოებით 2,300 ლარი გინდა“.

დავუშვათ, ბავშვმა გაამართლა და მწვრთნელი მას უკვე პირადად აკონტროლებს. კვების რაციონი არ იცვლება და, შესაბამისად, არ იცვლება ის 1 200 ლარიც, რომელიც მანამდე იყო დაანგარიშებული. უკვე გჭირდება მეტი, 6 რეიტუზი (150 ლარი), სპეციალური თერმული ჭურჭელი წყლისთვის, ზამთრის აუცილებელი ატრიბუტიკა (თბილი ქუდი, თბილი ზედა, თბილი ფეხსაცმელი). სპორტსმენი უფრო მაღალი ხარისხის სპეციალურ ფეხსაცმელზე გადადის, რომელიც 150 ლარი ღირს. მოზარდს აქვს პროგრესი, მონდომებულია და მწვრთნელები მას მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან.

პროგრესი არ ჩერდება და მოზარდი მესამე სრულფასოვან სეზონს იწყებს. უკვე საჭიროა სტაბილური ვიტამინიზაცია, რაც, კახიაშვილის თქმით, ერთ თვეში 200 ლარი ჯდება. იზრდება კვების რაციონი და 12 თვეზე უკვე 2,400 ლარია საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ 15 წლის ბიჭზე, რომელიც უახლოვდება ტერიტორიას, სადაც მხოლოდ გამორჩეული ჩემპიონები ხვდებიან.

მძიმე, ზედმეტად დამღლელი პროცესი იცვლება წარმატებით. ან, არ იცვლება. და თუ მაინც იცვლება, ამ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციისგან არ არის დაწესებული პრემიალურები. მაქსიმუმ, პირადი სპონსორებისგან მიღებულ თანხას იღებ და იგებ. რაღაც მომენტში, სპორტსმენს ფინანსურად მისი ეროვნული ფედერაციაც ეხმარება და უკვე საჭიროა მეტი ყურადღებით და ენერგიის უფრო რაციონალურად გადანაწილებით ვარჯიში. წარმატების შემთხვევაში, სპორტსმენი ელოდება ლოკალური სპორტის სამინისტროს კეთილ ნებასაც, რაც რამდენიმეწლიან ხელფასში აისახება. ნაკრების წევრი ყოველთვიურად საქართველოში, მინიმუმ, 500 ლარს იღებს. მაქსიმალური ხელფასი 2,500-მდე, შეიძლება 3,000 ლარამდე ავიდეს. და იზრდება ფედერაციის ხარჯიც. ნაკრების წევრებს, ყველას სათითაოდ თავისი შტანგა, თავისი ფიცარნაგი სჭირდება. თითო სრული კომპლექტი (შტანგა+ფიცარნაგი) $5,000 ღირს. 8 თვის განმავლობაში ფედერაციამ, სულ მცირე, 10 კომპლექტი უნდა შეიძინოს.

კახიაშვილი პირველ ოლიმპიადას 1992-ში იგებს. ბარსელონაში კახი გაერთიანებული გუნდის წევრი იყო. შემდეგი ორი ოლიმპიური ჯეკპოტი ლეგენდამ უკვე საბერძნეთის სახელით (1996 – ატლანტა, 2000 – სიდნეი) მოხსნა: „პირველად რომ გავხვდი ოლიმპიური ჩემპიონი, 3,000 კუპონი მივიღე. უკვე შემდეგ ორ ოლიმპიადაზე პრემიალურები შეიცვალა: 1996-ში 200,000 ევრო, ხოლო ოთხი წლის შემდეგ 150,000 ევრო მივიღე“.

ძვირი ჯდება შეკრებაზე გადასული სპორტსმენის ყოველდღიური შენახვა. საბერძნეთში ეს თანხა 100 ევრომდე ადიოდა და საქართველოში, დუშეთის ბაზაზე მომზადების დროს 75 ლარი იხარჯება. ერთ დღეში. ერთ სპორტსმენზე.

„სხვა ხარჯებიც არსებობს, – ამბობს კახიშვილი, – შეკრებები, გადაადგილებები, მკურნალობის ხარჯები. ძალოსნობა მძიმე სახეობაა. და თუ წარმატებას აღწევ, იმ მომენტში ყველაზე მსუბუქი, ყველაზე თავისუფალი ხარ. შენ ბოლომდე გახვედი და ეს წარმატება შენი შრომის დაფასებაა“.

ნაკრებს ემსახურება ექიმი, მასაჟისტი, რომლებიც წლიურად ჯამში $9,000-ს იღებენ. იზრდება დამატებითი ვიტამინიზაციის ხარჯებიც და ნაკრების წევრზე ერთ სეზონში 3,000 ლარი იხარჯება. საერთო ხარჯში შედის ფორმებიც. ერთი კაცი – $1,200. შესაბამისად, 12 კაცზე იხარჯება $24,000. სპორტსმენი ეკიპირებულია, მზად არის წარმატებისთვის და ფედერაცია იღებს მაქსიმუმს.

გახდა ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძეც. ბევრი, ძალიან ბევრი ტრავმის შემდეგ. ასანიძე სიდნეის ოლიმპიადაზე მესამეა. მეორეზე გადის გერმანელი მარკ ჰუსტერი და პირველზე – ბერძნების ღმერთი, პიროს დიმასი. ასანიძე დღეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელიც უმატებს, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და მოქმედ სპორტსმენებთან ერთად ცდილობს აუცილებელი სიახლეების მიღებას.

 „სიდნეის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, 2001 კარგი სეზონი იყო. მოვიგე ევროპის ჩემპიონატი ტრენჩინში, გავედი მეორე ადგილზე (უკანასკნელ) კეთილი ნების თამაშებზე, მოვიგე მსოფლიოს ჩემპიონატი ანტალიაში. კეთილი ნების თამაშებზე ავიღე ოქროს მედალი ატაცში და ვერცხლი – ორჭიდში. – იხსენებს გიორგი ასანიძე. – მსოფლიო ჩემპიონატი იყო ნოემბერში და მანამდე მარჯვენა იდაყვზე ართროსკოპიული ოპერაცია გამიკეთეს. ვარჯიში ორი თვის შემდეგ დავიწყე და ჩავედი თურქეთში. დისკომფორტი იყო, მართლა იყო, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე და ჩემპიონი გავხდი“.

ციკლი გრძელდება და ასანიძე უკვე შემდეგი ოლიმპიური თამაშებისთვის იწყებს მზადებას. და ტრავმა. მარცხენა მხრის სახსრის გაგლეჯა. სპეციალისტებისთვის ასანიძე მეორე ეშელონში გადადის: „ძაან რთული მომენტი იყო. ვგრძნობ, რომ საუკეთესო ფორმაში შევდივარ და ის ტრავმა... არ გამიმართლა. მაგრად არ გამიმართლა. ამ ტრავმის შემდეგ ვარჯიში არ შეიძლება, უნდა დაისვენო. მაშინდელმა სპორტის მინისტრმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა, და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ჯანო ბაგრატიონმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ დავბრუნებულიყავი“.

ასანიძე ჩადის მოსკოვში, სადაც ანატოლი ორლეცკიმ მხარზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთა. არ იყო გარანტია, რომ დაბრუნდებოდა. ყველაფერი მის ორგანიზმზე იყო დამოკიდებული. „და ალბათ, ჩემს სურვილზეც, რაც სპორტში ყოველთვის აუცილებელია“.

ვარჯიშის 11 თვე, შტანგის გარეშე. ძალიან დიდი დრო გავიდა და გიორგი იწყებს გზას ათენამდე. 2004 წლის 17 იანვარს ასანიძემ დაიწყო ვარჯიში. მწვრთნელი ვანო გრიქუროვია. სპეციალისტი, რომელიც ძალოსნობაში დაახლოებით იგივეა, რაც ფეხბურთში – ფაბიო კაპელო... ყველგან საჭირო და თითქმის ყველგან – წარმატებული. ევროპის ჩემპიონატზე ასანიძე მეთორმეტე ადგილზე გადის. კონკურენტებისთვის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სპორტსმენის შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ გრძნობს ტკივილს:„რთული, ბევრისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო ფავორიტებში ჩემი შეყვანა. მაგრამ გრიქუროვი ბოლომდე მტვირთავდა და მეც ბოლომდე გავყევი. უნდა გვებრძოლა. სხვა ვარიანტი გამორიცხული იყო. ძალიან ძლიერი კონკურენტები გვყავდა“.

წინა ოლიმპიადაზე მიღებული გამოცდილებით ასანიძე ფლობს სიტუაციას, არ უშვებს ტაქტიკურ შეცდომას, წინა ოლიმპიადისგან განსხვავებით. ათენში სიტუაცია B ჯგუფიდან დაიძაბა. ბელორუსმა რიბაკოვმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა და, საბოლოოდ, მეორე ადგილზე გავიდა. დიმასი მესამე იყო.

„რიბაკოვის შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ძალიან კარგად გამოვიდა დიმასიც, მაგრამ ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და რაც უნდა გამეკეთებინა, ის გავაკეთე. და დავისვენე. მართლა დაღლილი ვიყავი. არა წონის აწევით. უბრალოდ, ამ წარმატებას დიდხანს ველოდებოდი. ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. წარმოუდგენელია“, – ამბობს ასანიძე.

მისი კარიერის დასაწყისში საერთაშორისო პირველობისთვის პრემიალურები საერთოდ არ არსებობდა. პირველ წარმატებას 1994-ში მიაღწია, როცა არათუ სახელმწიფო პრემიალურების სისტემა, შეჯიბრზე წასასვლელი ფულიც არ იყო. გიორგი იღებს მონაწილეობას კომერციულ ტურნირებში. ძირითადად, პოლონეთში, სადაც ის ვანო გრიქუროვთან ვარჯიშობს.

ასანიძე: „ერთხელ ავიღე 3,500 გერმანული მარკა და ჩემთვის ეს ძალიან დიდი თანხა იყო. პირველი ადგილისთვის ამიღია 2,000 ზლოტი. 1998-ში გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი ატაცში და რაღაც თანხა კახი კახიაშვილმა მაჩუქა. როდესაც 2000-ში გავხდი ევროპის ჩემპიონი, საერთოდ არაფერი არ ამიღია. მხოლოდ ოქროს მედალი. იმ სეზონში ოლიმპიური ჩემპიონისთვის დაწესებული სახელმწიფო პრემია $100,000 იყო, მეორე ადგილისთვის – $50,000 და მესამეზე თუ გადიოდი, $20,000-ს გაძლევდნენ. პირველი სერიოზული პრემია 2001-ში ავიღე. როგორც მსოფლიოს ჩემპიონს, ჯამში $75,000 დოლარი მომცეს. გავარემონტე ბინა. დამინიშნეს ხელფასი, 1,250 ლარი“.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ასანიძემ ბადრი პატარკაციშვილისგან, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იყო, 400,000 ლარი მიიღო.

„ჩემს, როგორც სპორტსმენის, ჩამოყალიბებაში, დიდი როლი ითამაშა პირველმა მწვრთნელმა, გოგი თოდაძემ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამაზ ლაშხს, რომელმაც საჩხერეში ძალოსნობა დააფუძნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ხალხს უყვარდა ძალოსნობა და ისინი ახალგაზრდებს ეხმარებოდნენ“. – ამბობს გიორგი ასანიძე. ისიც ეხმარება ახალგაზრდებს. სპორტსმენი დღევანდელი თაობისთვის მაგალითია.

 „ასანიძე დიდ ცოდნას ფლობს და ყოველთვის მზად არის, მეგობრული რჩევით დაგეხმაროს. ის ჩვენი უფროსი მეგობარია. ვცდილობთ, მისი ნათქვამიდან ყველაფერი დავიმახსოვროთ. როდესაც ოლიმპიადას იგებ, ეგრევე სხვა დონეზე გადადიხარ. ჩვენი მწვრთნელი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ის მაქსიმუმი, რაც მეც მინდა – ოლიმპიადის მოგება – ყველასთვის განსაკუთრებული მომენტია. ალბათ იმ დროს ძალიან დიდი და ამაყი ხარ“, – ამბობს ლაშა ტალახაძე.

ძალოსნობა რთული, მძიმე, ხანდახან ზედმეტად მძიმე სპორტია. ყველა ვერ ძლებს და ყველას არა აქვს ბოლომდე გასასვლელად საკმარისი ნებისყოფა და ლტოლვა, რომ საუკეთესო გახდეს; რომ ყველაფერი გააკონტროლოს; რომ დაფასება დაუფასდეს; რომ უბრალოდ, საუკეთესო გახდეს. კახი კახიაშვილმა ეს გააკეთა. ლეგენდა დღეს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია. ასანიძემ ეს გააკეთა. გიორგი ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ტალახაძე ამას გააკეთებს – მოიგებს. სპორტის სახეობა, სადაც დღემდე არ არსებობს პრემიალურების სისტემა, სპორტსმენისთვის ხანდახან დიდი ჯეკპოტით მთავრდება. უბრალოდ, უნდა გაძლო.

 

წინა სტატია

ჩინეთში უცხოური ინვესტიციების ნაკადი იზრდება
15 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს
18 იანვარი, 2016
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა