დონალდ ტრამპის 5 რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს

დონალდ ტრამპის 5 რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს

დამწყები მეწარმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ისეთი გამოცდილი აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოძებნას, ვინც მას მრჩევლობასაც გაუწევს. ასეთი ხელმძღვანელი თქვენთან ერთად იმუშავებს, ძნელბედობის ჟამს გვერდით დაგიდგებათ და ბურუსით მოცულ წარმატებისკენ მიმავალ გზას გაგიკვალავთ. ცხრა წლის ვიყავი, როდესაც ჟურნალი Forbes პირველად მოხვდა ჩემს ხელში. ჟურნალის პირველ გვერდზე წარმოდგენილი იყო ორი ბიზნესმენის – დონალდ ტრამპისა და თომას ბუნ პიკენსის ფოტოები.

მართალია, თავად ბატონ ტრამპს არასოდეს შევხვედრილვარ, მაგრამ ბევრი მისი წიგნი მაქვს წაკითხული და აღფრთოვანებული ვარ ბიზნესის კეთების მისეული სტილით. ვფიქრობ, ტრამპის მუშაობის სტილი უაღრესად ღირებულია ნებისმიერი დამწყები ბიზნესმენისათვის, რომელმაც საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად უამრავი ბრძოლა უნდა გაიაროს და მათი 90% უნდა მოიგოს. დონალდ ტრამპის სახელი ყოველთვის ცხოველ ინტერესს იწვევს. დარწმუნებული ვარ, ტრამპის მიზანიც ყოველთვის ეს იყო. ტრამპის წიგნის („გარიგების ხელოვნება” ჯერაც ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნია) მრავალჯერ გადაკითხვის შემდეგ, ამოვიწერე ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს ახალბედა მეწარმემ ტრამპის რჩევა.

დონალდ ტრამპი გამარჯვებულია

ეს აშკარაა. მთელი მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, რომელიც აღმავალიც იყო და დაღმავალიც, ტრამპს საკუთარი შესაძლებლობებს რწმენა არასოდეს დაუკარგავს, იგი ყოველთვის დარწმუნებულია იმაში, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ტრამპი არასოდეს დაუშვებს, რომ თავისი კრიტიკოსების ან მოწინააღმდეგეების წინაშე ოდნავ მაინც ანერვიულდეს – სწორედ ამიტომ არის იგი წარმატებული. ბატონი ტრამპი თავის ოპონენტებს ძველი, მაგრამ გამოცდილი ხერხით პასუხობს – მის ნაცვლად მისი წარმატებული საქმე მეტყველებს.

დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბრენდი შექმნა

დღეს შენობაზე გამოკრული ტრამპის სახელი ათეული წლების განმავლობაში შრომით შექმნილი ბრენდია. ბრენდი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ნებისმიერი დამწყები მეწარმის კარიერაში. მაგრამ, როგორც იტყვიან, ვინც არ რისკავს – ის არ სვამს შამპანურს! პირველ სერიოზულ გარიგებამდე აუცილებელია ნდობაზე დამყარებული პერსონალური ბრენდის შექმნა. როდესაც დონალდ ტრამპი შეხვედრის მაგიდას მიუჯდება, ირგვლივ მყოფებმა კარგად იციან, თუ ვისთან აქვთ საქმე.

დონალდ ტრამპი შესანიშნავი შოუმენია
პროდუქციის ან სერვისის კომერციალიზაციის დროს დონალდ ტრამპის სახელი შეიძლება სტივ ჯობსისას შეადაროთ. მოგწონთ თუ არა, ვერ უარყოფთ, რომ დონალდ ტრამპის სტრატეგია წარმატებულად მუშაობს. მას ძალუძს გასაოცარი გამოცდილება გადმოგცეთ და ხარისხიანი პროდუქტი მოგაწოდოთ. ახალგაზრდა მეწარმეს უნდა ესმოდეს – თუ ადამიანების ყურადღება მიპყრობა სურს, საკუთარი სიტყვის ადრესატამდე მიტანა უნდა შეძლოს.

დონალდ ტრამპმა რთულ პერიოდს უფრო გაძლიერებულმა დააღწია თავი

არავის არ ჰქონია იმხელა სახალხო აღიარება (და გაქილიკებაც), როგორც დონალდ ტრამპს. თუმცა ბატონი ტრამპი დარწმუნებულია, რომ სირთულეებმა იგი კიდევ უფრო გააძლიერა და გამოაწრთო. სირთულეების გადალახვა და გამოწვევების გაძლება ყველაზე ძნელი მომენტია ნებისმიერი დამწყები ბიზნესმენისათვის. გოლდსმიტის თეორიის თანახმად, ბიზნესმენები, ჩვეულებრივ, დაძაბული ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებსაც წარუმატებლობის იდეაც კი პანიკაში აგდებთ. მაგრამ დონალდ ტრამპის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება სირთულეების გადალახვით უდიდეს წარმატებამდე მისვლა.

დონალდ ტრამპი ყოველთვის დიდ იდეებზე ფიქრობს და არასოდეს ეგუება პასუხს „არა”

„მე მიყვარს დიდ იდეებზე ფიქრი. თუ რაიმე იდეის განხორციელება გსურთ, რატომ არ უნდა იყოს ეს იდეა დიდი და მნიშვნელოვანი?” – ასე ახასიათებს საკუთარ თავს ბატონი ტრამპი. ხონჩით არავის არაფერს მიართმევენ. არავინ ამბობს, რომ გზა მარტივი და სწორხაზოვანი იქნება. მაგრამ სიმშვიდისა და სტაბილურობისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის ყოველი დღის ბოლოს საკუთარი ქმედებების შეფასებაზე. დონალდ ტრამპს არასოდეს შეუწყვეტია და არც არასოდეს შეწყვეტს დიდ იდეებზე ფიქრს, ვიდრე ყველა მათგანს არ განახოციელებს.

ახალგაზრდა მეწარმისათვის ურიგო არ იქნება ბატონი ტრამპის რჩევები გამოიყენოს, რადგან ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ პირველი წარმოდგენის შესაქმნელად მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს. ყოველ დილით, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად რთული გზა გელით წინ, აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში და საკუთარ თავს უთხარით: „დღეს შესაძლოა ჩემი დღე იყოს. უნდა მოვემზადო, რათა წარმატებას შევხვდე”.

დონალდ ტრამპი ბიზნესმენის მსოფლმხედველობის მოდელია:

„არასოდეს მისცე კრიტიკოსებს შენი შეჩერების უფლება და არასოდეს მოაშორო თვალი იმ პრიზს, რომლისკენაც მიისწრაფვი”. ბატონი ტრამპის კრიტიკოსებს შეუძლიათ რაც უნდათ, ის ილაპარაკონ მასზე, მაგრამ არც ერთი მისი კრიტიკოსი არასოდეს არ შემიმჩნევია Forbes-ის მილიარდერთა სიაში. ალბათ ამას სათანადო მიზეზიც აქვს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *