გასული წელი და მომავლის გამოწვევები

ერთი წლის წინ ვწერდი, რომ 2015 წელს საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები იქნებოდა: შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, ლარის კურსის გაუფასურება, სავალუტო რეზერვების, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება. სამწუხაროდ, ყველა კომპონენტი ახდა. ისიც გამართლდა, რომ წლის მეორე ნახევარი შედარებით უკეთესი იქნებოდა. ბოლო თვეებში ზრდა დაიწყო ტურიზმმა, ლარის კურსის გაუფასურება შეჩერდა, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა, მთავრობამ შიდა სახელმწიფო ვალის აღება შეამცირა.

საერთო ჯამში, 2015 ეკონომიკურად რთული წელი იყო. დადებითი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ წლის ბოლოს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან ვიზის გაუქმების შესახებ, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 2016 ზაფხულიდან შევა, რასაც, შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიც 2016 წლიდან ექნება. ასევე, 2015 წელს დაიწყო ჩინეთთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და დეკემბერში ჩინეთიდან პირველი მატარებელი შემოვიდა ახალი „აბრეშუმის გზის“ გავლით. ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და მასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ცალსახად პოზიტიური მოვლენაა.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა. ლარი დოლარის მიმართ 29%-ით გაუფასურდა. საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 7%-მდე გაიზარდა. საქონლის ექსპორტი 23%-ით, ხოლო იმპორტი 11%-ით შემცირდა. შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც და სავალუტო რეზერვებიც. სახელმწიფო ვალი 2.6 მილიარდი ლარით გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეიცვალა უმუშევრობის მაჩვენებელი, რადგან მონაცემები გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია

2015 წლის ზაფხულამდე მთავრობა პროგნოზირებდა, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა 5% იქნებოდა, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე აპრილში შეამცირა. ზაფხულში მთავრობამაც შეამცირა 2%-მდე, მაგრამ შემოდგომაზე 2.7%-მდე გაზარდა.

2.7% განვითარებადი ქვეყნისთვის დაბალი მაჩვენებელია, ასეთი ტემპით ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 25 წელიწადში გაორმაგდება. მთავრობა ზრდის დაბალი მაჩვენებლის ობიექტურ მიზეზად რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას ასახელებდა. ეს ნაწილობრივ მართალია: რუსეთის ეკონომიკა 2015 წელს 3.5%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინის – 15%-მდე, რაც საქართველოზე ნეგატიურად აისახა. ასევე შენელდა სხვა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპებიც, თუმცა პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად გაიზარდა აზერბაიჯანის (4%), სომხეთისა (3.5%) და თურქეთის (4%) ეკონომიკა. მათ შორის, თურქეთს პოლიტიკურად ძალიან დაძაბული წელი ჰქონდა, რაც ორჯერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც აისახა.

საქართველოს ეკონომიკის 3%-მდე ზრდა ისეთმა დარგებმა განაპირობა, როგორიცაა: სამთამადნო მრეწველობა (ზრდა 15%-მდე), მშენებლობა (ზრდა 17%-მდე), საფინანსო საქმიანობა (ზრდა 8%-მდე), სასტუმროები და რესტორნები (ზრდა 8%-მდე). ხოლო შემცირდა დამამუშაველი მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორების მაჩვენებლები. ეკონომიკური ზრდა ასევე შეაფერხა საქონლის ექსპორტის შემცირებამ.

ინფლაციის დონემ იანვარ-ნოემბერში 6.3% შეადგინა, რაც გადასცდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს – 5%-ს. ფასების ზრდა ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, რადგან საქართველოში მოხმარებული პროდუქციის 70%-მდე იმპორტზე მოდის. ფასები მეტად გაიზრდებოდა, რომ არა ნავთობისა და სურსათის ფასების დაღმავალი ტრენდი მსოფლიოში. საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 13.4%-ით – გაძვირდა სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები, რაც მნიშვნელოვანწილად მათზე აქციზური გადასახადის ზრდამ გამოიწვია. 11.5%- ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, რაც ძირითადად იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის მატებამ და ჯანდაცვაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. 12.6%-ით გაიზარდა ავეჯისა და საოჯახო ნივთების ფასი. შემცირებით კი მხოლოდ ტრანსპორტის ხარჯი შემცირდა, საწვავის გაიაფების გამო.

საგარეო ვაჭრობა

საქართველოს საქონლის ექსპორტმა შემცირება 2014 წელს დაიწყო (2%-ით შემცირდა) და ეს ტენდენცია გაღრმავდა 2015 წელს, ექსპორტი 23%-ით შემცირდა. თუმცა 2014 წლისგან განსხვავებით, 2015 წელს იმპორტიც შემცირდა 11%-ით. მიუხედავად იმისა, რომ პროცენტულად იმპორტი გაცილებით ნაკლებად შემცირდა, ნომინალურ გამოსახულებაში (დოლარებში), ის მეტად შემცირდა, ვიდრე ექსპორტი, შედეგად კი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსი დაახლოებით 250 მლნ დოლარით გაუმჯობესდა.

ექსპორტი იმდენად შემცირდა, რომ 2015 წლის იანვარ- ნოემბრის მონაცემებით, ის არა მარტო 2014 წელს ჩამორჩება, არამედ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი 7%-ით არის შემცირებული. მთლიანი ექსპორტის შემცირება დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, დსთ-ის მიმართულებით 11 თვეში $555 მილიონით შემცირდა. აქედან, ყველაზე მეტად აზერბაიჯანში შემცირდა – $253 მილიონით. რუსეთში ექსპორტი $109 მილიონით შემცირდა, სომხეთში – $92 მილიონით, ხოლო უკრაინაში – $74 მილიონით. აზერბაიჯანის მიმართულებით შემცირება ძირითადად ავტომობილების შეყვანაზე გამკაცრებულმა რეგულაციებმა განაპირობა. 2015 წელს აზერბაიჯანში დაახლოებით $200 მილიონით ნაკლები ავტომობილის ექსპორტი განვახორციელეთ.

იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 2.3%-ით ($12 მილიონით) გაიზარდა. მათ შორის, მნიშვნელოვანი ზრდაა ბულგარეთის ($33 მილიონით), პოლონეთისა ($18 მილიონით) და რუმინეთის ($14 მილიონით) მიმართულებით. დსთ-ის ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა უზბეკეთის მიმართულებით – $29 მილიონით. ასევე, ჩინეთის მიმართულებით გაიზარდა $27 მილიონით.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასის შემცირების გამო, 2015 წელს საქართველოს ნავთობის იმპორტში $200 მილიონზე მეტი დაეზოგა.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურიზმის განვითარება, რასაც საქართველოში ვიზიტორების ზრდა განაპირობებს. 2015 წლის იანვარ- ნოემბერში საქართველოში 5.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 6.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ტურისტების რაოდენობა (ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტხანს რჩებიან) კი 1.9%-ით გაიზარდა და ჯამში 2.1 მლნ ტურისტი ჩამოვიდა. წლის დასაწყისში ტურისტების რაოდენობა კლებულობდა, მაგრამ ვიზების გამარტივებისა და სარეკლამო კამპანიის გააქტიურების შედეგად, ზაფხულიდან ტურიზმმა ზრდა დაიწყო.

ლარის კურსი

2015 წელს არამარტო ეკონომიკაში, ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, ყველაზე აქტუალური თემა ლარის გაცვლითი კურსი იყო. ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და პიკს 2015 წლის 22 სექტემბერს მიაღწია, როცა 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.45 ლარი გახდა.

ლარის გაუფასურება ძირითადად გამოიწვია ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების შემცირებამ. 2015 წლის იანვარ- ნოემბერში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფულადი გზავნილები $347 მილიონით (26%-ით) შემცირდა. ყველაზე მეტად ($270 მილიონით) რუსეთიდან გადმორიცხული თანხები შემცირდა. უკვე ცნობილია 2015 წლის პირველი 9 თვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომლებიც 2014 წლის 9 თვესთან შედარებით 213 მილიონით (17%-ით) შემცირდა და $1,019 მილიარდი შეადგინა.

ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (იგივე რეფინანსირების სესხების განაკვეთი) წლის განმავლობაში 4%-დან 8%-მდე გაზარდა. ამასთან ერთად, სავალუტო აუქციონზე $347 მილიონის უცხოური ვალუტა გაყიდა. ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარს დამატებითი დოლარი მიაწოდა და, შესაბამისად, ლარი ამოიღო მიმოქცევიდან. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე ლარის მასა (სარეზერვო ფული) 5%-ით შემცირდა.

იმპორტის შემცირების, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და მთავრობის მიერ შიდა ვალის აღების შემცირების შედეგად წლის ბოლოს ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.40-ის ფარგლებში დასტაბილურდა. ლარის კურსის სტაბილურობას გარკვეულწილად შეეწირა ქვეყნის უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები. 2015 წლის თერთმეტ თვეში ვალუტის ოფიციალური რეზერვები $209 მილიონით შემცირდა. 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ კი $600 მილიონით არის შემცირებული. რეზერვების საკმარისი დონე ქვეყნის იმპორტთან ფარდობით განისაზღვრება. რადგან იმპორტიც შემცირდა, რეზერვების დღევანდელი დონე ($2.3 მილიარდი) საკმარისია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წლის განმავლობაში 2-ჯერ შეიცვალა. პირველი ცვლილება ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებამ და ივნისში თბილისში მომხდარმა სტიქიამ გამოიწვია. სტიქიამდე მთავრობის დაპირება იყო, რომ ლარის კურსის დასახმარებლად ადმინისტრაციულ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა, ნაწილობრივ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად წარმოშობილი ახალი ხარჯების გამო. ნოემბერში კი ბიუჯეტი მეორედ შეიცვალა, ამჯერად გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების მიზეზით. საგადასახადო შემოსავლების ზრდა ინფლაციის მაღალმა ტემპმა განაპირობა. მთავრობამ გაზრდილი შემოსავლები ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყენა. ასევე შეამცირა კაპიტალური ხარჯები და წინასწარ დაგეგმილი დეპოზიტების დაგროვება, რამაც შესაძლებელი გახადა შიდა ვალის ასაღები მოცულობის შემცირება – 500 მლნ-ის ნაცვლად 315 მლნ ისესხა. მიუხედავად ამისა, ჯამში შიდა ვალი 287 მლნ ლარით გაიზარდა, საგარეო ვალი კი – 2.3 მლრდ ლარით. საგარეო ვალის ზრდა ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა, დოლარში გამოხატული საგარეო ვალი ძველ ნიშნულზე დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ 2013-2014 წლებთან შედარებით 2015 წელს ბიუჯეტი თანაბრად იხარჯებოდა, გარკვეულ თვეებში დეფიციტური ხარჯვა 100 მლნ ლარს სცდებოდა, დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობა დეპოზიტებიდან ხარჯავდა თანხებს და ლარის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენდა. ბიუჯეტის შესრულების მხრივ კი, წინასწარი ინფორმაციით, შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილი შესრულდება. ხარჯების შესრულება წლის განმავლობაში ორჯერ შეცვლილმა საბიუჯეტო გეგმებმა განაპირობა. ცვლილებების შედეგად, იმ სტრუქტურებიდან, რომლებიც თანხებს სრულად ვერ ითვისებდნენ, ფინანსები გადანაწილდა მაღალი ხარჯვის მქონე სტრუქტურებზე. ამ მხრივ აღსანიშნავია ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტის 96 მლნ ლარით გაზრდა დასჭირდა და ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.

2016 წლის გამოწვევები

2016 წლის მთავარი ეკონომიკური გამოწვევებია: შენარჩუნდეს ლარის კურსის სტაბილურობა, შემცირდეს ინფლაციის დონე და ამაღლდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი. ყოველივე ამის მისაღწევად, 2016 წელს, პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან საარჩევნო წელია და დესტაბილიზაციის რისკი მატულობს. შემოდგომაზე გასამართი არჩევნები ინვესტორებს მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანს. უმნიშვნელოვანესია, წინასაარჩევნო პერიოდმა მაქსიმალურად დემოკრატიულად, ძალადობის გარეშე ჩაიაროს.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, 2016 წლის ზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნების ვიზა გაუქმდება, რაც თავისუფალ ვაჭრობასთან ერთად დაეხმარება ქართველ ბიზნესმენებს, აქტიურად შეიტანონ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. მნიშვნელოვანია ჩინეთთან დაწყებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომლის დასრულება შესაძლოა, 2016 წელს მოესწროს. ამ შემთხვევაში, ჯამში, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ექნება 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მომცველ ბაზართან.

თუ ვადებმა ისევ არ გადაიწია, 2016 წლის ზაფხულიდან უნდა დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა, რაც მსხვილი ინვესტიციების შემოდინების ერთ-ერთი წყარო იქნება. ასევე, თურქეთსა და რუსეთს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, თურქეთი და აზერბაიჯანი აჩქარებენ შაჰდენიზის გაზსადენის მშენებლობას, რომელიც საქართველოზე გაივლის და ინვესტიციებს შემოიტანს. 2016 წლიდან აქტიურად ამოქმედდება ბაქო-ყარსის რკინიგზაც.

2016 წლის ბიუჯეტი უკეთ არის დაგეგმილი, ვიდრე გასული სამი წლის. შესაბამისად, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ 2016 წელს ბიუჯეტის ხარჯებმა ფასების დონესა და ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდეა და ძირითადად საგარეო ვალით დაფინანსდება, რაც უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. შიდა ვალის აღება კი 200 მლნ ლარამდე შემცირდა.

ერთი შეხედვით, ეკონომიკური კუთხით 2016 წელი პერსპექტიული ჩანს, მაგრამ ჯერჯერობით ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-ია. ზრდას რაც საფრთხეს უქმნის, ეს არის მთავრობის მისწრაფება რეგულაციების გამკაცრებისკენ. აქ არ იგულისხმება ევროკავშირთან ევროასოცირების ფარგლებში ვალდებულებით აღებული რეგულაციები. იგულისხმება ისეთი რეგულაციები, როგორიც იყო სავიზო რეჟიმის გამკაცრება, მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი (რაც ბოლომდე არ მოხსნილა), დაანონსებული კანონები ვაჭრობის შეზღუდვის მიზნით (მაგალითად, ანტიდემპინგური კანონი, კანონი გენმოდიფიცირებული პროდუქციის შეზღუდვის მიზნით), შრომის ინსპექციის გამკაცრება, მსუბუქი ავტომობილების შემოყვანაზე რეგულაციების გამკაცრება, საბანკო ზედამხედველობის ინსტიტუციური ცვლილება და ა.შ.

მნიშვნელოვანი უარყოფითი გამოწვევაა ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების უკონტროლოდ ზრდა. 2015 წელს დაგეგმილზე 120 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა და გადააჭარბა 2016 წელს დაგეგმილ მოცულობას. მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს მთავრობა ისე ჩაატაროს საპენსიო რეფორმა, რომ საგადასახადო ტვირთი არ გაიზარდოს და ბიზნესგარემო არ გაუარესდეს. ასევე ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახორციელებს განათლების ხარისხობრივ რეფორმას. განათლების სფეროს სახელმწიფოსგან დაფინანსება იზრდება, მაგრამ განათლების დონე უკეთეს შემთხვევაში, არ იზრდება, თუ არ უარესდება. კვალიფიციური კადრები კი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

წინა სტატია

ჯორჯ სოროსი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განმეორებას არ გამორიცხავს
18 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

სარფიანი ინვესტიცია რეტრო-ავტომობილებში
25 იანვარი, 2016
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა