ყველაზე გავლენიანი ქალბატონი უოლ-სტრიტზე

ყველაზე გავლენიანი ქალბატონი უოლ-სტრიტზე

 

მერი კალაჰან ერდოუსი ინტერვიუზე იგვიანებს. მას მხოლოდ სამ საათს ეძინა და ახლა ვერაფრით პოულობს თავისი სამი შვილის (4, 7, და 9 წლის) ძიძას. საქმე ისაა, რომ ძიძა არ მოელოდა ერდოუსის ერთი დღით ადრე დაბრუნებას ევროპიდან, სადაც ის რუს მილიარდერებსა და გერმანელ ფინანსისტებს ხვდებოდა. თავის მხრივ ვერც ერდოუსს წარმოედგინა, რომ სახლში დროზე ადრე დაბრუნებაც ვერ დაიცავდა მას სიურპრიზისგან – იმ კლიენტის სასწრაფო ი-მეილისგან (თემაში აღნიშნული იყო “გვჭირდება დახმარება”), რომელსაც სურს შეიძინოს კომპანია და მისი აზრის გაგება სჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება საბერძნეთში ვალუტის კურსზე ახალი განვადების ამბავი.

ეს დღე არაფრით არაა გამორჩეული JPMorgan Asset Management -ის აღმასრულებელი დირექტორისათვის, რომელიც 1,3 ტრლნ აშშ დოლარს განაგებს. ერდოუსი ხელმძღვანელობს მსოფლიოში სიდიდით მეხუთე აქტივების კომპანიას და შედის ჰეჯ-ფონდის მეორე უმსხვილეს კომპანიაში, რომელიც ყველაზე ცნობილი კერძო ბანკია ქვეყანაში. ის ყველაზე მდიდარ კლიენტებსა და 200-ზე მეტ საინვესტიციო ქვეგანაყოფს ემსახურება. ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან პირველი კალენდარული წლის განმავლობაში კომპანიის მოგება 20%-მდე ანუ 1,7 მლრდ აშშ. დოლარამდე გაიზარდა.

44 წლის ერდოუსი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონია უოლ-სტრიტზე. ის JPMorgan Chase & Co -ის გენდირექტორის, ჯეიმი დაიმონის, პოტენციურ მემკვიდრეთა სიაში შედის – ფასიანი ქაღალდების სამსახურის თავკაცის მაიკლ კავანაჰისა და საინვესტიციო ბანკირის მეთიუ ზეიმსოს გვერდით. თუმცა თავად ერდოუსი აცხადებს, რომ ისეა დაკავებული, ასეთი ფიქრებისთვის არ სცალია. “თუ თქვენ ნიშნავთ ადამიანს თანამდებობაზე და ის უკვე დაწინაურებაზე ფიქრობს, ესე იგი კანდიდატში შეცდით!”- ამბობს ის.

არცთუ მაღალმა (158 სმ სიმაღლის) ერდოუსმა რეპუტაცია JP Morgan -ში მძიმე შრომით, პერსონალთან ლოიალური დამოკიდებულებითა და პირადი კავშირების დამყარების ნიჭით შეიქმნა. ერთხელ მან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმოგზაურა, რომ პარკინსონით დაავადებულ კლიენტს დახმარებოდა გარკვეულიყო ინვესტირების სხვადასხვა ვარიანტში. ერდოუსის გატეხა იოლი არაა. ის პირისპირ შეჯახებია ფინანსურ ინდუსტრიაში ყველაზე უხეშ მამაკაცებს – მილიარდერ ჰენრი კრავის და დანიელ ოშს – და მათთან საერთო ენის გამონახვისა და წარმატებული თანამშრომლობისთვისაც მიუღწევია. „ის თანაუგრძნობს ადამიანებს და იმის გამო, რომ ქალბატონია, ამას შეცდომით სისუსტედ უთვლიან”, – ამბობს ჯეიმს სტეილი, JP Morgan -ში მეორე პირი, რომელიც საინვესტიციო ბანკინგის ქვეგანაყოფს განაგებს, – „მასში არის შეჯიბრების მოყვარული ისეთი სული, რომ შეუძლია ნებისმიერი იმ ხელმძღვანელი მამაკაცის წინააღმდეგ წავიდეს, ვისთანაც აქამდე მიმუშავია”.

ამ თვისებათა ნაწილი ერდოუსმა ბავშვობაში შეიძინა. ის ილინოისის შტატის ერთ-ერთ სოფელში, ირლანდიელი კათოლიკეების ოჯახში სამ ძმასთან ერთად იზრდებოდა. ფინანსური ინდუსტრიის შესახებ მან მამისგან, საინვესტიციო ბანკირ პატრიკ კალახანისგან შეიტყო, რომელსაც გოგონა დროდადრო თავისთან სამსახურში მიჰყავდა ხოლმე. ერდოუსის ცხოვრებაში ქალებმაც დიდი როლი ითამაშეს: ის ქალთა კათოლიკურ საშუალო სკოლაში დადიოდა, მათემატიკის ნიჭით გამოირჩეოდა და ცხენზე ჯირითიც ეხერხებოდა. ბებია თავისი ფართო კავშირების წყალობით, გოგონას დაეხმარა ზაფხულში საფინანსო კომპანიაში დაეწყო მუშაობა. ჟორჯტაუნის უნივერსიტეტში ის ჯგუფში ერთადერთი გოგონა იყო მათემატიკის სპეციალიზაციით და ხშირად, როცა საათობით იჯდა ბიბლიოთეკაში განტოლებების ამოსახსნელად, ეჭვებიც იპყრობდა ხოლმე. მამამისი, პატრიკ კალახანი იხსენებს: „ერთხელ მეუბნება, მამა, მეშინია, რომ კარგ ნიშანს ვერ მივიღებო. მე კი ვუპასუხე, მერი, თუ შენ მათემატიკოსის ხარისხს მოიპოვებ და თათბირზე მოხვალ, არავინ არასოდეს გკითხავს შენს ნიშნებზე რამეს”. ერდოუსმა სწავლა ჰარვარდში MBA-ის პროგრამით განაგრძო, სადაც მომავლი მეუღლე – ნიუიორკელი რისკიანი კაპიტალისტი, ფილიპ ერდოუსი, გაიცნო.

1996 წელს ერდოუსმა Bankers Trust -ში კორპორაციული ფინანსების მიმართულებით სამუშაო მიატოვა და JP Morgan -ის კერძო ბანკში ფასიანი ქაღალდების პორტფელის სამართავად გადავიდა. მთვლემარე ბიზნესის გამოცოცხლება მან იმით შეძლო, რომ მიიზიდა კლიენტები, რომელთაც კომპანიები ახალი გაყიდული ჰქონდათ. მოგვიანებით მან ბირჟის მაკლერებსა და პორტფელის მმართველებს შორის სადავო ურთიერთობები ამ როლების გაერთანებით მოაგვარა. და მაინც, 2005 წელს, როდესაც ერდოუსი ბანკის მმართველის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად დასახელდა, მას მხარი ყველამ არ დაუჭირა. JP Morgan -ის ერთ-ერთმა ბანკირმა ეჭვი გამოთქვა: „შეიძლება თუ არა ვანდოთ ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ორი მცირეწლოვანი შვილის დედას?!” მართალია, მისი ეჭვი არ გაუზიარებიათ, მაგრამ ერდოუსმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მაინც გააკეთა: „წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ ვინმეს ორშვილიან მამაკაცთან დაკავშირებით ეთქვას!”

არადა, ამ საარაკო წარმატების რეალური მიზეზი სრულიად მიწიერია: ერდოუსი დროსა და ძალისხმევას არ ზოგავდა, რომ ხელმძღავანელის ყურადღება დაემსახურებინა. „მერის შეიძლება გაუზავნო შეტყობინება პრაქტიკულად ნებისმიერ დროს და მიიღო პასუხი BlackBerry -ზე”, – ჰყვება მისი ერთ-ერთი ყოფილი მასწავლებელი გორდონ ფაულერ- უმცროსი, ამჟამად უკვე Glenmede Trust -ის ხელმძღვანელი. ერდოუსს კარგა ხანია აღარ აწუხებს კითხვა, როგორ შეინარჩუნოს ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. მისი არჩევანი ასეთია: „სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ინტეგრაცია!”. ხანდახან დღისით მიდის, რომ ბავშვები სკოლიდან წამოიყვანოს, მაგრამ უკან, ოფისში, მალევე ბრუნდება. „მძიმე შრომას ვერაფრით გაეცქევი, – ამბობს ის – ზოგჯერ ადამიანს უმართლებს კიდეც, მაგრამ შრომის გარეშე არაფერი გამოვა”.

ქალებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების იდეა ყოველთვის ერდოუსის უკმაყოფილებას იწვევს. CNBC -სთან ინეტერვიუში მან ასეთი რამ თქვა: „საუბედუროდ, დავოსში ჩამოსული ხალხი ქალებზე ხშირად ასე ფიქრობს: „თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ ქალები ხართ, თუ ეს რამით დაიმსახურეთ?”
თუმცა პირადად მის დამსახურებებს ეჭვქვეშ არავინ აყენებს. მისი ხელმძღვანელობით ბანკმა კლიენტურის ბაზა წელიწადში 15%-ით გაზარდა, აქტივები კი – 238 მლრდ აშშ დოლარით. თითქმის არავის გაჰკვირვებია, როცა რამდენიმე წლის წინ დაიმონმა ერდოუსს აქტივების მართვის ქვეგანაყოფის თავმჯდომარეობა და ტოპმენეჯერთა 15-კაციანი გუნდის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ეს წარმატება იყო: ქვეგანაყოფს კარგი მოგება მოჰქონდა, ამასთან, მან სწრაფად მიიზიდა ფულის ახალი ნაკადი – კლიენტები ძლიერი შთბეჭდილების ქვეშ იყვნენ, JP Morgan- მა ხომ კრიზისისთვის თავის გართმევა შეძლო!

ერდოუსს სურდა მაქსიმალურად გაეფართოებინა ექსპანსია საზღვარგარეთ და ჰეჯ-ფონდებში ოპერაციათა მოცულობა კერძო ინვესტიციებითაც გაეზარდა. ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებისთანავე მან ორივე ამოცანის გადაჭრის საშუალება მოძებნა. მან Highbridge Capital Management -ისა და JPMorgan Asset Management -ის უმსხვილესი ჰეჯ-ფონდების თავმჯდომარე გლენ დიუბინი დაარწმუნა ბრაზილიური საინვესტიციო კომპანია Gávea Investimentos 7,9 მლრდ აშშ დოლარად შეეძინა, რომელსაც ბრაზილიური ცენტრობანკის ყოფილი თავმჯდომარე არმინო ფრაგა მართავდა. ფრაგა ალიანსს არ ეძებდა, მაგრამ დიუბინმა ერდოუსთან ერთად დაარწმუნა მათთვის მიეყიდა აქციათა საკონტროლო პაკეტი. მოლაპარაკებები ერთ წელიწადს გაგრძელდა. „მერის ჩანაფიქრის განხორციელების საოცრად უბრალო და ობიექტური მანერა აქვს, ის მასშტაბურად ფიქრობს და საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. სწორედ ამის დამსახურებით შედგა ჩვენი გარიგება”, – ამბობს ფრაგა.

მსოფლიო ბაზარზე თავბრუდამხვევი ვარდნების ფონზე ერდოუსის საინვესტიციო ჯგუფი დამაჯერებლად გამოიყურება. მის ქვეგანაყოფში მოცემულ მომენტში რეკორდული თანხა 69 მილიარდი ამერიკული დოლარი მიედინება. „გამუდმებით ვცდილობ ყველაფერი სისტემაში მოვიყვანო. სირთულე ისაა, რომ არანაირი ორიენტირი არ არსებობს, მოვლენები კი თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება”, – აცხადებს ერდოუსი.