ფრედერიკ ბეგბედერი – ჰედონიზმის ლიტერატურული სტრიპტიზი

"კომუნიზმი კაპიტალიზმთან ბრძოლაში სასტიკად დამარცხადა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა ახლა არ აქვს. საინტერესოა, როგორ დეგრადაციას განიცდის ჩვენი სული კაპიტალისტურ სამყაროში?!" - ეს სიტყვები რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს ან საზოგადო მოღვაწეს კი არა, თანამედროვე ფრანგ მწერალ ფრედერიკ ბეგბედერს ეკუთვნის, რომელმაც რეკლამის სცენარისტის ათწლიანი გამოცდილებით სარეკლამო ბიზნესს ბრძოლა გამოუცხადა, საბოლოო ჯამში კი შედეგად მაღალანაზღაურებადი სამსახურის დაკარგვა, მილიონობით მკითხველი და რამდენიმე მილიონი ევრო მიიღო.

ბოლო მოდაზე ჩაცმული ბურჟუი, ინტელექტუალი, არისტოკრატიული წარმომავლობის ნარკომანი, სკანდალური, გარყვნილი, ორმოც წელს გადაცილებული ჟურნალისტი, რომელიც ღამის კლუბებში სიარულს ვერაფრით ანებებს თავს - მასზე ბევრს ჭორაობენ, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მისი ახალი რომანი ევროპის ლიტერატურულ ბაზარზე ბესტსელერად იქცევა.

ყველაფერი 1965 წლის 21 სექტემბერს ნეირ-სიუ-სენში დაიწყო, როცა ქრისტინას და ჟან-მიშელ ბეგბედერს მეორე ვაჟი, ფრედერიკი შეეძინათ. ფრანგულ არისტოკრატიულ ოჯახში გაზრდილი ბიჭისთვის ბავშვობიდან უჩვეულო ქცევა ჰქონდა. ფრედერიკ ბეგბედერმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში სცენარისტად დაიწყო მუშაობა, თუმცა მწერალი დღესაც არ მალავს, რომ სტუდენტობის პერიოდში რამდენიმე პორნოგრაფიულ ფილმში მონაწილეობა დიდი ენთუზიაზმით მიიღო.

"სკანდალური და ექსცენტრიული" - საფრანგეთის ლიტერატურულ წრეებში ბეგბედერს ამგვარი სიტყვებით ხშირად მოიხსენიებენ, "ეპატაჟური და გროტესკული" - ასე ახასიათებენ მის შემოქმედებას. პარიზის ლიტერატურულ ბომონდს თავად ფრედერიკი ჩვეული ცინიზით უყურებს და ზოგიერთი მათგანის კარიკატურულ პროტოტიპებს ნაწარმოებების მეორეხარისხოვან პერსონაჟებად აქცევს.

ღამის კლუბების, გლამურისა და წვეულებების მოყვარულმა მწერალმა ლიტერატურული კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ მისი ნაწარმოებები მისივე მრავალფეროვანი და სკანდალური ცხოვრების ამსახველ დეტალებს უხვად მოიცავს. ამიტომაც გასაკვირია არ არის, რომ მსოფლიო აღიარება სარეკლამო ბიზნესის შესახებ დაწერილმა რომანმა, სახელწოდებით "99 ფრანკი", მოუტანა.
ნაწარმოების პროტაგონისტი 33 წლის ოქტავ პარანგო ავტორის პროტოტიპად გვევლინება, რომელიც მთელი რომანის განმავლობაში წუხს იმის გამო, რომ გამოუსწორებელი "ფლეიბოი" და ნაძირალაა, თუმცა მისი პიროვნული ტრაგედია სხვა რამეში მდგომარეობს - მას უკეთესობისკენ შეცვლის ძალა აღარ შესწევს.

ბეგბედერის ლიტერატურული ალტერეგო
ფრედერიკ ბეგბედერი, ოქტავ პარანგო და მარკ მარონიე - ამ ტრიადის წევრებს ბევრი საერთო ნიშან-თვისება გააჩნიათ: პირველი ის, რომ სამივე სარეკლამო ბიზნესშია ჩართული, მეორე - სამივეს გლამურული ცხოვრება იზიდავს, მესამე - სამივე ჰედონისტია, მეოთხე - სამივე ერთი პიროვნებაა, იმ განსხვავებით, რომ ბეგბედერი რეალური პერსონაჟი გახლავთ, მარონიე და პარანგო კი მის მიერ გამოგონილ პროტაგონისტებს წარმოადგენენ, რომლებიც მის თითქმის ყველა რომანში არსებობენ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბეგბედერმა სამი ავტობიოგრაფიული რომანი ("შეშლილი ახალგაზრდა კაცის მოგონებები", "არდადეგები კომაში ყოფნის დროს", "სიყვარული სამ წელიწადში კვდება") გამოსცა, სადაც მისი პირველი ალტერეგო მარკ მარონიე მთელი ცხოვრების განამავლობაში საკუთარი თავით, ნარკოტიკებითა და სექსით ტკბობას ვერ ელევა, ისევე როგორც თავად ავტორი.

"მარონიე ისეთივე ჰედონისტი და ნარცისია, როგორც მისი შემქმნელი. გარდა ამისა, ის ქალებთან მიმართებაში ნამდვილი ტირანია. მეც ხომ ასეთი ვარ?! იქნებ ცოლმა სწორედ ამის გამო მიმატოვა?!" - ამბობს ბეგბედერი. მოგვიანებით რომანში "99 ფრანკი" მწერალმა მარონიეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და მისი შემცვლელი - რეკლამის სცენარისტი ოქტავ პარანგო იპოვა.
ნაწარმოების დასაწყისშივე პარანგო აღნიშნავს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი 10 000 ევროა. 2003 წელს მოსკოვის ლიტერატურის სახლში გამართულ შეხვედრაზე, ბეგბედერმა აღნიშნა, რომ მაღალი ხელფასი ადამიანის სულს რყვნის, მითუმეტეს თუ იგი რეკლამის სცენარისტია, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის მოტყუებისთვის ყოველწლიურად 120 ათას ევროს უხდიან.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებში არ არის მოხსენიებული იმდენი ბრენდი, რამდენიც ბეგბედერის "99 ფრანკში" გვხვდება. შესაძლოა ისიც არანაკლები სითამამით აღინიშნოს, რომ არც ერთ მწერალს ისეთი ძვირადღირებული ტანსაცმელი არ აცვია, როგორც ფრედერიკ ბეგბედერს. ჰერმესი მისი და პარანგოს საყვარელი ბრენდია, ნარკოტიკულ საშუალებებს შორის კი უპირატესობას ორივე კოკაინს ანიჭებს. 2008 წელს მწერალი პარიზის პოლიციამ სამი გრამი კოკაინის შენახვისთვის დააპატიმრა, თუმცა გავლენიან მეგობრებსა და საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ უფროს ძმას, ჩარლზს, ბეგბედერის სიტყვებით, სასწაულების მოხდენა შესძლებიათ. რამდენიმე თვეში მწერალი თავდებით გაათავისუფლეს.

"ციხეში ყოფნის პერიოდში მივხვდი, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი. ახლა დროა გამოვსწორდე. მთელი ცხოვრება ჩემი ძმის ჩრდილში ვცხოვრობდი. ბავშვობიდან მოყოლებული მშობლები ჩარლზს მადარებდნენ. ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანია საფრანგეთში. იქნებ ოდესმე ჩემმა მშობლებმა ჩემითაც იამაყონ." - განუცხადა ფრედერიკ ბეგბედერმა ერთ-ერთი ტელეარხის ჟურნალისტს 2010 წლის ზაფხულში.

ფრედერიკ ბეგბედერი ადამიანების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა პროფესიით მუშაობენ. დღესდღეობით იგი ფრანგულ ტელეარხზე "Canal +" ტელეგადაცემის წამყვანად მუშაობს და ტელეშოუების შესახებ ახალ გროტესკულ-კარიკატურულ რომანს წერს, თუმცა გამოქვეყნებას გარკვეული მიზეზების გამო ჯერ არ გეგმავს. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანგმა მწერალმა ჩვეული ირონიული ტონით აღნიშნა, რომ ამ რომანის გამოქვეყნების შემდეგ მას ერთმნიშვნელოვნად სამსახურიდან გაგდება ელის.
"როცა ტელევიზიაში მუშაობა მომწყინდება, ჩემი ახალი რომანი დღის შუქს მაშინ იხილავს."

"დღევანდელ ეპოქაში სიყვარული ტელეფონია, რომელიც აღარ რეკავს. ძველ დროში ქორწინებებს ბინძური კავშირები ვერაფერს აკლებდა, ახლა ქორწინებები ბინძურ კავშირებად თავად იქცა." - წერს ბეგბედერი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში. ის წერს, სხვა კითხულობს. მისი სიტყვები ზოგიერთ მათგანში აღშფოთებასაც იწვევს, მაგრამ მაინც განაგრძობენ კითხვას ამაზრზენ და მატყუარა საზოგადოებაზე, როგორი სოციუმის წევრებიც თავად არიან.

ბეგბედერის რომანი "Windows on the World", რომელშიც 11 სექტემბრის მოვლენებია ასახული, უჩვეულო გარემოში დაიწერა. პარიზის ცენტრში, მონპარნასის კოშკის 56-ე სართულზე საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური რესტორანი მდებარეობს, სადაც ერთი ფინჯანი ყავა და ფრანგული კრუასანი 20 ევრო ღირს. ორი თვის განმავლობაში მწერალი ყოველ დღე ამ რესტორანში დადიოდა, ფანჯარასთან მდგომ მაგიდაზე ჯდებოდა და აღნიშნულ ნაწარმოებზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.

"ვიჯექი კაფეში და ვცდილობდი, წარმომედგინა, რომ "თვინ თაუერს"-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ვარ, ალმოდებული თვითმფრინავი კი სადაცაა შენობას დაეჯახება. 2001 წლიდან მოყოლებული ვფიქრობდი, რომ ჩემი, როგორც მწერლის მორალური ვალდებულებაა მომხდარ ტრაგედიაზე დამეწერა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ. ერთხელ გავიღვიძე და მივხვდი, რომ ამის დროც დადგა, თუმცა რამდენიმეწლიანი ლოდინი ნამდვილი წამება იყო." - წერს ფრედერიკ ბეგბედერი.

მისი ყოველი რომანი ეპოქალური და რეალისტურია, სადაც მწერალი თანამედროვე ეპოქას მუდამ ეგოიზმისა და მარტოობის ჟამად მოიხსენიებს. მისი თითოეული ნაწარმოები უჩვეულო ვითარებაში იწერება და შთაგონების წყაროც მუდამ არაერთგვაროვანია.

2006 წლის ზაფხულის ერთ ცხელ და მზიან დღეს ფრედერიკ ბეგბედერს მისმა ძველმა მოსკოველმა მეგობარმა დაურეკა და რუსეთზე რომანის დაწერა სთხოვა, უფრო სწორად, შეუკვეთა. რუს ოლიგარქებთან მეგობრობა მწერალს ყოველთვის ხიბლავდა, ამიტომაც უარის თქმა არც უფიქრია. ახალ რომანზე მუშაობა მეორე დღესვე დაიწყო, რისთვისაც მის ცნობიერებასა და ძველ ნაწარმოებში მივიწყებული ოქტავ პარანგოს "გამოღვიძება" მოუწია.

"იდეალი" სხვა რომანებისგან იმით განსხვავდება, რომ მწერლის ბიოგრაფიას სცდება და პარანგოს ცხოვრების სრულიად ახალ ვერსიას უხატავს მკითხველს. ციხიდან გამოსული ორმოც წელს მიტანებული სცენარისტი მივლინებით მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ახალ სიყვარულს პოულობს.

სიყვარულის ძიება ბეგბედერის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. 1997 წელს გამოცემული რომანი "სიყვარული სამ წელიწადში კვდება" სწორედ სიყვარულის ეფემერულობის ტრაგედიას მოგვითხრობს, თუმცა ბეგბედერისეული ტრაგედია ყოველთვის გროტესკული და კარიკატურულია, - გტკივა, მაგრამ არ გეტირება.

რაც შეეხება "იდეალს", რომელიც რუსეთში 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე ყველაზე მაღალრეიტინგულ უცხოურ ბესტსელერად იქცა, მკითხველს კლუბური ცხოვრებისა და სამოდელო ბიზნესის მანკიერებებზე მოუთხრობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ქალები ნაწარმოებში ნაწილობრივ სტერეოტიპულად არიან წარმოჩენილნი, სიუჟეტი არაერთგვაროვნად ვითარდება, ფინალი კი, ჩვეულებისამებრ, ბეგბედერის პროზისთვის დამახასიათებელია - ირონიული და მტკივნეული.

ბეგბედერი არსად აღნიშნავს, თუ რამდენი გადაუხადა მილიონერმა მეგობარმა თითქმის მივიწყებული პერსონაჟის "გაცოცხლებაში", თუმცა რუსულ პრესას თამამად უცხადებს, რომ "იდეალი" შეკვეთით დაწერა. რუსეთი მისი საყვარელი ქვეყანაა, რომელსაც წელიწადში სულ მცირე ოთხჯერ მაინც სტუმრობს.

"რუსები ყველაზე მხიარული და ლამაზი ერია. ვინ იცის, იქნებ წინა ცხოვრებაში რუსი ვიყავი, ამიტომაც მომწონს ასე ძალიან რუსეთი და რუსები. მათ არაჩვეულებრივი ლიტერატურა აქვთ, განსაკუთრებით პოეზია." - აღნიშნავს ფრედერიკი, რომელსაც ერთ-ერთმა რუსულმა გამომცემლობამ "ყველაზე ცნობილი ფრანგი" უწოდა.

ბეგბედერის მრავალრიცხოვან პროფესიებს შორის, მწერლობა ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა აღმოჩნდა. მისი აზრით, მწერალს პირველ რიგში გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, როგორ მიჰყიდოს გარყვნილ და ფარისეველ საზოგადოებას გარყვნილ და ფარისეველ საზოგადოებაზევე დაწერილი ნაწარმოები. ეს ყოფილი სცენარისტის, ტელეჟურნალისტის, რედაქტორისა და სკანდალური მწერლის ძირითადი მცნებაა.

"მე ვწერ და თქვენ კითხულობთ, ვწერ და თქვენ ჩემ წიგნებს ყიდულობთ, რადგან ყოველთვის ზუსტად ვიცი, როგორ მოგყიდოთ." - ამბობს ფრედერიკ ბეგბედერი.

 

წინა სტატია

მსოფლიოს მილიარდერები 2012
03 ივლისი, 2012

შემდეგი სტატია

მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები
16 ივლისი, 2012
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა