ვირუსების მოლოდინი

ვირუსების მოლოდინი

იანვართებერვალი ჟურნალისტებისთვის უინტერესო თვეებია. გარდა იმისა, რომ მათი რესპონდენტების უმრავლესობა ტრადიციულად ამჩატებული და უკიდეგანოდ მიუწვდომელია, პრობლემაა თემები და მათი შეკვრა. ამიტომ, მედიის დიდი ნაწილის- თვის (სააგენტოები, საინფორმაციო სამსახურები და ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე მედიის დეპარტამენტები) ეს სეზონი განსაკუთრებული მიმზიდველობით არ გამოირჩევა. ახალი წლის შემდეგ რეკლამის დამკვეთებიც ნაკლებად იხარჯებიან, დრამატულად კლებულობს შემოსავლებიც. მოკლედ, მოსაწყენია.

ჟურნალისტების მსგავსად, არც ბიზნესია დიდად აქტიური იანვარ-თებერვალში, რადგან ბიზნესმენებიც საახალწლოდ ცდილობენ მაქსიმალურად ივაჭრონ და გასაყიდი გაყიდონ, ხოლო გაყიდული საქონლიდან მიღებული ლარი დოლარში დააკონვერტირონ. და ეს ყოველ წელს ასე ხდება. დატვირთვა ლარზე ამ პერიოდში ასევე სეზონური მოვლენაა. თუმცა 2016 წლის დასაწყისს გადმოჰყვა 2015 წლის პესიმიზმი, რამაც ეროვნული ვალუტის ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ამ არაჯანსაღ ვითარებას ჩვენი მეზობლის შედარებით ჩაკეტილი ეკონომიკის, მაგრამ მაინც გაიაფებულ ნედლეულზე მიბმული ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა.

ბევრი ანალიტიკოსის, ბიზნესმენისა და ექსპერტის (ამ ჯერზე მათი სტატუსის შესახებ ჩემი სუბიექტური შეფასებისგან თავს შევიკავებ) აზრი მოვისმინე ლარის გაუფასურების, კურსის კორექტირებისა თუ აზერბაიჯანული სინდრომის შესახებ. განსაკუთრებით მოლოდინების მართვასთან დაკავშირებული თემები დარჩა გაუგებარი, რადგან ამას არც არავინ ცდილობს და, შესაბამისად, ვერც ახერხებს. გულდასაწყვეტია, რომ ამ თემაზე მოსაუბრეთაგან უმეტესი არ თვლის, რომ ეს მოლოდინები საერთოდ სამართავია. არადა, ეროვნული ბანკი, მთავრობის წევრები და მათი მეთაური პრემიერ- მინისტრი უმთავრეს პრობლემად, გარე ფაქტორებთან ერთად, სწორედ პესიმისტურ მოლოდინებს ასახელებენ. ასევე ხდება დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის თემის ტირაჟირებაც, ოღონდ მთავრობის წევრებს ავიწყდებათ, რომ დოლარიზაციის გაზრდილი მაჩვენებელი იმ პრობლემების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების ეკონომიკურ პოლიტიკას (თუ ასეთი საერთოდ არსებობს) და გადაწყვეტილებებს (ან გადაუწყვეტელობას) უკავშირდება. ამ დისკუსიების ფონზე ისმის კითხვა: ექვემდებარება თუ არა მართვას მოლოდინები, რომლებიც, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ვერსიით, ლარის გაუფასურებას განაპირობებს? ექვემდებარება და მერე როგორ…

თუმცა ამისთვის სხვა რამ არის საჭირო. საჭიროა ავტორიტეტები, რომელთა სიტყვასა და მოქმედებას ექნება ნდობა, შესაბამისად – ფასიც. და ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ბიზნესიც დევალვირებულია და მას არავინ ენდობა. განსაკუთრებით – მსხვილ ბიზნესს, რომელიც თავად არის დამნაშავე, რომ მის მიმართ ნდობა საზოგადოებაში კრიტიკულ ზღვრამდეა დაცემული. მეტიც, იმის მაგივრად, რომ ბიზნესმენები ზრუნავდნენ ახალ პროექტებზე, ხელს უწყობდნენ სტარტაპებს, ხელს უწყობდნენ ინოვაციებს და მათი წარმატების შესახებ ისტორიების შექმნა, მათი ტირაჟირება და ამ გზით გამოცდილების გაზიარება ხდებოდეს, სრულიად გაუგებარი პრიორიტეტებით საზღვრავენ დღევანდელ და შედარებით გრძელვადიან სტრატეგიასაც.

ლარის ანამნეზი გვაფიქრებინებს, რომ ის ნამდვილად დავირუსებულია.

ლარი დავირუსდა იმიტომ, რომ მისი პატრონები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ამჩატდნენ და ვადაზე ადრე მიუშვეს თინეიჯერი ლარი ბედის ანაბარა. მას კი პერიოდულად დაკვალიანება ჯერ კიდევ სჭირდება და რაც მთავარია, სჭირდება ცოდნა, როგორ გააგრძელოს. რა უნდა მოემოქმედა ბიზნესს იმისთვის, რომ ეს სავალალო მდგომარეობა არ დამდგარიყო? მას უფრო ხმამაღლა და უფრო ღიად უნდა მიენიშნებინა ხელისუფლებისთვის შეცდომებზე და მუდმივი აქცენტი გაეკეთებინა მათი გამოსწორების აუცილებლობაზე.

ისმის მთავარი კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ამ საშინელი ვირუსების თავიდან აცილება? პასუხი პროფესიონალი ექიმებისგან ალბათ მარტივი, ტრაფარეტული და ლაკონიური იქნება: იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაკავდით სპორტით, იკვებეთ ჯანმრთელი საკვებით, დაისვენეთ მთაში, გაკაჟდით, ისრიალეთ თხილამურებით… ვინც ამას ვერ ახერხებთ, საციგურაო მოედნებს მაინც მიაკითხეთ და ბევრი სხვა. ლარის შემთხვევაში: გაკეთდა კი ყველაფერი, რომ ამ მოსალოდნელი საფრთხეებისა და პროგნოზების ფონზე, ქვეყანა უკეთ მომზადებულიყო და საფრთხეები, სავალალო შედეგებთან ერთად, მინიმუმამდე დაგვეყვანა? მინიმუმამდე, რადგან არავინ არ არის დაზღვეული ვირუსისგან, მათ შორის ყველაზე ჯანმრთელი ორგანიზმიც კი.

რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ სტიმულირებისა და რეფორმის პაკეტების (რომელთა შემოღებას ახლა ვგეგმავთ) განხორციელება თავის დროზე დაგვეწყო?

კანონმდებლობის დეკრიმინალიზაციის (რომელზეც, ჩემდა გასაოცრად, საუბრობენ და ლობირებენ ის პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც არ და ვერ იღებდნენ ამ თემაზე გადაწყვეტილებებს წინა ფორმაციის მოწვევის პარლამენტში) მაგივრად ვიღებთ სრულიად მავნებლურ ნორმატიულ ბაზას, რომელიც საფუძველს უნგრევს ეკონომიკის შედარებით ჯანსაღად მოქმედ საბანკო სისტემას, საფრთხეს უქმნის ისედაც სრულიად შერყეულ და დისკრედიტებულ საკუთრების უფლებებს ამ ქვეყანაში, რომელმაც სრულიად ქართული ბიზნესელიტა- ბურჟუაზია კონფორმისტებად, მედროვეებად აქცია პოლიტიკური ფორმაციების ცვლილებების ფონზე. გავაკეთეთ კი მაქსიმუმი იმისთვის, რომ ლარისთვის ეს ვირუსი აგვეცილებინა? ვგონებ, დავაკელით.

გარდა მსხვილი ბიზნესისა, რომელსაც მეტი რესურსი, წვდომა და კომუნიკაციის საშუალება აქვს ხელისუფლებასთან, მნიშვნელოვანია, ისმოდეს შედარებით მცირე ბიზნესების ხმა, რადგან რეალური პრობლემები და, შესაბამისად, უარყოფითი მოლოდინის საფუძვლები სწორედ ამ წიაღშია ჩაწოლილი.

ამდენი დიაგნოზის ფონზე არსებობს თუ არა უებარი რეცეპტი, რომელსაც ვირუსშეყრილი გარემოს გამოჯანსაღება შეუძლია? ცხადია, არსებობს. მაგრამ, ის არ არის სწრაფი და მყისიერ შედეგს არ იძლევა. უბრალოდ, ჩემი პირადი აზრია, რომ ამის გაკეთებას განსაკუთრებული ნებელობითი თვისებები და უნარები სჭირდება – შეგუება იმ რეალობასთან, რომ რამდენიმე არაპოპულარული გადაწყვეტილება და რეფორმა საარჩევნო 2016 წელს მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს მმართველ ფორმაციას, თუმცა შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას კონკრეტული პოზიტიური შედეგებით დაუბრუნდება. და რაც მთავარია, ამას მაინც დასჭირდება დრო. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ხელისუფლებას მოჭარბებული ხარჯებისა და სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ბიუჯეტის სრულად გადაგეგმვა, რამდენიმე რადიკალური მემარჯვენე გადაწყვეტილების მიღება და მკაცრი სტრუქტურული რეფორმების გატარება მოუწევს. ეს უბრალოდ გარდაუვალია და მათი განხორციელება მხოლოდ დროის ამბავია. გარდა იმისა, რომ ამ ცვლილებების განხორციელება ძალიან რთული იქნება საარჩევნო 2016 წელს, ამ ტიპის გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული მიდგომები და პოლიტიკური სიმამაცე სჭირდება.

გულწრფელი წარმატება მინდა ვუსურვო გიორგი კვირიკაშვილს, მის გუნდს. იგი კარგად იცნობს სახელმწიფო ბიუროკრატიისა და კერძო სექტორის ლაბირინთებს. აქვს პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილებაც. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ მასთან გამართული ყოველდღიური პრეზენტაციები, რომელთაც სხვადასხვა სამინისტრო და უწყება ატარებს საკუთარი მნიშვნელობის, პრიორიტეტებისა და როლის წარმოსაჩენად, დასრულდეს რამდენიმე უსახური სამინისტროს სრული გაუქმებით ან სხვა უწყებასთან შერწყმით.

ვიმედოვნებ, რომ პრემიერი წარმოადგენს რეფორმების მწყობრ გეგმას ფისკალურ და განათლების სფეროებში. იმ რეფორმების, რომლებიც ინსტიტუციონალურ დონეზე მისცემს დასაბამს ალტერნატიულ ფინანსებზე წვდომას ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია რამდენიმე მეგაპროექტზე ფოკუსირება წლის ჭრილში, რომლებიც მეტ გავლენას და შედეგს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე მხოლოდ საერთო FDI-ზე ზრუნვა, სადაც კონკრეტული ჩავარდნები გვაქვს სხვადასხვა სფეროში.

 „დიახ, ეს ყველაფერი ხელიდან გაგვისხლტა, მაგრამ რა უჭირს – ხვალიდან ფეხს ავაჩქარებთ, ხელებს გავიწვდენთ… და, ერთ მშვენიერ დღესაც… ნიჩბებს მთელი ძალით ვუსვამთ, დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ და უკანვე ვეშვებით შეუჩერებლად ჩვენს წარსულში“.

ასე სრულდება ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის გენიალური „დიდი გეტსბი“. ჩვენგან არავის აქვს სურვილი, იცხოვროს მხოლოდ წარსულით და მით უმეტეს, არ გვსურს, ვიყოთ მუდმივი სტატისტები ან/ და დამკვირვებლები ფორმაციიდან ფორმაციამდე დინების საწინააღმდეგოდ ცურვისა.

განვითარებისა და განათლების დროა. ეს განათლება სჭირდება ყველას და პირველ რიგში ქართულ ბიზნესს, რომელიც ასევე მიჰყვება დინებას და ვერ ქმნის საზოგადოების განვითარების- თვის აუცილებელ წარმატების მაგალითებს.

საპირისპირო კი რამდენიც გნებავთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *